Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიტიკის წესები

25 სექტემბერი 2021
დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორების, ბრიუს ბუენო დე მესკიტას და ალისტერ სმიტის დოკუმენტურ პროზაში „დიქტატორის სამაგიდო წიგნი“. გთავაზობთ, ფრაგმენტს ამ წიგნიდან.  

პოლიტიკის წესები

პოლიტიკის ლოგიკა რთული სულაც არ არის. დიდი ნაწილი იმისა, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, იოლად ამოსაცნობია - ოდნავი დაფიქრებაა საჭირო. მაგრამ პოლიტიკაში საკმარისად გასარკვევად, აუცილებელია გვესმოდეს, რომ არასწორია ფიქრი, თითქოს პოლიტიკურ ლიდერებს ერთპიროვნულად შეუძლიათ მართვა.  

არცერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მონოლითური არ არის. თუ გვინდა გავიგოთ, როგორ მუშაობს სინამდვილეში ძალაუფლება, არ უნდა დავიჯეროთ, თითქოს ჩრდილოკორეელთა ბელად კიმ ჩენ ინს შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. უნდა დავივიწყოთ მოსაზრება, რომ ადოლფ ჰიტლერს, იოსებ სტალინს, ჩინგის ყაენს და მათ მსგავს ლიდერებს პირადად შეუძლიათ დაქვემდებარებული ხალხების მართვა; რომ კომპანია Enron-ის ხელმძღვანელმა კენეტ ლეიმ ან British Petroleum-ის ტონი ჰეივორდმა იცოდნენ ყველაფრის შესახებ, რაც კი მათ ფირმებში ხდებოდა, ან ერთპიროვნულად წყვეტდნენ მნიშვნელოვან საკითხებს. ყველა ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ვერც იმპერატორი, ვერც მეფე, ვერც შეიხი, ვერც ტირანი ან კორპორაციის დირექტორი, ოჯახის უფროსი თუ ნაციონალური ლიდერი ვერ მართავს ერთპიროვნულად.

განვიხილოთ, ფრანგი მეფის ლუი XIV (1638–1715) მაგალითი. მონარქი, რომელიც მზე-მეფის სახელითაა ცნობილი, 70 წელზე მეტხანს მართავდა და დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთის ტერიტორიულ ექსპანსიასა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნაში. მისი მმართველობის დროს, საფრანგეთი კონტინენტური ევროპის დომინანტ სახელმწიფოდ იქცა და ამერიკის კოლონიზების პრეტენდენტი გახდა. ლუი XIV-მ და მისმა თანამოღვაწეებმა შექმნეს კანონმდებლობა, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო ნაპოლეონის კოდექსს და დღემდე საფრანგეთის სამართლის მთავარი საფუძველია. მან განაახლა სამხედრო სფერო, ჩამოაყალიბა პროფესიული და რეგულარული ჯარი, რომელიც არამხოლოდ დანარჩენი ევროპის, არამედ მსოფლიოს მისაბაძ მოდელად იქცა. ლუი XIV ცალსახად იყო თავისი და არამხოლოდ თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მმართველი. მაგრამ მასაც არ უმართავს ერთპიროვნულად.         

სიტყვა „მონარქია“, ნიშნავს „ერთის მართვას“, მაგრამ ასეთი მმართველობა არ არსებობს, ის უბრალოდ ვერ განხორციელდება. ლუი XIV-ს მიაწერენ (შესაძლოა, დაუსაბუთებლადაც) ცნობილ ფრაზას: „სახელმწიფო - ეს მე ვარ“. ამ გამონათქვამს ხშირად იყენებენ ტირანი-დიქტატორების და ისეთი აბსოლუტური მონარქების პოლიტიკური ცხოვრების აღსაწერად, როგორიცაა თავად ლუი XIV. მაგრამ აბსოლუტიზმის გამოცხადება ყოველთვის სიყალბეა. არცერთი ლიდერი, როგორი დიდებულიც, სასტიკიც ან შურისმაძიებელიც არ უნდა იყოს, მარტო არასდროს მართავს. და სწორედ აბსოლუტური მონარქი ლუი XIV არის ამის თვალსაჩინო მაგალითი.

ის ტახტზე 4 წლისა ავიდა, მამის, ლუი XIII-ის (1601–1643) გარდაცვალების შემდეგ. მომავალი მზე-მეფის ბავშვობის წლებში მთელი რეალური ძალაუფლება რეგენტის, ბავშვის დედის ხელში იყო, რომლის გარემოცვაც ურცხვად ივსებდა ჯიბეებს სახელმწიფოს ხარჯზე და ხაზინას ძარცვავდა. 1661 წლისთვის, როდესაც 23 წლის ლუიმ ქვეყნის მართვა საკუთარ ხელში აიღო, სახელმწიფო გაკოტრების ზღვარზე იდგა.     

ჩვეულებრივ, ჩვენს წარმოდგენაში, გაკოტრება ფინანსური შოკია, მაგრამ პერსპექტივაში, სახელმწიფოს გადარჩენის თვალსაზრისით, ეს პოლიტიკური კრიზისია. როდესაც ვალი იმხელა ხდება, რომ ხაზინას მისი დაფარვა არ შეუძლია, პოლიტიკური ლიდერი იმაზე კი არ იწყებს ფიქრს, რომ ბიუჯეტის მუხლები შესაკვეცია, ის ნერვიულობს, რომ იწურება რესურსები, რომლითაც ის საკვანძო მხარდამჭერი ჯგუფების პოლიტიკურ მორჩილებას ყიდულობდა. დემოკრატიულ სისტემებში ეკონომიკურ სიდუხჭირეს მოსდევს პროექტების გაუქმება, რომლის საშუალებითაც არჩევითი ფიგურები კრიზისამდე პოლიტიკურ პოპულარობას იძენდნენ; კლეპტოკრატებისთვის კი ეს მნიშვნელოვან საბუჯეტო თანხებზე კონტროლის დაკარგვას ნიშნავს, ასევე საიდუმლო საბანკო ანგარიშების „შემცირებას“, რომლებიც ისეთივე ტემპით იფიტება, როგორც მშიერ ულუფაზე გადაყვანილი ხელისუფლების დამქაშების თავდადება.           

გაკოტრების პერსპექტივამ ლუი XIV-ის ძალაუფლებას სერიოზული რისკი შეუქმნა, რადგან ძველი გვარდიის არისტოკრატები, მათ შორის არმიის ხელმძღვანელობა, ხედავდა, თუ როგორ იწურებოდა მათი შემოსავლების და პრივილეგიების წყარო. მონარქის ამ პოლიტიკურად მნიშველოვან, მაგრამ არასაიმედო მეგობრებს, გარემოებები კარნახობდა, რომ დადგა დრო ახალი ფიგურის მოძიებისა, რომელიც უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფდა მათ პრესტიჟსა და კეთილდღეობას. ასეთ ვითარებაში მონარქი დადგა არჩევანის წინაშე: რეფორმების გატარება ან დიდი ალბათობით, ტახტის დაკარგვა.     

ამ სპეციფიკურმა გარემოებებმა მეფეს უახლოესი გარემოცვის, იმ ადამიანების შეცვლისაკენ უბიძგა, ვისი მხარდაჭერაც მისი, როგორც მონარქის სტატუსს განამტკიცებდა. მან დაიწყო ახალი არისტოკრატიის (ეგრეთ წოდებული „noblesse de robe“) შესაძლებლობების, ზოგჯერ კი ძალაუფლების გაფართოებაც. კანცლერ მიშელ ლეტელიესთან ერთად ლუი XIV-მ პროფესიული და შედარებით მერიტოკრატიული არმიის მშენებლობა წამოიწყო; მტკიცე უარი თქვა პრაქტიკაზე, რომელიც ყველა მეზობელ სახელმწიფოში იყო გავრცელებული და ოფიცრებად  (ზოგჯერ ყველაზე მაღალი რანგისაც კი) ისეთი ადამიანების დანიშვნა დაუშვა, რომლებიც ნიჭით კი გამოირჩეოდნენ, მაგრამ ტრადიციულ სამხედრო არისტოკრატიას (noblesse d’epee) არ მიეკუთვნებოდნენ. ასეთი მოქმედებით, მეფემ თავისი არმია უფრო ღია და კონკურენტულ ორგანიზაციად გარდაქმნა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.

მან ძველი არისტოკრატიაც არ დაივიწყა, ახსოვდა რა ამ ფენის არალოიალურობა რეგენტობის წლებში, როდესაც ისინი აქეზებდნენ და მხარს უჭერდნენ ანტიმონარქიულ ფრონდას (რაღაც შუალედურს რევოლუციასა და სამოქალაქო ომს შორის). ძველ დიდებულებისგან მომავალი პოტენციური საფრთხის გასანეიტრალებლად, მეფემ ისინი საკუთარ სასახლეს პირდაპირი გაგებით „მიაბა“, აიძულა რა დიდგვაროვნებს დროის ხანგრძლივი პერიოდი ვერსალში გაეტარებინათ. რაც იმას ნიშნავდა, რომ სამეფო რენტის მიღების პერსპექტივა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად უერთგულებდნენ ისინი მონარქს, და რაღა თქმა უნდა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მოემსახურებოდნენ მას.

