Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს!

24 სექტემბერი 2010

რატომ გადაწყვიტეთ, რომ კოსმოლოგია და ნაწილაკების ფიზიკა ის სფერო იყო, რომლის შესწავლაც თან საინტერესო იქნებოდა  და თან მნიშვნელოვანი?

რატომ გადაწყვიტეთ, რომ კოსმოლოგია და ნაწილაკების ფიზიკა ის სფერო იყო, რომლის შესწავლაც თან საინტერესო იქნებოდა  და თან მნიშვნელოვანი?

ინტერესს ადამიანი არ ირჩევს, ის თავისით მოდის. საერთოდ, მეცნიერების ყველა განხრა საინტერესოა, რადგან მეცნიერება ხსნის ჩვენს არსებობას. ფუნდამენტური მეცნიერება  იმ კითხვებს პასუხობს, რაც კაცობრიობას აღელვებს და  აუცილებელი არ არის, მეცნიერი იყო, რომ  ამით დაინტერესდე.

საერთოდ, ყველა მეცნიერება მაინტერესებს, მაგრამ ჩემი დარგი ფიზიკაა. საიდან წარმოვიშობით, რა არის კანონები,რასაც სამყარო ემორჩილება - ზოგადი კითხვები ბავშვობიდან  მაინტერესებდა და მომეჩვენა, რომ ფიზიკას ჰქონდა ამ კითხვებზე პასუხი.  კოსმოლოგია ფიზიკის ერთერთი განხრაა.

თქვენს სპეციალიზაციას უცნაური სახელი აქვს: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და კოსმოლოგია. პირველი ძალიან მცირე დეტალებს შეისწავლის, მეორე -  მასშტაბური და მრავლისმომცველია. რა კავშირშია ეს ორი სფერო ერთმანეთთან?

ელემენტარული ნაწილაკებისა და კოსმოლოგიის კავშირს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: კოსმოლოგია სამყაროს დინამიკაა, მეცნიერება სამყაროს ისტორიაზე; იმაზე, თუ როგორი იყო ის ადრე და როგორი იქნება მომავალში. ამისათვის საჭიროა გავიგოთ, რა კანონები მოქმედებდა სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპებზე.  მაგალითად, ადრე სამყარო ძალიან ცხელი და მკვრივი იყო, მასშტაბები - შემცირებული.   ის კანონები, რომლებიც  ელემენტარულ ნაწილაკებს შორის მოქმედებს, გადამწყვეტ როლს თამაშობდა სამყაროს ჩამოყალიბებაში. შესაბამისად,  ელემენტარული ნაწილაკების ბუნების გაგების გარეშე, შეუძლებელია, სამყაროს შესახებ გაიგო და კოსმოლოგია შეისწავლო.

ამას გარდა, კოსმოლოგია ლაბორატორიაც არის, სადაც შეგვიძლია, ელემენტარული ნაწილაკების შესახებ ჩვენი იდეები შევამოწმოთ. უხეშად რომ ვთქვათ, სამყარო არის ყველაზე დიდი "ამაჩქარებელი", და მასზე დაკვირვებით იდეებს შევამოწმებთ. ასე ვხვდებით, სწორად მივდივართ თუ სიბნელეში აღმოვჩნდით.

მეცნიერება, გარკვეულწილად,  კონსერვატული სფეროა. უკვე დამკვიდრებულ  ცნებებზე  აგებული. რამდენად ადვილია ამ სფეროში ახალი ინიციატივებით და თეორიებით შეჭრა?

მეცნიერება, ერთდროულად,  კონსერვატულიცაა და, ამავე დროს, ძალიან დინამიური. მეცნიერების კონსერვატულობა ძალიან განსხვავდება სხვა დისციპლინების კონსერვატულობისგან.  ეს  დაფუძნებულია არა დოგმებზე, არამედ, კოლექტიურ  ცოდნაზე, რომლის კორექტირებაც მუდმივად ხდება.   ჩვენ არ გვყავს კერპები. რაც უნდა ავტორიტეტული იყოს მეცნიერი, მის ნებისმიერ მტკიცებულებას  „კოლექტიური ტვინი" კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. თუ  ახალი იდეა რევოლუციურია და პარადიგმებს ანგრევს,  ამასთან შეგუებას დრო სჭირდება.  ეს დრო შეიძლება, იყოს  1 კვირა, 6 თვე, ან წლები.  თუმცა, ბოლოს ეს კოლექტიური ტვინი ახალ იდეას ითვისებს.

მეცნიერების განვითარებისას,  ზედნაშენი ძველს არასდროს  ანგრევს, რადგან ძველი, როგორც წესი, კარგად არის ხოლმე შემოწმებული.  თანამედროვე საერთაშორისო სისტემა ამ თვალსაზრისით ძალიან მოქნილია.  ახალგაზრდებსაც კი ნებისმიერ დონეზე აქვთ საშუალება, განსაკუთრებით ჩვენს დარგში,  თავიანთი იდეები მსოფლიოში ცნობილი გახადონ.

