Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატრიარქატის მასულდგმულებელი ქორწინება და ლიბერალური ფემინიზმი

23 ნოემბერი 2015

„ქალთა მოძრაობა“ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ილაშქრებს და სხვადასხვა ქალაქებში აქციებს გეგმავს. ცხადია, ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა, ქორწინების კრიტიკა კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეს და საკითხი სულ სხვა კუთხით უნდა განვიხილოთ. ეს მოთხოვნა ლიბერალური ფემინიზმის ერთ-ერთ ლოზუნგს ჰგავს. ფემინიზმის ამ განშტოების უდიდესი სისტემური შეცდომა ისაა, რომ მთავარ მტერს იქ არ ეძებს, სადაც საჭიროა. მარტივად რომ ვთქვათ, ლიბერალური ფემინიზმი ოჯახს არ მიიჩნევს პატრიარქალურ-კაპიტალისტურ სისტემად, რომელიც ქალის ჩაგვრასა და ეკონომიკურ ექსპლუატაციას აკანონებს.

დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როდის შეებმება ქალი ოჯახის უღელში. ამით ქორწინების პატრიარქალური არსი არ იცვლება. ერთი ოჯახიდან მეორეში ნივთივით და საქონელივით გათხოვილ-განათხოვრებული ქალი იძულებულია, ქმრის, ანუ „ოჯახის თავის“ ბატონობას შეეგუოს; ტრადიციების თანახმად, ქმრის სტატუსი განუზომელ ძალაუფლებას ანიჭებს კაცს; ქალი „თანამეცხედრეზე“ ეკონომიკურად დამოკიდებული და დაუცველი ხდება. ლიბერალმა ფემინისტებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ქორწინება საფუძველშივე გახრწნილი, კაცის დომინაციის პრინციპზე დაფუძნებული, მახინჯი და დამამცირებელი კაპიტალისტური წარმონაქმნია, რომელიც ქალის ყოველმხრივ შეზღუდვას, დაურვებას, დაჩლუნგებასა და დამორჩილებას ისახავს მიზნად. ფემინიზმის ამ მიმართულების მხარდამჭერები აკრიტიკებენ პატრიარქატის მხოლოდ „კულტურულ“ ნაწილს, ანუ ტრადიციებს, ადათ-წესებსა და უსამართლო კანონმდებლობას, რომელიც დისკრიმინაციულია ქალის მიმართ. მათ ავიწყდებათ მთავარი - პატრიარქატს ზურგს უმაგრებს კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა, რომლის მთავარ ღერძად და ბურჯადაც სწორედ ოჯახი გვევლინება.

თუკი თვალს გადავავლებთ ისტორიასა და ფემინიზმის განვითარების ეტაპებს, დავრწმუნდებით, რომ ოჯახი, პატრიარქატი და კაპიტალიზმი „შესისხლხორცებულია“ ერთმანეთთან. ესაა მკვეთრად მაჩოისტურ-ანტიქალურ საფუძვლებზე დამყარებული პარადიგმა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩაგრავდა და კვლავაც ჩაგრავს ქალს. ღირებულებათა ეს სისტემა მუდმივ „სახეცვლილებას“ განიცდის, უთვალავ ახალ ნიღაბს ირგებს და სხვადასხვა გლამურულ საბურველში ეხვევა, თუმცა, მთავარი ერთია: არ იცვლება მისი ანტიფემინისტურ-მასკულინური არსი და მონოგამიური ფუნდამენტი. ესაა ძალზე მოქნილი ოპრესიული სისტემა, რომელიც ქალს არწმუნებს, რომ ოჯახი მისი თვითრეალიზაციის ერთადერთი სფეროა და შესაბამისად, ალტერნატივაც კი არ გააჩნია. ქორწინების, როგორც საზოგადოების ცხოვრების ერთ-ერთი ელემენტისა და მისი რომანტიკულ-პოეტური გარსის მიღმა იმალება მთელი ეკონომიკურ-კულტურული ჯაჭვი, ქალის ჩაგვრისა და ექსპლუატაციის საწინდრად რომ გვევლინება. დიასახლისის მძიმე და დაუსრულებელი შრომა ქალის უმთავრეს და წმიდათაწმიდა მოვალეობადაც კია შერაცხული. ლიბერალური ფემინიზმის ჩარჩოებში მოქცეული ქალი არ ეკუთვნის საკუთარ თავს; იგი არაა თავისი სხეულის ბატონ-პატრონი; „მეორე სქესი“ ეკუთვნის მამას, ძმას, ქმარსა და შვილს. ისევ და ისევ “სუსტი” სქესია.