ახალი ადამიანების დაწინაურებით, ლუიმ შექმნა მთელი კლასი, რომელიც პირადად მისი მადლიერი და ერთგული იყო. მან თანმიმდევრულად განამტკიცა ძალაუფლების ვერტიკალი  და გააფართოვა საკუთარი პოზიციების რეალიზების შესაძლებლობები მიუხედავად ძველი არსიტოკრატების მოსაზრებებისა. სწორედ ამ გზით შეიქმნა კონტროლის „აბსოლუტური“ სისტემა, რომლის წარამატებულ ფუნქციონირებასაც უზრუნველყოფდა ერთი მხრივ არმიის და ახალი არისტოკრატების ლოიალურობა და მეორე მხრივ, ძველ დიდგვაროვანთა შეკავება, რომლებიც სრულად გვირგვინზე გახდნენ დამოკიდებულნი.

საფრანგეთის დანარჩენი მოსახლეობა მონარქის გათვლებში ფაქტობრივად არ ფიგურირებდა: ბრბოს ფულს არავინ უხდიდა, ამიტომ ის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა. მაგრამ ამ გარემოების გათვალისწინების გარეშეც გასაგებია, რომ ლუის „აბსოლუტიზმი“ არცთუ აბსოლუტური იყო. მას სჭირდებოდა მხარდამჭერები და ესმოდა, თუ როგორ უნდა შეენარჩუნებინა მათი კეთილგანწყობა. ისინიც თავის მხრივ მეფეს უერთგულებდნენ იქამდე, ვიდრე ეს ერთგულება მათთვის იმაზე სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე სხვისი მხარდაჭერა.   

ლუი XIV-ის სტრატეგია ძველი ელიტის ახლით ჩანაცვლებაში („ძლევამოსილთა კოალიციის“ შემადგენლობის განახლებაში) მდგომარეობდა. ძველი გვარდიის ნაცვლად, მან დააწინაურა და შემდეგ თავის უახლოეს გარემოცვაშიც შეიყვანა ახალი დიდგვაროვნები, ხოლო ბიუროკრატიაში, განსაკუთრებით კი არმიაში, გაჩდნენ არადიდგვაროვნული წარმოშობის ადამიანებიც. გააფართოვა იმ ადამიანების წრე, რომლებსაც მასთან დაახლოება შეეძლო. წარსულში დაახლოებულ ფიგურებს მონარქმა ადამინისტრაციული გადარჩენისათვის ბრძოლისკენ უბიძგა. ძველებმა იცოდნენ, რომ ნებისმიერ მათგანს თანამდებობაზე შეცვლიდა „ახალი“ და ამისთვის საკმარისი იყო მეფის მიმართ სულ მცირე არალოიალურობის გამჟღავნებაც კი, რაც მარტივად ნიშნავდა იმას, რომ ისინი წამებში დაკარგავდნენ საკუთარ სიმდიდრეს, ძალაუფლებას და პრივილიეგიებს. მხოლოდ ძალიან სულელები ვერ აცნობიერებდნენ მსგავს რისკს.   

ყველა ლიდერის მსგავსად, ლუი XIV-მ უახლოეს გარემოცვასთან სიმბიოზური ურთიერთობები ააგო. ის ვერ შეინარჩუნებდა ძალაუფლებას მათი დახმარების გარეშე, ხოლო გარემოცვა ვერ ისარგებლებდა თავისი მდგომარეობით, მეფისადმი მორჩილების გარეშე. ლუი XIV-მ 72 წელს იმეფა და საკმაოდ მოხუცებულ ასაკში, მშვიდად გარდაიცვალა 1715 წელს.  

ამ მონარქის გამოცდილება ცხადყოფს პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე ფუნდამენტურ ფაქტს: არავინ მართავს ერთპიროვნულად და არავის აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. სხვაობა ისაა, თუ რამდენი ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება სჭირდება ამა თუ იმ ლიდერს და რამდენად დიდია იმ ადამიანების წრე, ვისი მომხრობაც გადამწყვეტ დროს შესაძლოა აუცილებელი გახდეს.

სამი პოლიტიკური განზომილება

ლიდერებისათვის მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი ადამიანთა სამ ჯგუფად იყოფა: ნომინალური სელექტორატი, რეალური სელექტორატი და „ძლევამოსილთა კოალიცია“.

ნომინალურ სელექტორატში შედის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ლიდერის ასარჩევად ფორმალური სამართლებრივი საფუძვლები მაინც გააჩნია. მაგალითად, აშშ-ში ესენი არიან 18 წლამდე მიღწეული ხმის უფლების მქონე მცხოვრებლები. რა თქმა უნდა, ყველა ამერიკელს ესმის, რომ ხმის უფლება - მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ცალკეულ ერთ ამომრჩეველზე ნაკლებადაა დამოკიდებული ის, თუ კონკრეტულად ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას. საყოველთაო საარჩევნო უფლების მქონე სახელმწიფოებში ნომინალური სელექტორატის წევრები პოლიტიკურ პროცესში გარკვეულ როლს ასრულებენ, მაგრამ ეს როლი დიდი არ არის. ამ თვალსაზრისით, ნომინალურ სელექტორატს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში არ აქვს იმაზე ბევრად მეტი ძალაუფლება, ვიდრე ჰქონდა, მაგალითად, ყოფილი საბჭოთა კავშირის „ამომრჩეველს“.             

იქაც ზრდასრულ მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ მათი არჩევანი შემოიფარგლებოდა კომუნისტური პარტიის მიერ შეთავაზებული კანდიდატების მოწონება-არმოწონებით და არა, ამა თუ იმ კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭებით. ასეა თუ ისე, სსრკ-ში, სადაც კენჭისყრა სავალდებულო იყო, თითოეული ზრდასრული ადამიანი ნომინალური სელექტორატს წარმოადგენდა.

მეორე პოლიტიკური ჯგუფია - რეალური სელექტორატი. სწორედ ის ირჩევს ლიდერს რეალურად. დღევანდელ ჩინეთში (ისევე როგორც საბჭოთა კავშირში) ის კომუნისტური პარტიის წევრებისაგან შედგება; საუდის არაბეთში ესაა - სამეფო ოჯახის ასაკით უფროსი წევრები; დიდ ბრიტანეთში - ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნებში გამარჯვებული პარტიის წევრ დეპუტატებს უჭერენ მხარს.    

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი - ესაა რეალური სელექტორატის ქვეუმრავლესობა, რომელიც არის კიდეც „ძლევამოსილი კოალიცია“. აქ შედიან ადამიანები, რომელთა მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ლიდერმა ხელისუფლება შეინარჩუნოს. სსრკ-ში „ძლევამოსილი კოალიცია“ შედგებოდა კომპარტიის მცირე შიდა ჯგუფისაგან, რომლის წევრებიც არჩევდნენ კანდიდატებს საკვანძო თანამდებობებისათვის და აკონტროლებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას; მათი მხარდაჭერის წყალობით ინარჩუნებდნენ გენერალური მდივნები თავიანთ პოზიციებს. ადამიანთა ამ ჯგუფს შეეძლო საკუთარი უფროსის დამხობა, რაც უფროსმაც კარგად იცოდა. აშშ-ში „ძლევამოსილთა კოალიცია“ გაცილებით ფართოა. ის შედგება ამომრჩევლების იმ მინიმალური რაოდენობისაგან, რომელთა ხმების დახმარებითაც პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს შეუძლია მეორე კანდიდატს გაუსწროს, ხოლო შტატის ან ოლქის დონეზე - უზრუნველყოს ერთის მოხვედრა წარმომადგენელთა პალატაში ან სენატში და მეორის დამარცხება. საბოლოოდ, ლუი XIV-სთვის „ძლევამოსილთა კოალიცია“ წარმოადგენდა სასახლის კარზე დაწინაურებულთა პატარა ჯგუფს - ადამიანებს, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო და სამოქალაქო ჩინები და მათი მხარდაჭერის გარეშე, მონარქს  კონკურენტი დაამხობდა.   

ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ნომინალური სელექტორატი - ესაა უმრავლესობა, რომლისგანაც ლიდერს აქვს პოტენციური მხარდაჭერა; რეალური სელექტორატი - ადამიანები, რომელთა მხარდაჭერასაც რეალურად შეუძლია ლიდერის ძალაუფლებასთან წვდომაზე გავლენის მოხდენა; „ძლევამოსილი კოალიცია“ - გადამწყვეტი მხარდამჭერები, რომელთა გარეშეც ლიდერი აუცილებლად დაკარგავს ძალაუფლებას. მსჯელობა რომ გავამრტივოთ, ამ ჯგუფებს მოვიხსენიებთ, როგორც „ურთიერთშემცვლელებს“, „გავლენიანებს“ და „შეუცვლელებს“. 

