Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ხდება ჩრდილოეთ სირიაში?

13 ოქტომბერი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც 6 ოქტომბერს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო შენაერთები დატოვებდნენ ჩრდილოეთ სირიის იმ ტერიტორიას, რომელიც მასობრივადაა დასახლებული აშშ-ს მოკავშირე ქურთებით. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დილემის წინაშე დადგა: ერთი მხრივ, ქურთები და თურქები აშშ-ს მოკავშირეები არიან, ხოლო, მეორე მხრივ, მათ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, რადგან სირიის დემოკრატიული ძალები, რომლებიც ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიას აკონტროლებენ, თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად მიაჩნიათ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თურქეთი ნატოს წევრი და ალიანსის სიდიდით მეორე ქვეყანაა, რომელსაც, უშუალო სამხედრო კონტრიბუციის გარდა, რეგიონში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ადგილი უკავია. ამასთანავე, თურქეთში არსებულ სამხედრო ბაზებზე ამერიკული ბირთვული იარაღია განთავსებული. 

ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთები მშვიდობისმყოფელების სიმბოლურ როლსაც ითავსებდნენ სირიაში, რომელიც უკანასკნელ წლებში თურქეთის, ბაშარ-ალ-ასადის დიქტატორული რეჟიმის, რუსეთის, ირანისა და ისლამური სახელმწიფოს სამხედრო პოლიგონად იქცა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით აშშ-ს ეს როლი მოაკლო და შესაბამისად, პირდაპირ თუ ირიბად, თურქეთს საშუალება მისცა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო მოქმედებები ეწარმოებინა. 

ავტორიტეტული მედიაგამოცემა “The New York Times” წერს, რომ დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან წნეხის ფონზე მიიღო. გაზეთის სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპა უარი თქვა ადრე მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, აშშ-სა და თურქეთს ქურთებთან ერთად რამდენიმეკილომეტრიანი სამშვიდობო ზოლის შესაქმნელად უნდა ეთანამშრომლათ.

განსხვავებულია თვითონ დონალდ ტრამპის მოსაზრება. იგი ამ საკითხს სოციალურ ქსელში რამდენიმეჯერ გამოეხმაურა: თავდაპირველად, წლების წინ, ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში მხოლოდ 30 დღის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო. თუმცა ჩვენ მას მერეც დავრჩით და ამ უაზრო ბრძოლაში უფრო და უფრო ღრმად შევტოპეთ. ისლამური სახელმწიფო განსაკუთრებულად გაველურებულიყო, როცა მე ვაშინგტონში აღმოვჩნდი. ჩვენ მალევე სრულად დავამარცხეთ ისლამური სახელმწიფოს ხალიფატი და ტყვედ ავიყვანეთ მათი ათასობით მებრძოლი, რომელთა უმრავლესობა ევროპული წარმომავლობისა იყო. თუმცა ევროპას მათი წაყვანა არ სურდა [...] დროა, დავასრულოთ ეს სულელური დაუმთავრებელი ომები და ჩვენი სამხედროები სახლში დავაბრუნოთ. ჩვენ ვიბრძოლებთ იქ, სადაც სარგებელს ვნახავთ და ვიბრძოლებთ მხოლოდ გამარჯვებისთვის. ახლა თურქეთი, ევროპა, სირია, ირანი, ერაყი და რუსეთი სიტუაციაში უნდა გაერკვნენ და გადაწყვიტონ, რას უზამენ ისლამური სახელმწიფოს ტყვეებს, რომლებიც მათ „სამეზობლოში“ არიან. ისლამური სახელმწიფო ამათგან არავის უყვარს, მათ ერთმანეთი წლების განმავლობაში სძულდათ. ჩვენ შვიდი ათასი მილის დაშორებით ვართ, თუმცა ისლამურ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ დავანგრევთ, თუკი ჩვენ მოგვიახლოვდებიან“.

აშშ-განცხადებების ქრონოლოგია

BBC ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსანთა განცხადებების ქრონოლოგიას აქვეყნებს:

6 ოქტომბერი - თეთრი სახლი სირიის ჩრდილოეთიდან სამხედრო შენაერთების გაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

7 ოქტომბერი - დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელმა გააკრიტიკა, რის მერეც პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაიცვა და განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებაში ახლო აღმოსავლეთში აქტიური ქვეყნებიც აუცილებლად უნდა ჩართულიყვნენ. 

