Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რიცხვი

11 ნოემბერი 2019


მსჯელობა შეცდომებზე 


პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სამედიცინო შეცდომები რჩება. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად სამედიცინო დაუდევრობის გამო 43 მილიონი ადამიანი ზიანდება, საიდანაც 17 მილიონი შემთხვევა - განვითარებულ, ხოლო 26 მილიონი კი განვითარებად ქვეყნებში ხდება

საქართველოში ამ მიმართულებით ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია სამედიცინო შეცდომების ცალკეული შემთხვევების შესახებ. ეს მოიცავს როგორც არასწორად დასმულ დიაგნოზსა და მკურნალობას, ისე ფატალურად დასრულებულ შემთხვევებს. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაბალია პაციენტთა საჩივრების რაოდენობა, ეს რიცხვი რეალურ სურათს არ ასახავს და სავარაუდოა, რომ დაზარალებულები სხვადასხვა მიზეზის გამო (უიმედობა, დაუსჯელობის შეგრძნება, ინფორმაციის არქონა) ოფიციალურად არ აფიქსირებენ უკმაყოფილებას. შესაბამისად, დასკვნების გამოტანა მხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე დაფუძნებით არის შესაძლებელი. თუმცა გახმაურებული შემთხვევები ნათლად მიუთითებს პრობლემის მასშტაბურობაზე.

გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო შეცდომაა არა მხოლოდ ის შემთხვევა, რომელსაც პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვება. ნებისმიერი გადაცდომა, რომელიც შეიცავს ჯანმრთელობის რისკს და არ შეესაბამება სტანდარტებს (მიუხედავად იმისა, დაზიანდა თუ არა პაციენტი), ფასდება სამედიცინო შეცდომად და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას. 

სამედიცინო შეცდომები მედიცინის გაჩენის დღიდან არსებობს და ალბათ ვერც ვერასდროს აღმოიფხვრება, თუმცა ამ პრობლემაზე აშკარად ლაპარაკს ყველა ერიდება. ალბათ, სწორედ ესაა ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის მიზეზიც. ამ მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო 1999 წელს მედიცინის ინსტიტუტის (Institute of Medicine) მიერ გამოქვეყნებული ანგარიში „ადამიანისთვის შეცდომა ჩვეულია“ (To err is human). ავტორების მიზანი იყო საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ჯანდაცვა ვერ იქნება 100%-ით უსაფრთხო, რადგან მასში ადამიანის ფაქტორი დიდია და, შესაბამისად, შეცდომებიც გარდაუვალია. თუმცა არსებობს ისეთი შეცდომები, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელია, თუკი მათზე თვალს არ დავხუჭავთ, უფრო დაუფარავად ვისაუბრებთ სისტემურ პრობლემებზე, არსებულ გამოწვევებსა და პაციენტის უსაფრთხოებაზე. 

სამედიცინო შეცდომა ორი ტიპისაა: პირველი კონკრეტული ადამიანის (ადამიანების) დაუდევრობით ხდება, ხოლო მეორე მთლიანი სამედიცინო სისტემის გაუმართაობით არის გამოწვეული. კონკრეტული ადამიანის დაუდევრობით გამოწვეული დანაშაული ცდება საავადმყოფოს რეგულაციებს, მოითხოვს სამართლებლივ ჩარევასა და მკაცრ რეაგირებას, რადგან ექიმის დაუდევრობით, არაპროფესიონალიზმითა და გულგრილობით გამოწვეულ სამედიცინო შეცდომაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. თუმცა ამ სტატიაში ყურადღებას ვამახვილებთ მეორე ტიპის - სისტემურ შეცდომებზე. როდესაც პრობლემა სისტემურია, ერთი ადამიანის დასჯა გამოსავალი არ არის. ასეთ დროს საჭიროა ცვლილებები საავადმყოფოს და მთლიანი ჯანდაცვის სისტემის დონეზე. სწორედ ეს ცვლილებები და რეკომენდაციებია ამ სტატიის მთავარი განხილვის საგანი.

შეცდომების გამოვლენა 

სამედიცინო შეცდომები შეიძლება მოხდეს როგორც დიაგნოზის დასმის, ისე მკურნალობის დროს ან მის მერე. დიაგნოზის დასმის და მკურნალობის შემდგომ დაშვებული შეცდომების გამოვლენა საკმაოდ რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ შეცდომის ფიზიკურ გამოხატულებას თვეებიც კი დასჭირდეს. პროცედურული შეცდომები კი ძირითადად საავადმყოფოშივე ვლინდება და უფრო მყისიერ რეაგირებას მოითხოვს. 

სამწუხაროდ, ხშირად შეცდომაზე მხოლოდ მაშინ იწყებენ ლაპარაკს, როდესაც ფიზიკურად გამოვლინდება ან მისი დაფარვა შეუძლებელია. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ექიმის დასჯაზე ორიენტირებული სისტემა მას შეცდომის დაფარვისკენ უბიძგებს, რაც პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხზე. შეცდომაზე თვალის დახუჭვა განსაკუთრებით აზიანებს დამწყებ მედიკოსებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დაშვებულ შეცდომებზე სწავლა. საავადმყოფოებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი გარემო, რომელიც დასჯის ნაცვლად შეცდომების თავიდან არიდებაზე იქნება ორიენტირებული. 

საჭირო ცვლილებები 

პირველ რიგში, სასჯელით გამოწვეული შიში უნდა ჩანაცვლდეს შეცდომის აღიარების სურვილით. ექიმებმა და ექთნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ შეცდომა მათი პროფესიის გარდაუვალი ნაწილია, ხოლო მისი აღიარება კი - მორალური (და ხშირად სამართლებლივი) ვალდებულება. შეცდომის გაზიარებისა და ანალიზის კულტურის დანერგვას მთლიანი სამედიცინო დაწესებულების მონდომება სჭირდება. 

