Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადამიანისა და მანქანის შერწყმა: რეი კურზველი და მომავალი ტექნოლოგიური სიგიჟე

08 ივნისი 2020
ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი

დედამიწის ყველაზე გამომწვევი ფუტურისტი ჩემ წინ, თავისი ოფისის კუთხეში სავარძელში ჩაეფლო. 

ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში რეი კურზველი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან გამომგონებლად ჩამოყალიბდა. ის კანონზომიერებების დადგენის სპეციალისტია და მანქანებსაც ამას ასწავლის: როგორ დაახარისხონ და შეისწავლონ მონაცემები. კურზველს ეკუთვნის პირველი კომპიუტერული პროგრამა, სკანირების ერთგვარი წინაპარი, რომელმაც კომპიუტერებს ტექსტის კითხვა ასწავლა; პირველი პროგრამაა, რომელიც ტექსტს ხმოვან სიგნალად აქცევს. 

მუსიკოსი სტივი უანდერი, კურზველის ახლო მეგობარი, აღიარებს, რომ გამომგონებლის ტექნოლოგიამ, რომლითაც კომპიუტერს ტექსტის წაკითხვა შეუძლია, მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. 1983 წელს კურზველმა და უანდერმა Kurzweil 250 ააწყვეს - რევოლუციური სინთეზატორი, რომელიც საორკესტრო მუსიკალური ინსტრუმენტების საოცრად დამაჯერებელ აკუსტიკურ ჟღერადობას ქმნის. 

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კურზველი „გამომგონებელთა დიდების დარბაზში“ მოხვდა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების სამმა პრეზიდენტმა მას ქვეყნის უმაღლესი ჯილდოები გადასცა, მათ შორის ეროვნული მედალი ტექნოლოგიაში. თუმცა მეცნიერება არაფერს შეუზანზარებია ისე, როგორც კურზველის ბოლოდროინდელ მიგნებებსა და გამოგონებებს. 

კურზველს სჯერა, რომ ძალიან მალე მანქანები ადამიანებს ინტელექტუალურად გაასწრებენ და ამით სამუდამოდ შეცვლიან დეფინიციას, თუ რა არის ადამიანი. მიკროსკოპული რობოტები ჩვენს სისხლში არსებულ დაავადებებს მოაშთობენ, ხოლო ზეჭკვიანი ნანოტექნოლოგია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისგან დაგვიცავს. ჩვენს გონებას, უნარ-ჩვევებსა და მოგონებებს კომპიუტერს მივაბამთ და შვებით ამოვისუნთქავთ, რადგან ჩვენი მონაცემების სახით ცხოვრება უსასრულოდ შეგვეძლება.

რეი კურზველი: „ხალხს რომ დაეკითხოთ, გეტყვიან, რომ უპასუხისმგებლოა ის, ვინც კომპიუტერში არსებული მონაცემების სარეზერვო ასლს არ ინახავს. სამომავლოდ კი, სარეზერვო ასლების შედგენა ჩვენივე ტვინებიდან შეგვეძლება და დადგება დრო, როცა ადამიანები გაოცებული იკითხავენ - ნეტავ როგორ ცხოვრობდით 2010 წელს ისე, ტვინი კომპიუტერს მიბმული არ გქონდათო“. 

კურზველი ზუსტად ასახელს თარიღს, როცა დიდი გარდაქმნა კარს მოგვადგება: ეს იქნება 2045 წელი. მისი ვარაუდით, ადამიანები და მანქანები გაერთიანდებიან, რაც დასაბამს მისცემს ახალ სიცოცხლეს. ამ დროს სინგულარობა ჰქვია - ეს არის ასტროფიზიკური ტერმინი, რომელიც „შავი ხვრელის“ შიგნით არსებულ იმ წერტილს ნიშნავს, სადაც ფიზიკის ჩვენებური კანონები უბრალოდ აღარ მოქმედებს. ამ დიდი გარდაქმნის ფონზე კურზველი მომავალი ტექნოლოგიური სიგიჟის მქადაგებლად გვევლინება, რათა სამყარო და საკუთარი თავი შეგნებული მანქანების აღზევებისთვის მოამზადოს. საამისოდ ის ორ რამეს აკეთებს: მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს ლექციებს უკითხავს და ხალხის გაჯანსაღებისთვის აუცილებელ ვიტამინებს აწარმოებს. აპირებს, იცოცხლოს დიდხანს და მოესწროს იმ დღეს, როცა პროგრესის წყალობით არასდროს დაბერდება. ამიტომაც არის, რომ დღეში ას ორმოცდაათ საკვებ დანამატს იღებს. 