აშშ-ში ამომრჩევლები ქმნიან ნომინალურ სელექტორატს, ანუ მიეკუთვნებიან „ურთიერთშემცვლელებს“. რაც შეეხება რეალურ სელექტორატს, ეგრეთ წოდებულ „გავლენიანებს“, ასეთები თითქოს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები უნდა იყვნენ, რომლებიც მართლაც ირჩევენ პრეზიდენტს (ისევე როგორც, პარტიის მეტნაკლებად გამოჩენილი წევრები ირჩევდნენ თავის დროზე კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს). თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობა: დღევანდელ დღეს მოქმედი წესების თანახმად, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრებმა ხმა უნდა მისცენ იმას, ვისაც მათი შტატის ამომრჩევლებმა დაუჭირეს მხარი, ამიტომ პრაქტიკაში ისინი არ არიან რეალურად დამოუკიდებლები. შესაბამისად, აშშ-ში, ნომინალური და რეალური სელექტორატი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომაა რომ თუკი პირადად თქვენ ხართ მხოლოდ ერთ-ერთი მრავალ ამომრჩეველთაგან, ანუ განეკუთვნებით „ურთიერთშემცვლელთა“ წრეს, ყოველთვის გაქვთ განცდა, რომ თქვენს ხმას ძალა აქვს: მას მართლაც აქვს მნიშვნელობა და ის გათვალისწინებულია. რაც შეეხება „ძლევამოსილთა კოალიციას“ – „შეუცვლელებს“, ამერიკაში ეს ამომრჩეველთა ყველაზე პატარა ჯგუფია, რომელიც პროპორციულადაა განაწილებული შტატებს შორის; სწორედ მათი მხარდაჭერა გარდაიქმნება კანდიდატის გამარჯვებად ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ ხმის მიცემის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთელი მოსახლეობის რაოდენობაში, მისი წილი ნომინალურ ელექტორატში („ურთიერთშემცვლელთა“) საკმაოდ დიდია, მთლიანობაში ეს მაინც პატარა ჯგუფია. ამერიკული არჩევნების ფედერალური სტრუქტურის გათვალისწინებით, ამერიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლების კონტროლი, შესაძლებელია ფაქტობრივად ყველა არსებული ხმების მხოლოდ მეხუთედის განკარგვის შემთხვევაში - თუ რა თქმა უნდა, ამ ხმებს სწორად განკარგავ. (ამ ელექტორალური ეფექტიანობის ვირტუოზი იყო აბრაამ ლინკოლნი). საყურადღებოა, რომ „ძლევამოსილთა კოალიციები“ აშშ-ში ყველაზე დიდია, როგორც აბსოლუტური ციფრების, ასევე ელექტორატის წილის თვალსაზრისით. თუმცა, უფრო მსხვილი „ძლევამოსილი კოალიციებიც“ არსებობს. 

ბრიტანეთის საპარლამენტო სისტემა მოითხოვს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრს ორპარტიულ საპარლამენტო არჩევნებზე ელექტორატის სულ ცოტა 25%-ის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ამგვარად, პრემიერმინისტრს სჭირდება, რომ დეპუტატების სულ ცოტა ნახევარი მისი პარტიის წევრი იყოს, ამასთანავე, ამ ადამიანებიდან თითოეულმა წინასწარ უნდა მიიღოს ხმების ნახევარი (პლუს ერთი ხმა) ორპარტიულ საარჩევნო რბოლაში: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლაპარაკია ნახევრის ნახევარის, ანუ საბოლოო ჯამში, მთლიანი ამომრჩევლის ერთი-მეოთხედის მხარდაჭერაზე. ფრანგული საარჩევნო სისტემა უფრო მომთხოვნია: მისი წესების თანახმად, კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს ფინალურ ტურში, რომელშიც ორი პრეტენდენტი მონაწილეობს.

სხვა მაგალთებსაც თუ მივმართავთ, დავრწმუნდებით, რომ ნომინალური სელექტორატის, რეალური სელექტორატის და „ძლევამოსილთა კოალიციის“ მოცულობებში დიდი დაქსაქსულობაა. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში, არის მასობრივი ნომინალური სელექტორატი, რომელშიც თითოეულს აქვს ხმის უფლება; არცთუ დიდი რეალური სელექტორატი, რომელიც რეალურად განსაზღვრავს ხელმძღვანელის ფიგურას და „ძლევამოსილი კოალიცია“, რომელიც ორი ასეული ადამიანით შემოიფარგლება და რომლის მხარდაჭერის გარეშეც პირველი ჩრდილოკორეელი ბელადი კიმ ირ სენიც ვერ შეინარჩუნებდა ხელისუფლებას. საუდის არაბეთში, პირიქით, ნომინალური სელექტორატი მცირეა, რეალური კი - უმცირესი: ის მოიცავს სამეფო ოჯახს და ბიზნეს და რელიგიური წრეების რამდენიმე საკვანძო ლიდერს. საუდის „ძლევამოსილთა კოალიცია“, სავარაუდოდ, ჩრდილოკორეულზე პატარაა.   

მაგალითისთვის განვიხილოთ კალიფორნიული ქალაქი ბელი. 2009 წელს „ურთიერთშემცვლელების“ ჯგუფი აქ 9395 რეგისტრირებული ამომრჩევლისაგან შედგებოდა; „გავლენიანების“ - 2235 ადამიანისაგან, რომლებიც რეალურად მივიდნენ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე; „შეუცვლელებში“ კი - სულ რაღაც 437 ამომრჩეველი იყო, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც ქალაქის საბჭოს მანდატს ვერ მოიპოვებდი. ბელი ცალსახად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ან საუდის არაბეთი, - ყოველ შემთხვევაში, გვინდა რომ ასე იყოს. მაგრამ სამწუხაროდ, ის მოგვაგონებს რეჟიმებს, რომლებიც ცნობილები არიან არჩევნების გაყალბებით - მაგალითად, რევოლუციამდელ ეგვიპტეს, ვენესუელას, კამბოჯას, და შესაძლოა, რუსეთს. მსგავსი სტრუქტურა აქვს ბევრ ღია სააქციო საზოგადოებასაც. მათ ჰყავთ მილიონობით აქციონერი, რომლებიც „ურთიერთშემცვლელები“ არიან. მათ ჰყავთ ასევე მსხვილი ინსტიტუციური აქციონერები, რომლებსაც რეალური გავლენა აქვთ. და ბოლოს, ასეთ საზოგადოებებში „შეუცვლელებს“ განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც ირჩევენ დირექტორთა საბჭოს და უმაღლეს მენეჯმენტს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბელი სულაც არ ჰგავს არც მედისონის ან მონტესკიეს იდეალიზებულ დემოკრატიას, და არც კორპორაციას მრავალრიცხოვანი აქციონერით, რომლებიც საბოლოო ჯამში ვერაფერს წყვეტენ.     

წარმოიდგინეთ რომ მუშაობთ კომერციულ კომპანიაში. ვინ არის თქვენი ლიდერი? ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები, რომელთა მხარდაჭერაც მისთვის უბრალოდ აუცილებელია? რომელი ფიგურები (შესაძლოა, ერთი შეხედვით, არცთუ მნიშვნელოვანი ადამიანები პირადად თქვენი აღმასრულებელი დირექტორისათვის) ახდენენ მეტ-ნაკლებ გავლენას კომპანიის ხელმძღვანელობაზე? და ბოლოს, ვინ არიან ისინი, ვინც ყოველდღე დადის სამსახურში, მუშაობს გულმოდგინებით (ან არც) და ელოდება მომენტს, რომელიც მას დაწინაურებაში დაეხმარება.

ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სამი ჯგუფი იმ კონცეფციის საფუძველია, რომელსაც ქვემოთ აღვწერთ. მეტიც, ისინი ნებისმიერი მცირე თუ დიდი ორგანიზაციის პოლიტიკური ფუნქციონირების ფუნდამეტია. ამ სამი ჯგუფის მასშტაბში არსებული ვარიაციები სძენენ პოლიტიკას სამგანზომილებიან სტრუქტურას, რომელიც, განსაზღვრავს კიდეც პოლიტიკური ცხოვრების სირთულეს. იმის გარკვევით, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან ეს განზომილებები („ურთიერთშემცვლელები“, „გავლენიანები“ და „შეუცვლელები“), ჩვენ შევძლებთ პოლიტიკის გამოცანების ამოცნობას. როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, ამ ჯგუფების მასშტაბებს შორის სხვაობები ქვეყნებში, კორპორაციებსა და ნებისმიერ ორგანიზაციებში, განსაზღვრავენ თითქმის ყველაფერს რაც მათ პოლიტიკაში ხდება: რისი გაკეთება შეუძლიათ ხელმძღვანელებს, დაუსჯელობის რა ხარისხით სარგებლობენ, ვის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა და ცხოვრების რა დონეზე მიუწვდებათ (ან პირიქით, არ მიუწვდებათ) ხელი მათ ქვეშევრდომებს და ხელქვეითებს. 

3D-პოლიტიკის ღირსებები

რა თქმა უნდა, რთულად დასაჯერებელია ის, რომ ზემოთ აღწერილი სამი განზომილება განსაზღვრავს თანამედროვე სამყაროს მმართვის სისტემების მთელ მრავალფეროვნებას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი საკუთარი გამოცდილებაც კი სხვა რამეს გვკარნახობს: პოლიტიკური სპექტრის ერთ მხარეს მუდმივად ვხედავთ ავტოკრატებს და ტირანებს, საშინელ, საკუთარ თავზე შეყვარებულ ჩხუბისთავებს, რომლებიც პერიოდულად ამა თუ იმ ფსიქოპათოლოგიაში იძირებიან - მეორე მხარეს კი ვხედავთ დემოკრატებს: თავისუფლად არჩეულ, ხალხის ნების წარმომადგენლებს, პრეზიდენტებს და პრემიერმინისტრებს, რომლებიც თავისუფლების სადარაჯოზე დგანან. და ვფიქრობთ, რომ ამ ორი სამყაროს ლიდერებს შორის უფსკრულია!

კომფორტული მოსაზრებაა, მაგრამ - ტყუილია. მართვის სისტემები ერთმანეთისგან ამით არ განსხვავდება. მათ სპეციფიკას საკუთარი სელექტორატების და „ძლევამოსილი კოალიციების“ სხვადასხვა სტრუქტურები განსაზღვრავენ. ამ განზომილებათა კონფიგურაციები ზღუდავენ ლიდერს, ან პირიქით, ეხმარებიან მას საკუთარი საქმის რეალიზებაში; ის თუ რა ხარისხითაა ლიდერი თავისუფალი ან შეზღუდული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სელექტორატები და „ძლევამოსილი კოალიციები“ ერთმანეთთან.