თქვენ როგორ მოახერხეთ ადგილის დამკვიდრება თუნდაც მაშინ, როდესაც სამყაროს გაფართოების ახალ კანონზომიერებას მიაგენით?

მე ყოველთვის აღტაცებული ვარ იმით, რასაც  ვაკეთებ რომელიმე კონკრეტულ მომენტში. თუ  დღეს რამეზე ვფიქრობ და ვმუშაობ, ის მიმაჩნია ძალიან  მნიშვნელოვნად. როცა პირველად უნივერსიტეტის სემინარზე რაღაცის წაკითხვა დამავალეს და ჩემით მოვძებნე ინფორმაცია, მაშინაც აღტაცებული ვიყავი.

ნებისმიერი პროგრესი მეცნიერისთვის შთაგონების და ენთუზიაზმის წყაროა.    ჩემთვისაც ასეა.  მეცნიერის პროგრესში დიდ როლს იდეები თამაშობს.  შეიძლება, ეს იდეები ფართოდ არასოდეს გამოიყენო, მაგრამ იმ მომენტში, როცა ტვინი ახლის გენერაციას აკეთებს, ეს შთაგონების ძალიან დიდი წყაროა.

ფუნდამენტური მეცნიერება შემოქმედებითი საქმიანობაა.   ხოლო შემოქმედების ახსნა - რატომ აკეთებ ამას და არა სხვა რამეს - ძალიან ძნელია. ეს  იგივეა, რომ მხატვარს კითხოთ, რატომ ხატავო? მეცნიერებიც ასე არიან  მოწყობილები - ეს პროცესი მათთვის აუცილებლობაა. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ რასაც ვაკეთებთ,  არა მარტო ჩვენი ინტერესის დაკმაყოფილებისთვის, არამედ კაცობრიობისთვისაა მნიშვნელოვანი, თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით.

როგორ აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ცოდნა პარალელური განზომილებების, პირველადი სამყაროს, მისი აგებულების, ტემპერატურის,  მასის და დროის სიჩქარის შესახებ?  რას  დავკარგავთ, თუ არ გვეცოდინება, მაგალითად, რამდენია   „სამყაროს პლანკის  სიგრძე"?

ნებისმიერი არცოდნა კაცობრიობისთვის მინუსია.  პროგრესი ცოდნას მოსდევს. ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება,  ესა თუ ის კონკრეტული აღმოჩენა რას შეცვლის სხვების ცხოვრებაში.  ნებისმიერ  ფუნდამენტურ  აღმოჩენას უცებ ისეთი  დიდი გავლენა ჰქონია, რომ ამას ვერ იწინასწარმეტყველებდნენ.

მაგალითად,  www  სისტემა, რომლებიც ფიზიკოსებმა შექმნეს და   მუშაობისთვის იყენებდნენ,  მერე  კაცობრიობას უსასყიდლოდ  აჩუქეს და ახლა დარწმუნებული ვარ, თქვენც ყოველდღიურად იყენებთ ამ სისტემას.

მეცნიერები ამბობენ, რომ ცერნის ამაჩქარებელი (დიდი ადრონული კოლაიდერი )   ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. იქ ჩატარებული ექსპერიმენტები კაცობრიობას დაეხმარება,  მიაგნოს  სამყაროს ფუნდამენტურ აგურებს... კონკრეტულად რა შეიძლება,  შეცვალოს ახალმა აღმოჩენებმა, რის ამოხსნას ელოდებით ?

წარმოიდგინეთ, რომ  ეს ამაჩქარებელი არის მსოფლიოში და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიკროსკოპი. მისი დახმარებით  შეგვიძლია, ჩავიხედოთ სულ უფრო და უფრო პატარა მანძილებზე.  დაახლოებით 10-17 სანტიმეტრით. მისი საშუალებით, მატერიის სუბსტრუქტურას ვარჩევთ - ეს არის ამ დანადგარის  ძირითადი ფუნქცია. საბოლოოდ, ჩვენი მიზანი ის არის, რომ ვეძებთ სამყაროს პირველ საწყისს, ანუ, იმ ფუნდამენტურ აგურებს, რომლისგანაც სამყარო შედგება.

"ახალგაზრდა" სამყარო  ძალიან მკვრივი იყო, მანძილები კი - პატარა.  ჩვენ საშუალება გვეძლევა, წარსულში დავბრუნდეთ და სამყაროს ის სურათი ამოვიკითხოთ.  და თუ მთლიანად ვერა,  ადრეული სამყაროს შესახებ რაღაც  ასპექტები  გავიგოთ - მაგალითად, რა ხდებოდა მაღალ ენერგიებზე?