ლიბერალური ფემინიზმი მიზნად არ ისახავს ქალის რეალურ ემანსიპაციას. მისი მიმდევრები ითხოვენ სამართლიან საკანონმდებლო ბაზას, რომელიც გახდება თანასწორობის გარანტი; ითხოვენ განათლებისა და შრომის უფლებას ქალებისათვის, მაგრამ ამ უფლებათა განხორციელების შედეგად მოპოვებული რესურსი არა ქალს, არამედ - ოჯახს უნდა მოხმარდეს. ამგვარ დისკურსში ქალი ორმაგად დამონებულია - ოჯახში ქმარს ემორჩილება, სამსახურში კი უფროსს. ლიბერალურ ფემინიზმს სურს, ქალი იყოს უკეთესი მეუღლე, მამაკაცის „მეორე ნახევარი“, განათლებული დედა და არა - ავტონომიური ინდივიდი, თვითმკმარი და თვითმყოფადი სუბიექტი. იგი ისევ და ისევ ობიექტი და ნივთია ამ იდეათა სისტემაში. შეგვიძლია, ამგვარად შევაჯამოთ ამ მიმართულების არსი: ქალის განათლება და შრომა არა თავად ქალისათვის, არამედ - ქმრის, შვილებისა და ოჯახის საკეთილდღეოდ. აი, აქ დაუშვა ყველაზე დიდი და საბედისწერო შეცდომა ლიბერალურმა ფემინიზმმა. არც აჩევნებში ხმის მიცემისა და განათლების მიღების უფლებას და არც ყბადაღებულ “სექსუალურ რევოლუციას” არ მოაქვს ქალის სრული და რეალური ემანსპაცია. მას მყარი ეკონომიკური საფუძველი სჭირდება. მატერიალისტური ფუნდამენტის გარეშე, თავისუფლება ეფემერული იდეა, ქიმერა და უტოპიაა. ქალწულობის ინსტიტუტთან ბრძოლას პატრიარქატის საბოლოო დამხობა და დასამარება არ მოჰყვება. „თუკი კანონებითა და კოდექსებით იქნება გარანტირებული ქალთა საარჩევნო ხმის უფლება და სქესთა სამოქალაქო თანასწორობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოისპობა ქალთა ეკონომიკური ექსპლუატაცია“-წერს კლარა ცეტკინი. სწორედ ის აცხადებდა ერთ-ერთ ფემინისტურ გამოცემაში, „თანასწორობაში“, რომ ფურცელზე აღიარებული თანასწორობა არაფერს ნიშნავს; ქალმა ეკონომიკური ემანსიპაცია უნდა მოიპოვოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ კაცის ყურმოჭრილი მონა იქნება. უთუოდ ძნელია მოძალადე ქმრისაგან თავის დაცვა, როცა ქალს არა აქვს საკუთარი სახლი, ბინა, ოთახი და კარი, რომელსაც გააჩნია საკეტი.

ლიბერალური ფემინიზმი ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური გადმონაშთი და პატრიარქალური აზროვნების ნაყოფია. ის მხოლოდ თეთრკანიანი, საშუალო და მაღალი კლასის ქალების ინტერესების ნაწილობრივ (!) დაცვას ემსახურება, თუმცა, არც ამ კატეგორიის სრულ ემანსიპაციას არ ისახავს მიზნად. რადიკალი ფემინისტები არ ცდებიან, როცა აცხადებენ, რომ თანამედროვე ლიბერალურმა დისკურსმა ფემინიზმი „მოიპარა“ და „ჩაყლაპა“. საკმარისია, მემარჯვენე ფლანგის წარმომადგენელმა პოლიტიკოსმა განაცხადოს: „ქალიც ადამიანია“, „ქალი და კაცი თანასწორია კანონის წინაშე“, რათა მაშინვე შეწყდეს საუბარი ქალთა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორებიცაა: აბორტი, კონტრაცეფცია, თანაბარი ანაზღაურება, რეპროდუქციული პრობლემები, სექს-მუშაკების მდგომარეობა, საკუთარი სხეულის კონტროლი და სხვა. მანამ, სანამ იარსებებს კაპიტალისტურ-პატრიარქალურ-ოჯახური დომინაცია, ქალის ემანსიპაცია შეუძლებელი იქნება. ლიბერალური ფემინიზმი არ ებრძვის ქალის მონობას ოჯახის წიაღში. იგი რეალურ, ხელშესახებ, ეკონომიკური ბერკეტებით გამყარებულ თანასწორობას ვერ სთავაზობს ქალს. გეჭიროს ხელში საარევნო ბიულეტენი და იმუშავე ბანკში. თუკი კანონმდებლობა არ გაძლევს არასასურველი ნაყოფის მოშორების უფლებას, მაშ, რა აზრი აქვს შენს „თავისუფლებას“ და თანაბარუფლებიანობას? პოსტკოლონიური ეპოქის ფემინისტები ლიბერალ ფემინისტებს საყვედურობენ, რომ ისინი თითქმის სულ არ აქცევენ ყურადღებას სხვა ეთნოსის, რასისა და „დაბალი“ სოციალური ფენების წარმომადგენელი ქალების უფლებებს (მაგალითად, სექს-მუშაკების და ა.შ). ლიბერალური ფემინიზმი ებრძვის მხოლოდ შედეგს, ფაქტს და არა - ძირეულ მიზეზს.

