Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიშნავს თუ არა ავღანეთიდან დიდი უკანდახევა ამერიკის ეპოქის დასასრულს

21 აგვისტო 2021
ამერიკის ოცწლიანი ფათერაკიანი თავგადასავალი ავღანეთში დასრულდა. ამერიკელებისთვის, ეს ქვეყანა, შესაძლოა, წყალში გადაყრილი ტრილიონი დოლარია, ავღანელები კი - უფსკრულში გადაცვივდნენ. ეს ამერიკისათვის მხოლოდ ეპიკური მარცხი არ არის. ქაბულის დაცემა შესაძლოა აშშ-ის, როგორც გლობალური ძალის დასასრულს მოასწავებდეს.

ავტორი: რობინ რაიტი
სტატია თარგმნილია ჟურნალიდან „ნიუ-იორკერი“

ისტორია აუცილებლად შემოინახავს ამ აბსურდულ, უადგილო ტვიტს.
ორშაბათს 9 აგვისტოს, აშშ-ის საელჩომ ქაბულში, თავის 400 ათას გამომწერს ჰკითხა:

„ამ #მშვიდობიანორშაბათს თქვენი აზრი გვაინტერესებს. რას ეტყოდით დოჰას მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს - როგორი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას ისურვებდით? #მშვიდობაავღანეთს“.

ეს გზავნილი ამერიკული პოლიტიკის არაადეკვატურობის ნიშანია. იმ ფონზე, როდესაც თალიბანი მთელი ავღანეთის მასშტაბით რეგიონებს ერთი მეორის მიყოლებით იპყრობს, იმის პერსპექტივა, რომ კატარის მოლაპარაკებების დაწყებიდან ერთი წლის თავზე (მოლაპარაკებებისა, რომელსაც აშშ მხარს უჭერდა და დაწყებიდან მალევე ჩიხში მოექცა) დიპლომატია ეფექტიანი იქნებოდა, ილუზია იყო.

ხუთშაბათისთვის, ავღანეთის მთავრობა მხოლოდ სამ დიდ ქალაქს აკონტროლებდა. მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს ლიდერმა, პრეზიდენტმა ბაიდენმა, განაცხადა, რომ 3 ათას ამერიკელ სამხედროს გაგზავნიდა ავღანეთში ამ ქვეყნიდან ასობით საკუთარი დიპლომატის გასაყვანად. კვირა დღეს, მზის ჩასვლამდე, უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა, მისი მთავრობა დაემხო, ამერიკელების გაწვრთნილი, უსაფრთხოების ავღანური ძალები კი უბრალოდ აორთქლდნენ, როგორც კი თალიბანი დედაქალაქში გამოჩნდა. აშშ-ის ციხესიმაგრის მსგავსი საელჩოდან გაყვანილი ამერიკელი დიპლომატები იძულებულნი იყვნენ ევაკუაციის მოლოდინში თავი აეროპორტისთვის შეეფარებინათ. ამერიკის ოცწლიანი ფათერაკიანი თავგადასავალი ავღანეთში დასრულდა. ამერიკელებისთვის, ეს ქვეყანა, შესაძლოა, წყალში გადაყრილი ტრილიონი დოლარია, ავღანელები კი - უფსკრულში გადაცვივდნენ.

ეს ამერიკისათვის მხოლოდ ეპიკური მარცხი არ არის. ქაბულის დაცემა შესაძლოა აშშ-ის, როგორც გლობალური ძალის, დასასრულს მოასწავებდეს. 1940-იან წლებში დასავლეთ ევროპის მძლავრი ნაცისტური მარწუხებისაგან გასათავისუფლებლად, ვაშინგტონმა უზარმაზარი დახმარება გასცა. შემდეგ მან მთელი თავისი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სიძლიერე აღმოსავლეთ აზიაში იაპონიის მრისხანე იმპერიის დამარცხებისკენ მიმართა. 80 წლის შემდეგ ამერიკა მონაწილეობს პროცესში, რომელიც ოდესმე ისტორიკოსებმა შესაძლოა შეაფასონ, როგორც დიდი უკანდახევა მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის სახალხო რაზმების წინაშე, რომლებსაც საკმარისი შეიარაღება და არტილერიაც კი არ აქვთ. ეს უკვე შემაშფოთებელი ამერიკული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც 1970-იანი წლებიდან იღებს სათავეს. კვირას, სოციალურ მედიაში გვერდი-გვერდ გავრცელებულმა ორმა ფოტომ მტკივნეული მოგონებები გააცოცხლა. პირველი ასახავს 1975 წელს, ფორდის ადმინისტრაციის დროს, სასოწარკვეთილი ხალხის მასას ქალაქ საიგონში, რომელიც ამერიკის საელჩოს მიმდებარე შენობის სახურავზე ცდილობს მოხვედრას, რომ როგორმე ერთ-ერთ ბოლო ვერტმფრენს მიუსწროს. მეორე ფოტოზე გამოსახულია კვირა დღე ქაბულში, ისევ სამხედრო თვითმფრინავი ამერიკის საელჩოს თავზე. „საიგონი არ განმეორებულა“, - აპროტესტებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ABC“-ს „კვირის“ ეთერში. მაგრამ კადრები არ იშლება. ამასთანავე, ისტორიას სხვა ეპიზოდებიც ახსოვს.

