Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უბედურება

21 ნოემბერი 2015

მოკლედ, მან დახოცა და ის მოკლეს. მე რომ იქ იარაღით ვყოფილიყავი, მიზანში ამოვიღებდი და ვესროდი მას, უბედურ ადამიანს. უბედურს იმიტომ, რომ ახალგაზრდა იყო, სიცოცხლით სავსე და მომღიმარი, მაგრამ ჩავარდა გონების შეზღუდულობაში. ეს კი ნიშნავს გონებრივ ანუ ნაწილობრივ სიკვდილს, რომელიც ზოგჯერ, შეიძლება ძალიან ხშირადაც, ასწრებს მთლიანად სიკვდილს. ამრიგად, გონების შეზღუდულობა, გონებაშეზღუდულობა ემტერება იმას, რაც აუცილებელია ადამიანის სრული სიცოცხლისთვის. ეს კი არის გახსნილი გონება ანუ გონებაგახსნილობა. ვინმეს ნუ ეგონება, რომ გონება მხოლოდ ერთგვაროვანია და აზრებისგან შედგება. გრძნობები და ემოციები, თვალსაზრისები და მოსაზრებები, მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული შეფასებები და აზრები და კიდევ ვინ იცის, რამდენი რამ ისეა თავმოყრილი ადამიანის გონებაში, რომ მათი ერთმანეთისგან განცალკევება მხოლოდ პირობითად შეიძლება.

მე მგონია, რომ ადამიანის გონება წარმოიშვა და განვითარდა იმ შინაგანი კონფლიქტის პასუხად და გადასაჭრელად, რომელსაც მეტაფორა იწვევს. მეტაფორას აქვს ორი მნიშვნელობა, პირდაპირი და გადატანითი. ორივე მნიშვნელობა ერთდროულად აქვს მეტაფორას და ეს ორი შეუთავსებელია ერთმანეთთან, გამორიცხავს ერთმანეთს. მეტაფორაა, ვთქვათ - „პეტრე კლდეა“. ამ ფრაზის გადატანითი, მეტაფორული მნიშვნელობა იმას გულისხმობს, რომ ვიღაც ადამიანს, სახელად პეტრეს კლდესავით ურყვევი ნება და მტკიცე ხასიათი აქვს. პირდაპირი მნიშვნელობით გაგებული იგივე ფრაზა კი ამბობს, რომ პეტრე ადამიანი კი არაა, არამედ კლდეა. ცხადია, რომ ეს ორი მნიშვნელობა აუტანელი იქნება გონებისთვის, რადგან განხეთქილებას შეიტანს მასში და მართლაც რომ ორად გაჰყოფს ანუ გამოიწვევს შიზოფრენიას, რაც ძველბერძნულად სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ორად გაყოფილ გონებას.

საქმე ისაა, რომ პრიმიტიულ, ჩანასახოვან მეტაფორულობას თავს ვერ აარიდებდა ვერც პრეისტორიული ადამიანი და ვერ გამოიმუშავებდა მეტაფორებისგან დაცლილ და მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობების მქონე ფრაზებისგან შედგენილ ანუ ნაკლებად ფეთქებად მეტყველებას. მეტიც, არა მარტო ადამიანი, ვფიქრობ, ვერც ერთი სოციალური არსება ვერ აუვლის გვერდს მეტაფორის უმარტივეს ფორმებს, რადგან სოციალურობა აუცილებლად ნიშნავს კომუნიკაციას სოციალურ არსებებს შორის, და როგორიც არ უნდა იყოს კომუნიკაციის საშუალება, ქიმიური, ტაქტილური, ვიზუალური თუ აკუსტიკური, ის აუცილებლად მოიცავს განსხვავებას სიგნალსა და მის მნიშვნელობას შორის. ეს კი ნიშნავს, რომ როცა ერთი არსება მეორისგან სიგნალს იღებს, მან უნდა „გაითვალისწინოს“, რომ თვითონ სიგნალი მიუთითებს რაღაცაზე, რაც მისი, სიგნალის გარეთაა. ასე იქცევიან, ამას „ითვალისწინებენ“ ჭიანჭველები და ფუტკრები, ყვავები და ღამურები, ძაღლები და ადამიანები. 

