Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ერთწლიანი განშორების შემდეგ

04 სექტემბერი 2021
„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნებასთან კავშირს აღვადგენთ, შესაძლოა, სამყაროც შეიცვალოს“.

ეს სტატია Guardian-ში 2018 წლის მარტში გამოქვეყნდა. ის დაიწერა ხელით და გადაეცა „გარდიანის“ ერთ-ერთ რედაქტორს, რომელმაც ტექსტი ინტერნეტში გამოსაქვეყნებლად მოამზადა.

ავტორი: მაიკლ ბოილი

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მე, რომელმაც ტექნოლოგიები ნაადრევად ავითვისე, ასევე ნაადრევად ვიტყოდი მათზე უარს. არადა, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ტელეფონით არ მისაუბრია, ანტისოციალურ ქსელებში არ შევსულვარ, ტექსტური შეტყობინება არ გამიგზავნია, ელფოსტა არ შემიმოწმებია, ინტერნეტში არაფერი მიძებნია, ფოტო არ გადამიღია და ელექტრონული მუსიკა არ მომისმენია. ვცხოვრობ და ვმუშაობ პატარა ფერმაზე ელექტროობის, წიაღისეული საწვავისა და წყალგაყვანილობის გარეშე და ამ ერთმა წელმა ბევრი რამ დამანახა - ბუნების, სამყაროს, საზოგადოების, ჩვენი საერთო კულტურისა და იმის შესახებ, რასაც ადამიანად ყოფნა ჰქვია ეპოქაში, სადაც მასსა და მანქანას შორის ზღვარი იშლება.

მთელი ამ ხნის მანძილზე, სამყაროსგან ჩემი „გათიშვის“ მიზეზები არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა მათი მნიშვნელობის ხარისხი. ჩემთვის მთავარი მოტივი იყო და არის - ეკოლოგია. ლოგიკა მარტივია: თუნდაც ერთი სმარტფონის (ან ტოსტერის, ინტერნეტ-სერვერის, მზის პანელის, სექს-რობოტის) გამოყენებაც კი, ნიშნავს მთელი ინდუსტრული მეგამანქანის მუშაობას, თავისი წარმოების, გაყიდვისა და მოხმარების ჯაჭვით.

ამ მუდმივად მზარდი ინდუსტრიალიზაციის შედეგები ცხადია: ჩვენი შემოსავლების საყოველთაო კონტროლი; ყველაფრის სტანდარტიზაცია; ველური ბუნების, ადგილობრივი მიწებისა და ჩვენი გონების დაპყრობა; კულტურული იმპერიალიზმი; სახეობათა მასობრივი გადაშენება; საზოგადოების დანაწევრება; მასობრივი ურბანიზაცია; ყველაფრის მოწამვლა, რაც კი ჯანმრთელი ცხოვრების წესს უკავშირდება; ომები რესურსებისათვის და მიწების მიტაცება; 200 მილიონი ეკომიგრანტი 2050 წლისათვის; მილიონობით სამუშაო ადგილის ავტომატიზება, გარდაუვალი უთანასწორობა, უმუშევრობა და უმიზნო ყოფიერება, რაც შექმნის ნოყიერ  ნიადაგს დემაგოგების გაბატონებისათვის. სია ვრცელია, მაგრამ აღარ ჩამოვთვლი, მოსმენილი გექნებათ.

ეს ყველაფერი ჩემთვის ისევ მნიშვნელოვანია, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ტექნოლოგიების გარეშე სადღაც გადაკარგულში მცხოვრები ერთი ადამიანი, არაფრად უღირს ამ მძლავრ ეკონომიკურ მანქანას. დღეს 7.7 მილიარდი აქტიური სატელეფონო ხაზია დედამიწაზე, რაც პლანეტის მოსახლეობის რაოდენობას აღემატება, ამიტომ ერთით ნაკლები ტელეფონი თავისთავად ვერაფერს შეცვლის.