1984 წელს რეიგანის ადმინისტრაციამ ამერიკის საზღვაო ძალთა მშვიდობისმყოფელები  ბეირუთიდან მას შემდეგ გაიყვანა, რაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ახალწარმოქმნილი  დაჯგუფებიდან (შემდეგ ის „ჰეზბოლად“ ჩამოყალიბდა) თავი აიფეთქა და 240-ზე მეტი სამხედრო იმსხვერპლა - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის საზღვაო ქვეითებს ერთ ინციდენტში ამხელა ძალა არ დაუკარგავთ.

2011 წელს აშშ-მა დატოვა ერაყი, რითაც გზა გაუხსნა ISIS-ის აღმოცენებას. არაერთი გაუთვლელი ნაბიჯი და გამეორებული შეცდომები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც ვაშინგტონის საბაზო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეფექტიანობას, ასევე აშშ-ის სამხედრო სტრატეგიასა და დაზვერვის შესაძლებლობებს. რატომ არავინ გათვალა ეს (ან ნებისმიერი წინა) კატასტროფა? რატომ არ დაიგეგმა ევაკუაცია უკეთ? რატომ ჩაუვარდა ხელში ქვეყანა ყოფილ მტერს? ეს იყო სამარცხვინო დასასრული.

როგორიც არ უნდა აღმოჩნდეს ისტორიული სიმართლე ათწლეულების შემდეგ, დღევანდელ დღეს აშშ-ს აღიქვამენ დამარცხებულს იმ ომში, რომელსაც უმცროსმა ჯორჯ ბუშმა „ტერორიზმთან ომი“ უწოდა. არადა, პირველად ისტორიაში, ამერიკამ მოახერხა ნატოს მობილიზება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საზღვრებს გარეთ; 136 ქვეყნის მობილიზება - სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარების გასაცემად და 23 ქვეყნის - ამერიკელი სამხედროების მასპინძლობისათვის. ამერიკის უამრავი ინსტრუმენტი და ტაქტიკა უძლური აღმოჩნდა თალიბებისა და მათი მფარველი პაკისტანელების ნებისა და სიმტკიცის წინაშე. მისი სამხედრო ხომალდები და საომარი თვითმფრინავები ვერ გაუმკლავდნენ 60 ათასი მებრძოლის წინააღმდეგობას ქვეყანაში, რომელიც მოცულობით ტეხასის შტატის ტოლია.

აშშ-ის ავღანეთიდან გასვლის ეფექტს მსოფლიო დიდხანს მოიმკის. პირველ რიგში, ჯიჰადიზმმა გადამწყვეტი ბრძოლა მოუგო დემოკრატიას. დასავლეთს სჯეროდა, რომ მძლავრი დახმარებით მხარდაჭერილი შეიარაღებით შეძლებდა სასტიკი იდეოლოგიის და მისი ადგილობრივი მიმდევრების დამარცხებას. სავარაუდოდ, თალიბანი ისევ შემოიღებს შარიათის კანონებს ქვეყანაში; დიდი ალბათობით, ავღანეთი ისევ გადაიქცევა სამოთხედ ალქაიდას წევრებისა და სპონსორის მაძიებელი სხვა ტერორისტი მეომრებისათვის. პირქუში პერსპექტივაა იმ ფონზე, როდესაც მომავალ თვეში ამერიკელები 9/11-ის ტერორისტული თავდასხმების წლისთავისთვის ემზადებიან. 2001 წლის შემდეგ, ალქაიდას, „ისლამური სახელმწიფოს“ და სხვა ჯიჰადისტი ექსტრემისტების ფილიალები ექვსივე კონტინენტზე გაჩნდა. გასულ თვეში, აშშ-მა სანქციები შემოიღო ISIS-ის განშტოების წინააღმდეგ ისეთ შორეულ მიწაზე, როგორიც მოზამბიკია - პორტუგალიის ყოფილი კოლონია სამხრეთ აფრიკაში, სადაც მოსახლეობის 60% ქრისტიანია.     