სხვა არსებების სასიგნალო სისტემა, შეიძლება ითქვას, გამჭვირვალეა, ისინი სიგნალში და სიგნალის გავლით მის მნიშვნელობას ხედავენ, იქნება ეს სურნელოვანი ყვავილების ადგილმდებარეობა თუ არაორაზროვანი მითითება უფროს-უმცროსობაზე. ადამიანმა კი, მოგეხსენებათ, ყველაფერს სახელი დაარქვა ანუ განაცალკევა ერთმანეთისგან სახელი და სახელდებული, სიგნალი და მისი მნიშვნელობა. ამის შემდეგ და შედეგად სიგნალი გამჭვირვალე ანუ ხილული და თვალსაჩინო გახდა არანაკლებ, ვიდრე მისივე მნიშვნელობა. ასე გაჩნდა ადამიანის ენასა და გონებაში უკვე შედარებით განვითარებული, აშკარა მეტაფორა. ხსენებული განხეთქილება და შიზოფრენიის საფრთხეც აქ იღებს სათავეს. მაგრამ კომუნიკაციური უპირატესობა, რომელსაც ადამიანს ბუნებრივი და ვაი, რომ მეტაფორული ენა ანიჭებდა, როგორც ჩანს, უდავოდ ღირდა იმად, რომ დამღუპველ მეტაფორულობასთან გამკლავების გზა გამონახულიყო. ხოლო რაკი მეტაფორულობა, როგორც ვნახეთ, განუყრელია ადამიანის ბუნებრივი ენისგან, მეორის შენარჩუნება პირველის გარეშე შეუძლებელი იყო. გამოსავალი ისევ ევოლუციამ გამონახა, სავარაუდოდ, იმ უკვე ნაცადი ხერხის გამოყენებით, რომელიც სენსორული კონფლიქტის გადაწყვეტას ემსახურება. შეგახსენებთ, რომ როდესაც ორი განსხვავებული სენსორული მონაცემი, ვთქვათ, ვიზუალური და აკუსტიკური, ერთმანეთან შეუთავსებელია, გონება ირჩევს სამიდან ერთ გზას: ან იტოვებს ერთ-ერთ მონაცემს და აუქმებს მეორეს, ან აუქმებს ორივეს და თხზავს, ქმნის მესამეს. 

მგონია, რომ ანალოგიურად გადაილახა მეტაფორის მიერ შექმნილი დაბრკოლება და ადამიანის გონება თანდათან გაიყო სამ მუდმივ ნაწილად, რომელსაც სამ კოგნიტურ ველს ვუწოდებ. ერთ ველში თავი მოიყარა მეტაფორის საკუთრივ მეტაფორულმა, გადატანითმა მნიშვნელობებმა. ამ ველს სხვაგან ესთეტიკური კოგნიტური ველი დავარქვი, რადგან ყველაზე თვალსაჩინოდ პირდაპირი მნიშვნელობის მიღმა გადატანითი მნიშვნელობის ადეკვატურად შემჩნევა და აღქმა ესთეტიკურ ობიექტებში ხდება. მართლაც, გამოქვაბულის კედელზე ცოტათი მაინც გაწაფული თვალი ხედავს ხარს და არა ქვაზე წასმულ საღებავს. მეორე ველში გონება ინახავს და იგებს პირდაპირ მნიშვნელობებს. ამ ველში გონებას ყველაფერი მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით ესმის. ამიტომ ვფიქრობ, რომ მას სახელად რელიგიური კოგნიტური ველი შეეფერება. მართლაც, ნებისმიერი, თუნდაც სრულიად აშკარად და დაუფარავად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და შეუმოწმებელი მტკიცების პირდაპირი მნიშვნელობით გაგება და დაჯერება რელიგიურ ადამიანს ახასიათებს. მართლაც, როცა რამე ხდება, განსაკუთრებით ისეთი საძაგელი, როგორიც ცოტა ხნის წინ პარიზში მოხდა, რელიგიური ადამიანი ამბობს, ღმერთმა ინებაო. ასეთ ადამიანს თავისი ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით ესმის, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იჯერებს ზებუნებრივი ძალის არსებობას, ამ ძალისთვის უსიამოვნო ყოფაქცევით დამძიმებული ქალაქის არსებობას და სასჯელს, რომელიც მან, ღმერთმა დამსახურებულად მოუვლინა დამნაშავე ქალაქს. 

ამ ორის გარდა, გონებაში უნდა წარმოშობილიყო მესამე სეგმენტი, რომელიც მეტაფორის როგორც პირდაპირ, ასევე გადატანით მნიშვნელობებს ივიწყებს და ქმნის გარკვეულ აბსტრაქციას, განყენებულ კონცეპტებს. ამ ველში გონება ყველაფერს, ასე ვთქვათ, თეორიული თვალსაზრისით განიხილავს და, შესაბამისად, მას თეორიული კოგნიტური ველი დავარქვი.