რთულია უარი თქვა ჩვევაზე ილაპარაკო დიქტატურებსა და დემოკრატიებზე ისე, თითქოს ეს ტერმინები საკმარისი იყოს პოლიტიკურ რეჟიმებს შორის სხვაობის აღსაწერად, მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი არც „დემოკრატიები“ და არც „დიქტატურები“ არსებობს. ამ ჩვევაზე უარის თქმა იმდენად რთულია, რომ ჩვენც კი განვაგრძობთ ამ ცნებების გამოყენებას იმის ხაზგასმით, რომ ტერმინი „დიქტატურა“ ჩვენთვის ნიშნავს ძალაუფლებას, რომელიც „შეუცვლელთა“ ძალიან მცირე ჯგუფის ბატონობას ეფუძნება და რომლებიც „გავლენიანთა“ შედარებით მცირე, ხოლო „ურთიერთშემცვლელთა“ უზარმაზარი მასიდან მომდინარეობენ. ხოლო დემოკრატიაზე ლაპარაკისას, ვგულისხმობთ ძალაუფლებას, რომლის საფუძველშიც იგულისხმება „გავლენიანთა“ ძალიან დიდი კოჰორტა, რომელიც რაოდენობით ფაქტობრივად „ურთიერთშემცვლელთა“ კოჰორტას უტოლდება. და ბოლოს, მონარქიისა და სამხედრო ხუნტის განხილვისას, ვგულისხმობთ იმას, რომ როგორც „ურთიერთშემცვლელთა“, ასევე „გავლენიანთა“ და „შეუცვლელთა“ ჯგუფები მასში პატარა და მცირერიცხოვანია.  

ორგანიზაციების შესახებ ისეთ ტერმინებში ლაპარაკს, როგორებიცაა „ურთიერთშემცვლელები“, „გავლენიანები“ და „შეუცვლელები“ ის უპირატესობა აქვს, რომ ეს კატეგორები შესაძლებლობას გვაძლევს არ გავავლოთ თვითნებურად საზღვრები მართველობის ფორმებს შორის - არ გამოვაცხადოთ ერთი „დემოკრატიულად“ და მეორე „ავტოკრატიულად“, ან ერთი - „ძლიერ რესპუბლიკად“, მეორე - „სუსტ რესპუბლიკად“. ასეთ კატეგორიებად დაყოფა ჩვენ გვაშორებს ასევე გავლენიანი პოლიტიკური ფილოსოფოსების მიერ შემოთავაზებულ ბრტყელ და ერთგანზომილებიან პოლიტიკურ კონცეფციებს.

სიმართლე ისაა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ორი აბსოლუტურად ერთნაირი მთავრობა ან ორგანიზაცია. ყველა დემოკრატია სხვადასხვაგვარია, მაგრამ მიუხედავად ამ სხვაობათა ხარისხისა, ისინი დემოკრატიებად რჩებიან. მთავრობების და ორგანიზაციების ქცევაში ყველაზე სერიოზული და თვალსაჩინო სხვაობები დამოკიდებულია „ურთიერთშემცვლელთა“, „გავლენიანთა“ და „შეუცვლელთა“ ჯგუფების აბსოლუტურ და ფარდობით მასშტაბებზე. მაგალითად, ფაქიზი სხვაობები საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ან კანადისა და აშშ-ის ძალაუფლებათა სისტემებს შორის, შესაძლოა ძალიან არსებითად არ მივიჩნიოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ფუნქციონირებაში ვარიაციები ნაწარმოებია იმ სტიმულებისაგან, რომლებსაც ლიდერები იღებენ თავიანთ „ურთიერთშემცვლელებთან“, „გავლენიანებთან“ და „შეუცვლელებთან“ ურთიერთქმედების პროცესში.  

პოლიტიკური სისტემები წარმოუდგენლად მრავალფეროვანია და ამას განაპირობებს ის, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სარგებლისათვის პოლიტიკით მანიპულირებენ, წარმოუდგენლად გამჭრიახნი არიან. მაგალითად, ლიდერები ამუშავებენ წესებს, რითაც მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებას აძლევენ და იმავდროულად, ქმნიან „ურთიერთშემცვლელთა“ უზარმაზარ წრეს, მაგრამ შემდეგ ისე „აქსოვენ“ საარჩევნო პროცედურაში უამრავ პირობას და ზრდიან „გავლენიანი“ ამომრჩევლების რაოდენობას, რომ მათთვის მისაღები კანდიდატების გამარჯვებას მინიმალური საფრთხე შეექმნას.

დემოკრატიულმა ელიტებმა შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ არჩევნებში გამარჯვებისათვის საკმარისია არა აბსოლუტური, არამედ ფარდობითი უმრავლესობის ხმები, რაც იმ კანდიდატების გაყვანის საშუალებას მისცემთ, რომლებიც უმრავლესობის ხმებს ვერასდროს მიიღებდნენ. ან შეუძლიათ მაგალითად, დაკმაყოფილდნენ ორი ტურის სისტემით, მიზანმიმართულად აყალიბონ რა უმრავლესობა - იმ შემთხვევაშიც, თუ მას „ურთიერთშემცვლელები“ შექმნიან, რომლებიც მხოლოდ მეორად არჩევანს აკეთებენ. და ბოლოს, ალტერნატივის სახით დემოკრატიულ ლიდერებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ სახელისუფლებო ორგანოებში პოლიტიკური შეხედულებები იმის პროპორციულად აისახოს, რამდენ ხმასაც მიიღებს თითოეული თვალსაზრისი - რითაც უპირატესობას მიანიჭებენ უმცირესობების კოალიციისაგან შემდგარ მთავრობას. ზემოთჩამოთვლილი და სხვა მიდგომები, უამრავია და სრულად აკმაყოფილებს დემოკრატიის შესახებ ჩვენს წარმოდგენას, მაგრამ იმავდროულად, მათ აბსოლუტურად განსხვავებული შედეგების გენერირება შეუძლიათ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გვახსოვდეს, რომ იარლიყები, როგორებიცაა „დემოკრატიები“ ან „დიქტატურები“ - პირობითობაა და მეტი არაფერი.       

გადააადგილეთ საკვანძო ჯგუფები, და თქვენ შეცვლით სამყაროს

„ურთიერთშემცვლელთა“ „გავლენიანთა“ და „შეუცვლელთა“ ჯგუფების მოცულობათა კორექტირება შესაძლოა საგრძნობლად აისახოს მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებზე. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სან-ფრანცისკოს სადამკვირვებლო საბჭოს წევრთა, ერთი შეხედვით, პროზაული არჩევნები. 

ამ ქალაქში სადამკვირვებლო საბჭოს ასარჩევად ტრადიციულად იყენებდნენ საერთო საქალაქო არჩევნებს: სელექტორატი შედგებოდა ქალაქის ყველა ამომრჩევლისაგან, ხოლო „გავლენიანთა“ რაოდენობა, რომლებიც ამა თუ იმ კანდიდატის საბჭოში გაყვანას უზრუნველყოფდა, მინიმალური იყო. 1977 წელს მეთოდი შეცვალეს: საერთო საქალაქო არჩევნები ოლქებში კენჭისყრით ჩანაცვლდა. ძველი წესების თანახმად, სადამკვირვებლო საბჭოს წევრებს მთელი ქალაქი ირჩევდა და თითოეული მათგანი წარმოადგენდა მთელ ქალაქს, რომელიც თავის მხრივ ერთიანი საარჩევნო ოლქი იყო. ახალი წესებით კი წევრებს ირჩევდნენ ოლქებში - შესაბამისად, ისინი საკუთარ ოლქს წარმოადგენდნენ; თოთოეულ კანდიდატს ბევრად ნაკლები ამომრჩეველი ირჩევდა, ვიდრე მანამდე. სან-ფრანცისკოს მცხოვრებთა პოლიტიკური გემოვნება 1975 და 1977 წლებს შორის მთლიანობაში დიდად არ შეცვლილა; მიუხედავად ამისა, კანდიდატი ჰარვი მილქი 1975 წელს საბჭოს არჩევნებში დამარცხდა, ორი წლის შემდეგ, 1977 წელს კი - პირიქით, წარმატებით აირჩიეს (თუმცა, მალევე ტრაგიკულად დაიღუპა). როგორც ჟურნალი Time-ი მოგვიანებით წერდა, ჰარვი მილქი „პირველი ღია ჰომოსექსუალი იყო, რომელმაც პლანეტის მთელი ისტორიის განმავლობაში, სერიოზულ სახელისუფლებო სტრუქტურაში მოხვედრა შეძლო“.        

ცვლილებები, რომლებიც ამ ორ თარიღს შორის მოხდა და რომლებმაც მილქის სასარგებლოდ იმუშავა, საკმაოდ მარტივია. 1975 წელს მის ასარჩევად მთელი სან-ფრანცისკოს „გავლენიანთა“ ფართო მხარდაჭერა იყო საჭირო. მაშინ მან 52 996 ხმა მიიღო და ფინიშთან მეშვიდე აღმოჩნდა, მაშინ როდესაც სადამკვირვებლო საბჭოში გადიოდა 5 პრეტენდენტი, რომლებმაც მაქსიმალურად ბევრი ხმა მიიღეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მილქმა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო, რის გამოც დამარცხდა. 1977 წელს კი მას მხოლოდ იმ ოლქის მხარდაჭერა სჭირდებოდა, სადაც კენჭს იყრიდა - კასტროს რაიონის, სადაც დიდწილად ჰომოსექსუალები ცხოვრობდნენ. მან იცოდა, რომ საკუთარ ელექტორატში დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მან მიიღო 5925 ხმა, რაც ოლქის ამომრჩევლების 29,42%-ის მხარდაჭერას ნიშნავდა, საკუთარ რაიონში პირველ ადგილზე გავიდა და საბჭოშიც მოხვდა.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, იგივე ნიუანსები და დეტალები, რომლებიც არსებითი გახდა სან-ფრანცისკოსათვის, აბსოლუტურად ესადაგება ზიმბაბვეს, ჩინეთის და კუბას არალიბერალურ მთავრობებს, ასევე ნაკლებად არაერთგვაროვანი ტიპის რეჟიმებს, როგორებიცაა რუსული, ვენსუელური ან სინგაპურული. ამ შემთხვევათაგან თითოეული ასევე შეიძლება წარმოვიდგინოთ სამი ორგანიზაციული განზომილების („ურთიერთშემცვლელების“, „გავლენიანების“ და „შეუცვლელების“) დინამიკაში.   