მისი პროგნოზები ნამდვილად საკამათოა. იმ დროს, როცა ბილ გეითსი აღიარებს, რომ რეი კურზველზე უკეთ ხელოვნური ინტელექტის მომავლის წარმოდგენა არავის შეუძლია, სხვები ირწმუნებიან, სამარადისო ცხოვრების იდეამ მას სულ გაარეკინაო. ჯარონ ლენიერი, კომპიუტერული პროგრამირების მეცნიერ-სპეციალიტი, რომელმაც ვირტუალური რეალობა შექმნა, ამბობს: „სინგულარობა ერთი გიჟური რელიგიაა. ფანატიკოსებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ აღსასრული მაინცდამაინც მათი სიცოცხლის დროს დადგება“.

რეი კურზველს კრიტიკის არ ეშინია - ის ხომ იმდენად წინაა, რომ ხალხი მის ტრაექტორიას თვალს ვერ აწვდენს. ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამს: „შეიძლება სინგულარობას რამდენიმე წლით შეაგვიანდეს, მაგრამ არა მგონია, დიდად ვცდებოდე“. იგი არც იმ ღრმა და მეტად პირადულ ბიძგს მალავს, რომელიც მისი მთავარი მამოძრავებელია. კედლიდან ჩამუქებული პორტრეტი გადმოგვყურებს: კაცს კურზველის თვალები აქვს, ის ხომ რეის მამაა, ფრედერიკ კურზველი. „სახლში მაქვს მისი წერილები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სადოქტორო ნაშრომიც. ყველაფერი ორმოცდაათ ყუთში ჩავატიე. ყველაფერს ინახავდა, ჩემსავით“.

ბიჭისთვის, რომელიც მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების კუინსში გაიზარდა, მამა ყველაფერი იყო. ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან ამერიკაში გადმობარგებულმა კომპოზიტორმა შვილი ფორტეპიანოსთან პირველად ექვსი წლისა დასვა. როცა ბავშვები ეზოში ბურთს დასდევდნენ, რეი, საწოლზე შემოსკუპებული, ტომ სვიფტის შესახებ წიგნებს კითხულობდა. აღტაცებას, ბიჭში გიგანტი რობოტები და ატომური ბლასტერები კი არ იწვევდნენ, არამედ მომავალი, რომელსაც ისინი ჰპირდებოდნენ. „ამ ამბების მორალი საკმაოდ მარტივი იყო: არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელსაც კრეატიული ადამიანი ვერ დასძლევს. ყველა ჩემს ნაშრომში ამ იდეის კვალი ჩანს“. 

უქმე დღეებს რეი ელექტრონიკის მაღაზიაში ატარებდა, უკანა ეზოში რაკეტების მოდელებს აწყობდა და კომპიუტერს სწავლობდა. ამ ყველაფერს მამამისი წარმართავდა. მათ საკმაოდ ახლო მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდათ. „ბევრს ვლაპარაკობდით მუსიკასა და მათემატიკაზე და სულ მეუბნებოდა, ერთ დღეს კომპიუტერით სინთეზურ მუსიკას შექმნიო და ისიც იწინასწარმეტყველა, რომ დროთა განმავლობაში კომპიუტერები გვაჯობებდნენ“.

1965 წელს სატელევიზიო გადაცემაში „ჩემი საიდუმლო“ (“I’ve Got a Secret”) რეი კურზველმა ფორტეპიანოზე დისონანსური მუსიკა დაუკრა. საიდუმლო კი ის იყო, რომ მისი შესრულებული მელოდია დაწერა კომპიუტერულმა პროგრამამ, რომელიც რეიმ თავად შექმნა. ამ პროგრამით მან უესტინგჰაუსის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის ფინალში ამოყო თავი. მამამისს ეს გამოგონება განსაკუთრებულად უხარებდა გულს. 