გონება სამივე ველს მოიცავს და სამივესგან შედგება. უფრო ზუსტად, ასეთია გახსნილი გონება, რომელიც თავისი შესაძლებლობებისადმი, სამივე კოგნიტური ველისადმია გახსნილი. შეზღუდული გონება კი იზღუდება და იკეტება სამიდან მხოლოდ ორ ან, უფრო მძიმე შემთხვევაში, ერთ ველში და უარს ამბობს დანარჩენზე. გონებაგახსნილობისა და გონებაშეზღუდულობის ამგვარი, სტრუქტურული წარმოდგენა არა მარტო ინტუიციურად ნათელია. ვფიქრობ, კოგნიტური ველების თეორია, უფრო ზუსტად კი ჰიპოთეზა, ზოგი საჭირბოროტო საკითხის ახლებურად წარმოდგენის საშუალებასაც მოგვცემს. 

სიმარტივისთვის ავიღოთ უტრირებული, სქემატური შემთხვევები. დავიწყოთ კი ესთეტიკური კოგნიტური ველით. ამ ველში ჩვენი გონება აღიქვამს და გაიგებს გადატანით, მეტაფორულ მნიშვნელობას და მხოლოდ მას. თუ დავუშვებთ, რომ გონება მთლიანად ესთეტიკურ კოგნიტურ ველშია კონცენტრირებული და ჩაკეტილი, ეს ნიშნავს, რომ გონება ყველაფერში ხედავს გადატანით მნიშვნელობას ანუ ყოველი მნიშვნელობის უკან ვარაუდობს სხვა, პირდაპირ მნიშვნელობას, რომელიც დამალულია მისგან. ასეთი მდგომარეობა შეთქმულების თეორიებითა და პარანოიით შეპყრობილ ადამიანზე (ან საზოგადოებაზე) მეტყველებს. ესაა სუბიექტი, რომელიც მიიჩნევს და გრძნობს, რომ მას ებრძვიან და ფარული ომი გამოუცხადეს.

მეორე, რელიგიურ კოგნიტურ ველში კონცენტრირებულ და ჩაკეტილ გონებას ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით ესმის. საიქიო არსებობს, სიკვდილის შემდეგ შენ განაგრძობ ცხოვრებას და იმას მიიღებ, რასაც ამ ცხოვრებაში, სააქაოში დაიმსახურებ. ხოლო სამართლიანი ღმერთის გულის მოსაგებად, პირველ რიგში, მისი მტრები უნდა დაამარცხო!  მსგავსი ფრაზებით სავსეა ძველი წიგნები და თანამედროვე მოძღვართა ქადაგებები. მაგრამ საკმარისია ასეთი ფრაზა ჩაეწვეთოს რელიგიურ კოგნიტურ ველში ჩაკეტილ გონებას, რომ იგი განიმსჭვალება ამ სიტყვების უეჭველობით. ამის შემდეგ კი რელიგიურ კოგნიტურ ველში შეზღუდული ადამიანი (ან საზოგადოება) აღმოაჩენს, რომ მას თურმე ომი გამოუცხადებია ღვთის ან რომელიმე ჭეშმარიტი იდეის მტრებისთვის, და რომ მას ფიცხელ ომში გამოეღვიძა. ომი კი ის ვითარებაა, რომელშიც, ცხადია, მოკლავ ან მოგკლავენ ან ორივე მოხდება. 

მესამე, თეორიულ კოგნიტურ ველს რაც შეეხება, მასში ჩაკეტვასაც აქვს თავისი პათოლოგიური ნიშან-თვისებები. ამ ველში შეზღუდულ გონებას აღარ გააჩნია არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობის სწორად ან არასწორად დანახვისა და გაგების უნარი. თეორიული კოგნიტური ველი მასში განმარტოებული ადამიანის ან საზოგადოებისთვის წარმოადგენს ლაზარეთს, რომელშიც სხვა ორ ველში მიმდინარე უსასრულო ომს გადარჩენილი ხეიბრები და დეზერტირები აფარებენ თავს. 

რატომ არ უნდა განვიხილოთ მთელი ჩვენი წარსული და აწმყო კოგნიტური ველების, მათში ჩაკეტილი გონებებისა და საზოგადოებების ისტორიის სახით? რატომ არ უნდა შევხედოთ კაცობრიობის ისტორიას, როგორც ჰერაკლიტესეულ ომს, რომელსაც გონების სეგმენტები ერთმანეთის და საკუთარი თავის, შეზღუდული გონება კი შეუზღუდავის წინააღმდეგ აწარმოებენ? რატომაც არა! რატომ არ უნდა მივიჩნიოთ ერთნაირ უბედურებად ახალგაზრდა ადამიანის, ვთქვათ, ანდროსავით, ჩემი ოცი წლის ვაჟივით შემთხვევითი სასიკვდილო გადავარდნა სიმაღლიდან და იმ ბელგიელი ტერორისტივით სიკვდილის მთესველი გადაჩეხვა უკიდურეს შეზღუდულობაში?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^