ლიბერალი ფემინისტები მაშინ შეცდნენ, როცა კაპიტალიზმისა და ოჯახის ურთიერთმიმართების კრიტიკაზე თქვეს უარი; როცა ვერ გააცნობიერეს, რომ ქორწინება ქალის თავისუფლებას ზღუდავს. სწორედ ეს ორი სისტემა ქმნის „მეორე სქესის“ ჩაგვრისა და ოპრესიის მასკულინურ ინჟინერიას.

ლიბერალურმა ფემინიზმმა მთავარ მტრად დაგვისახა უსამართლო კანონმდებლობა და სასტიკი ტრადიციები, თუმცა, თითქმის სრულად უგულებელყო პატრიარქალური სისტემის საფუძვლები: ეკონომიკა, აღზრდის პატრიარქალური ყაიდა, ჰეტეროსექსიზმი, მასკულინობა, როგორც ნორმა და ფემინურობა, როგორც დევიაცია. ქალი სოციალურადაც, პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც დისკრიმინირებულია.

შეგვიძლია, გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ ქალთა დამონების ისტორიული თარიღი ზუსტად ემთხვევა ქორწინების, როგორც ტრადიციის დაფუძნებასა და კერძო საკუთრების გაჩენას. ენგელსის აზრით, სწორედ ეს იყო ქალთა სქესის უდიდესი ისტორიული დაცემა და მარცხი. ქალის უბედურების თავი და თავი ისაა, რომ ქორწინების ტრადიციამ ქმარს დაუქვემდებარა და იძულებული გახადა, „ოჯახის თავის“ ეკონომიკურ უპირატესობას შეჰგუებოდა. „გათხოვილი“ ქალი გამომწყვდეულია ვიწრო, ოჯახურ სივრცეში, აქტიურად არაა ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნის, ქორწინებს ბორკილებითაა შებოჭილი და ვერ იღებს იმას, რასაც ფრანგები production sociale-ს უწოდებენ. როგორც სიმონ დე ბოვუარი ამბობდა, ქალთა მონობისა და უუფლებობის უსასრულო ფესვები უნდა ვეძებოთ იმ შორეულ, თითქმის უხსოვარ დროში, როცა გაჩნდა კერძო საკუთრება და კლასებად/ფენებად დაიყო საზოგადოება. ქალის „მთავარი მტერია“ როგორც მაჩოისტური სტერეოტიპები, ცრურწმენები და მკაცრი ტრადიციები, ასევე, პატრიარქალურ-კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა, რომელიც ქალის ექსპლუატაციას განაპირობებს. შრომის გადანაწილების სექსისტური მოდელი გულისხმობს იმას, რომ არსებობს „ქალური“ და „კაცური“ საქმე, ანუ კაცი იღწვის, შრომობს და წარმოებაშია ჩართული და ამის სანაცვლოდ, გასამრჯელოსაც იღებს; ქალი კი სრულიად უფასოდ და უსასყიდლოდ ასრულებს ოჯახურ „მოვალეობებს“. „კაცი გარეთ, ქალი კი შინ“ - აი, ამგვარი მოდელი მიიჩნევა „ბუნებრივად“ და საზოგადოებრისათვის სასიკეთოდ. სხვა სიტყვებით რომ ვქვათ, ეს ნორმატიული სექსიზმია. ბოვუარი, დიასახლისის უსასყიდლო შრომას პირდაპირ ექსლუატაციას უწოდებს და ამბობს, რომ ძალაუფლების გადანაწილების ამგვარი შაბლონური სისტემა ხდება მიზეზი იმ ეკონომიკური მონობისა, რომელიც ქალს აუბედურებს. დიასახლისობა, როგორც „სტატუსი“, „მეორე სქესის“ მრავალსაუკუნოვანი დათრგუნვისა და ოპრესიის პირველმიზეზია.