„მამას ახსოვდა, რომ პროგრამა ჩვენი საუბრის გავლენით დავწერე და ამაყობდა ამით. მიხარია, რომ ამის მომსწრე გახდა და მწყინს, იმ სინთეზატორს რომ ვერ მოესწრო, რომლის შექმნაში, მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში, მცირე წვლილი მეც შევიტანე“. კურზველს უნდოდა, რომ ყრუ-მუნჯებს გაეგონათ, უსინათლოებს დაენახათ, ხოლო შეზღუდული შესაძლებობების მქონეებს გაეარათ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საძმოში მას ზედმეტსახელად „მოჩვენებაც“ კი შეარქვეს იმის გამო, რომ მოჩვენებასავით ქრებოდა, როცა ახალი გამოგონება გაუელვებდა თავში.

კურზველის აზრით, მეოცე საუკუნის სამოციანი წლების მთავარი რევოლუცია მიკროკომპიუტერების გამოგონებაა. ყოველ წელს, როცა IBM-ი უფრო მცირე და უფრო მძლავრ ახალ პროცესორს გამოუშვებდა, კურზველი მას მაშინვე ჩაიგდებდა ხელში. მოგვიანებით, მან ისეთი კომპიუტერული პროგრამა შექმნა, რომელიც აბიტურიენტებს უნივერსიტეტებთან დააკავშირებდა, მათი პროფაილების მიხედვით, და ამაში ასი ათასი დოლარიც კი მიიღო, ბონუსებით.

ეს ფული საავადმყოფოში მწოლიარე მომაკვდავი მამის სამედიცინო ხარჯებს მოახმარა. 1970 წელს ფრედერიკი ორმოცდათვრამეტი წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. 

მამაზე კურზველი ნელა და ვრცლად საუბრობს: „გარდაცვალებისთანავე იკარგება ცოდნა და ინფორმაცია. ადამიანის გონება ერთი დიდი საქაღალდეა, ადამიანი კი - მძლავრი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც არ ინახავს სარეზერვო ასლებს. ამის გამო აპარატურასთან ერთად პროგრამაც კვდება“. კურზველს უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა მამის გაცოცხლებაზე დაიწყო ფიქრი: „სიკვდილის დაძლევა ჩემი მთავარი მიზანია, რადგან მასთან დაკავშირებული უძლიერესი ემოცია ჩემთვის ტრაგედიის ტოლფასი იყო“.

კურზველს ხშირად შეხვდებით უფროსი ექთნებით, ვიდეოთამაშების დეველოპერებითა და სხვა პროფესიის სპეციალისტებით სავსე ფართო აუდიტორიებში - ყოველწლიურად სამოცამდე ასეთ ლექციას კითხულობს. ბავშვობაში მას მაგია იტაცებდა. ლექციის დროს ჯიბიდან იღებს ტელეფონს, რომელშიც მისი უახლესი გამოგონებაა ჩატვირთული - აპლიკაცია, რომელიც უსინათლოებს კითხვაში ეხმარება.

მას მერე, რაც უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული ამ პროგრამას ნებისმიერ კამერიან მობილურ ტელეფონში გადმოიწერს და მისი საშუალებით საგზაო ნიშანს ან რესტორნის მენიუს სურათს გადაუღებს, რობოტულ ხმას გაიგონებს, რომელიც ტექსტს წაუკითხავს და, თუ საჭირო იქნება, გადაუთარგმნის კიდეც. 

კურზველმა აიღო თავისი წიგნი სათაურით - “The Singularity is Near” და რამდენიმე წინადადება წამიკითხა: „მსოფლიოში არსებული ხელოვნური ინტელექტის ყველა სისტემის ერთდროულად გათიშვა ეკონომიკურ სისტემას ჩამოანგრევს. აღარ იმუშავებენ ბანკები, აღარ ივლის ტრანსპორტი, მოიშლება საკომუნიკაციო ქსელები. ხელოვნურ ინტელექტს არ შესწევს იმის ძალა, ყოველ შემთხევაში დღეს, რომ ასეთი დონის კონსპირაციული შეთქმულება დაატრიალოს“.

იდეა ზეადამიანური ინტელექტისა, ანუ პროგრესისა, რომელიც ადამიანებისა და მანქანების შერწყმის შემდგომ წარმოიშვება, ახალი სულაც არ არის. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მათემატიკოსი ჯონ ფონ ნეიმანი ტექნოლოგიის განვითარების აჩქარებას ასე აფასებდა: „სამყარო უახლოვდება ერთგვარ სინგულარობას, რომლის შემდეგაც ადამიანური ურთიერთობების დღევანდელი ფორმით არსებობა უბრალოდ შეუძლებელი გახდება“. 1993 წელს მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებების ავტორი ვერნან ვინჯი წერდა: „ჩვენს ტექნოლოგიას ზეადამიანური ინტელექტის შესაქმნელად სულ რაღაც ოცდაათი წელიწადი დასჭირდება“.

