Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რიჩარდ მორგანის შთამბეჭდავი დეტექტივი, რომელიც ახლო მომავალს დაგანახებთ

13 აგვისტო 2021
„ბიოჰაკინგით“ გართობას შესაძლოა თვალსაწიერ მომავალში მონსტრების დაბადება მოჰყვეს; მარსის ათვისება - არის არა ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემებით გამოწვეული აუცილებლობა, არამედ დამატებითი ზეწოლა ისედაც გამოფიტულ ადამიანურ რესურსებზე; ლმობიერი დამოკიდებულება ნებისმიერი ფორმის ფუნდამენტალიზმის მიმართ (ისევე, როგორც აგრესიული დაპირისპირება მასთან) - უტყუარი გზაა გლობალური და ლოკალური კონფლიქტებისაკენ.           

ამერიკელი მწერლის რიჩარდ მორგანის სახელი ბევრისთვის ასოცირდება სერიალთან „Altered Carbon“ („სახეცვლილი ნახშირბადი“), რომელიც Netflix-მა მისი რომანის მიხედვით გადაიღო. „შავი კაციც“ იმავე სიუჟეტურ პრინციპს იმეორებს: ესეც ენერგიული ტრილერია პირქუში დეკორაციებით, ოღონდ სხვაობა ისაა, რომ ამჯერად მომავალი, რომელსაც მორგანი აღწერს, ბევრად უფრო ახლოა და ამის გათვალისწინებით, იოლად წარმოსადგენი.

ავტორის ვერსიით, დაახლოებით ასი წლის შემდეგ, კაცობრიობა დაიპყრობს მარსს და შექმნის იქ ცხოვრებისთვის მეტ-ნაკლებად ასატან პირობებს. ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე, სისხლისმღვრელი მეორე სამოქალაქო ომის შედეგად, აშშ სამ ნაწილად დაიშლება: პრაგმატული დასავლეთ სანაპირო, ზომიერი აღმოსავლეთი - რომელიც ევროპისა და მისი ლიბერალური ღირებულებებისაკენ მიისწრაფვის და ულტრაკონსერვატიული ცენტრალური შტატები. კიდევ უფრო ადრე, მეცნიერები ადამიანის გენომში (როგორც სასარგებლო, ასევე ნალებად სასარგებლო) ცვლილებების შეტანას ისწავლიან.   

ამ სამი გარემოების ერთობლიობიდან ამოიზრდება „შავი კაცის“ სიუჟეტი. აშშ-ის დაშლის წინა დღეს, იდეალური, სასტიკი და უშიშარი მეომრის გამოყვანის მცდელობისას, გენეტიკოსები ქმნიან სოციოპათების რასას, რომლებსაც „მეცამეტეებს“ უწოდებენ (გენური მოდიფიკაციის შედეგად მინიჭებული ნომერი). ისინი უმართავი სუპერმამრები არიან, უზარმაზარი ფიზიკური ძალითა და ყველა სფეროში დომინირების უსაზღვრო სურვილით. აშშ-ში მშვიდობის აღდგენის შემდეგ „მეცამეტეები“ აღარავის სჭირდება, მეტიც, მათი მოუთოკავი მასკულინურობა აშინებს კანონმორჩილ მოქალაქეებს, ამიტომ გადაწყვეტენ მათ მარსზე გაგზავნას, სპეციალურ დასახლებებში გამოკეტვას, ასევე მათ ქიმიურ კასტრაციას. ყველაფერი მშვიდობიანად ვითარდება, ვიდრე ერთ-ერთი „მეცამეტელი“ მარსიდან არ გაიქცევა და სამივე ამერიკულ სახელმწიფოში სისხლის გუბეებს არ დააყენებს. მის შესაჩერებლად პოლიციას სჭირდება თანაშემწე, რომელიც ისევ ერთ-ერთი „მეცამეტე“ თუ იქნება, რადგან მხოლოდ ის შეძლებს მოწინააღმდეგის ლოგიკის და ნაბიჯების ამოცნობას. ერთ მკვლელ-მუტანტს აედევნება მეორე მუტანტი. თუმცა სისხლისღვრის დასრულების სურვილის გარდა, ამ მეორეს პირადი და ამ დრომდე მკითხველისთვის უცნობი მოტივები ამოძრავებს.           

„შავი კაცი“ სწრაფად გარდაიქმნება თავბრუდამხვევ ტრილერად, რომელიც სავსეა სროლებით, დევნით, სექსითა და სიუჟეტური თავსატეხებით. და სწორედ ამ მომენტში, როდესაც მკითხველი უკვე მყარად დაბევებული ჰყავს, ავტორი აკეთებს იმას, რისთვისაც დაწერა კიდეც ეს რომანი. გეგმაზომიერად გვაჩვენებს რა მომავლის სხვადასხვა სცენარს, მორგანი გვაიძულებს საფრთხე დავინახოთ ერთი შეხედვით, ყველაზე ყოფით და უვნებელ დეტალებში:

„ბიოჰაკინგით“ გართობას შესაძლოა თვალსაწიერ მომავალში მონსტრების დაბადება მოჰყვეს; მარსის ათვისება - არის არა ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემებით გამოწვეული აუცილებლობა, არამედ დამატებითი ზეწოლა ისედაც გამოფიტულ ადამიანურ რესურსებზე; ლმობიერი დამოკიდებულება ნებისმიერი ფორმის ფუნდამენტალიზმის მიმართ (ისევე, როგორც აგრესიული დაპირისპირება მასთან) - უტყუარი გზაა გლობალური და ლოკალური კონფლიქტებისაკენ.        
  
„შავ კაცში“ აღწერილი რეალობა ისეთი შთამბეჭდავია, რომ მისი კითხვის დროს წიგნის მიღმა სამყარო თითქოს არსებობასაც წყვეტს. ხოლო როდესაც მკითხველი გადალახავს ამ მიზიდულობის ძალას, აღმოჩნდება, რომ რეალობა, რომელიც მის ირგვლივაა, იმ ნიშნებს იძენს, რომლებიც მორგანის წიგნშია აღწერილი. და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ რომანი 2007 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ, ბევრი წინასწარმეტყველება თუ არ ახდა, რეალურ კონტურებს მაინც იძენს, ეს განცდა განსაკუთრებით გაშინებს და გთრგუნავს.

წიგის წაკითხვა ინგლისურის გარდა, შესაძლებელია რუსულ ენაზეც.  

Richard Morgan „Black Man“

Ричард Морган „Черный человек“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^