Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძის გენეალოგია

18 ოქტომბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

მ. სააკაშვილი - მე ყოველთვის მინდოდა გამოვსულიყავი ფეხბურთელი და გამოვედი პრეზიდენტი... ამ კაცმა (კალაძემ) შეძლო გამოსულიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელი და ახლა შეიძლება გახდეს პრეზიდენტიც. ეს არის მისი ძირითადი უპირატესობა ჩემთან მიმართებაში.

კ. კალაძე - მადლობა კომპლიმენტისთვის. საპრეზიდენტო გეგმები ცოტა შორეულია, საერთოდ - პოლიტიკაში მოსვლა... ბოლოდროინდელი პოლიტიკის გამო ჩემი პოლიტიკაში წასვლა ცოტა ეჭვქვეშ დადგა... არა, ეგ ხუმრობით...

მ. სააკაშვილი - ყველაზე მეტად გეშინოდეთ იმ ხალხის, ვინც იძახის, რომ არ აქვს პრეზიდენტად გახდომის უახლოესი გეგმები და უნდა იყოს ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი.

(დარბაზი იცინის. კახა იცინის. მიშა არ იცინის.)

გადაცემა „პრაიმტაიმი“, 2007 წელი

არ ვაპირებ, კალაძე გავაკრიტიკო იმ დღის გამო, როცა მილანიდან დაბრუნებული სააკაშვილს უჭერდა მხარს. ჩემს გარშემოც იყვნენ ევროპაში მცხოვრები ადამიანები, დასასვენებლად რომ ჩამოდიოდნენ საქართველოში და ძალიან მოსწონდათ შუქი, გზა და ფასადები, ყველაფერი, რაც შევარდნაძის დროს ნამდვილად არ იყო. ამიტომ, სააკაშვილს აქციის დარბევას მარტივად პატიობდნენ.

არ ვიცი, წარმოიდგენდა თუ არა სააკაშვილი, რომ კალაძე რეალურად მიაღწევდა პოლიტიკურ წარმატებას, თუმცა, მისი წინასწარმეტყველება გამართლდა და დღეს კახა კალაძე თბილისის მერია, თანაც, კვლევების მიხედვით, ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსიც კი.

ამ წარამტებისთვის მას ერთ დღეში არ მიუღწევია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მას სულ უფრო და უფრო მეტი შეცდომა მოსდის, ის ალბათ მაინც რჩება „ქართულ ოცნებაში“ ერთადერთ მომავლის პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად თამაში. ამისთვის მას ფინანსური რესურსიც აქვს, საკმარისი გავლენაც და ასაკიც. დღეს მას პარლამენტსა და საკრებულოში ჰყავს გუნდი (ფეხბურთელები და არაფეხბურთელები), პარლამენტში - ყაველაშვილი, კობიაშვილი და მისი ახლო მეგობარი ბექა ოდიშარია, რომელიც მილიონერ პარლამენტართა სიაში საპატიო ადგილსაც იკავებს. კალაძე სახელისუფლებო გუნდში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და, ჩემი აზრით, მხოლოდ თბილისის მერობით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

თუ კალაძე მართლაც ფიქრობდა პოლიტიკაზე 2007 წელს და შორს მიმავალი გეგმებიც ჰქონდა, სააკაშვილის მხარდაჭერა მაშინ მისთვის მომგებიანი იყო. სააკაშვილის სკამი რომ ყველაზე მეტად დაცული იყო საქართველოში, კახამ კარგად იცოდა და პოლიტიკურად გამოუცდელ კალაძეს დაპირისპირება რომც ნდომებოდა, დიდი შანსი არ ექნებოდა...

კალაძე ნამდვილი მეგობარია

მისი მეგობარი და ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე დაიჭირეს. პირველი აქტიური გაბრაზების ფაზა სწორედ მისი მეგობრის დაჭერას უკავშირდება. ბრალდების თანახმად, გიორგი დემეტრაძე „ხელზე მოთამაშეებს“ ერთმანეთთან აკავშირებდა, ანუ არალეგალური ტოტალიზატორის სისტემის ნაწილი იყო და შავი სამყაროს ფულით საზრდოობდა. თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმდროინდელი რეჟიმის ბრალდებების არ სჯეროდა და კახაც იმ საზოგადოების ნაწილი გახდა, რომელმაც რეჟიმის ბრალდების არ ირწმუნა.

რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მისი პროტესტი დასაფასებელია, რადგან „იმ დროში“ პრივილეგირებულებს თუ არაპრივილეგირებულებს მეგობრის დაცვისაც კი ეშინოდათ, კალაძემ კი მეგობრის გულისთვის სისტემასთან დაპირისპირება დაიწყო. თუმცა დაპირისპირება არ იყო რადიკალური და დასაწყისისთვის მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებოდა. რამდენჯერმე ნაკრების თამაშის წინ სხვა ფეხბურთელების აყოლიებაც სცადა, რომ დემეტრაძის მხარდამჭერი მაისურები ჩაეცვათ, თუმცა არ გამოუვიდა. მისი მეგობრული ერთგულება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც არაერთხელ გამოჩნდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

მისი შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯი ზურაბ ნოღაიდელთან „დამეგობრება“ იყო. ნოღაიდელი ახალი გათავისუფლებული იყო პრემიერმინისტრის პოსტიდან, ოპოზიციური გეგმებიც ჰქონდა და კახამაც თანამშრომლად სწორედ ის აირჩია. ნოღაიდელს სჭირდებოდა კალაძე მისი სახელისა და პოპულარობის გამო, კალაძეს კი ნოღაიდელი - პოლიტიკური გამოცდილებითა და ფინანსების ცოდნით. ზედაპირულად, თითქოს სწორი სვლა იყო, თუმცა ნოღაიდელისა და მისი თანამშრომლობა ბიზნესინტერესების გადაკვეთას უფრო ჰგავდა. შეიძლება მისი ჩანაფიქრიც ეს იყო: ჯერ ბიზნესში გაძლიერება, ახალი კონტაქტები და შემდეგ პოლიტიკა. თუმცა, ნოღაიდელი აქტუალური პოლიტიკიდან მალევე გაუჩინარდა და მათი ურთიერთობაც დიდხანს არ გაგრძელებულა.

და ჩნდება ბიძინა

სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება კახა კალაძის კარიერული წინსვლა პოლიტიკაში.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა კრიტიკულად განწყობილთათვის იმედი იყო, ოპოზიციური პარტიებისთვის კი - ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე რეალური შანსი. შესაბამისად, ბიძინას სასახლეში შეიკრიბა ერი და ბერი. კალაძისთვის ბიძინა ივანიშვილი იქცა ხიდად, რომლის მეშვეობითაც ის დიდ პოლიტიკაში მოხვდებოდა (თან საფეხბურთო კარიერასაც ასრულებდა). ხალხისთვის კალაძის „ქართულ ოცნებაში“ შესვლა და სააკაშვილის სისტემის სიმახინჯეზე აქტიურად საუბარი გმირობის ტოლფასი გახდა. „ქართული ოცნების“ მაისურით ის ხშირად აკეთებდა კრიტიკულ განცხადებებს იტალიიდან. თუმცა, როგორც „რიგითი ჯარისკაცი“ და არა როგორც პოლიტიკოსი.

2008 წელს მიშას სკამი ძლიერად გამოიყურებოდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი აღარ. ამიტომ კახაც დაცვიდან შეტევაზე გადავიდა. მალე ის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა და ბერამ მას შვილიც მოუნათლა. შვილების ნათლობა ხომ პოლიტიკური და რელიგიური სისტემის ურთიერთობის სიმბოლოა.შვილების ნათლობით ისინი კავშირებს აძლიერებენ.რეიტინგი და ვალდებულებები ერთად იზრდება.

წინასაარჩევნოდ კალაძემ ბევრი იარა, ბევრი დაპირება გასცა, ჩაეხუტა ხალხს, ეჩხუბა ზონდერ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. თუმცა საზოგადოებაში, ის მაინც არ აღიქმებოდა პოლიტიკოსად. ის ჯერ კიდევ წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხმარებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო და კახა კალაძის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპიც დადგა.

ის ხელისუფლებაშია...