ახლა ის უფრო მაინტერესებს, როგორმე ძველი ცხოვრების საუკეთესო წესები შევინარჩუნო, შევინარჩუნო ბმა ჩვენს უძველეს წარსულს (მის ხელობებს, პერსპექტივებს, ისტორიებს) და მომავალს შორის, რადგან როდესაც ამ სამრეწველო აპარატს საკუთარი ნაგვის სიმძიმე ჩამოანგრევს, ამ მრავალსაუკუნოვანმა, ნაცადმა წესებმა უკან, სახლისკენ უნდა დაგვაბრუნოს. გახსოვთ, კომპიუტერის „ფანჯრის დახურვის“ გზავნილი რომ ამბობს „ყველაფერი, რაც არ არის შენახული, დაიკარგება“? - ხოდა ყური დავუგდოთ მას, რომ საკუთარი თავი არ დავკარგოთ.

ხშირად, ცხოვრების ასეთ წესს „მარტივს“ უწოდებენ ხოლმე. სინამდვილეში, ის მარტივი სულაც არ არის, რთულია და უბრალოდ უამრავი მარტივი ნაწილისგან შედგება. შედარებისათვის, ჩემთვის ურბანული ცხოვრება ბევრად მარტივი, შესაბამისად რუტინული და მოსაწყენი იყო, მთელი თავისი აპლიკაციებით, ჩამრთველებით, ელექტრონული გასართობებით, ელექტრომოწყობილობებით, ვებგვერდებით, კომფორტითა და კეთილმოწყობით. ჩემი გასაკეთებელი აღარაფერი რჩებოდა, გარდა ერთისა - მეშოვა ფული, რათა დანარჩენი საჭიროებები დამეკმაყოფილებინა. როგორც ერთხელ კირკპატრიკ სეილმა დაწერა („Human Scale“), მომინდა ცხოვრების „გართულება და არა გამარტივება“.

თუმცა, ამგვარ ცხოვრებაში არის მართლაც რაღაც მარადიულად მარტივი. როდესაც მოიშორებ პლასტიკატს, რომელშიც ინდუსტრიულმა საზოგადოებამ მჭიდროდ გაგხვია, მხოლოდ უმარტივესიღა რჩება. არანაირი თავაშვებულობა, ქაოსი და უაზრო გართულებები; არაფრის ყიდვის ან ვინმედ ყოფნის საჭიროება; არანაირი ზედმეტი საგნები და ხარჯი. ასეთი ყოფა ცხოვრების მხოლოდ ნედლი ინგრედიენტებისაგან შედგება, რომლებსაც უმალ და უშუალოდ უნდა გაუმკლავდე და არა შუამავლების მეშვეობით, რომლებიც ყველაფერს მხოლოდ  ართულებენ. მარტივია. მაგრამ რთული.

სისხლიან, ჭუჭყიან და გაოფლილ რეალობაში, კონკრეტულ ადგილთან მიბმულმა ცხოვრებამ მასწავლა, რომ სიკვდილი ცხოვრების განუყოფელი და მშვენიერი ნაწილია, ინდუსტრიული მასშტაბის სისასტიკე კი - არა. და მართალია, ვეგანიზმი ურბანული მითია (წარმოებული საკვები და საქონელი მასობრივად ანადგურებს სიცოცხლეს, მიუხედავად იმისა, ის ცხოველური წარმომავლობისაა თუ არა), ბუნების და მისი მობინადრეების დაცვა დღეს მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს.

ერთი შეხედვით, „ცხოვრება ტექნოლოგიების გარეშე“ პირქუში და მკაცრი განაჩენია, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ სარგებელი ზიანს აჭარბებს. როდესაც Wi-Fi-ს უერთდები, ეთიშები - სიცოცხლეს. ესაა არჩევანი მექანიზებულ და ცოცხალ, მსუნთქავ სამყაროს შორის. არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მე ფიზიკურად და მორალურად მაჯანსაღებს.