მსგავსი მანქანების არსებობას კურზველი მრავალი წელია პროგნოზირებს, თუმცა მას სჭირდება მყარი ცოდნა იმისა, თუ რა ტექნოლოგია იარსებებს იმ დროს, როცა პროდუქტი მზად იქნება. თავისი აზრების დასასაბუთებლად ისტორიულ მონაცემებს ეყრდნობა. მას მერე, რაც მიკროპროცესორების მუშაობის სიჩქარის განვითარების გრაფიკი ააგო, 1975 წლიდან დღემდე, კურზველმა დაასკვნა, რომ ეს მაჩვენებელი ორ წელიწადში ერთხელ სამმაგდებოდა: „ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება“. 

მან უკვე დაამტკიცა, რომ მომავლის შესახებ რაღაც გაეგება. ახლა კი ის პოლიტიკისა და საზოგადოების მომავალზე საუბრობს. მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში საბჭოთა კავშირის დანგრევა იწინასწარმეტყველა, რაც დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის, ინტერნეტისა და უკაბელო კავშირგაბმულობის განვითარებას მიაწერა. ისიც თქვა, 1998 წლისთვის კომპიუტერი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებსო. ასეც მოხდა, 1997 წლის მაისში. „წინასწარმეტყველება შესაძლებელია, თუმცა არა კონკრეტულად იმის, თუ რა მოხდება, არამედ რა სიმძლავრის იქნება ტექნოლოგია“.

ინოვაციების დროში, ბორბლის გამოგონებიდან ინტერნეტამდე განვითარების გრაფიკს რომ აგებდა, კურზველმა ასეთი რამ დაასკვნა: ტექნოლოგიის განვითარების ტემპი იმაზე სწრაფია, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. „ოცდამეერთე საუკუნეში, ასი წლის შესაბამისი პროგრესის ნაცვლად, ოცი ათასი წლის შესაბამის პროგრესს ვიხილავთ“. მისი პროგნოზი ასეთია: ტექნოლოგიის სწრაფად კლებადი ღირებულება და კომპიუტერების ექსპონენტურად მზარდი სიმძლავრე ერთად სინგულარობას შექმნიან. 

დიდი გარდაქმნა უკვე დაწყებულია, რასაც GPS-ისა და სმარტფონების არსებობა ცხადყოფს. სიძლიერით კომპიუტერი ადამიანს სულ რაღაც ათ წელიწადში გაუთანაბრდება, რის შემდეგაც ათას დოლარად ერთ მეხსიერების ბარათზე იმდენ ინფორმაციას დაატევთ, რამდენსაც მთელი თქვენი ორგანიზმი იტევს. 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის ხმა დაიხვეწება და მთლიანად ადამიანური გახდება; შემდეგ კი ვირტუალური და სხვა, დამატებითი რეალობები სათვალეებში გადმოინაცვლებს. ამ პროცესს კურზველი თვითმფრინავის შექმნას ადარებს: „გავიგეთ თუ არა ფრენის საიდუმლო - ის მარტივი მეცნიერება, რომელიც მას საფუძვლად უდევს - შევქმენით ავიაციის სამყარო. მას მერე კი, რაც სრულიად შეუმოსაზღვრავ ინტელექტს შევქმნით, არანაირი დაბრკოლება აღარ გადაგვეღობება“.

კურზველის კიდევ ერთი პროგნოზი: 2030 წლისთვის მიკროსკოპული ზომის ნანობოტები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. „ჩვენს ორგანიზმში მომუშავე ნანობოტები პათოგენებს გაანადგურებენ, ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ნივთიერებისა და მათი ნარჩენებისგან გაწმენდენ, დნმ-ის აგებულებას შეცვლიან და დაბერების პროცესსაც კი შეაჩერებენ. ჩვენს ორგანიზმში არსებული სისტემები კიდევ უფრო მძლავრი და გამძლე გახდება“. სჯერა, რომ ნანობოტები შეძლებენ ტვინში ჩაბეჭდილი მოგონებები და გამოცდილება რობოტში ან ვირტუალურ სივრცეში გადაიტანონ. 