გარდა ამისა, ყველა კულტურულ-საზოგადოებრივი როლი, რომელსაც კაცი ითავსებს, პრესტიჟულად მიიჩნევა. თუ ისეთი საქმიანობა, როგორიცაა მზარეულობა, მამაკაცისთვის შესაფერისად ჩაითვლება, მთელი საზოგადოება მას ერთხმად მიიჩნევს მნიშვნელოვნად. იგივე საქმიანობა კი ნაკლებად მნიშვნელოვანია, რაკი მას ქალები ასრულებენ. უფასურდება აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ქალები აკეთებენლ უფასურდება მათი პროფესიებიც: დიასახლისობა, მასწავლებლობა, სოციალური მუშაკობა, აღმზრდელობა, დამლაგებლობა. „თუკი ქალი დამოკიდებულია ერთ ცალკეულ მამაკაცზე, ინდივიდზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კვლავ დამოკიდებულა პატრიარქალურ სახელმწიფოსა და წესწყობილებაზე“,-აცხადებენ ფემინისტები. „ლიბერალური ფემინიზმი ქალს უწყალობებს ახალგამომცხვარი ღვეზლის იმ ნაჭერს, რომელიც სასიკვდილო შხამითაა გაჟღენთილი“,-წერს ფემინისტი კეტრინ მაქკინონი. „ლიბერალური ფემინიზმი პატრიარქატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაა“,-ამბობენ ფემინისტები.

ბოვუარი თავის ფუძემდებლურ ესეში, „მეორე სქესში“ წერს, რომ საუკუნეების მანძილზე ქალი იყო საკუთარი რეპროდუქციული სისტემის მონა; ეს საშუალებას არ აძლევდა, კოლექტიურ შრომაში ჩაბმულიყო. კაცებმა შექმნეს ე.წ. „ქალური“ ცხოვრების წესი და ერთგვარი დახშული, ჩაკეტილი სამყარო, რათა ქალები თავიანთ ვასალებად ექციათ. მეოცე საუკუნის ეს უდიდესი მოაზროვნე აცხადებს, რომ პატრიარქატის გამარჯვება არც უბრალო შემთხვევა ყოფილა და არც - უეცარი რევოლუცია. კერძო საკუთრებისა და მიწათმფლობელობის ინსტიტუციონალიზებამ საბოლოოდ დაიმონა ქალები და დაამკვიდრა პატრიარქატი. ქორწინების ტრადიციამ გოგონა გასაყიდ ნივთად აქცია. ბოვუარის აზრით, ძველ საბერძნეთთან შედარებით, ეგვიპტეში ქალთათვის უფრო სახარბიელო მდგომარეობა იყო, რადგან იქ კერძო საკუთრება არ არსებობდა. მწერალი ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ანტიკურ ცივილიზაციებს და ასკვნის, რომ ათენელი ბერძნები მკაცრად პატრიარქალურ, კერძო საკუთრებასა და ტრადიციულ ოჯახზე დაფუძნებულ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ და ქალები მოქალაქეებად არ ითვლებოდნენ, სპარტელი ქალები კი მათთან შედარებით, თავისუფლებით სარგებლობდნენ, გოგონები და ბიჭები თითქმის თანაბარ განათლებას იღებდნენ და ბავშვები არა მამის, არამედ - კოლექტივის კუთვნილებად მიიჩნეოდნენ.
სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესში“ არაერთი მითის დეკონსტრუქცია განხორციელდა. სახელდობრ, საქმე ეხება „მარადი ქალის“, „ქალის ნაკლული ბუნების“, მისი არასრულყოფილების, პრეისტორიის, მითოლოგიის, რელიგიის, ბავშვების აღზრდის სისტემის, ფსიქოანალიზის, ქორწინების, დედობის, ქალის სექსუალობასთან დაკავშირებული ცრურწმენებისა და სხვა პატრიარქალური მითების დეკონსტრუციას. მან თვალსაჩინოდ გვაჩვენა, როგორ იქცა ქალი „მეორედ“, „სხვად“ და მამაკაცის მონად; როგორ მიმართა „პირველმა სქესმა“ ყველა კანონი და სოციალური ინსტიტუცია ქალთა წინააღმდეგ.  მწერლის აზრით, კულტურა მთლიანად ანდროცენტრულია (კაცზე მორგებული) და იგი ქალებს არწმუნებს, რომ დედობა და დიასახლისობა მათი ცხოვრების „მწვერვალია“. ბოვუარის აზრით კი ეს ორი ფუნქცია მონობას უტოლდება. თუ გავითვალისწინებთ 1949 წელს გამოქვეყნებული მეორე სქესის უკიდურესად დეკონსტრუქციულ ფემინისტურ იდეებს, ცხადი გახდება, რომ მან დაიწყო ერთი უმთავრესი ბინარული ოპოზიციის - ქალი-კაცის დეკონსტრუქცია, ქალის ტრადიციულ ხატს ბიოლოგიური საწყისი ჩამოაშორა და ის პატრიარქალურ-კულტურულ პროდუქტად და სოციალურ კონსტრუქციად წარმოაჩინა. ბოვუარის აბსოლუტურად ყველა თეზა სტერეოტიპების, ძალადობრივი, მასკულინური, მიზოგინიური, მამაკაცზე ორიენტირებული იდეოლოგიის გაშიშვლება და მისი ფემინისტური დეკონსტრუქციაა. ამრიგად, შეგვიძლია, გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ პატრიარქატის დეკონსტრუქციის სათავეები სიმონ დე ბოვუართან უნდა ვეძებოთ.

