Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მომავალი დისტანციურ მუშაობაშია“

28 ივლისი 2021
როგორ უბრუნდება კაცობრიობა ინდუსტრიამდელ ყოფას. ცხოვრების ახალი არქიტექტურა, რომელიც პანდემიამ მხოლოდ დააჩქარა.

პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში ამოქმედებულმა შეზღუდვებმა, ბევრს, სახლიდან მუშაობა აიძულა: ყოფა და შრომა ერთ სივრცეში მოექცა. ადამიანების ნაწილისთვის ეს დადებითი გამოცდილებაა, ნაწილისთვის - ნეგატიური. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს დროებითი კრიზისი არ არის და რომ პანდემიამ მხოლოდ დიდი ხნის წინ დაწყებული ცვლილებები დააჩქარა: მასობრივი ინდუსტრიული საზოგადოების მემკვიდრეობის წარსულში დაბრუნების ფეხდაფეხ, მსოფლიოში მკვიდრდება ცხოვრების წესი, რომელიც ყოფას და შრომას ერთ სივრცეში აქცევს, ზუსტად ისე, როგორც ეს იყო ინდუსტრიამდელ ეპოქაში.       

ინდუსტრიამდელ ეპოქაში კი ყოფითი ცხოვრება და სამუშაო მჭიდროდ იყო დაკავშირებული. სოფლის სახლი, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურებოდა ის სხვადასხვა ეპოქის სხვადასხვა კულტურაში, საცხოვრებელი სივრცეც იყო და მეურნეობის წარმოების ადგილიც. საცხოვრებელი შენობა, საკვების მომზადების ადგილი, სარდაფი, სამეურნეო ნაგებობები (თავლა, საქათმე, სახელოსნოები) გლეხის ერთ მამულში იყრიდა თავს. ინდუსტრიამდელ ქალაქშიც ხელოსნის თუ ვაჭრის სახლში ყოფა და მუშაობა ერთი პროცესის ნაწილები იყო: სახლის ქვედა სართული, როგორც წესი, მყიდველებისთვის ღია დახლის ან სახელოსნოს ფუნქციას ასრულებდა, ზედა სართულზე კი - მესაკუთრე ცხოვრობდა. 

ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ქარხნულმა წარმოებამ ჩაანაცვლა კუსტარული, დიდმა სავაჭრო დაწესებულებებმა კი - დახლთან ვაჭრობა. მსხვილი საწარმოების გაჩენასთან ერთად საცხოვრისი ღამის გასათევ ადგილად იქცა და გამოეყო სამუშაო ადგილს, სადაც ფეხით ან ტრანსპორტით უნდა მისულიყავი.

გაყრა

სამუშაო ადგილის და საცხოვრებლის სივრცითი გამიჯვნა, მსოფლიოში საყოველთაო წესად იქცა. წესი არ ეხებოდა მხოლოდ ცალკეულ პროფესიულ ჯგუფებს, მაგალითად მხატვრებს, მწერლებს და მეცნიერებს, რომელთა შრომაც, ძველი ხელოსნური ფორმების წყალობით, სამუშაო და საცხოვრებელ ადგილს ორგანულ ერთობას უნარჩუნებდა. გამიჯვნას საზოგადოების ფენებად დაყოფაც მოჰყვა. თანაბარი საჭიროებების მიუხედავად, ერთნი  სამუშაო ყაზარმებში აღმოჩნდნენ, სხვები კი - კეთილმოწყობილ სახლებში.

მაგალითად, 1920-იანი წლებიდან სოციალისტური სახელმწიფოების და პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის პრიორიტეტი, მრავალი წლის განმავლობაში იყო არა ადამიანების საჭიროებები, არამედ თავად ინდუსტრიალიზაცია, რომლის ტემპითაც ის დასავლეთს მკვეთრად ჩამორჩებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თავს სოციალისტურს უწოდებდა, საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის შედეგად მოქალაქეები ბარაკების, კომუნალური ბინების და ლამაზ სტალინურ სახლებში კეთილმოწყობილი ბინების მცხოვრებლებად დაიყვნენ. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო საბჭოთა ხელისუფლებამ მასობრივ საცხოვრებელზე სერიოზული ზრუნვა და ააშენა უამრავი საცხოვრებელი უბანი.      