ენერგეტიკა და კახა

კალაძის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნას არცთუ ისე პოზიტიური შეფასება მოჰყვა. რა უნდა ფეხბურთელს ენერგეტიკაში? რა იცის კალაძემ ენერგეტიკაზე? ამ კითხვებს ისიც ემატებოდა, რომ კალაძე დიდად არ გამოირჩეოდა პოლიტიკური კულტურით და საუბარიც უჭირდა. ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისგან კახა კალაძისადმი ნდობის გამოხატულებაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ენერგობიზნესში მცირე გამოცდილება ჰქონდა, მინისტრობისთვის მაინც შეუფერებელად მოჩანდა. მაგრამ ენერგეტიკაში დიდი ფულია და ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს დიდ ფულთან უცხოს მიშვება, ამიტომ თანამდებობა კალაძეს ანდო. კალაძე ვიცე-პრემიერიც გახდა, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ უცვლელი დარჩა. მისი წინსვლის არავის სჯეროდა და კალაძისთვის ასეთი დიდი ძალაუფლების მიცემა აბსურდულადაც კი მიაჩნდათ.

თუმცა, სწორედ მინისტრობის დღიდან იწყება კალაძის ცვლილება. მისი საუბრის მანერა, ჩაცმა და სხარტი პასუხები ყველას აოცებდა. ალბათ იმ პერიოდიდან მოისმენდით (შეიძლება გეთქვათ კიდევაც) მასზე შეფასებებს, გამუდმებით აღნიშნავდნენ, თუ როგორ დაუღალავად მუშაობდა კახა საკუთარ თავზე. პოლიტიკოსის იმიჯი ნამდვილად მოირგო, თუმცა მისი მინისტრობის დროს იყო მინი-სკანდალიც.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევისას ერთმანეთს კონკურენციას რეზი არველაძე და ლევან კობიაშვილი უწევდნენ. კობიაშვილი კალაძის ახლო მეგობარია და შესაბამისად, კალაძეც მის მხარეს იყო. ლევან კობიაშვილს არჩევნების მოგება უჭირდა, რადგან არველაძეს ფედერაციაში გავლენები ჰქონდა. სწორედ არჩევნების დღეს დაიჭირეს ის, ვისაც ხმა უნდა მიეცა რეზი არველაძისთვის. როგორც შემდეგ დაკავებულიყვებოდა, იცოდა, რომ დაიჭერდნენ - ძალოვანი უწყებებიდან ეს არაერთხელ შეუთვალეს. რისკის თავიდან ასაცილებლად ის იმ სასტუმროში გადასვლას გეგმავდა, რომელშიც არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ამ დროს იჭერენ, იჭერენ ნარკოტიკების გამო და ისეთ მომენტში, როცა კალაძეს (კობიაშვილს) სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ეჭვებს აჩენდა. თუმცა „ქართული ოცნება “მალევე გვაჩვენებს, რომ გეგა გობეჯიშვილის მეუღლე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, სახელმწიფო სტრუქტურაში იყო დასაქმებული და გვიმტკიცებენ, რომ ამბავი „ნაცების“ პროვოკაციაა. მესიჯი რა თქმა უნდა არველაძესაც ურტყამდა. თუმცა, რადგან ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო, დიდი არეულობა ამ ფაქტს არ გამოუწვევია. ყოველ შემთხვევაში, კალაძეს პრობლემები არ შექმნია. კობიაშვილი ხდება პრეზიდენტი, დაჭერილს კიმალევე უშვებენ. კალაძემ მეგობრები ამ შემთხვევაშიც არ დაივიწყა და დაეხმარა ისე, როგორც შეეძლო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას როცა დასჭირდა, ძალოვანი უწყებებიც მისი ინტერესების გამტარებლები აღმოჩნდნენ.

ამ დროს თბილისის მერი დავით ნარმანიაა, რომელიც კარიკატურულ ფიგურად ჩამოყალიბდა. მის მიმართ იმდენად დიდი უარყოფითი ენერგია გაჩნდა, რომ მეორე ვადით მის არჩევაზე არათუ პრეტენზია, არამედ ფიქრიც კი არავის გასჩენია სახელისუფლებო გუნდში. ამიტომ საჭიროა, დავით ნარმანიასგან სრულიად განსხვავებული კანდიდატი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თბილისს მოაგებინებს.