როგორც კი შევეჩვევით ფიქრს ამ სამი განზომილების ფარგლებში, ჩვენ მივიღებთ პასუხებს  თანამედროვე და არამხოლოდ თანამედროვე პოლიტიკის უფრო რთულ გამოცანებზეც. ჩვენი საბაზო თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ამბიციური ლიდერი ცდილობს მაქსიმალური ძალაუფლების მოპოვებას და მის შენარჩუნებას რაც შეიძლება დიდხანს. ამ მიზნების მიღწევისაკენ მიმართული „ურთიერთშემცვლელთა“, „გავლენიანთა“ და „შეუცვლელთა“ მართვა არის ის, რასაც პოლიტიკის არსი, ხელოვნება და მეცნიერება ჰქვია.

წესები, რომლებიც მმართველებს მართავს

როგორც ამბობენ, ფული, ყველა ბოროტების წყაროა. რაღაც თვალსაზრისით, შეიძლება.  თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ფული შესაძლოა ყველა იმ სიკეთის წყარო აღმოჩნდეს, რაც კი სახელმწიფო მართვაში არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან ლიდერები ფულს, რომელიც მათ ხელში იყრის თავს. მათ შეუძლიათ ფული სოციუმის თითოეული წევრის სასიკეთოდ გამოიყენონ; კარგი მაგალითია, ყველა მოქალაქის პირადი კეთილდღეობისა და საკუთრების დაცვისაკენ მიმართული ხარჯები. პრინციპში, საჯარო პოლიტიკა შედგება კიდეც დიდწილად ადამიანების კეთილდღეობაში საერთო სახსრების ინვესტირებისაკენ მიმართული ძალისხმევისაგან. 

იმავდროულად, მთავრობის შემოსავლები შეიძლება იხარჯებოდეს მცირერიცხოვან მეგობართა და დაახლოებულ პირთა ლოიალურობის ყიდვაზეც - საერთო კეთილდღეობის საზიანოდ; ზოგჯერ ფულს იყენებენ კორუფციის, შავი ბაზრისა და სხვა მანკიერი საზოგადოებრივი პრაქტიკების გავრცელებისათვის.

იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს რეალურად პოლიტიკა, დასაწყისში უნდა შევისწავლოთ, თუ რაზე ხარჯავენ ფულს ლიდერები. მიმართავენ თუ არა ისინი სახსრებს საზოგადოებრივი სიკეთეებისაკენ, რაც ყველასთვის სასარგებლოა? თუ დიდწილად ფულს კერძო სიკეთეებზე ხარჯავენ, რომლებიც მხოლოდ ზოგიერთებს ახალისებს? ნებისმიერი კეთილგონიერი პოლიტიკოსისათვის ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ადამიანთა მორჩილება სჭირდება მას უპირობოდ - ანუ იმაზე, თუ რამდენი „შეუცვლელია“ მის კოალიციაში.        

დემოკრატიაში, ან სხვა რაიმე სისტემაში, რომელშიც ლიდერის მხარდამჭერი კრიტიკული კოალიცია ძალიან დიდია, მორჩილების ყიდვა კერძო გასამრჯელოს გაცემით, ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ დემოკრატიული რეჟიმები, რომლებიც დიდ კოალიციებს ეყრდნობიან, აქცენტს აკეთებენ, როგორც ამას ჯეიმს მედისონი სთავზობდათ, ეფექტიანი საჯარო პოლიტიკის დაფინანსებაზე, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს საზოგადოების ყველა წევრის კეთილდღეობას.    

სხვაგვარადაა დიქტატორების, მონარქების, სამხედრო ხუნტების და კორპორაციების აღმასრულებელი დირექტორების შემთხვევაში, რომლებიც „შეუცვლელთა“ ბევრად მცირე ჯგუფებს ეყრდნობიან. ჯერ კიდევ მაკიაველი ამბობდა, რომ მათთვის უფრო მომგებიანია სახელმწიფო თუ კორპორატიული შემოსავლების დიდი ნაწილის ხარჯვა და საკუთარი კოალიციების ლოიალურობის ყიდვა მათთვის კერძო სარგებლის მიწოდების გზით - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სარგებელი უზრუნველყოფილია გადასახადის გადამხდელების ძირითადი მასის ან მილიონობით მცირე აქციონერთა ხარჯზე. ამგვარად, მცირე კოალიციები ჩვეულებრივ ახალისებენ სტაბილურად კორუმპირებულ და პირად სიკეთეებზე ორიენტირებულ რეჟიმებს. ამასთანავე, არჩევანი საერთო კეთილდღეობის გაზრდას ან პრივილეგირებული უმცირესობის გამდიდრებას შორის, არანაირად უკავშირდება ამა თუ იმ ლიდერის დიდბუნებოვნებას. რა თქმა უნდა, კეთილი მოტივები, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მათ ყოველთვის ჯაბნის მომხრეებზე ზრუნვის და მათი განებივრების აუცილებლობა. მათი გაბედნიერების ინსტრუმენტები კი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად მრავალრიცხოვანია იმ ადამიანთა რიგები, ვისაც დაჯილდოება სჭირდება.     

დაბეგვრა

საკუთარ მომხრეთა ლოიალურობის მოსაპოვებლად ლიდერს ფული სჭირდება. ნებისმიერმა მოღვაწემ, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს მართვა, პირველ რიგში სწორად უნდა შეაფასოს იმ სახსრების მოცულობა, რომლის ამოღებასაც ის რეგულარულად შეძლებს თავისი მეურვეობის ქვეშ მყოფთა ჯიბეებიდან, იქნებიან ისინი ამომრჩევლები თუ აქციონერები. „ამოღება“ სხვადასხვა ფორმით ხდება, მათ შორისაა საშემოსავლო, ქონების, საბაჟო, სალიცენზიო  გადასახადები, ყველა ტიპის სამთავრობო ბაჟი - მაგრამ ამ ყველაფერს (თავს ვარიდებთ რა ფუჭ ნიუანსებს) ზოგადად ვუწოდებთ „დაბეგვრას“. როგორც სულ ახლახან დავრწმუნდით, მმართველები, რომელთა ბატონობაც დიდ კოალიციებს ეყრდნობა, ვერ შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ კერძო სიკეთეების გაცემით: მათი მომხრეების კოჰორტა ამისთვის ძალიან დიდია. რადგან მათი პოლიტიკური წარმატება არა კერძო, არამედ საჯარო სიკეთეების გაცემაზე გადის, მათ უწევთ გადასახადების დაბალ ნიშნულებზე შენარჩუნება. ადამიანებს ურჩევნიათ საკუთარი ფული თავად ხარჯონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელია ფულის საერთო ყულაბაში ჩაგდება რაიმე ისეთი სიკეთის შესაძენად, რომელსაც ინდივიდუალურად ვერ იყიდი, რადგან ძალიან ძვირია.        

მაგალითად, ჩვენ ყველას გვჭირდება იმის განცდა, რომ სამაშველო სამსახური სწრაფად გაუმკლავდება ხანძარს, თუ ის ჩვენს სახლს დაემუქრება. ჰიპოთეტურად ალბათ შესაძლებელი იქნებოდა პირადი მეხანძრის დაქირავება, რომელიც მხოლოდ ჩვენს საცხოვრებელზე იზრუნებს. მაგრამ პრობლემა არა მხოლოდ ისაა, რომ ეს ძვირი სიამოვნებაა; იმავდროულად, ჩვენ მოგვიწევდა იმაზე ფიქრიც, რამდენად კარგად არინ დაცულები ჩვენი მეზობლები, რომელთა ხანძარიც შესაძლოა ჩვენს სახლს გადმოედოს. მეტიც, ჩვენს მეზობელს, რომელსაც ესმის, რომ არ გვსურს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილმა ხანძარმა დაგვაზიანოს, შეუძლია ოპორტუნისტული ტაქტიკა აირჩიოს და არაფერი გააკეთოს თავის დასაცავად იმაზე გათვლით, რომ ჩვენ მიერ დაფინანსებული მეხანძრე აუცილებლობის შემთხვევაში მის უძრავ ქონებასაც დაიცავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როდესაც საკუთარი ჯიბიდან მოგვიწევს ყველა მეზობლის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაფინანსება, რაც უძვირესი კომბინაციაა. უმარტივესი გზაა - შესაძლო ხანძრისაგან თავდაცვის ხარჯების მეზობლებთან განაწილება და ამ პასუხისმგებლობის ხელისუფლებისთვის დაკისრება. მის განსახორციელებლად ჩვენ გაცნობიერებულად ვიხდით გადასახადებს.       