მას მერე, რაც კომპიუტერები ინტელექტით ადამიანებს გაუსწრებენ, მათ მუდმივად გაუმჯობესება შეეძლებათ, თან - ვინმეს ჩაურევლად და დაუხმარებლად. კურზველი ვარაუდობს, რომ 2045 წლის შემდეგ ნანობოტები ნებისმიერი მატერიის სიღრმეებს ჩასწვდებიან და ამ მატერიის პატრონს, მაგალითად ხეს ან ქვას, კომპიუტერად გადააქცევენ. კომპიუტერიზაციისთვის ოპტიმალურად მოწყობილ მატერიას, რომელშიც ნანობოტები ჩასახლდებიან, კურზველი კომპიუტრონიუმს უწოდებს. „ნანოტექნოლოგიის დახმარებით ქვასაც კი კომპიუტერად ვაქცევთ და ასეთი ნაბიჯებით, ნელ-ნელა, ჩვენ თვალწინ მთელი სამყარო გაიღვიძებს. ის ცოცხალი არ არის, მაგრამ გაცოცხლდება“.

და ჩვენ? რაში გამოვადგებით ჭკვიან მანქანებს, თუკი კომპიუტერული პროგრამის სახით, სხეულის გარეშე გავაგრძელებთ არსებობას? ასე ხომ გადავშენდებით! ამ შენიშვნას კურზველი ასე პასუხობს: „აუცილებლად გადავშენდებით, თუკი ტექნოლოგიის დახმარებით ჩვენს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს არ გავზრდით. მაგრამ განა ისედაც სულ ამ მიზნისკენ არ მივისწრაფოდით? თანამედროვე ადამიანი იშვიათად თუ აკეთებს ისეთ საქმეს, რისთვისაც რომელიმე მანქანის დახმარება არ სჭირდება“.

ჯიბიდან ტელეფონს იღებს, მაჩვენებს და მეუბნება: „ახლა ჯიბეში გიდევს და მალე შენი სხეულის ნაწილად იქცევა. ტექნოლოგიასთან შენივთება ადამიანური პროგრესის ლოგიკური დასასრულია“. ისე, რომ დაუკვირდე, ეკრანებთან იმდენ დროს ვატარებთ, არც ეს პროგნოზი უნდა იყოს მცდარი. რეი კი აგრძელებს: „საკუთარ ბუნებას გავცდებით და კიდევ უფრო ჭკვიანები გავხდებით. ვერ ვიტყვით, ჩვენ ადამიანები ვართ და ისინი მანქანებიაო, რადგან ორივე ადამიანისა და მანქანის მოდგმას წარმოვადგენთ. ჩვენ კი არ გადავშენდებით, არამედ განვვითარდებით“.

ისე კი, სინგულარობის მიმართ ყველა ასე კეთილგანწყობილი როდია. ჭკვიანი მანქანებისა და ადამიანების ურთიერთობის არასახარბიელო გაგრძელების სცენარი ეცოდინება ნებისმიერს, ვისაც „ტერმინატორი“ უნახავს, ან აიზეკ აზიმოვის წიგნები წაუკითხავს. ბილ ჯოი, კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტი, მეცნიერი და მწერალი 1998 წელს შეხვდა კურზველს და ასეთი რამ უთხრა: „ცოცხალი რობოტები ყოველთვის მეცნიერული ფანტასტიკის ნაყოფად წარმომედგინა, მაგრამ ბოლო დროს ხშირად მესმის, რომ ეს ჩვენი მომავალია“. მისი აზრით, ამ პერსპექტივის განჭვრეტაში რეი კურზველს ბადალი არ ჰყავს.

2000 წელს ბილ ჯოიმ ჟურნალ “Wired”-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „მომავალს ჩვენ არ ვჭირდებით“. მას დედამიწის მერმისი შავბნელად წარმოუდგენია: მცირე ზომის თვითკოპირებადი რობოტები პლანეტას და ადამიანებს გადაჭამენ. ამ რობოტებს ჯოი შემდეგნაირად ახასიათებს: „ისინი ყვავილის მტვერივით სწრაფად ვრცელდებიან, მრავლდებიან და ბიოსფეროს აცამტვერებენ“.

