Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩალათას იაპონური წერილები: ჩემი იაპონია

15 ოქტომბერი 2019

ჩემს ძველ მეგობარს, გიორგი მეზვრიშვილს, რომელიც 2003 წლიდან მსოფლიო თასზე დასწრებაზე ოცნებობს, მაგრამ დღემდე ვერ მოუხერხებია.

თუ ვინმემ გკითხოს, სად ვიყავი ამ შემოდგომას,

ნუ ეტყვი, რომ საკურების ხეივნებში დავსეირნობდი;

ნურც იმას ეტყვი, რომ დამლანდე სადმე ტყემლებში,

არამედ უთხარ: ხეტიალობს ალბათ ეულად

და მთვრალ შოტლანდიელებზე ზღაპრებს იგონებს.

ჩალათას პირველი და უკანასკნელი ტანკა

არიქა, ტაიფუნი!..

ე ბიჭო, მიწისძვრა!..

ეს სად მოვხვდი?!

როდესაც ედი ჯონსს, რომელიც დედით აქაურია, ინგლისელები იაპონიაში მოჰყავდა, წინასწარ გაუფრთხილებია ისინი: სეისმურად აქტიურ მიწაზე მივდივართ და, რამე რომ მოხდეს, პანიკა და გულის ფრიალი არ იყოსო. მეც, როგორც შემეძლო, მიწისძვრისთვის მომზადებული ჩამოვედი. ბოლო-ბოლო მაგ საქმეში მთლად გამოუცდელები არც ქართველები ვართ. შეიძლება ყოველ ოთხშაბათს და შაბათს არ გვაქანავებს, მაგრამ შიგადაშიგ ჩვენც შეგვახსენებს ხოლმე თავს დედაბუნება. ჰო, ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ტაიფუნი?! მაგაზე არავის გავუფრთხილებივარ, თუ იმ განგაშის სიგნალს არ ჩავთვლით, ტოკიოში რომ გავრცელდა: სახლში შეიკეტეთ და კარ-ფანჯარა არავის გაუღოთო. თავიდან ვერც მივხვდი, ეს ფანჯარა ვისთვის არ უნდა გამეღო, მაგრამ ახლა ვხვდები: უკვე მესამე ჩიტი შემოასკდა შუშას შემზარავი კივილით. გარეთ გახედვაზე არც ვფიქრობ, ისეთი დელგმაა, კაცს ყველა ცოდვას მოანანიებინებს. დენი გათიშეს, კავშირი გაწყვეტილია, სამყაროს დასასრული სადღაც ახლოშია, მე კიდე ვზივარ და წერილს გწერ, იქნებ გადავრჩე და გამოგზავნაც მოვასწრო.

ცოტა თავი რომ შევიქციო, ბოლო თამაშზე მოგწერ. ჯერაც ვერ ვხვდები, კარგი იყო თუ ცუდი. ყველაფერი, რაც აქამდე მოგწერე, ძალაში დარჩა: გადაბრუნებული ურმის ტაქტიკაც, უფანტაზიო და ერთფეროვანი შეტევაც, შერკინების უძლურებაც და ბევრი სხვა დეტალიც, მაგრამ რაღაცაც იყო, გულში რომ ცეცხლი ისევ აანთო. ძველი ჯიგარი (თუმც კი მხოლოდ დაცვაში), მაღალი კონცენტრაცია, ორთაბრძოლებში სრული თავგანწირვა და, გაცამტვერებული შერკინების და აუტის მიუხედავად, ლამაზი ლელო, რომელიც ისევ ქოქოსამ და კოჭომ შექმნეს. რატომ ისევ? - 2011 წელი გაიხსენე, არგენტინასთან თამაში, მაშინ სულ სხვანაირად ვთამაშობდით რაგბის, მეტი აზარტით. მატჩის დროს წუთით წარმოვიდგინე, ამ დაცვას რომ საშუალო სიძლიერის შეტევა მაინც მოჰყოლოდა, რა ამბები დატრიალდებოდა შიზუოკაში. მოვუგებდით? - ვერა. ჩვენ რომ შევაწუხებდით, ისინიც მოუმატებდნენ, მაგრამ აუ, რა თამაში გამოვიდოდა! ნამდვილი ტაიფუნი.