მართალია, ჩვენ ხალისით ვიხდით გადასახადებს პროგრამებისათვის, რომლებსაც ყველა ჩვენთაგანისათვის სიკეთე მოაქვს (მაგალითად, გვიცავს ხანძრისაგან, დამნაშავეებისა და უცხოელი მტრებისაგან), მაგრამ საეჭვოა გვსიამოვნებდეს იმის ყურება, თუ როგორ გაიცემა ჩვენი საგადასახადო მოსაკრებლიდან უზარმაზარი ხელფასები პრემიერსა და პრეზიდენტზე ან ისე, როგორც კალიფორნიის ქალაქ ბელის შემთხვევაშია, ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეებზე. შედეგად, მთავრობის ხელმძღვანელები, რომლებიც დიდ კოალიციებს ეყრდნობიან, არასდროს ცდილობენ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მმართველების სიაში მოხვედრას.

რადგან რეჟიმის პირობებში, რომელიც დიდ კოალიციაზეა დამოკიდებული, მოსახლეობისგან ამოღებული ფულადი სახსრების ხარჯვის მისაღები ვარიანტები, მინიმალურია (მათი დახარჯვა მხოლოდ ზოგად სიკეთეებზე შეიძლება, რომლებსაც მოქალაქეები ინდივიდუალურად ვერ გადაიხდიდნენ) - დიდი კოალიციების პირობებში გადასახადები, როგორც წესი მაღალი არ არის. მაგრამ თუ „შეუცვლელ“ მხარდამჭერთა კოალიცია მცირეა, ხოლო კერძო სიკეთეები ხელისუფლების შენარჩუნებისთვის კარგ გზად გამოიყურება, ფართო მასების კეთილდღეობა შემცირდება. ასეთი კონფიგურაციისას ლიდერები ხისტ დაბეგვრას მიმართავენ, ანაწილებენ რა სიმდიდრებს უუფლებო „ურთიერთშემცვლელებისაგან“  თანხების მაქსიმალური ამოღებით და შემდეგ ამ შეგროვებული სახსრების „ძლევამოსილი კოალიციისთვის“ გადაცემით, რითაც მათ ანაყრებენ, ამდიდრებენ და მორჩილებს ხდიან.         

მაგალითად, აშშ-ში ცოლ-ქმარი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს გამომუშავებული პირველი 17 ათასი დოლარიდან. მაგრამ ჩინეთში, მეუღლეთა საგადასახადო ტარიფი იმავე ზომის შემოსავალზე 45%-ს შეადგენს, რაც აშშ-ში საშემოსავლო გადასახადის მაქსიმალურ ზღვარს აჭარბებს, ამიტომ არცერთი ამერიკელი, მიუხედავად მისი შემოსავლის მოცულობისა, ფედერალურ მთავრობას ამხელა თანხას არ უხდის. საყურადღებოა, პატარა კოალიციების რეჟიმები, რომელთა მსგავსიც ჩამოყალიბდა პატარა ქალაქ ბელში. ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფის წარმომადგენლები არ ჩივიან ქონების ზედმეტად მაღალი გადასახადის გამო, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემოიღო. მათ უწევთ ამ გადასახადის გადახდა, რადგან იმავეს აკეთებს ათასობით ადგილობრივი მცხოვრები. თუმცა, დანარჩენებისაგან განსხვავებით, მათ ბონუსები და შეღავათები აქვთ, რომლებიც ამავე გადასახადიდან ფინანსდება. კერძო სარგებელი, რომელსაც მუნიციპალური ხელისუფლების რამდენიმე „ნებიერა“ იღებს, უპრობლემოდ ფარავს ხარჯებს, რომელიც მათ საკუთარი ქონების მაღალი გადასახადის დასაფარად სჭირდებათ.         

ამგვარად, პირადი გამორჩენა ყველა ამ განტოლებაში დიდ როლს ასრულებს. შესაბამისად, ხომ არ უნდა დავფიქრდეთ, მაინც რატომ არ რიცხავენ თანამდებობის პირები მოსახლეობისგან ამოღებული გადასახადების და მოსაკრებლების ფულს, პერსონალურ საბანკო ანგარიშებზე? ეს კითხვა, განსაკუთრებით ადეკვატურია კორპორაციების მმართველი წევრების მიმართ. ინვესტორებს, რომლებიც თავიანთ ფულს აღმასრულებელ დირექტორს ან მმართველ თავმჯდომარეს ანდობენ, უნდათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ სახსრებს ჭკვიანურად გამოიყენებენ და სარგებელსაც მიიღებენ. მათი ინტერესია - შემოსავალი. მათ უნდათ, რომ აქციების ფასი იზრდებოდეს, ხოლო დივიდენდები დიდი და რეგულარული იყოს. თავს ნუ მოვიტყუებთ: პირად გამორჩენაზე მობილიზება ადასტურებს იმას, რომ მმართველებს, ბიზნეს ლიდერებს და ფაქტორბივად ნებისმიერი ჩვენგანს უყვარს ფულის სხვა ადამიანებისათვის გამორთმევა და ამ ფულის თავისთვის შენახვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კალკულაციების განმარტების შემდეგ ეტაპზე უნდა გავარკვიოთ, პირველ რიგში სხვისი სახსრების რა ნაწილის დატოვების შესაძლებლობა აქვს თავისთვის ლიდერს, და მეორეც, ხელისუფლების შენარჩუნების მსურველმა ლიდერმა, რამდენი უნდა დახარჯოს თავის კოალიციასა და მთლიანად საზოგადოებაზე.         

გადაადგილეთშეუცვლელთაკარტები

როგორც უკვე გავარკვიეთ, ხელისუფლების შესანარჩუნებლად, სხვა ადამიანების მხარდაჭერაა საჭირო. ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გარანტირებული, თუ ლიდერი საკუთარ „შეუცვლელებს“ იმაზე მეტი სიკეთით უზრუნველყოფს, ვიდრე „შეუცვლელების“ აზრით მათ ალტერნატიული ხელმძღვანელობა უზრუნველყოფდა. მაგრამ როდესაც „შეუცვლელები“ იწყებენ ფიქრს, რომ ისინი ძალაუფლების სხვა პრეტენდენტის კალთის ქვეშ უკეთ იგრძნობდნენ თავს, ისინი „გარბიან“. 

ლიდერის საქმე ურთულესია. მან მხარდამჭერებს აუცილებლად უნდა შესთავაზოს იმაზე მეტი, ვიდრე სთავაზობენ კონკურენტები. და მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება ხშირად რთულია, პოლიტიკის ლოგიკა გვკარნახობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უკავიათ, უკვე აქვთ უზარმაზარი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ახლო გარემოცვა პატარაა, ხოლო „ძლევამოსილი კოალიციის“ წევრთა შესაცვლელად დიდი არჩევანია.

სწორედ ასეთი პოლიტიკური სისტემა ააწყო ლენინმა რუსეთში ოქტომბრის შემდეგ: ამით აიხსნება ისიც, რომ 1917 წლის რევოლუციიდან ვიდრე გორბაჩოვის 1980-იანი წლების რეფორმებამდე მხოლოდ ერთი საბჭოთა ლიდერი, ნიკიტა ხრუშჩოვი გადააყენეს ძალით. ყველა დანარჩენი ბელადი მშვიდად კვდებოდა სიბერის ან ავადმყოფობისაგან. ხრუშჩოვმა ვერ შეძლო თავისი დამქაშების უზრუნველყოფა იმით, რასაც დაჰპირდა. არადა სწორედ „შეუცვლელებისთვის“ გაცემული პოლიტიკური დაპირებების გარანტირებული რეალიზება უზრუნველყოფს ძალაუფლების მყარ საფუძველს ლიდერისათვის.        

ხელისუფლების შენარჩუნების ისტორიები ერთმანეთს ჰგავს, თუმცა დეტალები შესაძლოა განსხვავდებოდეს, განსაკუთრებით პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით, სადაც „შეუცვლელი“ მხარდამჭერების რაოდენობა დიდია. ზედაპირულმა დამკვირვებლებმაც კი იციან, რომ საარჩევნო კამპანიებში მუდმივად ფიქსირდება შეუსაბამობა ხელისუფლებაში მოსვლამდელ დაპირებებსა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ საქმიანობს შორის. ხელისუფლებაში დამკვიდრების შემდეგ, ახალი ლიდერი ხშირად იცილებს თავიდან მათ, ვინც მწვერვალზე ასვლაში დაეხმარა, და ცვლის მათ იმ ადამიანებით, რომლებიც მას უფრო ლოიალურებად ეჩვენება.          

მაგრამ საქმე მხოლოდ ამაშიც არაა. თავად „შეუცვლელებსაც“ საკმარისად უჭირთ იმ წინადადებების შეჯერება და აწონ-დაწონვა, რომლებსაც ლიდერი და მისი კონკურენტი დროის რაღაც კონკრეტულ მომენტში სთავაზობენ. ვივარაუდოთ, რომ ლიდერობის პრეტენდენტი თავისებს ნაკლებს უხდის, მაგრამ იგულისხმება, რომ მათ, ვინც მის ახლო წრეში დარჩება, ანაზღაურება გაეზრდება. სიმართლეა ისიც, რომ ზოგჯერ ლიდერის კონკურენტი დღეს გთავაზობს მეტს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მისი ყველა დაპირება ცარიელ სიტყვებად დარჩება. 

„შეუცვლელებმა“ ერთმანეთს უნდა შეადარონ არა იმწუთიერი უპირატესობები, არამედ ისინი, რომლებიც მოსალოდნელია ხვალ, რადგან დროსთან ერთად მათ შესაძლოა მეტი მისცენ. 