მეცნიერი და მწერალი-ფანტასტი ვერნონ ვინჯი დარწმუნებულია, რომ ზეადამიანური შესაძლებლობისკენ სწრაფვა საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანს, ქვეყნები პოლიტიკურ კონტროლს დაკარგავენ და ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მათ ჩაანაცვლებს, კაცთა მოდგმას სულ რამდენიმე საათში მოსპობს. 

მოვლენათა ასეთ განვითარებას მაღალ პოლიტიკურ წრეებშიც განიხილავენ. ცოტა ხნის წინ ამერიკის კონგრესის ეკონომიკის გაერთიანებულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა კვლევა სათაურით: „მომავალი იმაზე სწრაფად დადგება, ვიდრე შენ გგონია“ (“The Future is Coming Sooner than You Think”), რომელშიც ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა სინგულარობის, უბრალოდ შეუძლებელია, საზოგადოებაზე ნანოტექნოლოგიის გავლენა არ დაინახო“. საფრთხეს, რომელსაც ზეჭკვიანი მანქანები გვიქადიან, რეი კურზველიც კი აღიარებს. ჩემს შეკითხვაზე, რამდენი ხანი დასჭირდებოდა უკონტროლოდ გამრავლებად ნანობოტს დედამიწის ბიომასის გასანადგურებლად, რეი მპასუხობს: „დაახლოებით რამდენიმე თვე“. 

კურზველის თეორიის სხვა კრიტიკოსების მოსაზრებით, თუ სინგულარობა მართლაც როდისმე დადგება, ეს მის სიცოცხლეში ნამდვილად არ მოხდება. ბიოლოგი თომას რეი, რომელსაც ხელოვნური სიცოცხლის საუკეთესო სიმულაციები აქვს შექმნილი, ვარაუდობს, რომ კომპიუტერები სინგულარობას საერთოდ ვერასდროს მიაღწევენ: „არა მგონია, ინჟინრები მაიკროსოფტის ოფისში ისხდნენ და ჭკვიანურ პროგრამებზე მუშაობდნენ, როცა არსებული პროგრამული უზრუნველოყოფაც კი თავზე ენგრევათ“. ვირტუალური რეალობის პიონერ ჯარონ ლენიერს პოზიციის ჩამოსაყალიბებლად სულ ათი სიტყვა ჰყოფნის: „სინგულარობა არასდროს არ დადგება, რადგან არსებული პროგრამები უბრალოდ არ ვარგა“.

სხვა კრიტიკოსების რწმენით კი, ტექნოლოგია ვერასდროს განვითარდება ისეთი გზით, რომ ნამდვილად ცოცხალი მანქანები შეიქმნას. პიტერ ნორვიგი, გუგლის კვლევის დეპარტამენტის უფროსი, ასეთ რამეს ამბობს: „რეიმ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია ხმის ამოცნობის, მუსიკალური სინთეზისა და სხვა საინტერესო ტექნოლოგიების განვითარებაში, მაგრამ მისი ფუტურისტული იდეების შესაფასებლად დრო უნდა გავიდეს. ცენტრალური პროცესორის მიერ მონაცემების დამუშავების უნარსა და ადამიანის ტვინის სიმულაციას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. არ ვიცი, ოდესმე შევძლებთ თუ არა გონების, პიროვნებისა თუ ცნობიერის სხვა მანქანაში ან სხეულში გადატანას და არც ის ვიცი, ის მანქანა ამ ჩვენს ცნობიერს ჩვენსავით თუ აღიქვამს“.

ხელოვნური ინტელექტის დიდი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი ჯონ სირლი ლაკონიური მესიჯით შემოიფარგლა: „სინგულარობა ერთი დიდი სისულელე მგონია, მაგრამ მის შესახებ საუბარი მაინც საინტერესოა“. 