ხშირად მეუბნებიან, რომ 7.3 მილიარდი ადამიანი ჩემსავით ვერ იცხოვრებს, რასაც ვეთანხმები. მაგრამ 7.3 მილიარდი ადამიანი ვერც ისე განაგრძობს ცხოვრებას, როგორც დღევანდელი ადამიანების უმრავლესობა. არ ვამტკიცებ, რომ ჩემ მიერ არჩეული ცხოვრების წესი მსოფლიოს ყველა მცხოვრებისთვის გამოსავალია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეუძლებელია ჩვენი კულტურული კრიზისების დასაძლევად ჯადოსნური პანაცეა არსებობდეს. საკუთარი ნებით ადამიანები ველურ დროს და სახლის ეკონომიკას არ დაუბრუნდებიან, მაგრამ „წინსვლა“ დიდი ალბათობით ნიშნავს ტექნო-ანტიუტოპიას, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

ცხადია, უნივერსალური რეცეპტები არ არსებობს, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლის გადადგმაც ადამიანების უმრავლესობას შეუძლია. ჩემს ბოლო წიგნში „Drinking Molotov Cocktails With Gandhi“ („მოლოტოვის კოტეილების სმა განდისთან ერთად“) ვწერ, რომ კლიმატური კატასტროფის პრევენციის სამი წესი - შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება (reduce, reuse, recycle) - სერიოზულად გადასახედია. მათ ნაცვლად მე გთავაზობთ - თავშეკავებას, ამბოხს და გაველურებას (resist, revolt, rewild).

თავი შეიკავე ვალების აღების, კარიერისა და ფულის დევნისაგან; თავი შეიკავე მასობრივი მოწყობილობების შეძენისაგან, რომლებიც ცხოვრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის განკუთვნილ დროს გართმევენ - სიცოცხლის ბოლოს ინანებ, რომ მათთან მეტი დრო არ გაატრე.

აჯანყდი. თუ არ მოგწონს წიაღისეული საწვავის, ტყეების განადგურების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გეო-სოციალურ-ეკო-პოლიტიკური შედეგები, შეეწინააღმდეგე ინდუსტრიულ სისტემას, რომელიც ამ ყველაფერს ეფუძნება.

გაველურდი. ჩაერთე მიწის გამწვანებაში. მხარი დაუჭირე ისეთ პროექტებს, როგორებიცაა, „კამბრიული ველური ტყე“ და „ბრიტანეთის გამწვანება“, რომლებიც ჩვენს დროში უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ. მიწა თუ გაქვს, თუნდაც პატარა ბაღი, ფერმა ან მამული, რამდენადაც შეძლებ გააველურე, შემოიჩვიე ჩიტები, მწერები, ფუტკრები და ბუნების სხვა ცოცხალი არსებები. შეეშვი გასხვლას. შეეშვი კონტროლს. შეეშვი ინსექტიციდების გამოყენებას. მოკლედ, შეეშვი ზემოქმედებას. და როდესაც შეწყვეტ, დაადექი საკუთარი თავის გარდაქმნის ხანგრძლივ და საინტერესო გზას. და რადგან ცხოვრების ბორბალი სრულ წრეზე ტრიალებს, წარსულის უნარები, მომავლის უნარებად გადაიქცევა. ცხოვრება - ეს არის მუდმივი კომპრომისი კომფორტსა და სიცოცხლის სრულად შეგრძნებას შორის. 

მიყვარს მარტივი, რთული ცხოვრება. შესაძლოა, დღეს ის არ წარმოადგენდეს რელისტურ გამოსავალს ადამიანთა უმრავლესობისათვის, მაგრამ თუკი არ მოვთოკავთ ჩვენს ვნებას ნივთების, ზრდის, დეჰუმანიზების და ტექნოლოგიების მიმართ - ჩვენი შთამომავლებისთვის „მარტივი“ ცხოვრება შესაძლოა ერთადერთ გამოსავლად იქცეს.

------

2016 წლის დეკემბრიდან, მარკ ბოილი ტექნოლოგიური მოწყობილობების გარეშე ცხოვრობს. ის რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორის „უფულო კაცის“ („The Moneyless Man“) და “მოლოტოვის კოქტეილების სმა განდისთან ერთად“ („Drinking Molotov Cocktails with Gandhi“).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...

მეტი

^