თუკი თანამებობაზე დამკვიდრების შემთხვევაში, ლიდერი თავის კოალიციაში ახალ მხარდამჭერს იზიდავს - ეს კარგი ინდიკატორია იმისა, რომ ის მომავალშიც დაეყრდნობა ახალბედას და დააჯილდოვებს მას: სხვა შემთხვევაში ის არ შეეცდებოდა მიზანმიმართულად გადაეხარისხებინა ადამიანები, რომელთა ნაწილი, დიდი ალბათობით, მის მიმართ ლოიალური დარჩება, ნაწილი კი, სავარაუდოდ, მომავალში ლიდერის წინააღმდეგ იმოქმედებს. მსგავსი დაპირებების გაცემა ლიდერობის კანდიდატსაც შეუძლია, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა ამოძრავებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალაუფლებისთვის ბრძოლის პროცესში, ის დანაპირებს შეასრულებს.  

ის, თუ როგორ სწევენ მოგვიანებით გვერდზე ადამიანებს რომლებიც ლიდერთან ერთად ძალაუფლებისთვის ბრძოლის რისკებს იზიარებდნენ, შეგვიძლია ფიდელ კასტროს თანამებრძოლთა ტიპურ მაგალითზე განვიხილოთ. 1959 წლის იანვარში, რევოლუციის დასრულებისთანავე კასტროს მიერ დანიშნული 21 მინისტრიდან, წლის ბოლომდე თორმეტი - ან თავად გადადგა ან გადააყენეს. კიდევ ოთხმა დაკარგა თანამდებობა 1960 წელს, როდესაც კასტრომ ძალაუფლების კონსლიდირება დაიწყო. ერთ დროს მისი უახლოესი თანამებრძოლები და ძველი მხარდამჭერები, საბოლოოდ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ. მათგან ყველაზე იღბლიანებისათვის ბელადთან გაყრა გაძევებით დასრულდა, სხვებისთვის - დაღუპვით. ამ უკანასკნელთა შორის აღმოჩნდა ყველაზე ცნობილი კუბელი რევოლუციონერი, ერნესტო ჩე გევარა.    

ჩეს შეეძლო ხელისუფლებაში მეორე კაცი ყოფილიყო, რაც არ მოისურვა და რითაც საბედისწერო შეცდომა დაუშვა. კასტრომ ჩე კუბიდან 1965 წელს „გაიყვანა“ - ნაწილობრივ მისი პოპულარობის გამო, რაც მას მბრძანებლის პოტენციურ კონკურენტად ქმნიდა. კასტრომ ჩე 1965 წელს სპეციალური მისიით გააგზავნა ბოლივიაში, მაგრამ 1967 წლის მარტის ბოლოს შეწყვიტა გევარას მხარდაჭერა და ის სახსრების გარეშე დატოვა. ბოლივიელი ოფიცრის, კაპიტან გარი პრადო სალმონის თქმით, რომელმაც ჩე დააკავა, ტყვე მას ეუბნებოდა, რომ ბოლივიაში ფიდელის ბრძანებით ჩავიდა და არა საკუთარი სურვილით. კასტროს ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს:

„კომენდანტე ჩე გევარამ ფაქტობრივად ზუსტად გაიმეორა ის გზა, რომლის გავლაც მოუწიათ მანამდე კასტროს რევოლუციისდროინდელ სხვა უახლოეს თანამებრძოლებს - ფრანკ პაისს, კამილო სიენფუეგოსს, უბერ მატოსს და უმბერტო სორი მარინის. ყველა მათგანს ფიდელი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში კონკურენტებად მიიჩნევდა და ყველა, ამა თუ იმ ფორმით, მოიშორა. ჩე გევარა ბოლივიაში მოკლეს, რითაც ის გადაურჩა სამარცხვინო საჯარო ანგარიშსწორებას ყოფილი თანამებრძოლის ხელიდან. მაგალითად, უმბერტო სორი მარინი, რომელიც მეამბოხეთა არმიის მეთაური იყო, რევოლუციის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულეს და 1961 წლის აპრილში დახვრიტეს.   

გარდამავალი პოლიტიკური პერიოდები სავსეა იმის მაგალითებით, თუ როგორ იშორებენ ლიდერები გამარჯვებისთანავე ადამიანებს, რომლებიც მათ ძალაუფლების მოპოვებაში დაეხმარნენ. ეს კანონზომიერება ვლინდება ნაციონალური და ადგლობრივი მთავრობების, კორპორაციების, მაფიოზური კლანების და ზოგადად, ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში. „ძლევამოსილი კოალიციის“ თითოეულმა წევრმა, იცის რა, რომ ის შესაძლოა შეცვალონ, არაფრით უნდა მისცეს გამარჯვებულ ლიდერს შეცვლის საბაბი.

ლუი XIV მსგავს საკითხებში ძალიან კარგად ერკვეოდა. როდესაც თქვენ გჭირდებათ თანამოაზრეების უმცირესი ჯგუფი, რომლის დაკომპლექტებაც პოტენციური მომხრეების დიდი წრიდან შეგიძლიათ (როგორც ეს ზიმბაბვეს, ჩრდილოეთ კორეის ან ავღანეთის მცირე კოალიციების შემთხვევაშია), არ არის აუცილებელი შემოსავლების ძალიან დიდი წილის ხარჯვა ლოიალურობის საყიდლად. ხოლო თუ შესაძლო ჩანაცვლების ვარიანტები მცირეა, მაშინ კოალიციის ლოიალურობის შესანარჩუებლად სერიოზულად უნდა დაიხარჯოთ. ეს წესი ორ შემთხვევაში მოქმედებს: როდესაც კოალიციაც და სელექტორატიც მცირერიცხოვანია (როგორც მონარქიასა და სამხედრო ხუნტაში) ან როდესაც კოალიციაც და სელექტორატიც, პირიქით დიდია (როგორც დემოკრატიებში). მსგავს გარემოებებში ლიდერისთვის კოალიციის წევრების შეცვლის შესაძლებლობა საკმაოდ შეზღუდულია, შესაბამისად „შეუცვლელებმა“ შესაძლოა საკუთარი ერთგულების შენარჩუნების ფასი გაზარდონ. ასეთი კონფიგურაციის შედეგად, ლიდერს ეზღუდება შემოსავლების განკარგვის შესაძლებლობები, რადგან  იძულებულია დაიხარჯოს სახსრები თავისიანების ლოიალურობის შენარჩუნებაზე და  პოლიტიკური მტრების შემხვედრი წინადადებები გააუვნებელყოს.         

როდესაც „შეუცვლელები“ „ურთიერთშემცვლელებთან“ შედარებით ძალიან ცოტანი არიან, ელექტორალური ავტორიტარიზმის რეჟიმებში ან კორპორაციებში, რომელთა აქციების მნიშვნელოვანი წილით ბირჟებზე ვაჭრობენ, კოალიციის ლოიალურობას იაფად ყიდულობენ, ხოლო მოხელეს მანევრისთვის დიდი სივრცე ეხსნება. მათ შეუძლიათ საკუთარი კონტროლის ქვეშ არსებული სახსრები მიმართონ საკუთარი თავისკენ ან საყვარელი საჯარო პროექტებისაკენ. კლეპტოკრატებს კი, რა თქმა უნდა, ფული საიდუმლო საბანკო ანგარიშებზე ან ოფშორებში გადააქვთ და შავი დღისთვის ინახავენ.    

ავტოკრატების მცირე ნაწილი, რომლებსაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა გააჩნიათ, ცდილობენ  თანამებრძოლების ამბოხი თავიდან აიცილონ და დისკრეციულ ფონდებს (ის, რაც მათ ხელში რჩება საგადასახადო შენატანებიდან და რომლის ხარჯვაც კოალიციის ლოიალურობაზე აუცილებელი არაა) საზოგადოებრივ საჭიროებებზე ხარჯავენ. ასეთი ხარჯი, შესაძლოა, ძალიან ეფექტიანი იყოს, როგორც მაგალითად, სინგაპურში ლი კუან იუს და ჩინეთში დენ სიაოპინის შემთხვევაში; ზოგჯერ კი პირიქით - მარცხით სრულდება, როგორც ეს მოხდა განაში კვამე ნკრუმის ინდუსტრიული პროგრამის ან ჩინეთში მაო ძედუნის „დიდი ნახტომის“ პოლიტიკისას.  

ჩვენ ვხედავთ, რომ ლიდერის სურვილი შეინარჩუნოს ხელისუფლება აყალიბებს ზოგიერთ საკვანძო გადაწყვეტილებას შემოსავლების მიღებისა და შემდგომში მათი განაწილების თვალსაზრისით. მაღალია თუ დაბალი შემოსავლის ტარიფი, იხარჯება თუ არა ფული დიდწილად საზოგადოებრივ თუ პირად სარგებელზე, განკარგავს თუ არა ლიდერი მსხვილ თანხებს - ესაა ცვლადები, რომელზეც დამოკიდებულია იმ მმართველობითი სტრუქტურის პოლიტიკური წარმატება, რომელიც ლიდერს წინამორბედებისგან მემკვიდრეობით ერგო ან თავად შექმნა.  

პოლიტიკაში გადარჩენის პრინციპების ჩვენეული გაგება გვკარნახობს 5 საბაზო წესს, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ლიდერებს ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში წარმატების მისაღწევად: 

1-ლი წესი: შეინარჩუნეთ მაქსიმალურად მცირე „ძლევამოსილთა კოალიცია“. ასეთ დროს  ლიდერი ხელისუფლების შესანარჩუნებლად ნაკლებ ადამიანს ეყრდნობა. რაც უფრო ცოტაა „შეუცვლელი“, მით უფრო იოლია მათი კონტროლი და მით უფრო დიდია სივრცე დისკრეციული ხარჯებისათვის. პატარა კოალიციების ჭეშმარიტი ვირტუოზი იყო ჩრდილოკორეელი კიმ ჩენ ირი.     