რა თქმა უნდა, კალაძისთვის ეს ახალი გამოწვევაა. შეიძლება ენერგეტიკის სამინისტრო საინტერესოა, მაგრამ თბილისის მერობა პოლიტიკურად უფრო პოპულარული პოზიცია და სამომავლო კარიერაზე ფიქრისთვის საუკეთესო თანამდებობაა. მითუმეტეს, თუ შენი წინამორბედი დავით ნარმანიაა. თბილისში ისეთი სიტუაცია იყო, დაშლილ ფეხბურთის გუნდში რომ იქმნება - ჩაიბარებს ახალი მწვრთნელი და მისი მინიმალური წარმატებაც დიდ წარმატებად მოჩანს. რა თქმა უნდა, კახამ სწორად შეაფასა ყველაფერი, ბიძინას სიმპათიებიც მისკენ იყო გადახრილი. კონკურენტები პირველივე ტურში დაამარცხა და თბილისის მერიც გახდა. საინტერესო კი ის იყო, რომ თითქოს ახალ პოლიტიკოს კალაძეს უნდა გასჭირვებოდა პოლიტიკაში დაბადებულ-გაზრდილი კონკურენტების ჩამოშორება, თუმცა კამპანიის განმავლობაში პოლიტიკოსი თუ ვინმეს ეთქმოდა კანდიდატებს შორის,ეს ნამდვილად კახა იყო. მის პოლიტიკურ ზრდას ნამდვილად შესაშური სისწრაფე ჰქონდა აკრეფილი. მის წინ ახალი და სახიფათო გამოწვევა გაჩნდა.
 

კალაძე მერია

მილანელების „დინამოზე“ ათამაშება მარტივი საქმე იყო, ახლა კი თბილისის ნეიტრალური მოქალაქეების, მერიაში მცხოვრები მოხელეების, ოპოზიციისა და შემაწუხებელი აქტივისტების ათამაშება იყო საჭირო. კალაძემაც თამაში კარგად დაიწყო. ხვდებოდა ურბანულ აქტივისტებს და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მას მტრები არ ჰყავდა. კახას ყველასთან სურდა ურთიერთობა.ის უნდა ყოფილიყო ყველას მერი, გარდა „ნაციონალებისა“. შეკრიბა პიარგუნდი და დაიწყო ახალი კახას შექმნა. ახალი კახასი, რომელსაც მოსწონს მუსიკა, იცვამს მეინსტრიმულად, იფარებს ქუჩის ძაღლს და აკეთებს ყველაფერ იმას, რაც პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს. კეთილი, ძლიერი, მეინსტრიმული და საქმიანი. ხალხისთვის უფასოდ ამღერა სტეფანე, გადაიღო სელფი, ამოთხარა ქუჩები და შექმნა განწყობა, რომ თბილისს მერი ჰყავს. ანუ უუნარო ნარმანიას და კორუმპირებული უგულავას შემდეგ თბილისს ეღირსა მერი, რომელიც საქმეს აკეთებს.

გაუჩნდა (ან გაუჩინეს) ღამის ეკონომიკის იდეა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო კლუბური სამყაროს უფრო გაძლიერებასთან. ცდილობდა,მათ თვალშიც ყოფილიყო კარგი პოლიტიკოსი, ვინც „ბასიანზე“ ცეკვავს თუ „ბასიანს“ფლობს. კალაძეს ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. თუმცა „ბასიანზე“ სპეცრაზმის შეჭრამ ღამის ეკონომიკის გეგმები ცოტათი შეცვალა. ბიძინა ივანიშვილის ეს მესიჯი კი, შეიძლება თავად მასაც ეხებოდა: არანაირი ღამის ეკონომიკა და კლუბური ცხოვრება - ეს ამომრჩეველს არ მოსწონს. კალაძემ ვარსკვლავებიანი ქურთუკი ჩაიცვა და გახარიასთან ერთად აქციაზე გამოჩნდა. მართალია, აქციის მთავარი გმირი დღევანდელი პრემიერი გიორგი გახარია აღმოჩნდა, თუმცა კალაძე ყველანაირად ცდილობდა, აქციაზე შეკრებილებს მეგობრად მიეღოთ.

