Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოპ 5 წყევლა ამბიონიდან

31 ოქტომბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

ალბათ კიდევ დიდხანს იქნება განხილვის თემა თუ როგორ დაწყევლა არქიმანდრიტმა ბართლომემ ანიტა რაჭველიშვილი. ქალი, რომელიც თავისი ქვეყნის ელჩია მსოფლიოში და ბევრი უცხოელი სწორედ მისი სახით გვიცნობს. თითზე ჩამოსათვლელი მსოფლიო დონის შემსრულებლები გვყავს და მათ შორის ერთ-ერთი ანიტაა. სულ, რომ არ იყოს მსოფლიო დონის საოპერო მომღერალი უბრალოდ კარგი ადამიანია და სულ რომ არ იყოს ასეთი კარგი, მაინც არ იმსახურებდა იმას რაც დაიწერა , იმიტომ, რომ როგორც ჩვენში იტყვიან, მაგას მტერსაც არ უსურვებენ, არათუ იმ ადამიანს რომლისაც ყველას გვეამაყება.

 შემოსილმა ყელის კიბო უსურვა. კონკრეტული წყევლა გაუგზავნა. მაინცდამაინც ყელში წვდა! ზუსტად იქ შეჰყარა კიბო რითიც სახელი გაითქვა.

ეს შეიძლება ყველაზე ამაზრზენი წყევლა იყო, მაგრამ პირველი არ ყოფილა. სავარაუდოდ, არც უკანასკნელი იქნება. ყველა წყევლა თავისთავად ამაზრზენია, მაგრამ მაინც მივანიჭებ იერარქიას. კრეატივის, მხატვრულობის და კონკრეტულობის გათვალისწინებით.


5. მეუფე იობის წყევლა.


ხუთეულს ხსნის მეუფე იობის ქოქოლა გიორგი გაბუნიას მისამართით. ვითმინე, ვითმინე და მეტი აღარ შემიძლიაო. - ბრძანა მეუფემ.

წყევლა მოჰყვა „არჩევანი“ - ს მორიგ გამოშვებას სადაც მთავარი თემა იყო ხელისუფლების ინიციატივა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შედეგად მოქალაქეს ექნებოდა უფლება სასამართლოში ეჩივლა, ხელოვნების ან სხვა დარგის წარმომადგენლისთვის, რომლის ნამუშევარიც იქნებოდა შეურაცხმყოფელი.
 
გაბუნიამ სტუდიაში ლია უკლებას ნამუშევარი ჩვეული ეპატაჟით განიხილა და მაყურებელს განუმარტა, რომ ღვთისმშობელი თავს მაინც ვერ მოიკლავდა რადგან სათამაშო პისტოლეტი ეჭირა ხელში. ქრისტეს მაინც გააჩენსო.

ეს სიტყვა მიზანად ზუსტად იმას ისახავდა რაც მოჰყვა, მაგრამ წყევლას ალბათ თავადაც არ ელოდა. წყევლა ის ზღვარია, რომელსაც ადამიანი , მითუმეტეს სასულიერო პირი, რომელსაც მთელი არსებით სწამს წყევლის, არაფრით არ უნდა გადავიდეს. მეუფემ ასე ბრძანა, ვითმინე, და ვსო, გამიწყდა მოთმინების ძაფი, ეხლა მისმინეთ მაგას როგორ დავწყევლიო და გადატენა.

- „ეგ უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას კი არა, მთლიანად საქართველოს და რაც ჩემი მხრიდან არის - მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ, ეგ აღარ მოინანიებს, ეგ არის პირდაპირ ეშმაკის მსახური“.

მეუფის მოვლენილი წყევლის შემდეგ მცირე ხანში გავრცელდა საპატრიარქოს განცხადებაც:

“პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები”


4. ბასილ მკალავლიშვილის წყევლა.



თავშივე აღვნიშნავ, რომ მამა ბასილი ეკლესიიდან განკვეთილია. ზუსტად იმის გამო, რომ ასეთი სტილი აქვს. ძალზედ მარტივად იწყევლება ხოლმე, აგერ მეუფე იობს შეხედავ და მიხვდები, რომ არ უყვარს ეს წყევლა, მაინც და მაინც ყელში თუ არ ამოუყვან ადამიანს. ამას კიდე ყელში ამოსვლა არ სჭირდება, ყოველთვის მზად არის ვინმე მიაწყევლოს. თან წინაპრებსაც გადასწვდება ხოლმე, მერე შთამომავლებსაც და ასე დაუსრულებლად.

მის სტილს ასე თუ ისე კარგად ვიცნობთ და ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა. მაგალითად 17 მასის აქციაზე, სადაც არაფრის დიდებით არ შეუერთდა დანარჩენ სასულიერო პირებს და ცალკე, პარლამენტის წინ შეკრიბა თავის ერთგული მრევლი, ჭინჭარი ჰქონდა მომარაგებული, ასე შეაიარაღა ხალხი გათახსირებულების წინააღმდეგ!