მე-2 წესი: შეინარჩუნეთ მაქსიმალურად ფართო ნომინალური ელექტორატი, „ურთიერთშემცვლელების“ დიდი წრე საშუალებას მოგცემთ კოალიციაში ნებისმიერი მემბოხე იოლად შეცვალოთ - როგორც „გავლენიანებში“, ასევე „შეუცვლელებში“. ფართო სელექტორატი სულ ცოტა ნიშნავს მოადგილე-თანაშემწეების სოლიდურ მარაგს, რომელიც „შეუცვლელებს“ მუდმივად ახსენებს, რომ კარგად უნდა მოიქცნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეცვლიან. ეს წესი შესანიშნავად გამოიყენა ვლადიმერ ლენინმა, რომელმაც რუსეთში ხმის მიცემის საყოველთო უფლება შემოიღო, რითაც ოსტატურად გაზარდა „ურთიერთშემცვლელთა“ რესურსი.    

მე-3 წესი: აკონტროლეთ სახელმწიფო შემოსავლების ნაკადი. ხელმძღვანელისათვის ყოველთვის მომგებიანია, თავად განსაზღვროს, ვინ და რამდენი უნდა მიირთვას საერთო ულუფიდან, ვიდრე ეს ულუფა ყველას ერთად მიაწოდოს და ადამიანებმა თავისი წილის დატაცება დაიწყონ. ლიდერისათვის ამ ნაკადის ყველაზე მომგებიანი განაწილებაა, როდესაც უმრავლესობას სახსრები საერთოდ არ აქვს, და იმავდროულად შემოსავლები ისე ნაწილდება, რომ ლიდერის რამდენიმე რჩეული მხარდამჭერი მდიდრდება. პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის ქონება, არსებული შეფასებით, 4 მილიარდ დოლარს აჭარბებს“! და ეს იმ ფონზე, როდესაც მისი მართული ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში შემოსავლების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.          

მე-4 წესი: საკვანძო მხარდამჭერებს გადაუხადეთ ზუსტად იმდენი, რამდენიც აუცილებელია მათი მორჩილების შესანარჩუნებლად. გახსოვდეთ, რომ თქვენი მხარდამჭერები თქვენ ადგილას ყოფნას უფრო ისურვებდნენ, ვიდრე თქვენზე დამოკიდებულებას. ლიდერის უპირატესობა მათთან შედარებით ის არის, რომ მან იცის ფული სადაა, სხვებმა კი არა. ამიტომ კოალიციას იმდენი ფული უნდა გამოუყოთ, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ თქვენი შემცვლელის ძებნა არ დაიწყონ - მაგრამ არცერთი ცენტით მეტი. მაგალითად, ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, ყოველთვის, როდესაც სამხედრო გადატრიალება დაემუქრებოდა, უმალ პოულობდა ფულს არმიისათვის და მათ ერთგულებას ინარჩუნებდა.  

მე-5 წესი: ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ფულს მხარდამჭერების ჯიბეებიდან ნუ ამოიღებთ. საკუთარი კოალიციის მიმართ ძუნწი არ უნდა იყო. თუ თქვენ გინდათ ხალხზე მზრუნველის რეპუტაცია თქვენი კოალიციის ხარჯზე მოიპოვოთ, „მეგობრები“ მალე ამოგიღებენ მიზანში. მასების მიმართ პოლიტიკის ეფექტიანობა, სულაც არ არის „შეუცვლელთა“ შორის ლოიალურობის გარანტი. მშიერ ხელქვეითებს არ ეყოფათ ძალა თქვენს დასამხობად, ამიტომ მათზე არ ინერვიულოთ. კოალიციის იმედგაცრულებულ წევრებს კი შეუძლიათ გიღალატონ და სერიოზული პრობლემები შეგიქმნან. მიანმარის პრეზიდენტი, გენერალი ტან შვე სწორად მოიქცა 2008 წელს, როდესაც ქვეყანას ქარიშხალი „ნარგისი“ დაატყდა თავს, იმის ნაცვლად რომ ბირმისათვის მიწოდებული სასურსათო დახმარება კატასტროფაში დაშავებული მოქალაქეებისათვის გადაეცა (მინიმალური გათვლებით 138 ათასი ადამიანი დაიღუპა), თავის სამხედრო მხარდამჭერებს ამ დახმარების შავ ბაზარზე რეალიზების საშუალება მისცა.      

მუშაობს თუ არა ეს წესები დემოკრატიებში?

აქ ზოგიერთი მკითხველი წამოიძახებდა: „შეჩერდით! არჩეული ლიდერი რომ ამ წესებით ხელმძღვანელობდეს, ძალიან მალე უმუშევარი დარჩებოდა“. სკეპტიკოსი, რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ - ბოლომდე არა.

როგორც ცნობილია, დემოკრატიულ ხელმძღვანელს უჭირს თავისი ძალაუფლებრივი პოზიციების დაცვა სიტუაციაში, როდესაც ფინანსებს სრულად ვერ აკონტროლებს. ის ყოველთვის შეზღუდულია კანონმდებლობით, რომელიც იმავდროულად განსაზღვრავს (ელექტორალური პროცედურების დადგენით) კოალიციის მოცულობას, რომელიც ლიდერს ხელისუფლებაში მოსასვლელად სჭირდება. ასეთი კოალიცია შედარებით დიდი უნდა იყოს, ლიდერი კი მის მოთხოვნებზე უნდა რეაგირებდეს, ამიტომ 1-ლი წესი მასზე თითქოს არ ვრცელდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ წესით მოქმედება მისთვის მიმზიდველი არ არის, ისევე როგორც სხვა ზემოთჩამოთვლილი წესებით.

როგორ ფიქრობთ, მაგალითად, აშშ-ის კონგრესი რატომ ცვლის მუდმივად საარჩევნო ოლქების საზღვრებს? სწორედ იმიტომ, რომ 1-ლი წესი გვეუბნება: „შეინარჩუნეთ მაქსიმალურად მცირე „ძლევამოსილთა კოალიცია“. 

რატომ ახალისებენ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები მიგრაციას? მე-2 წესის გამო: „გააფართოვეთ „ურთიერთშემცვლელთა“ წრე“.

რატომ იწვევს საგადასახადო კოდექსი ასეთ ცხარე კამათს ყოველთვის? მე-3 წესი გადაიკითხეთ: „მოიპოვეთ კონტროლი სახელმწიფო შემოსავლებზე“. 

რატომ ხარჯავენ დემოკრატები ამდენ საგადასახადო შენატანებს სოციალურ პროგრამებზე? მე-4 წესს იცავენ: „დააჯილდოვეთ თქვენი „შეუცვლელები“ ნებისმიერ ფასად“.

რატომ უნდათ „რესპუბლიკელებს“, რომ საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვარი შემცირდეს, ხოლო საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა გაუქმდეს? ისინი მე-5 წესს მისდევენ: „ნუ გაძარცვავთ საკუთარ მხარდამჭერებს, მოწინააღმდეგეთა დასაპურებლად“.

ავტოკრატების და ტირანების მსგავსად, დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები ამ წესებს იმიტომ მისდევენ, რომ როგორც ყველა ლიდერს, ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, მისი შენარჩუნება უნდათ. ყველაზე დემოკრატიული ლიდერებიც კი არ ტოვებენ თანამდებობას, ვიდრე არ აიძულებ. დემოკრატების შემთხვევაში მთავარი სირთულე ის არის, რომ ისინი უფრო მეტად არიან შეზღუდულები და უწევთ იმაზე გამჭრიახნი იყვნენ, ვიდრე მათი ავტოკრატი კოლეგები. გარდა ამისა, ისინი წარმატებას უფრო იშვიათად აღწევენ. დემოკრატებს, რომლებიც თავიან თანამოქალაქეებს ცხოვრების უფრო მაღალი დონით უზრუნველყოფენ, ვიდრე ტირანები, უფლებამოსილების უფრო მოკლე ვადები აქვთ.     

პოლიტიკური სხვაობები, ჩვენ მიერ მონიშნული სამი გაზომილების ზღვარზე, მუდმივად გვახსენებენ თავს. ისტორიაში ზოგიერთი „მეფე“ სინამდვლეში არჩევითი ფიგურა იყო. ზოგიერთი „დემოკრატი“, პირიქით, საკუთარ ხალხს საკმაოდ დესპოტურად მართავდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტოკრატებს და დემოკრატებს შორის სხვაობა ხისტი არ არის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ორი სამყარო ყოველთვის კვეთს ერთმანეთს - იმის მიუხედავად, რომელ ქვეყანასა თუ ორგანიზაციაზე ვლაპარაკობთ. გაკვეთილების სწავლა ნებისმიერი უკიდურესობიდან შეიძლება, იქნება ეს სადამ ჰუსეინი თუ ჯორჯ ვაშინგტონი. ბოლოს და ბოლოს, არავის უთქვამს უარი უძველეს სიბრძნეზე, რომ პოლიტიკოსები ყოველთვის და ყველგან ერთნაირები არიან.

ბრიუს ბუენო დე მესკიტა - ნიუ-იორკის უნივერისტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი

ალისტერ სმიტი - ნიუ-იორკის უნივერისტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...

მეტი

^