ლიბერალური ფემინიზმი საფრთხეს არ უქმნის პატრიარქატსა და არსებულ ნორმატიულ-სექსისტურ-მაჩოისტურ წყობას; პირიქით: ჰარმონიულად თანაარსებობს მის გვერდით. სიმონ დე ბოვუარისეული ფემინიზმი კი პირდაპირ და მოურიდებლად იწყებს ქალის მჩაგვრელი იმ სისტემის უმოწყალო ნგრევასა და წელში გადატეხვას, რომელიც დაფუძნებულია ოჯახურ მონობაზე, ქალწულობაზე, როგორც სავალდებულო ნორმაზე, ქორწინების უღელზე, დედობაზე, როგორც ქალის ცხოვრების ერთადერთ დანიშნულებასა და „გვირგვინზე“, ქალის ეკონომიკურ რეპრესიაზე და ა.შ. აი, ამიტომაცაა, რომ ფემინიზმი კონსერვატორების ისტერიკას იწვევს. მაგალითად, პეტ რობერტსონის მსგავსი ფალოცენტრიკი იდიოტები დიდის რიხით გაჰყვირიან, რომ ფემინიზმი არის სოციალისტური, ოჯახის საწინააღმდეგო პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ქალებს შეაგონებს, მიატოვონ ქმრები, დახოცონ შვილები, იქცნენ კუდიანებად, ხელი მიჰყონ ჯადოსნობას, გაანადგურონ კაპიტალიზმი და გახდნენ ლესბოსელები. ეს იმიტომ ხდება, რომ ხდება, რომ მათ პატრიარქატის უკვდავყოფა და ქალებზე კონტროლის შენარჩუნება უნდათ.  ¡No pasarán!
ახლა ბოდიშებით ლაპარაკის დრო არ არის. წარსულს უნდა ჩაჰბარდეს უმწეო კნავილი, წუწუნი და „ქალიც ადამიანია“. ახლა ბრაზის, რისხვის, ხმის ამოღების, ყვირილის დროა. თამამად და გაბედულად უნდა ვთქვათ სათქმელი. დიახ, ოჯახი არის ის პატრიარქალური სამსხვერპლო, რომელმაც უამრავი ქალის სიცოცხლე, ენერგია, ნიჭი, თავისუფლება და სილაღე შეიწირა. დიახ, არსებობენ ქალები, რომელთათვისაც დედობა არა ბედნიერება, არამედ - უმძიმესი ტვირთია. დიახ, გოგონებს აკვნიდანვე უმღერიან ქორწინების „საგალობელს“ და არწმუნებენ, რომ დედობა ქალის წმიდათაწმიდა მოვალეობაა. დიახ, ეს ის „როლია“, რომელიც მან უნდა შეასრულოს პატრიარქალურ საზოგადოებაში, რათა პარაზიტად და შეშლილად არ ჩათვალონ. დიახ, გოგონები იმიტომ კი არ „თხოვდებიან“, რომ ეს ნამდვილად სურთ, არამედ იმიტომ, რომ გაცნობიერებული აქვთ - საზოგადოება არ აღიარებს ქალის სხვა როლს და სიგიჟედ, ან გარყვნილებად რაცხს „ქალური“ ყოფის იმგვარ მოდელს, რომელიც დედობისა და დიასახლისობის ცნებებს სცდება. დიახ, არასრულწლოვანი გოგონები, თუ სრულწლოვანები იმიტომ კი არ ჰყოფენ თავს ქორწინების უღელში, რომ ქმრის მსახურება სიამოვნებთ, არამედ იმიტომ, რომ ქორწინების/ჯვრისწერის მოწმობა ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც სანქციას გასცემს სექსზე, ხოლო ტრადიციების თანახმად, გოგონები ქორწინებამდე თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდნენ ქალწულობას, ბიჭების თავისუფალი სექსუალური ცხოვრება კი ოჯახის სიწმინდის დამცველთა პროტესტს არ იწვევს ჩვენს წილხვედრში. ¡No pasarán!