ღამის ეკონომიკა საბოლოოდ უფრო ჩარჩოში მოექცა და ფერი იცვალა, თუმცა კალაძე თავის ადგილას მყარად დარჩა. გააგრძელა სოციალურ ქსელებში „ლაივ ვიდეოებიდან“ საუბარი მოსახლეობასთან, რამდენიმე ქუჩაც კეთილმოაწყო კომპანია „ანაგის“ დახმარებით, რომელიც, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, ასევე კახა კალაძესთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიაა. მის პროექტებში შედის „პანორამა თბილისი“, ახდენს ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებას, ასევე იმ ქუჩებისრეაბილიტაციას, რომლებსაც მერი სიამაყით ხსნის ხოლმე (მათ შორისაა ათონელის ქუჩა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაა).

ნელ-ნელა კალაძემ პოლიტიკური რეიტინგების სათავეშიც მყარად დაიმკვიდრა ადგილი. წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ქუჩის სისტემაც უფრო კარგად განავითარა. არჩევნების დღეებში აქტიურდებიან აგრესიული, ქუჩაში თუ ბიზნესში ჩაყენებული „რეკეტიორები“ და მიუთითებენ ამომრჩევლებს, ვის მისცენ ხმა და ვის არა (ამ თემაზე გასული სიუჟეტების გარდა, არსებობს ცალკეული ისტორიები, რომელთა გამოქვეყნებაზეც თანხმობა არ მაქვს).

თუმცა გადის დრო და იწყება კალაძის ტრანსფორმაცია პოლიტიკოსიდან ბიზნესმენობისკენ. ანუ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კალაძე დაუახლოვდა ბიზნესელიტის წარმომადგენლებს და სხვა კუთხით შეხედა პოლიტიკას. სამშენებლოპროექტების გაჩერება და ქულების წერა კარგია, თუმცა ბიზნესსაც სჭირდება თბილისის მეგობარი მერი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კალაძეს ბერლუსკონისთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა „მილანში“ ყოფნის დროს და ბერლუსკონის პოლიტიკაც შესანიშნავად ვიცით. ბიზნესი, შავი ბიზნესი და ცოტა რეალური პოლიტიკა. შესაბამისად, შეიძლება კალაძეც მის, ძველ გავლენას განიცდიდა და ბიზნესის მიმართ მისი სიმპათიები დროებით ქვეცნობიერ სამყაროში მიიმალა

მაგალითად, ის პირადად ლობირებდა დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილ მშენებლობას, რომელსაც კომპანია „ანაგი“ აპირებს. „ანაგმა" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კამპანიას 179 000 ლარი შეწირა.

ანუ, დიღმის ტყეში მის მეგობარ კომპანიას რესტორნის აშენება სურს. დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ აქტივისტები და დიღმელები. კომპანიის პიარკამპანია კრიტიკას ვერ ფარავს და კახაც მეგობრებს ეხმარება. იღებს ვიდეოს, რომლითაც საზოგადოებას უჩვენებს, რომ რესტორნის მშენებლობით მერიაც დაინტერესებულია. კალაძე საუბრობს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული პირი. არ ინტერესდება სოციალური კრიტიკით და ლობირებასაც ჩვეული მეთოდით,„ლაივ ვიდეოთი“ უწევს. პარალელურად, გამგეობა მთელი ენერგიით აქტიურდება და სხვადასხვა გზით ცდილობს მოსახლეობის დარწმუნებას. მაჟორიტარი - საკრებულოდან და პარტაქტივი - ქუჩებიდან, ანუ, სისტემა მთელი ძალით რესტორნის აშენებისკენ არის მიდრეკილი.

საბოლოოდ კი, დაიცვა საკუთარი თავი და ხელისუფლება 20 ივნისისს დარბევასთან დაკავშირებული პრეტენზიებისგან და კვლავ დაბრუნდა იქ, სადაც 2007 წელს იდგა - დამრბევის მხარეს, ოღონდ ახლა უფრო დიდი ძალაუფლებით და პასუხისმგებლობით.

ახლა კალაძეს პრობლემები ექმნება მოსახლეობასთან.

როგორ იქცევა კალაძე?

