Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიდევ ერთი ამერიკული „აგური“ საქართველოს დამოუკიდებლობაში

23 ოქტომბერი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად (!) მიიღო „ორპარტიული“ კანონი - „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“ (Georgia Support Act). უფრო ზუსტად, ეს „აქტი“ ჯერ მხოლოდ კანონპროექტია, რადგან საჭიროებს ზედა პალატის (სენატის) მხარდაჭერას; შემდეგ კი მას პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი. ამერიკაში არსებული ტრადიციით, სახელმწიფო მეთაური ამგვარ კანონებს მუდამ ათანხმებს შესაბამის „პროფილურ“ უწყებებთან. ამ შემთხვევაშიც, აუცილებელი იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის, ვაჭრობის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს „ვიზები“, ანუ, მთლიანობაში, „აქტის“ ძალაში შესვლა მომავალი წლის შემოდგომისათვის იქნება შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი„აქტის“ მიღებით ამერიკამ კიდევ ერთი „აგური“ დაუმატა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენობას. ყველა პრობლემას არ წყვეტს, თუმცა პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავს, საგარეო რისკებს ნაწილობრივ ამცირებს, მოსკოვს აფრთხილებს, საქართველოში პროდასავლურ ძალებს აიმედებს და გლობალურ ზესახელმწიფოსთან მრავალწახნაგოვანი თანამშრომლობის წინაპირობებს ქმნის. მათ შორის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მიმართულებით.

„ორპარტიული რეზოლუციები“, ზოგადად, დამახასიათებელია ამერიკის სახელისუფლებო და სახელმწიფოებრივი კულტურისთვის.ანუ უჩვეულო ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში, მაგრამ არც ძალიან ხშირია. ამგვარი აქტებით ამერიკული ელიტები გამოხატავენ კონსენსუსს ამა თუ იმ საგარეოპოლიტიკური მიმართულებით, რაკი არსებობს სრული თანხმობა მოკავშირე ქვეყნის მხარდაჭერაში.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში საგანგებოდ აღნიშნა, რომ ეს არის „პირველი დამოუკიდებელი აქტი“, რომელიც საქართველოს ეძღვნება. გახარიას მხედველობაში ჰქონდა, რომ საქართველო ადრეც იყო ნახსენები სხვადასხვა ამერიკულ „აქტში“ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოურ სივრცეში დემოკრატიის მხარდასაჭერად, მაგრამ პირველი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც უშუალოდ საქართველოს პრობლემებს ეხება და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანასთან ამერიკის თანამშრომლობას განსაზღვრავს.

კონგრესმენი-დემოკრატი ჯერი კონორი და რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი ამ ინიციატივით ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გამოვიდნენ, კანონპროექტი ოფიციალურად 2019 წლის იანვარში დარეგისტრირდა, შემდეგ იურიდიულ საქმეთა, თავდაცვისა და ასიგნებათა კომიტეტში განიხილებოდა. სამივე კომიტეტმა დადებითი „ვიზა“ მისცა, პლენარულ კენჭისყრაზე კი ერთხმად „გავიდა“.

თვით იურიდიულ აქტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო კონგრესმენთა განცხადებები. კინზინგერმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეზობელი ქვეყნის ოკუპაციისგამო და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში „ლიდერია“, რაკი „უკრაინასთან ერთად იმყოფება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე“.

მიღებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ამერიკა გააგრძელებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ არაღიარების პოლიტიკას; კვლავინდებურად ძალაშია ადრე მიღებული გადაწყვეტილებები იმ ქვეყნების ან იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც ეხმარებიან სეპარატისტებს, ხელს უწყობენ ეთნოწმენდას, არღვევენ ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

შეიძლება ითქვას, ამით კონგრესი გამოეხმაურა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას და მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მკვლელებს ან მათ მხარდამჭერებს შორეულ ამერიკაში მიღებული კანონები დიდად არ ანაღვლებთ, ასეთი განცხადებებისა და აქტების „კრიტიკული მასა“ ნამდვილად ქმნის განწყობას საერთაშორისო ასპარეზზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა, დიპლომატიურად, თუმცა მკაფიოდ მიანიშნა თავის კომენტარში, რომ იმ დროს, როდესაც აშშ-ს „დღის წესრიგში“ მრავალი „რთული და სერიოზული საკითხია“ (იგულისხმება უამრავი პრობლემა სირიიდან - ჩრდილოეთ კორეამდე) ამერიკის ხელისუფლება პოულობს რესურსებს საქართველოს მხარდასაჭერი დოკუმენტის მისაღებად.

„აქტი“ ავალდებულებს პრეზიდენტს (მისთვის ეს სავალდებულო გახდება, თუკი, იმედია, ხელს მოაწერს), დაეხმაროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და რუსული პროპაგანდის „მოგერიებაში“, განიხილოს ჩვენს ქვეყანასთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესაძლებლობაც.ესეც „მესიჯია“ პოტენციური ინვესტორებისთვის.

დოკუმენტით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატა მოითხოვს რუსეთისგან, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან „2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“. ეს ნიუანსი ძალიან მნიშვნელოვანია: მოსკოვი არ აღიარებს მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას „ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტად“, რაკი რუსული ნარატივით, თურმემოსკოვი საერთოდ არ ყოფილა 2008 წლის აგვისტოს „ქართულ-ოსური კონფლიქტის“ მხარე. ამერიკა ამგვარ ინტერპრეტაციას არ ეთანხმება, რითაც სამომავლოდ იურიდიულ საფუძველს ქმნისუფრო აქტიური ჩარევისათვის.

როდის და რა ფორმით, - ამჟამად ძნელი სათქმელია. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება რეგიონში მოვლენათა განვითარებაზე, განსაკუთრებით სიტუაციაზე „ამერიკა-თურქეთ-რუსეთის“ გეოპოლიტიკურ სამკუთხედში. თუმცა,თავისთავად, ეს აქტი ამ ეტაპზე „შესაძლებლობათა ჩარჩოდაც“ რომ შეფასდეს, ნამდვილად არის საქართველოსათვის სასარგებლო „მესიჯი“ რეგიონში ყველა აქტორისა და „მტერ-მოყვრისათვის“.

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

ქართველი საზოგადო მოღვაწეები ეკლესიის შე ...

მე-19  საუკუნის  ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

„და ჩვენ ვუცეკვეთ“

ფილმის მთავარი გმირი, მერაბი და მისი ძმა დავითი ერთმანეთის პირისპირ წვანან. დავითს სახე ჩალურჯებული აქვს, ახლახან იჩხუბა ...

მეტი

^