დასუსხე და განიკურნება!
დაჭინჭრე და იხარებს მასში სული ნათელი!
თუ არ იხარებს და დაე დარჩეს დასუსხული!

„ეფესოს III მსოფლიო კრების მე-7 კანონი გვამცნობს: „ის, ვინც წინ აღუდგება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას და ებრძვის მართლმადიდებლობას, ერისკაცნი შეჩვენებულ იქმნეს.“

მე ვისარგებლებ მსოფლიო კერბების დადგენილი დიდი სჯულის კანონით და ანათემას გადავცემ სარწმუნოების მოღალატეებს: წყეულ და შეჩვენებულ იქნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე , თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება ვინც ებრძვის მართლმაიდებლობას.“

მამა ბასილს ბოკერიასთან ძველი ანგარიშები აქვს. 1999 წელს, იაღოველების შეკრება მამა ბასილის მრევლმა დაარბია, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ კი გიგა ბოკერია და დავით პაიჭაძე იცავდნენ, უფრო სწორად ცდილობდნენ დაცვას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ქალებმა დაჩქმიტეს , კაცებმა სცემეს. ბოკერია ქვებით იყო შეიარაღებული, მაგრამ მაინც შემოახიეს ტანისამოსი და გვარიანად უბარტყუნეს გვერდებში.

შურისძიების დრო მაშინ მოვიდა როცა ბოკერია თავის პარტიასთან ერთად ხელისუფლებაში აღმოჩნდა. მათი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სწორედ მამა ბასილის ეკლესიის დარბევა იყო, თავის მრევლიანად. მღვდელი წვერით ითრიეს და განყოფილებაში წაათრიეს.

თავის მხრივ ალბათ მამა ბასილიც ელის როდის მიეცემა პასუხის გაცემის საშუალება და სანამ ეს ნანატრი დრო დაუდგება მანამდე მხოლოდ წყევლითა და შეჩვენებით შემოიფარგლება.


3. უცნობი ავტორის შედევრი.



თავის დროზე საკმაოდ გახმაურებული ამბავი იყო. სასულიერო პირმა მოსამართლე დაწყევლა სასამართლო დარბაზში. რამდენიმე კუთხით შეიძლება შევხედოთ ამ საქმეს. რა მდგომარეობაშია მოსამართლე? თუ აშკარა დანაშაულის წინააღმდეგ ბრალდებულს გაამართლებს ჩაიდენს დანაშაულს, უღალატებს თავის თავსა და პროფესიას. სამოქალაქო სექტორიდან აგინებენ ყველაფერს და არანორმალურ სტრესში ამყოფებენ , სავარაუდოდ დაიწყება საქმის ძიება და დიდი შანსია, რომ ციხეშიც აღმოჩნდეს.

მეორეს მხრივ თუ აშკარა დანაშაულისთვის ბრალდებულს გაამტყუვნებს, (რაც გააკეთა კიდეც) სასულიერო პირი დაწყევლის. თანაც ასეთი სიტყვებით - „დაწყევლილი იყავი საშვილიშვილოდ, შე უპატრონოვ!“ - მიაძახა დარბაზიდან გასვლის წინ.

ასევე ეს შემთხვევა დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ყოველთვის, ყველა ჯერზე ვერ ხერხდება მათი წყევლის დაფიქსირება. ყოველთვის ყველა არ იღებს ქადაგებას, არ მოიმარჯვებენ სმარტფონებს, რომ გადაიღონ თუ როგორ აშინებს წინამძღვარი თავის მრევლს არჩევნების წინ. თუ ამას და ამას ხმას მისცემთ ასე და ისე დაგემართებათო. არადა ვიცით, რომ ასე ხდება. წარმოდგენაც არ მინდა რა სურათს მივიღებთ ყველა წყევლა, რომ კამერაზე იყოს აღბეჭდილი.

წყევლის ადრესატი იყო მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი, რომელმაც ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


2. ბართლომეს დაბრუნება!



არა დაბრუნება, არამედ მიბრუნება, რადგან წარსულში მოგვიწევს წასვლა. მაშინ არქიმანდრიტმა სააკაშვილი დაწყევლა და თანაც ძალზედ მხატრულად, ისე, რომ ძველი აღთქმის წიგნებშიც თავისუფლად დაიმკვიდრებდა ადგილს. – "წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგის, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ" 

მიშა ისეთ დღეშია მემგონი წყევლა ნამდვილად მოქმედებს. თანაც შენდობა არ მიუცია. განსხვავებით 70 დეპუტატისგან, რომლებსაც რელიგიის შესახებ კანონი არ მოუწონა და დაუყოვნებლივ დაწყევლა, თუმცა შემდეგ შენდობა მისცა. აპატია, მიუტევა, ღმერთო აღარ შეწუხდე, ამათ უკვე ვაპატიეო.