8 ოქტომბერი - ტრამპი ტვიტერზე ორ განსხვავებულ განცხადებას ავრცელებს. პირველ განცხადებაში მან თურქეთი მოიხსენია, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და ნატოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წევრი სახელმწიფო და აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ვაშინგტონს ნოემბერში ესტუმრებოდა. მეორე განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით აშშ, გავრცელებული მოსაზრების საპირწონედ, არ ღალატობს ქურთებს, რომლებიც, პრეზიდენტის თქმით, „განსაკუთრებული ადამიანები და საუცხოო მებრძოლები არიან“ და დასძინა, რომ თუკი თურქეთი ქურთებთან მიმართებით ზედმეტ ზომებს მიმართავს, აშშ მათ ეკონომიკაზე შეტევით უპასუხებდა. 

9 ოქტომბერი - აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ჯარების გაყვანით ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქეთისთვის სირიაში სამხედრო ოპერაციების დასაწყებად „მწვანე შუქი“ არ აუნთიათ. 

ამავე დღეს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში შესვლა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო, რომელზეც, წლების განმავლობაში, რვა ტრილიონი დოლარი დაიხარჯა და რომელსაც ათასობით ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 

10 ოქტომბერი - დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ამ საკითხის გადაწყვეტის სამი განსხვავებული გეგმა ესახება: პირველი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ათიათასობით სამხედროს შეყვანას და ომის სამხედრო გზით მოგებას ისახავს მიზნად, მეორე - თურქეთთან ეკონომიკური სანქციების გზით ბრძოლას, ხოლო მესამე, რომელსაც დონალდ ტრამპი უჭერს მხარს, თურქეთსა და ქურთებს შორის შეთანხმების მიღწევას ემსახურება. 

საერთაშორისო შეფასებები

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიიდან სამხედროების გაყვანასთან დაკავშირებით და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სამხედრო იერიშს სირიაზე მწვავე კრიტიკით შეხვდნენ საერთაშორისო არენაზე მოქმედი პოლიტიკოსები. ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა მსგავსი განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ თურქეთის სამხედრო მოქმედებები საფრთხეს მთელ რეგიონს უქმნის, რაც ისლამური სახელმწიფოს მორიგი აღზევების წინაპირობად შეიძლება შეფასდეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ანტონიო გუტიერესს სირიის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება წარმოუდგენლად მიაჩნია. მსგავსი შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა მომხდარს ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც. თურქეთის მოქმედებები ასევე დაგმეს ეგვიპტის, საუდის არაბეთის, ისრაელისა და ირანის პირველმა პირებმა. 

ბოლო დღეების განმავლობაში, ოცდაცხრა რესპუბლიკელი კონგრესმენი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა, ნორვეგიის მთავრობამ თურქეთისთვის სამხედრო იარაღის მიწოდება შეწყვიტა, ხოლო საფრანგეთის მინისტრს ევროკავშირის საკითხებში ნატოს ალიანსიდან თურქეთის გაძევების იდეა გაუჩნდა. ასევე მოსალოდნელია, რომ იტალია და ესპანეთი გამოიყვანენ თავიანთ საჰაერო შენაერთებს, რომლებიც თურქეთის სამხრეთ საზღვარზე პატრულირებენ. 

აუცილებლად უნდა განვიხილოთ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომელიც მან თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, 11 ოქტომბერს გააკეთა: „თურქეთი ძალიან არასტაბილური რეგიონის კარზეა. ნატოს არცერთ სხვა წევრს არ მიუღია ამდენი ტერორისტული შეტევა. თურქეთს საკუთარი ქვეყნის დასაცავად ლეგიტიმური არგუმენტები აქვს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთი დიადი ძალაა ამ დიად რეგიონში, ხოლო დიად ძალას ყოველთვის დიადი პასუხისმგებლობაც აკისრია“. სტოლტენბერგის ამ განცხადებას გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელმაც თქვა, რომ ნატოს მხრიდან ლეგიტიმური არგუმენტების აღნიშვნა არ კმარა და რომ ქვეყანა ნატოსგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება. 

სხვადასხვა დროს ნატოს გენერალური მდივნების ყოფილი მრჩეველი ფაბრის პოტიე მიიჩნევს, რომ ალიანსისგან თურქეთის იზოლაციას კარგი შედეგი არ მოჰყვება, რადგან ყოველი ასეთი ნაბიჯი თურქეთს რუსეთთან უფრო და უფრო დააახლოებს. 

სირიაზე მიტანილ თურქულ სამხედრო იერიშებს, სულ მცირე, ორი თურქი ჯარისკაცი, ასობით ქურთი სამხედრო და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^