ზოგი მეცნიერი უნდობლობით კითხულობს, თვითონ რეი კურზველს თუ სჯერა თავისივე პროგნოზებისო. მათ ძალიან საეჭვოდ მიაჩნიათ ვითომდა მოახლოებული სინგულარობის თარიღი. გეგონება, რეიმ სინგულარობა იმ დროისთვის იწინასწარმეტყველა, როცა თავად მზად იქნებოდა სამარადჟამო სიცოცხლისთვის. კურზველი კი, ვინც ზედმეტად თავმდაბალი და განათლებულია იმისთვის, ფანატიკოსობა რომ დავწამოთ, მარადიული სიცოცხლის რელიგიურ კონოტაციაზეც საუბრობს; ხუმრობს კიდეც, როცა, მაგალითად, კისერზე აბრაჩამოკიდებული მიდი-მოდის, ტექსტით „სინგულარობა ახლოვდება“. ყველა, ვინც ტექნოლოგიური განვითარების ექსპონენტური ზრდის ტემპს გაითავისებს, სინგულარიანელია. „სინგულარიანელობა მსოფლმხედველობაა, რომელიც მსოფლიოს ცვლილებას აღწერს და იმასაც, თუ რა გავლენას მოახდენს ადამიანის ცხოვრებაზე“, - ამბობს ის და თვალწინ რეის სახით მქადაგებელი წარმომიდგება.

და თქვენთვის ეს რას ნიშნავს-მეთქი, ვეკითხები და მესმის: „მას ჯანმრთელად და სიცოცხლით სავსე უნდა შევხვდე და ამისთვის რაღაცები არსებობს...“

რეი კვლავ თავის ჯიბეს მიუბრუნდა და ერთი დაჭმუჭნილი პოლიეთელენის პარკი ამოიღო, რომელშიც რამდენიმე აბი და ფურცლის ნაგლეჯია წარწერით: „ღამე“ - ანუ ამ წამლების მიღების დროის მაჩვენებელი. რეი თავისი სხეულის ბიოქიმიური აგებულების განახლებისთვის დღეში ათეულობით საკვებ დანამატს იღებს, მათ შორის პოლიკოზანოლს და გრეიპფრუტის ფხვნილს - ქოლესტერინის დასარეგულირებლად, აცეტილ-L-კარნიტინს - ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ფრუქტოოლიგოსაქარიდებს - საჭმლის უკეთ მოსანელებლად და ტიმეთილგლიცინს - სისხლძარღვთა სისტემის მოსაწესრიგებლად. კვირაში ერთხელ ის ალფა-ლიპური მჟავისა და გლუტათიონის ინიექციებს იკეთებს, ორგანიზმის ანტიოქსიდანტებისგან გასაწმენდად და ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. რეი მეუბნება: „თხუთმეტ წელიწადში სამოცდათხუთმეტის ვიქნები, მაგრამ თავი ორმოცი წლისად უნდა ვიგრძნო“.

რეი კურზველმა დაბერების პროცესის შეჩერების ექსპერტთან ერთად საკვები დანამატები შექმნა და მათი სერიული გამოშვება დაიწყო. ამ აბებს მთელი დღის განმავლობაში იღებს: გზაში, კვების დროს თუ ოფისში ყოფნისას. „უკვე დროა, ჩემნაირმა „ბეიბი ბუმერებმა“ გამოიღვიძონ. მათ უმრავლესობას ცხოვრება ასე წარმოუდგენია: კიდევ რამდენიმე წელიწადს იმუშავებენ, პენსიაზე გავლენ და მალევე მოკვდებიან. არადა, ცოტა უფრო მარჯვედ რომ მოიქცნენ, მეტი შეუპოვრობა გამოიჩინონ, ბევრად ჯანმრთელები იქნებიან და თხუთმეტ წელიწადში, როცა ისტორიას შემოვაბრუნებთ, მათ სამარადჟამოდ შეეძლებათ ცხოვრება“.

რეი კურზველი ჯანმრთელია და სამომავლო გეგმებსაც აწყობს. ერთი მხრივ, იმაზე მუშაობს, რამე კატასტროფამ არ წაგვლეკოს იქამდე, სანამ სინგულარობის დროს მივაღწევთ. ის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მრჩეველია და იმ სისტემის სამსახურშია ჩამდგარი, რომელსაც ბიოლოგიურ ვირუსებთან გამკლავება ევალება. „მართლაც დიდებულია, რომ ვირუსის გენეტიკური კოდის დადგენა და ვირუსის განიარაღება იმაზე ადრე შეგვიძლია, ვიდრე ის რამეს დაგვიშავებს. აივ-ინფექციის სეკვენირებას ხუთი წელი დასჭირდა, SARS-ისას კი - ოცდათერთმეტი დღე. ეს ტემპი ყოველწლიურად ორმაგდება“. 