სტიქია ისევ მძვინვარებს. ვეღარ გავძელი და მეოთხე ჩიტს ფანჯარა გავუღე. ახლა კუთხეში გდია მობუზული და სულს ითქვამს. რა ჯიშია, არ ვიცი, მაგრამ ისე გამოიყურება, ტაიფუნი რომ არ იყოს, გული გამისკდებოდა. თუმცა ახლა ერთ ბედ ქვეშ ვართ და ვიტანთ ერთმანეთს. ხმა არ გავიგო დიდდიღმელებისგან ქართან დაკავშირებით, მაგ სიოს ქარს როგორ ეძახიან?! ან ჩვენი მიწისძვრა რა მოსატანია ამათ ზანზართან. საშუალო სიძლიერის რყევა მთელ ამორტიზებულ რაიონს რომ გვინგრევს და ნახევარ ქვეყანას ქუჩაში გვყრის, აქ ორ მაგდენზე ყურსაც არ იბერტყავენ. არც ტაიფუნია აქ პირველად და ამასაც მიჩვეულები არიან. ერთ კვირაში ისე დააწკრიალებენ აქაურობას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. რა ქნან, ასეთი ხალხია.

კაჭის რა მატჩი ჰქონდა?! საოცარი კაცია, ისეთივე ყოჩაღია, როგორიც პატარა ბიჭობაში იყო. მის თამაშს რომ ვუყურებ, სულ მგონია, რომ არა გამარჯვებისთვის, ან შედეგისთვის, არამედ კონკრეტული მომენტისთვის, ბოჭვისთვის, კონტაქტისთვის თამაშობს. სულ ასე იყო და ასე იქნება, ვიდრე რაგბის ითამაშებს, ალბათ მერეც. სხვებზეც მინდა მოგწერო, მაგალითად, მამუკას და ნემსოს წასვლაზე, მაგრამ არ მინდა ამ საყოველთაო პათეტიკის ნაწილი გავხდე. საამისოდ უფრო მშვიდ მომენტს ავარჩევ. ან თუნდაც 201 ბოჭვაზე, რომელიც ჩვენებმა გააკეთეს და რაც ნაციონალური სიამაყის საგნად იქცა, თუმცა მე საამაყოს ამაში ვერაფერს ვხედავ. საბოლოო ჯამში მე-4 ადგილზე გავედით და შემდეგ მსოფლიოზე პირდაპირი კვალიფიკაცია ვერ მოვიპოვეთ. და რა დაშავდა ამით? არც არაფერი. წინა ტურნირზე რომ მოვიპოვეთ, იმიტომაც ვაქციეთ ნაცარტუტად იაპონია. იქნებ ძალისხმევა, რომელიც საგზურის მოპოვებას სჭირდება, უფრო სასარგებლოა ჩვენთვის, ვიდრე განაღდებული მოსაწვევი წვეულებაზე. ალბათ ასეა.

