ირანელი საქინე მოჰამადი აშთიანი, ჯაფარ ქაზემი, ზეინაბ ჯალალიანი და სხვა ქალები საკუთარი საზოგადოებისგან ჩაქოლვის განაჩენის აღსრულებას ელოდებიან. სამოქალაქო კანონების გარდა, ირანული საზოგადოება საკუთარ ბარბაროსულ ქმედებას რელიგიური შეხედულებებითაც ამყარებს.
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციაზე, მათ შორის თბილისში, კანცელარიის წინ შეკრებილმა 20-მდე მოქალაქემ, საკუთარ მთავრობებს მიმართეს, რომ მათ ირანს ქალების ჩაქოლვის აკრძალვისკენ მოუწოდონ.
საქართველოში, თითქმის არავინ სვამს კითხვას, რამდენად უწყობს ან უშლის ხელს რელიგიური შეხედულებები საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ სტერეოტიპის განმტკიცებას, რისი საბოლოო შედეგი, ხშირად, ოჯახში წარმოქმნილი ძალადობაა.
"ღმერთმა პირველად მამაკაცი შექმნა", "ქალი პირველი ცოდვის ჩამდენი და ბოროტი საწყისის მატარებელია" - სახარების ტექსტების მსგავსი პათეტიკით განმარტებას, არამხოლოდ, უბრალოდ, ადამიანები, სასულიერო პირებიც ხშირად მიმართავენ. კულტურული სტერეოტიპით ისედაც საკმაოდ ნასაზრდოებ საზოგადოებაში კი, რელიგიის ასეთი "მხარდაჭერა" კიდევ უფრო აღრმავებს ქალის როლის შესახებ დისკრიმინაციულ წარმოდგენებს. არადა, ტექსტის დამახინჯებული ინტერპრეტაციით გამოწვეული ეფექტის მიღმა, არავინ განმარტავს, რომ ბიბლიაში ის პირველი ადამიანი ორივე სქესის მატარებელი იყო და მერე, უბრალოდ, ერთმანეთისგან გამოყოფა მოხდა. არც პავლე მოციქულის ფრაზას გაიხსენებენ იმის დასადასტურებლად, რომ ღმერთი მამაკაცს მეტ პასუხისმგებლობას სულაც არ აკისრებს, რადგანაც მისთვის ადამიანები ერთმანეთისგან არც სქესის, არც ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით განირჩევიან.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "აუდიტორიის" იმ გამოშვებაში, რომელიც ოჯახში ძალადობის თემას ეხებოდა, ერთერთმა სტუმარმა თქვა: „პატრიარქატის საყრდენი დღეს გახდა რელიგია, რომელმაც ქალი ისევ დააკნინა, ამაზე არავინ საუბრობს და ეს არის ტაბუირებული თემა". მისივე აზრით, საბჭოთა სივრციდან განდევნილი რელიგია, საქართველოში არქაული ფორმით დაბრუნდა, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს ქალის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას . ამ ფრაზამ "აუდიტორიის" სხვა სტუმართა გაკვირვება გამოიწვია, ნაწილმა კი, იმ განცხადებით, რომ ეკლესია უხსოვარი დროიდან ქალს მამაკაცზე იერარქიულად ქვემოთ აყენებს, რასაც უკვე დიდი ხანია „შეგუებული ვართ" , ჩათვალა, რომ ოჯახში ძალადობის მიზეზების რელიგიაში ძებნა უადგილო იყო. სტუმრებს არც გადაცემის წამყვანი ჩასძიებია, თორემ, შესაძლოა, შეკითხვა იმის შესახებაც გაჩენილიყო, ზოგიერთი საწრმუნოების წმინდა ტექსტებში ნამდვილად ვხვდებით ქალის როლის დაკნინებას თუ ეს, ამ ტექსტების ზედაპირული ცოდნის გამო, არასწორი "თარგმნის" შედეგია, რამაც ისლამური ქვეყნები ზემოთნახსენებ გამოცდილებამდე მიიყვანა.
მიუხედავად კანონების და კონვენციებისა, რომელთა მეშვეობით საქართველო გენდერული ბალანსის და ქალთა უფლებების დაცვას ცდილობს, ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობათა თემებში კანონზე გაცილებით ეფეტურად ჯერ კიდევ ეთნიკური და რელიგიური შეხედულებები მუშაობს, რასაც საერთო ჯამში კულტურული სტერეოტიპები შეიძლება ვუწოდოთ, რამდენადაც კულტურა არაა განყენებული ცნება და ყველა ამ ტიპის შეხედულებას აერთიანებს.
უმცირესობათა წარმომადგენლები, ვისაც ამ თემაზე ვესაუბრე, თანხმდებიან, რომ მიუხედავად ზოგიერთ რელიგიურ ტექსტსა და რიტუალში ქალისა და მამაკაცის როლების დიფერენციაციისა, ძალადობას არცერთი რელიგია არ ამართლებს. მაგრამ, საკითხავია, რამდენად აზღვევს ეს მათ აღმსარებლებს და სულიერ მოძღვრებს არასწორი ინტერპრეტაციებისგან.