მიშას კიდე არ აპატია. თუმცა მაშინ როცა არქიმანდრიტი მაშინდელ პრეზიდენტს წყევლიდა, მეუფე კალისტრატე ლოცავდა, ერთგვარად აბათილებდა არქიმანდრიტის წყევლას. მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა და ის დროა ნაცებმა ახალი მფარველი იშოვონ თორე აყრიან და აყრიან ქოქოლას თავზე.

ბართლომე ბიძინას ოჯახის ახლობელი აღმოჩნდა. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს დღეში რამდენ გამოსაფხიზლებელ წყევლას უგზავნის მის მოწინააღმდეგეებს. თავად ასე განმარტავს წყევლას. - საუკეთესო საშუალებაა გამოფხიზლებისთვისო.

„გამოაფხიზლე ღმერთო, დავაყარე მაგათ მიწა!“


1. თქვენთვის წერილია.



დეკანოზმა მიქაელმა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს წყევლა გაუგზავნა , თანაც საკმაოდ რომანტიულად. ჩვენს დროში თანამედროვე ტექნოლოგიებმა ცხოვრება გაგვიმარტივეს, მაგრამ თითქოს რომანტიზმიც დაიკარგა. აი მამა მიქაელმა 2011 წელს დიდი რომანტიზმის სრული დაცვით წერილობით დაწყევლა რეესტრის თანამშრომლები. გახსნეს პატივცემულებმა წერილი და წაიკითხეს წყევლა!

“...ბატონო ელდერ (იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს იურიდიული განყოფილების უფროსი ელდერ ნეფარიძე ), თუ ვერ გაიგებთ და ისევ დაიწყებთ იგივეს განმეორებას, წყეული საჯარო რეესტრის თანამშრომლების გამართლებას, შენც ისე გაგაშავოს ღმერთმა, როგორც ეს ასოებია შავი. ამინ!

მე მომატყუეს და მოტყუებული დამტოვეს ასჯერ წყეულმა საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა!!! გესმის თქვენ, მატყუარა და კაცისმკვლელი ლუციფერის შვილებო!!!

...ღმერთმა ისე აგატკივოთ გული ხუთივეს, რომ გული ხელით გეკავოთ და ჩემს სახელს გამწარებულები გაჰყვიროდეთ. მამა მიქაელ, გვიშველეთ, მოგვიხსენით ეს წყევლაო!

ჩემზე მათეს სახარების 16,19; 18,18 და იოანეს 20,23 მუხლებით მინიჭებული უფლებით დავწყევლე კონსტანტინე იოსელიანი, ზვიად ტალუაძე, ეკატერინე სისაური, შორენა გაგლოევი და დღეიდან მეხუთე თქვენ მიემატეთ ამ დაწყევლილ ოთხეულს.

ბატონო ელდერ, კარგად გამიგე. მე სხვა არაფერი შემიძლია, გარდა წყევლისა და დალოცვისა. დასაწყევლი წყევლას ექვემდებარება, ხოლო, დასალოცი დაილოცება. ამიტომ თქვენც წყეულიმც იყავთ დედაბუდიანად იმ ოთხეულთან ერთად. ის ფული, რომელიც თქვენ დამიანგარიშეთ თქვენს ახსნა-განმარტებით ბარათში, თქვენი კუბოს საფასურად მომეტანოს თქვენს სახლში. ამინ!!!

როგორც თქვენ მპასუხობთ, რომ გაფორმებული საბუთების გაუქმება არ შეიძლება, ასევე ჩემი წყევლის გაუქმებაც შეუძლებელია მანამ, სანამ ჩემი სიმართლე არ აღსდგება ასჯერ წყეული საჯარო რეესტრის თანამშრომლებისა და თქვენი მხრიდან.“

შედევრია!
ღირსეული პირველადგილოსანი.

ბოლოს მიაყოლა ამ წყევლას პატრიარქიც ვერ მოგხსნით არ აქვს მაგის უფლება. მხოლოდ მე შემიძლია წყევლისგან თქვენი გათავისუფლებაო.

აი, ტკბობაც ასეთი უნდა. ალბათ რამხელა ძალას გრძნობს ადამიანი, რომელსაც ღრმად სწამს იმის, რომ ერთი სიტყვით შეუძლია ადამიანის ცხოვრების შეცვლა და იმის მაგივრად, რომ დალოცოს, ადგა და წყევლის.

წყევლის მეტი არაფერი შემიძლიაო, ამასაც ამბობს და ვაი რა დაწყევლილი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც წყევლის მეტი არაფერი შეუძლია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^