Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაირსახეობა თეატრისა

29 ოქტომბერი 2019
ორი განსხვავებული არტ-სივრცე თბილისის საერთაშორისო თეტრალურ ფესტივალზე

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც წელს მეთერთმეტე საშემოდგომი სეზონს აღნიშნავს, ხმამაღალი „პოლიტიკური ბაროკოთი“ დასრულდა. ცნობილი ლიტველი რეჟისორის, ოსკარას კორშუნოვასის „ტარტიუფი” ბრწყინვალე, მახვილგონივრული, დამცინავი და ზუსტად გათვლილი პოლიტიკური სატირაა, რომელმაც მოლიერის კლასიკურ პიესას სრულიად სხვა განზომილება შესძინა. ლიეტუვას ნაციონალური თეატრისა და ავინიონის ფესტივალის კოპროდუქცია (სპექტაკლი უჩვენეს 2018 წელს ავინიონის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე) თბილისის ფესტივალის ყველზე გამორჩეული, თამამი და მაღალხარისხოვანი წარმოდგენა აღმოჩნდა.

2019 წლის ფესტივალის თავისებურება პირველ რიგში ისაა, რომ მკვეთრად გამიჯნული აღმოჩნდა აკადემიურ-დრამატული სპექტალებისა და ექსპერიმენტულ-ტექნოლოგიური პერფორმანსების სივრცე. ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ კლასიკური, საინტერესო და დრამატული წარმოდგენები და მეორეს მხრივ, უფრო ტექნოლოგიური და სინთეზური ფორმის შოუები, რომელშიც ახალი ტექნოლოგიები იყო გამოყენებული.

პირველი ტიპის სპექტაკლებიდან „ტარტიუფის“ გარდა, განსაკუთრებით გამოვყოფთ გიუნტერ გრასის ეპიკური რომანის მიხედვით დადგმულ “თუნუქის დოლს“. „ბერლინერ ანსამბლის“ სამხატვრო ხელმძვანელმა, ოლივერ რიზემ რომანი ლამის პოლიფონიურ მონოსპექტაკლად აქცია. თავად რეჟისორმა, სცენოგრაფმა (დანიელ ვოლენცინი) და ახალგაზრდა მსახიობმა, ნიკო ჰოლონიკისმა მოახერხეს უზარმაზარი ნაწარმოები თითქმის ორსაათიან წარმოდგენაში ჩაეტიათ. ქვიშით შემოსაზღვრულ სამყაროში ჩარჩენილი პატარა ოსკარის მონოლოგი და 30-იანი წლების გერმანიის ინტროსპექციული ხედვა ერთმანეთს თან კვეთს და თან ერწყმის.

"ჩიტუნები"

დრამატული თეატრალური სანახაობის მოყვარულთ ასევე მოხიბლავდა „დონკა: წერილები ჩეხოვს“, რომელიც დიდი რუსი მწერლის თემებზე შეთხზულ თავისუფალ ვარიაციებს უფრო ჰგავდა. ეს უცნაური, მელანქოლიური და ჯადოსნურ-საცირკო ატმოსფეროთი გაჯერებული წარმოდგენა რეჟისორმა დანიელე ფინცი პასკამ დადგა (შვეიცარიელი რეჟისორი, სცენარისტი, ქორეოგრაფი და კლოუნი, რომელმაც 25-ზე მეტი წარმოდგენა შექმნა ლოზანაში, მის მიერ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსებულ Teatro Sunil-თან ერთად). „დონკა“ მართლაც განსაკუთრებული სპექტაკლია - ჯამბაზებით, ეკვილიბრისტებით, მუსიკოსებითა და დრამატული მსახიობებით, რომლებიც სცენაზე ხულული, მაგრამ ჯადოსნური ტექნიკით მუშაობენ. ტყუილად როდი უწოდა ფინცი პასკამ თავის თეატრს „რბილი შეხების თეატრი“.

რაც შეეხება არააკადემიურ თეატრალურ ექსპერიმენტებს. პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ გაბედული, ცოცხალი და მაღალი ტექნოლოგიებით „აღჭურვილი“ ქორეო-პერფორმანსი სახელწოდებით Dokk.  თეატრალურ-ტექნოლოგიური კომპანია Fuse, რომლის დამაარსებლები არიან რეჟისორები - მატია კარეტი და ლუკა კამერინი, შეეცადნენ ცოცხალი ინსტალაციები და ახალი ტექნოლოგიები იოლად მისაღები გაეხადათ პუბლიკისთვის. მათი პერფორმანსების გამომსახველობა და ახალი ენა უფრო ტექნოკრატიკული თაობის მოთხოვნებს პასუხობს. თუმცა fuse-ეს წარმოდგენები თანადათან გაფართოვდა და დღეს უკვე მათ ინსტალაციებსა და ლაივ-პერფორმანსებს მთელ მსოფლიოში ყავს მაყურებელი.