სინგულარობისშემდგომი პერიოდისთვის კურზველს თავისი ყველაზე ამბიციური და ამავდროულად ღრმად პირადული გეგმა შემოუნახავს: ტექნოლოგიის დახმარებით მამამისის გაცოცხლება სურს. რეიმ ეს ჩვენი საუბრის ბოლოს მითხრა. მზიანი, მშვიდი შუადღე იდგა, ფანჯრიდან კი წყნარი მოჩუხჩუხე მდინარე მოჩანდა. კედლიდან მამის პორტრეტი გადმოჰყურებს, მისი აღდგომის ამბავს აუღელვებელი ხმით მიხსნის: „მის დნმ-ს საფლავიდან ამოვიღებთ - ეგ ინფორმაციას მოგვცემს, მერე კი ამაზე ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს. ამას ჩემი და სხვა ადამიანების ტვინებიდან ამოღებული მოგონებები დაემატება“.

ამის საპასუხოდ რომ ვკითხე, ადამიანის ტვინიდან ინფორმაცია როგორ უნდა ამოიღოთ-მეთქი, რეიმ ისე მიპასუხა, გეგონება პასუხი ძალიან მარტივი იყოს: „ტვინში ნანობოტებს გავგზავნით, ისინი კი საქმეს შეუდგებიან“. ნანობოტები ყველაფერს აღრიცხავენ: თუ როგორ მიჰყვებოდა მაღაზიაში, მამის მხრებზე შემოსკუპებული, რა განცდით ეფლობოდა ტომ სვიფტის ამბებში და როგორ გაიხარა მამა-შვილმა, როცა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან რეის ჩარიცხვის მაუწყებელი წერილი მოვიდა. ამას გარდა, რეის ნანობოტებისთვის დამატებითი ინფორმაციაც აქვს შემონახული: მამამისის მემენტოების ორმოცდაათი ყუთი. „მამაჩემის მეორე ვერსია ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს, ვირტუალური რეალობის ავატარიდან სრულყოფილ რობოტამდე“. 

თავისი მეორედ მოსვლის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუკი საკვებმა დანამატებმა არ გაამართლა, რეი ნაკლები ენთუზიაზმით საუბრობს: „ხო, ეგ უკან დაგვხევდა...“ თუმცა იმედს არ კარგავს, როცა ამბობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს მისი კრიოგენულად გამკვრივებული სხეულიდან დნმ-ის ბიომასალის ამოღება არ გაუჭირდება. ახალი რეი შეიძლება არაფრით ჰგავდეს ძველ რეის, ისევე როგორც ახალი მამა შეიძლება სულაც არ იყოს ის, ვის დაკარგვასაც ასე განიცდის. ამის მიუხედავად, კურზველი ამ შეხვედრას სულმოუთქმელად ელის: „სწორად თუ გავაკეთეთ, ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა. თუკი იმას გააცოცხლებ, ვინც შენთვის მნიშვნელოვანი იყო, ის მომავალშიც ასეთივე იქნება“. 

წამიერად რეის ერთ-ერთმა ნათქვამმა გამიელვა გონებაში. ის გამუდმებით იმეორებს ხოლმე, მონდომებას წინ ვერაფერი აღუდგება, სიკვდილიც კიო. ტექნოლოგიის შესწავლას მან რამდენიმე ათწლეული შეალია. მე კი ერთი რამ მაინტერესებს: ვთქვათ და, ეს მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის სიგიჟე მართლაც სინამდვილედ იქცეს და რეი კვლავ მამამისის პირისპირ აღმოჩნდეს... რა იქნება პირველი, რასაც რეი მას ეტყვის? 

ოთახი უხერხულმა სიჩუმემ მოიცვა. რეი შავ სავარძელს გაჰყურებს და ისე საუბრობს, თითქოს მამა იქ ეგულებოდეს.

„გახსოვს, კომპიუტერით მუსიკის დაწერაზე რომ ვლაპარაკობდით და იმაზეც, რომ ეს ხერხი საბოლოოდ ანალოგურ სისტემასაც აჯობებდა? მგონი, რაღაც გამომივიდა“, - ეუბნება მამას და ამბის მოყოლას აგრძელებს...

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი არონიამ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

ჟაკარანდას ყვავილობა - აირჩიე შენი ცხოვრ ...

ფრაგმენტი მეი მასკის წიგნიდან „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვ ...
13 აგვისტო
13 აგვისტო

ჯანმრთელობა, წარმატება, ოჯახი, მოდა და თ ...

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრე ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...

მეტი

^