მეორეც, ავღანეთმაც და ერაყმაც ცხადყო, რომ შეერთებულ შტატებს ვერც სახელმწიფოს და ვერც ჯარის მშენებლობა შეუძლია ცარიელ ნიადაგზე ერთი ან ორი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც საშუალო ფენა შეზღუდულია და განათლების დონე - დაბალი. ამისთვის თაობებია საჭირო. ძალიან ცოტა ადამიანს თუ აქვს სრულიად ახალ ცხოვრებაში ადაპტაციისათვის საკმარისი გამოცდილება და ცოდნა, მიუხედავად მათი სურვილისა. ეთნიკური და სექტანტური უთანხმოებები ხელს უშლის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ერთდროულ გარდაქმნას.

შეერთებულმა შტატებმა 83 მილიარდი დოლარი დახარჯა ავღანეთის სამხედრო ძალის მომზადებასა და აღჭურვაზე. ამ ჯარში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მსახურობს, თალიბანის ლაშქარში კი - ოთხჯერ ნაკლები. „ეს არმია და პოლიცია ძალიან, ძალიან ეფექტიანია ამბოხებულების წინააღმდეგ ყოველდღიურ რეჟიმში“, - უთხრა მარკ მილიმ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ 2013 წელს. ახლა ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთა კომიტეტის თავმჯდომარეა. თუმცა მარტში, როდესაც მე ბოლოს ქაბულში ვიყავი, ქვეყნის ნახევარს თალიბანი აკონტროლებდა; მაისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე - ხელში ჩაიგდო მეორე ნახევარიც, მათგან უმეტესი ნაწილი ბოლო კვირის განმავლობაში. გასულ თვეში ბაიდენმა თქვა, რომ ის ენდობა „ავღანური არმიის შესაძლებლობებს, რომელიც ბევრად უკეთაა მომზადებული, აღჭურვილი და კომპეტენტურია ომის წარმოების თვალსაზრისით". გასულ კვირაში კი თალიბებს ქაბულსა და პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად, ნაბიჯის აჩქარებაც არ დასჭირდათ.

მესამეც, საგრძნობლად შესუსტებულია ამერიკის პოზიციები საზღვარგარეთ, . ქაბულში, საელჩოს შენობაზე ამერიკის დროშის დაშვება, ამის მხოლოდ სიმბოლური დადასტურება იყო. საელჩოს შენობიდან, რომლის გაფართოებაზეც, სულ რაღაც 5 წლის წინ, თითქმის 800 მილიონი დოლარი დაიხარჯა, კვამლი ამოდიოდა - იწვოდა სიჩქარეში განადგურებული ტექნიკა. ვაშინგტონს მომავალში გაუჭირდება საკუთარი მოკავშირეების საერთო მოქმედებისათვის მობილიზება - იქნება ეს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ერთობა, როგორიც ეს ავღანეთის შემთხვევაში 9/11-ის მოვლენების შემდეგ იყო, თუ კეთილი ნების კოალიცია, როგორც ერაყის ომისას. შეერთებული შტატები ძველებურად დომინანტი ძალაა დასავლეთში, თუმცა მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ სხვა ალტერნატივა, ლიდერების ან ქვეყნების სახით, არ არსებობს. რთული წარმოსადგენია, როგორ შეძლებს ამერიკა უახლოეს მომავალში რეპუტაციის და პოზიციის აღდგენას.

ამერიკის დიდი უკანდახევა, სულ ცოტა ისეთივე დამამცირებელია, როგორიც იყო ავღანეთიდან საბჭოთა კავშირის გასვლა 1989 წელს - მოვლენა, რომელმაც ხელი შეუწყო იმპერიის დაცემასა და კომუნისტების მმართველობის დასრულებას. ამერიკა ავღანეთში მოსკოვზე ორჯერ უფრო დიდხანს იყო და ბევრად მეტი თანხაც დახარჯა.

ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირს ამ მთაგორიანი ქვეყნის ათწლიანი ოკუპაციის 7 წელი დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი დაუჯდა. დიახ, აშშ-მა ხელი შეუწყო მდიდარი სამოქალაქო საზოგადოების, გოგოების განათლებისა და დამოუკიდებელი მედიის დაბადებას ავღანეთში; ის არაერთხელ დაეხმარა ამ ქვეყანას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში და ერთხელ, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მოწმეც გახდა; Human Rights Watch-ის თანახმად, დღეს ავღანეთში გოგოების 37%-ს კითხვა შეუძლია; ტელეარხ tolo-ს ეთერში „ავღანეთის ვარსკვლავის“ 18 სეზონი გავიდა („American Idol“-ის მსგავსი მუსიკალური კონკურსი); 2019 წელს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, 20 წლის ჰაზარელი ზარა ელჰამი, ამ კონკურსის გამარჯვებული პირველი ქალი გახდა. მაგრამ დღეს, თალიბების დაბრუნების ფონზე, ამერიკელებისაგან შეგულიანებული უამრავი ავღანელი სასოწარკვეთილი ეძებს ქვეყნის დატოვების გზებს; ქალებმა კვლავ ჩაიცვეს ლურჯი ფარანჯები; და შთაბჭდილება, რომელიც საკუთარი ვერტმფრენებით მიმავალმა ამერიკელებმა დატოვეს, ისეთივე წარუშლელი იქნება, როგორც ავღანეთიდან მიმავალი საბჭოთა ჯარისკაცების მარში „მეგობრობის ხიდზე“ 1989 წლის 15 თებერვალს. ორივე სახელმწიფო ავღანეთიდან კუდამოძუებული გავიდა, დატოვა რა ამ ქვეყანაში არეულობა და ქაოსი.

ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ომის ხარჯი, ავღანეთისა თუ ირანის დატოვებით, არ ამოიწურება. მას დამატებით კიდევ ორი ტრილიონი დაუჯდება ამ ომების ვეტერანთა ტრავმების მოშუშება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამ ხარჯებმა პიკს, შესაძლოა, 2048 წლამდეც ვერ მიაღწიოს. ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი ბევრად დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ამას ვინმე იფიქრებდა ოცი წლის წინ, ან ფიქრობს დღეს, როდესაც ის დასრულებულია. ბრაუნის უნივერსიტეტის პროექტის, „ომის ფასის“ თანახმად, მთლიანობაში 47 ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა. 2400-ზე მეტი - ამერიკის სამხედრო პერსონალი, თითქმის 4 ათასი კი - აშშ-ის კონტრაქტორი იყო.

პირველად ავღანეთში 1999 წელს ვიყავი, თალიბანის პირველი მმართველობის დროს. პაკისტანიდან ავტომობილით გავემგზავრე ცნობილი ხაიბერის უღელტეხილით, ვიარე ნარკობარონების დასახლელების გასწვრივ და ბოლოს ქაბულის დანგრეულ გზებზეც აღმოვჩნდი. შეუძლებელია თალიბანის რეპრესიული მმართველობის ხატ-სურათების (პატარა ბავშვების, რომლებიც ქალაქის ქუჩებში მუშაობენ, რათა თავიანთ ქვრივ დედებს დაეხმარონ, რომლებსაც ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ; საკონტროლო გამშვები პუნქტების, სადაც ვიდეო და აუდიო ტექნიკას გართმევენ) დავიწყება. დავბრუნდი თალიბანის დამხობის შემდეგ, სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან ერთად, ავღანეთში მისი პირველი ვიზიტის დროს. მაშინ რაღაც განსხვავებულის იმედი იგრძნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტივა ბუნდოვანი, ხოლო იდეა, კორუმპირებული ახალი ლიდერების მიერ, დისკრედიტებული იყო. მას შემდეგ რამდენჯერმე ვიმოგზაურე ავღანეთში, ბოლოს მარტშიც, ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელ გენერალ კენეტ მეკკენზისთან ერთად, რომელიც დღეს აშშ-ის ფინალურ სამხედრო ოპერაციებს აკვირდება. კვირას, როდესაც თვალს ვადევნებდი, თუ როგორ ტოვებდა ამერიკა ავღანეთს იქ საკუთარი კვალის წაშლით, არ მასვენებდა კითხვა: ნუთუ ყველაფერი ფუჭი იყო? რა შედეგებს მოუტანს ამერიკას ეს წარუმატებელი კამპანია ათწლეულების შემდეგ? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები არ გვაქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^