"თუნუქის დოლი"

Dokk შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ადამიანის თავგადასავალი კოსმოსში, რომელიც გრავიტაციის კანონების დარღვევას საკუთარი რეაქციებით პასუხობს. რეალობის აღქმა დეფორმირებული და თითქმის სიზმრისეულია, მოძრაობები - შენელებული და გადანათებული. სცენაზე ერთდროულად ფიზიკური და მეტაფიზიკური სივრცეა, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან.  

ახალ ტექნოლოგიებსა და ლავ-მუსიკას ეყრდნობა წარმოდგენა „ემოცია მოძრაობის გარეშე“ , რომელიც რევოლუციურმა ორკესტრმა“ ისრაელიდან დინამიურ და მუსიკალურ ლაივ-წარმოდგენად აქცია. „მუსიკალური ფანტაზია ორკესტრის, მსახიობისა და ვიდეოარტისთვის“ დაახლოებით 70 წუთი გრძელება. ის მუდმივ ბრძოლას წააგავს დირიჟორის ადგილის დასაკავებლად, თუმცა ფელინის ცნობილი ფილმისგან განსხვავებით, დიქტატორი-დირიჟორისა და ძალაუფლების თემები ნაკლებად მნიშვნელოვანია. რეჟისორების - იდო რიკლინისა და როი ოპენჰაიმის წარმოდგენაში ორკეტრის დირიჟორს არა გარეშე ძალები, ან თავად ორკესტრანტები აუჯანყდებიან, არამედ მისივე „შინაგანი ხმა“, მეორე „მე“, რომელიც სპექტაკლში ცალკე და  მთავარ პერსონაჟადაა წარმოდგენილი.

რეჟისორის, სცენარისტისა და პერფორმატორის - ალექს სერანოს აუდიოვიზუალური წარმოდგენა „ჩიტუნები“ცინცხალ და ორიგინალურ იდეებს ეყრდნობა, რაც „ყველაფრით დაღლილი“ თეატრალური ხელოვნებისთვის თვითგანაყოფიერების აუცილებლობასაც ნიშნავს.

კატალონიური თეატრალური კომპანიის (Agrupación Señor Serrano) მიერ წარმოდგენილი პერფორმანსი სწორედ თეატრის უსაზღვრო შესაძლებლობებსა და ვიზუალური ხელოვნების სოციალურ და პოლიტიკურ მახვილგონივრულობას იტევს. რეჟისორის იდეა -  თეატრალური ხელოვნება ახალ (იქნებ, გამორჩეულ?!) განზომილებაში მოაქციოს და ერთმანეთს შეურიონ სიტყვები, ბგერები, მუსიკა, ვიდეო, დოკუმენტური გამოსახულება, თოჯინები რეალურ დროში, მართლაც შთამბეჭდავია.

"ტარტიუფი"

თბილისის სართაშორისო თეატრალური ფესტივალის პარტნიორი 2019 წელს ბრიტანეთი იყო. ამდენად, შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ფესტივალი სწორედ “ბრიტანეთი/საქართველო 2019”-ის ფარგლებში ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანიის წარმოდგენით გაიხსნა. სპექტაკლი ორიგინალური სახელწოდებით „111“ ორი გამორჩეული და განსაკუთრებული მოცეკვავის - ჯოუელ ბრაუნის და ივ მაცოს დაახლოებით 50 წუთიან, მგრძნობიარე, ძლიერ და შთამბეჭდავ ინტროსპექციულ თავგადასავალში გვეპატიჟებოდა.

ჯორჯ ბუშევეის ქორეოგრაფია რთულ რკინის კონქტრუქციაშია მოქცეული. ის ერთდროულად ითვალისწინებს და შლის საზღვარს ინკლუზიურ შესაძლებლობასა და ჩვეულებრივ მოცეკვავეს შორის. ამდენად, ჯოუელ ბრაუნისა და ივ მაცოს დუეტში შეგვიძლია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის უნატიფესი და ურთულესი გამაც ამოვიკითხოთ და ამავდროულად, სხეულთა შესაძლებლობის დრამაც.

აქვე უნდა ვახსენოთ ცნობილი ქორეოგრაფის, იასმინ გოდერის 30-წუთიან წარმოდგენაც - „სახე“ (Face In), რომელიც შთამბეჭდვი დრამატულობითა და მგრძნობიარე ეპიზოდების კალეიდოსკოპური მონაცვლეობით გამოირჩეოდა... არ არის სავალდებულო ქორეოგრაფია სხეულის ინკლუზიურ შესაძლებლობებს მოერგოს. პირიქით, ზოგჯერ სწორედ სხეულების შესაძლებლობა კარნახობს ქორეოგრაფს, საით წარმართოს თავისი ფანტაზია.

ასე, რომ 2019 წლის ფესტივალს გამორჩეული აქცენტები ჰქონდა - ხარისხიანი დრამატული სპექტაკლები, ახალი ტექნოლოგიები და ინკლუზიურ შესაძლებლობეს მორგებული ქორეოგრაფია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^