ამის შემდეგ აუცილებელია შეიქმნას ან გაიმართოს შეცდომის აღრიცხვის სისტემა (reporting system). ელექტრონული სისტემა ამარტივებს შეცდომების აღრიცხვას და ხელს უწყობს მათ გამომჟღავნებას. ის ასევე ამცირებს აღრიცხვისთვის საჭირო დროს და ზრდის გულწრფელობის დონეს, რაც ხარისხის გაუმჯობესების საწინდარია. დანერგვის შემდეგ, ადმინისტრაციის მხრიდან საჭიროა ამ მიმართულებით კადრების გადამზადება, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა, როდის უნდა შეივსოს იგი და რა რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას. 

დამატებით, საჭიროა ისეთი აქტივობების დანერგვა, რომელთა ფარგლებშიც ექიმები/ექთნები დაუფარავად ისაუბრებენ არსებულ გამოწვევებზე და გადალახავენ სიჩუმის ბარიერს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემაზე გულწრფელად საუბარი რთულია, მსგავსი დისკუსიის წამოწყება შესაძლებელია არა კონკრეტული ადამიან(ებ)ის დაშვებულ შეცდომებზე საუბრით, არამედ ზოგადად სამედიცინო გამოწვევებისა და მიღწევების განხილვით. ასევე, დისკუსიას გაამარტივებს ისეთ შემთხვევებზე საუბარი, როცა არსებობდა მაღალი რისკი, მაგრამ სიტუაცია განიმუხტა და გართულებასაც გაუმკლავდნენ. ადმინისტრაციას შეუძლია წაახალისოს კონკრეტული პირები შეცდომების შემცირების/თავიდან არიდების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის. 

პროვაიდერებში ხშირია საკუთარი თავის დადანაშაულება და მორალური წნეხის პირობებში ყოფნა; კოლეგებთან გულახდილ საუბარს კი შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს ამ მიმართულებითაც.

ამ პრობლემის გადაჭრაში შემდეგი ნაბიჯია პროცესების სტანდარტიზაცია. იგი უზრუნველყოფს პროცესების თანმიმდევრულობას და ექიმების ჩანაცვლების ან შეცვლის პირობებში მცირდება შეცდომების რაოდენობა.

ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დატვირთული გრაფიკის პირობებში ექიმებს და ექთნებს შეიძლება დაავიწყდეთ ან გამორჩეთ გარკვეული ინფორმაცია, რასაც შეიძლება მოჰყვეს შეცდომა. კვლევებმა აჩვენა, რომ შეცდომების დიდი ნაწილი ხდება ცვლის ბოლოს, ექთნების ჩანაცვლებისას. გადაღლილობის გამო ექთანს შეიძლება დაავიწყდეს კოლეგისთვის ყველა ინფორმაციის გადაცემა (მაგალითად, პაციენტის ალერგიულობა გარკვეულ პრეპარატზე), რასაც მოჰყვება შეცდომა. ამიტომაც, ინფორმაციის გადაცემა არ უნდა იყოს დამოკიდებული ადამიანის მახსოვრობაზე. საჭიროა აღირიცხოს ყველა საჭირო დეტალი და აუცილებელია მათი წერილობითი ფორმით შენახვა, რათა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ახალი პირისთვის.

შემდეგი რეკომენდაციაა ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ საკუთარი თავისთვის ან კოლეგისთვის შემდეგი კითხვის დასმა: „ხარ თუ არა დარწმუნებული შენს გადაწყვეტილებაში/დასკვნაში?“ ეს ერთი შეხედვით მარტივი კითხვა კიდევ ერთხელ დააფიქრებს ადამიანს და ქმნის წარმოსახვით ბარიერს, რომელიც ართულებს შეცდომის დაშვებას. ასევე ეფექტიანია ისეთი გადამოწმების მექანიზმის არსებობა, როგორიცაა ოთხი თვალის პრინციპი. ამას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ უცხო თვალი ხშირად უფრო ადვილად აფიქსირებს გაპარულ შეცდომას. 

მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ექთნების გადაღლილობაა. მათი სამუშაო გრაფიკი ხშირად ისეთი ხანგრძლივი და გადატვირთულია, რომ ცვლიდან ცვლამდე წესიერად დასვენებასაც ვერ ასწრებენ. საქართველოს შემთხვევაში ხშირია ექიმისა და ექთნის რამდენიმე ადგილას მუშაობა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს შრომისუნარიანობაზე და ზრდის სამედიცინო შეცდომების რაოდენობას. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი და გამოსასწორებელია, როგორც გრაფიკის გადახედვით, ისე ანაზღაურების გაზრდით, რათა ადამიანს არ ჰქონდეს საჭიროება სამსახურიდან სამსახურში იაროს. 

ეს სია არ არის ამომწურავი და სპეციფიკიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულებამ თავად უნდა განსაზღვროს, თუ რა ხერხებით გაუმკლავდება სამედიცინო შეცდომებს. თუმცა, იმისთვის რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, უნდა გაჩნდეს სტატისტიკა და, რაც მთავარია, საჯარო დისკუსია ამ თემის ირგვლივ. ცალკეული მაგალითები უნდა აღვიქვათ როგორც წითელი შუქი, რომელიც დიდი პრობლემის არსებობაზე მიგვითითებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, მარგარეტ ჩანი 2012 წლის გამოსვლაში ამბობს: 

„ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ მეორდება ერთი და იგივე შეცდომები. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ პაციენტის უსაფრთხოება ყველა გამართული ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^