ებრაელ ქალთა ფონდის ხელმძღვანელი, მარინა სოლომონიშვილი, ამბობს, რომ მიუხედავად პრივილეგიებისა, რომელსაც ებრაული რელიგია ქალს ანიჭებს, მაგალითად დედის მხრიდან შვილებზე გვარის გადასვლა, ხშირად დოგმატური სასულიერო პირები საზოგადოებას არასაკმარისად განუმარტავენ წმინდა ტექსტებიდან ისეთ ორაზროვან ადგილებს, რომელიც ერთი შეხედვით კაცის როლის უპირატესობას ამტკიცებს.
ალა ბეჟენცოვა ასოციაციას "მრავალეთნიკური საქართველოს ქალები" ხელმძღვანელობს და საქართველოს რეგიონებში 16-მდე რელიგიურ უმცირესობასთან თანამშრომლობს. აზერბაიჯანულ, მუსლიმურ რეგიონებზე საუბრისას, ის ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს ერთ ჯაჭვად განიხილავს, რომელიც ქალებს ყველანაირ საშუალებას უსპობს, გათავისუფლდნენ ჯერ მშობლების, შემდეგ კი მეუღლის ოჯახის წევრების ძალადობისგან. ასეთ რეგიონებში, პოლიციის, სოც. მუშაკების, თავშესაფრების შესახებ ან საერთოდ არაფერი იციან, ან მათგანაც დახმარების ნაცვლად, უმოქმედობას აწყდებიან.
ამის მაგალითად ბეჟენცოვა ცოტა ხნის წინ ბოლნისის რაიონში გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ამბავს იხსენებს, რომელსაც დედა ადრე გარდაეცვალა, მამა კი ბავშვობიდან სცემდა. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდმა გაბედა და თავისი ამბავი ჯერ სკოლას, მერე ადგილობრივ და ბოლოს თბილისში ცენტრალურ პოლიციასაც შეატყობინა, აღმოჩნდა, რომ დახმარებისთვის არავინ არაფერი გააკეთა. დღეს, სანამ გამოძიება გრძელდება, გოგონას სხეული ექსპერტიზის საჭიროების გამო დაუმარხავად, მორგში ინახება, მკვლელობში მთავარი ეჭვმიტანილი კი საკუთარი მამაა.
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ, სამების ეკლესიის ერთერთი მოძღვარი მპასუხობს, რომ ძველი და ახალი აღთქმა ნათლად მიანიშნებს მამაკაცის უპირატეს როლზე, რომ გველმა საცდუნებლად ევა აირჩია, იცოდა რა, რომ ადამს ასე ადვილად ვერ აცდუნებდა, ცოდვის ჩადენის შემდეგ კი ღმერთმა პასუხი პირველ რიგში ადამს მოჰკითხა, რადგან პასუხისმგებლობა მამაკაცს მეტად მოეთხოვებოდაო.
საქართველოში ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ერთადერთი ეპისკოპოსი ქალი კი, რუსუდან გოცირიძე, სასულიერო პირების მიერ რელიგიური ტექსტების აღქმის და გადმოცემის შესახებ ასე ფიქრობს:
რუსუდან გოცირიძე ფიქრობს, რომ სოციოლოგიურ მაჩვენებელში, რომლის მიხედვით, თითქმის ყოველი მესამე ქალი ქალზე ძალადობას ამართლებს, ღვთისმსახურების არასწორი და არასაკმარისი ქადაგების შედეგიცაა. "არადა, თავს ვდებთ, რომ ძალიან რელიგიური საზოგადოება ვართ, და ბევრ რამეში ჭკუას ვეკითხებით ღვთისმსახურებს. რაკი მაჩვენებელი ასეთი ცუდია, როგორც ჩანს ხელი მოგვეცარა ქადაგებაში. ჩვენი ნათქვამი არ უნდა იყოს ათასგვარად წაკითხვადი და ნათლად უნდა ვთქვათ, რომ დაუშვებელია ქალზე ძალადობა და ის კულტურული თავისებურებებით არ გავამართლოთ."











სტუმარს
საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, მგონი. კარგად ვერ გავიგე თქვენი მოსაზრება. იქნებ ჩამოაყალიბოთ, გგონიათ თუ არა, რომ რელიგია ამცირებს ქალის როლს, თუ არის ეს მისი არასწორად გაგების შედეგი. რუსუდან გოცირიძის ტექსტთან რა პრობლემა გაქვთ, ვერც ეს გავიგე. ის საუბრობს, რომ სახარების ტექსტი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. არ ეთანხმებით?
დატოვე კომენტარი