უმატებს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას და არცთუ ისე ეთიკურად პასუხობს დასმულ კითხვებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისმა განვითარებამ და ხალხის სიმპათიებმა ნარცისიზმში გადაისროლა და სხვის შეცდომებზე სწავლა შეწყვიტა. ის ყოველი შეცდომის შემდეგ უფრო და უფრო აგრესიულია და უშვებს ახალ შეცდომას. მოუწესრიგებელი სატრანსპორტო პოლიტიკით შეწუხებულ მოსახლეობას უძვირებს ტაქსს და ცინიკურად მოუწოდებს ავტობუსებით და მეტროთი მგზავრობისკენ. შემდეგ უწევს ახსნა, რომ ასე არ უთქვამს და განმარტავს თავიდან, ისევ შეცდომით. გავითვალისწინოთ ისიც, რომ თბილისში ღამის 11 საათის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, გაძვირებული ტაქსით სიარული კი, მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ არ შეუძლია. საზოგადოებაში გაჩნდა ლოგიკური ალტერნატივა - ჯობდა ჯერ სატრანსპორტო პოლიტიკის გამოსწორება და შემდეგ ტაქსების გაძვირება.

კალაძეს პოლიტიკური ენაც ეშლება და ცინიკურად პასუხობს დასმულ კითხვებს გოგონაზე, რომელზეც, შესაძლოა, მაჟორიტარმა ძალის გამოყენება სცადა. როგორც ჩანს, მერს მმართველობის სადავეები ხელიდან გაექცა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ალბათ საკუთარ თავში ზედმეტი თავდაჯერებულობაა. თუ ქრონოლოგიურად გავყვებით კალაძის პოლიტიკურ კარიერას, ის მართლაც შესაშურად წინ მიიწევს, თუმცა მისი ერთ-ერთი ღირსება თანაგუნდელებთან შედარებით მომავალი პოტენციალი იყო. ახლა კი, ის ძველ, არაკომპეტენტური პოლიტიკოსის პოზიციებს უბრუნდება.

პარადოქსია, თუმცა ალბათ დღესაც „ქართული ოცნებიდან“ ვინმე თუ შეიძლება მივიჩნიოთ მომავლის პოლიტიკოსად, სწორედ კახა კალაძეა, რომელიც აქამდე მომავალზე ბევრს და, შეიძლება ითქვას, პრაგმატულად ფიქრობდა. თუმცა მისი შეცდომების რიცხვი თვალსა და ხელს შუა იზრდება. უმეგობრდება და უფართოებს ძალაუფლებას ბიზნესს (რომელიც საჯარო სივრცეებში შეჭრით არის დაინტერესებული და მოსახლეობას ართმევს ყველაფერს, რისი წართმევის საშუალებაც ეძლევა) და კრიტიკულ შეკითხვებს არაკორექტულად, უპასუხისმგებლოდ პასუხობს.

კალაძე რჩება პარტიაში, რომელსაც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" შიში და ზიზღი აცოცხლებს და აღარ ფიქრობს მომავალზე. ის აღარ ცდილობს განვითარებას და ჩერდება ერთ ადგილას. დღევანდელ დროში კი ერთ ადგილას დგომა სახიფათოა. ვარსკვლავად ყოფნა მუდმივი არ არის. ეს „მილანის“ ყოფილ მცველს ჩემზე კარგად უნდა ესმოდეს, თუმცა, დღევანდელი რეალობით, კახა კალაძე კმაყოფილია საკუთარი თავით და უფრო მეტად ხელმიუწვდომელი ხდება მოსახლეობისთვის.

თბილისის მერი ბოლო პერიოდში ისტერიულიც ჩანს, დაცვიდან შეტევაში უწევს სირბილი. საბოლოოდ კი, აღარც დაცვა გამოსდის კარგად და აღარც შეტევა. ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად ზრდის მის მიმართ უარყოფითად განწყობილთა რიცხვს, რადგან ის უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს უსმენს.

ასეთია სისტემა. გაძლევს უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას, გაფიქრებინებს, რომ ის შენი მსახურია, საკუთარ თავში უფრო და უფრო მეტად დარწმუნებულს გხდის და ერთ დღესაც შენს მართვას იწყებს. შემდეგ ნელ-ნელა რეალობა ქრება და ილუზიურ სამყაროში გადადიხარ, სადაც ყველაფერი თითქოს შენ სასიკეთოდ ხდება. ილუზია კი რეალურ სამყაროს გიმალავს, შენი სახით საუბრობს და მოქმედებს, შენ მაგივრად ლაპარაკობს და უკვე შენს შემცვლელზე ფიქრობს.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^