ამაჩქარებელი საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს თეორიული მოსაზრებები მასების წარმოშობის თაობაზე? ან, როგორ წარმოიშობა მასები ფუნდამენტში? არსებობს თუ არა ამ მანძილებზე დამატებითი განზომილებები? ჩვენს სამყაროში ხომ  სამი განზომილებაა.  თითქოს, მეტი არ ჩანს, მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამატებითი განზომილებები არ არსებობს. მათი არსებობა  თეორიულად მოტივირებულია. შესაბამისად, ეს ექსპერიმენტი საშუალებას მოგვცემს, ან დავინახოთ, ან შემოვსაზღვროთ ამ დამატებით განზომილებების არსებობას,  მათ ზომას, გეომეტრიას.

ამ ამაჩქარებელში უკვე მიმდინარეობს პროტონების დაჯახებები. წარმოიდგინეთ მეტროს გვირაბი, სადაც ორი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს მატარებელი. მსგავსი პრინციპით  ორი მიმართულებით ხდება პროტონების აჩქარება კლაიდერშიც.  როცა პროტონები რაღაც ენერგიას აღწევენ, შემდეგ ეჯახებიან ერთმანეთს. ეს დაჯახებები სულ მიმდინარეობს,  დროის პატარა მონაკვეთში.

გეგმის მიხედვით,  სიმძლავრე თანდათან უნდა გაიზარდოს და მაღალ ენერგიებს მიაღწიოს. ასეთი დიდი დანადგარის და რთული სისტემის პროგნოზირება რთულია.     გასაოცარი ის უფროა, რომ ჯერ ასე კარგად მუშაობს.  ნებისმიერ დროს შეიძლება ხარვეზი წარმოიშვას. შედეგებს რაც შეეხება, ექსპერიმენტატორები  მონაცემების გაშიფვრაზე ახლა მუშაობენ.

თუ ძალიან გაგვიმართლა, ჩვენს კითხვებზე პასუხი შეიძლება, მალევე მივიღოთ, თუმცა, შეიძლება, წლებიც დასჭირდეს.

როგორ მოხვდით,  90-იან წლებში საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში? რატომ წახვედით მაშინ ?  საბჭოთა სისტემა რომ არ დაშლილიყო, ამას მაინც შეძლებდით?

საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, ეს შანსი, ალბათ, არ იქნებოდა. თავიდან საბჭოთა კავშირში მეცნიერება და ტექნიკური დარგები პრიორიტეტული იყო.  მუდმივად ხდებოდა თანხების ინექცია  მეცნიერულ კვლევებში. სისტემა რომ  მოიშალა,  ყველაფერი ინერციით  გრძელდებოდა.   ზოგიერთ ინსტიტუტში  შესაძლებელი იყო მუშაობის გაგრძელება, ზოგიერთში კი უკვე ძალიან რთული ვითარება იყო.

იმ დროს, 90-იან წლებში, სხვადასხვა ეტაპზე მყოფმა მეცნიერებმა დაიწყეს მიმოსვლა და მაშინ მეც წავედი.  გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მივიღე.

კოსმოლოგია, მით უმეტეს, თეორიული კოსმოლოგია, ფიზიკის  შედარებით ახალი დარგია. განსაკუთრებით ახალია  მისი განხრა - ასტრო-ნაწილაკების ფიზიკა.  სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში იყო მეცნიერების ჯგუფი, რომელმაც დაიწყო ამ მიმართულების განვითარება. მაშინ  საბჭოთა კავშირს ფუნდამენტური ფიზიკის ძალიან მაღალი დონის სკოლა ჰქონდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მეცნიერებმაც საერთაშორისო წესებით თამაში დაიწყეს.  თუმცა, აუცილებელი არ არის, ქვეყანა მაინცდამაინც  კატაკლიზმების გამო დატოვო. საქართველოსა და ჩემს  შემთხვევაში ეს ორი რამე უბრალოდ დაემთხვა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ მიმდინარე პროცესებს - როგორ ვითარდება მეცნიერება და როგორ ხედავთ თქვენს ადგილს აქ?

ჩემს თავს საქართველოსთან მიმართებაში ძალიან კარგად ვხედავ. ვცდილობ,  რაც შეიძლება ხშირად ჩამოვიდე და ლექციების კურსი სხვადასხვა აუდიტორიისთვის წავიკითხო.  მაგრამ ეს არის იმის მინიმუმი, რის გაკეთებაც შეიძლება.

ნებისმიერ საზოგადოებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც რაღაცას მოიფიქრებენ და გააკეთებენ.  მაგრამ,  სისტემა ვერ იქნება გამონაკლისებზე გათვლილი.

ფუნდამენტური მეცნიერება თავის თავს ვერ ინახავს.  ქვეყანაში მეცნიერება პრიორიტეტული უნდა იყოს, თუ გვინდა მისი განვითარება.  მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ ესმის, რომ მეცნიერების განვითარება აუცილებელია.

ესაუბრა რუსუდან ფანოზიშვილი.

ვიდეო ვერსია

[video:http://www.youtube.com/watch?v=204_0pY6mhY]

 

[video:http://www.youtube.com/watch?v=5v_VZHwUuik]

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^