ახლა, რასაც ორივე ველით, ახალი მწვრთნელის დანიშვნაა. ჩემი აზრით, მისი მთავარი თავსატეხი ის იქნება, კონფორმიზმს არ დანებდეს. ზუსტად იმ კონფორმიზმს, რომელსაც მელიტონამ ვერაფერი მოუხერხა. ახალზელანდიელმა სცადა ჩვენი გუნდი ახალ ყაიდაზე გადაეწყო და თავიდან ეს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ მერე რეალობას დანებდა. რეალობა კი ის იყო, ჩემო გიო, რომ სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეების დეფიციტი გვაქვს, სამაგიეროდ, ხარივით ჯანიანები გვყავს ბლომად. ჰოდა, საბოლოო ჯამში, ჰეიგმაც ხელი აიღო სტილის გადასხვაფერებაზე და ისეთი გუნდი დააყენა, მის გარეშეც რომ გვყავდა. მისი ბრალი ისაა, რომ დანებდა, მისი ხელმძღვანელობისა კი ის, რომ დანებებული კაცი ამდენ ხანს გუნდის სათავეში დატოვა. შემდეგი მწვრთნელი დინების წინააღმდეგ უნდა წავიდეს და არასოდეს ჩაიქნოს ხელი იმ იდეაზე, რომ ქართველებს თანამედროვე, შემტევი, ლამაზი რაგბის თამაში შეგვიძლია. მასაც ექნება ცდუნება „მარტივი ტაქტიკით“ ითამაშოს და მატჩები მოიგოს, მაგრამ ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ, თუ სადამდე მივიდა მისი წინამორბედი და რომ მისი ბოლოც სრული ფიასკო იქნება. ასეთი რადიკალური ცვლილებებისკენ მიმავალი გზა ძალიან რთული და ეკლიანია, მაგრამ მწვრთნელი, რომელიც ამ გზაზე ფარ-ხმალს დაყრის, ჩვენ არ გამოგვადგება. ეს კატეგორიული აზრები ალბათ ტაიფუნის ბრალი უნდა იყოს.

დღეს შაბათია და თუ ამ სტიქიამ იაპონია მართლა ნაცარტუტად არ აქცია, ხვალ შინისკენ წამოვალ. დიდი ხანი გამომივიდა აქეთ ყოფნა. აღმოსავლეთი არაა იოლი საქმე, ჩემო გიო. თავისებურ მუღამს მოითხოვს. აქ ბევრი რამ განსხვავებულად ესმით, ჩვენგან განსხვავებულად კი არა, საერთოდ განსხვავებულად. ერთი შეხედვით, ტექნოლოგიურად მომავალში გაქცეული ქვეყანაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისტორიული კარჩაკეტილობის კვალიც ეტყობა. აქ არც ინგლისურის ცოდნა გამოგადგება და არც კომპიუტერის, პირველი არავინ იცის და მეორე სულ იეროგლიფებზეა. ამდენი ხანია აქ ვარ და რაც ვჭამე, იქიდან ნახევარი რა იყო, არც ვიცი. წეღან მიწისძვრამ რომ შეგვაქანა, შიშისგან რუჯი გადამივიდა, ჰოსტელის უსტაბაში კი თან ქანაობდა და თან ნემსში ძაფს უყრიდა. სხვა ხალხია და სხვა ფერებში ხედავენ სამყაროს და ეს მშვენიერია. სულაც არ იქნებოდა საინტერესო 8000 კილომეტრის გავლა კიდევ ერთი ჩემნაირის ან შენნაირის სანახავად. არ მესმის ადამიანების, ფული რომ ჩეჩქად აქვთ და ჰორიზონტის გაფართოებაზე არ ფიქრობენ. ცხოვრების მხოლოდ ქართულ წესს რომ აღიარებენ (რა ჯანდაბაც არ უნდა იყოს ეს) და სხვა არაფრის დანახვა და გაგება არ უნდათ. და თუ სადმე მაინც წავიდნენ, სასტუმროებიდან და შოპინგ მოლებიდან ცხვირს არ ყოფენ და იქაურ მომხმარებლურ რუტინაში ერთვებიან. მე და შენ კი გაგვიმართლა, ფული ჩეჩქად რომ არ გვაქვს, ახალი სამყარო აღმოვაჩინეთ. ამ წერილების პარალელურად ორივემ მოვიარეთ საკურების სამშობლო: შენ - ამომავალი მზის ქვეყანა, რომელიც წყნარი ოკეანის კუნძულებზეა გადაჭიმული, მე კი იაპონია, რომელიც თბილისში, ნუცუბიძეზე, ჩემს ოთახში გამოვიგონე.

შენი მეგობარი

ნიკა ჩალათაშვილი

P.S. რომ ჩამოხვალ, რამე ჩამომიტანე.

ჩალათას იაპონური წერილები: არც ისე ბედნიერნი

წერილი #3 – Let’s Dance Baby

ჩალათას იაპონური წერილები: ნაგოიასკენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^