სხვა ქვეყნებში იმავე როლს ასრულებდა არა პანელური სახლებით სავსე კვარტლები, არამედ მაგალითად, კოტეჯებით განაშენიანებული გარეუბნები. თავისი უარყოფითი შედეგები ამ გადაწყვეტილებასაც ჰქონდა - ქალაქის ცენტრებს აქტიური ადამიანები ტოვებდნენ და ქალაქის ცხოვრება დეგრადირდებოდა, როგორც ეს აღწერილია ჯეინ ჯეიკობსის წიგნში „დიდი ამერიკული ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე“.   

სულ ცოტა 150 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გამიჯვნა მთელ მსოფლიოში გამეფებული ტენდენცია იყო და ის დღემდე შენარჩუნებულია - დიდწილად ინერციით და არა საჭიროებით.    

შერწყმა

ჯერ კიდევ პანდემიამდე შრომამ სივრცობრივად საცხოვრებელთან შერწყმა დაიწყო. არამხოლოდ მხატვრებს, მწერლებს და მეცნიერებს (როგორც ინდუსტრიალიზაციის გარიჟრაჟზე იყო) არამედ უამრავ პროფესიონალს (პროგრამისტებიდან და გრაფიკოსი დიზაინერებიდან დაწყებული, მარკეტოლოგებით და პროექტის მენეჯერებით დასრულებული), შეუძლია სახლებიდან ინტერნეტით მუშაობა. კორონავირუსის პანდემიამ საცხოვრებლის და შრომის შერწყმის პროცესი მხოლოდ დააჩქარა.

მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა მომუშავე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. 31 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, მომზადდა განზოგადებული დასკვნა, რომლის თანახმად ასეთი ქვეყნების დასაქმებული მოქალაქეების 27% შეძლებდა „სახლის ოფისში“ გადანაცვლებას; საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში - საშუალოდ 17%, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში - მხოლოდ 13%.

ეს პროცესი არათანაბრად ვითარდება არამხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ სხვადასხვა დარგში, სოციალურ და ასაკობრივ ჯგუფშიც. მაგალითად, აშშ-ში, სხვადასხვა კვლევით, მომუშავეთა 40%-დან 58%-მდე მზადაა სამსახური მიატოვოს თუ მას მოსთხოვენ ოფისში მთელი სამუშაო კვირით დაბრუნებას. ასეთ ადამიანებს შორის 1980 წლის შემდეგ დაბადებულები ბევრად მეტნი არიან, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლები.

უფრო მოქნილ სამუშაო გრაფიკზე გადასვლის პრობლემები მსხვილ კომპანიებსაც აქვთ. ივნისის დასაწყისში კომპანია Apple-ის გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს წერილით აცნობა, რომ კვირაში სამ დღეს ოფისში მოუწევდათ მუშაობის გაგრძელება. თანამშრომლებმა საპასუხო წერილში ხელმძღვანელობას მეტი მოქნილობისაკენ მოუწოდეს, რადგან პანდემიის განმავლობაში მათ კვირის სხვადასხვა გრაფიკი ჩამოუყალიბდათ. ოფისში მუშაობა ტრადიციულად Apple-ის კორპორაციული კულტურის ნაწილი იყო, მაგრამ მენეჯმენტს სავარაუდოდ დათმობაზე მოუწევს წასვლა. Google-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თანამშრომლების 20% ყოველთვის შეძლებს სახლიდან მუშაობას, 20% - ახალი საოფისე სივრცეებიდან, 60%-ს კი კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწევს სამსახურში მისვლა.

Facebook-ის გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანიის ყველა თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში, შეძლებს სახლიდან მუშაობას, რადგან „მომავალი დისტანციური მუშაობაშია“. აშშ-ში სწრაფად ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი, რომელიც ითვალისწინებს პროფესიონალების „პოსტკოვიდურ“ მოთხოვნილებებს.

პარადოქსულია, რომ ინდუსტრიული მემკვიდრეობისგან განსაკუთრებული სისწრაფით დღეს სწორედ მსოფლიოს ინდუსტრიული ლიდერები თავისუფლდებიან - მემკვიდრეობისაგან, რომელმაც ყოფა და შრომა ცხოვრების ორ სხვადასხვა სფეროდ აქცია. სპეციალისტების აზრით, ეს შერწყმა, როგორც ჩანს გრძელვადიანი ტენდენციაა, რომლის შედეგები კაცობრიობას გააზრებული ჯერ კიდევ არ აქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^