იმედი მაქვს, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ გალაშქრებას მოჰყვება იმის გაცნობიერება, რომ ქორწინება მონობის ბორკილი და საპყრობილეა ქალისათვის. დიახ, ეგოიზმია ის ერთადერთი, რაც ახლა ჰაერივით და წყალივით სჭირდებათ ქართველ ქალებს. ჰო, უბოდიშო, მოურიდებელი და შიშველი ეგოცენტრიზმი, რამეთუ ჩვენ ვხედავთ, რომ წლების მანძილზე საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში გადახვეწილი ქალების შრომა მარტოოდენ ქმრების მსახურების ერთ-ერთი ფორმაა (პატრიარქმა ამას მანკიერი წესი უწოდა და ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა, თუმცა, იგი ვერაფერს სთავაზობს ამ ქალებს გარდა იმისა, რომ ქმრებს ფეხები უნდა დაბანონ); რადგან ამბიონებიდან გვესმის, რომ თურმე, კაცი ქალის თავია, ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს და ოჯახს თავს სწირავდეს; რომ ქალი ყველა უბედურების თავი და თავია; რომ ევას გამო დავკარგეთ სამოთხე და ამიტომაც, ქალმა მორჩილებით უნდა ზღოს. ჩვენ გვესმის დიდი გზნებით წარმოთქმული ფრაზები, რომელთა თანახმადაც კაცის ღალატი არაფერია, ქალისა კი - გარყვნილება, ბოზობა, სიბილწე და შესაბამისად, მოღალატის სიკვდილით უნდა დასრულდეს; რომ თურმე, ქალი პენელოპესეული მოთმინებით უნდა ელოდოს, როდის დაასრულებს მუტრუკი ქმარი დიად ეროტიკულ ოდისეას სლავ „ნაშებთან“. იგი ოთხად გაკეცილი ფურცელივით უნდა ჩაერჭოს ოჯახის საძირკველში და ქმარ-შვილი არ „შეარცხვინოს“, რადგან კანონიერი ცოლია, სახელმწიფოსა და ეკლესიისაგან ერთხმად აღიარებული, ქორწინების საიდუმლოს წყალობით ქმარს დამორჩილებული, ,,ცოლის’’ ნიშნით სამარადისოდ დაღდასმული და მმაჩის ბიუროსაგან ბეჭედდარტყმული. მას ქმრის ღალატი არც კი აღაშფოთებს და თუ ამბოხების ნაპერწკალი მის გულშიაც გაღვივდება, ერი და ბერი ისევ ერთ მუშტად შეიკრება, ქალს სიმშვიდის გამოჩენას ურჩევს, წმიდათაწმიდა მოვალეობას - შვილის გაზრდას შეახსენებს და კაცის ხანგრძლივ ,,გასეირნებას’’ მისი პოლიგამიური ბუნებით, დამპყრობლური ინსტინქტით, ფროიდის თეორიით, ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით, მებრძოლი სულისკვეთებით, ტესტოსტერონის სიჭარბით, კაცური პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების სურვილითა და ფალოსის ყოვლისმომცველი, დაუოკებელი ძალით გაამართლებს. ქალს ღალატი არ ეკადრება. უბრალოდ, არ ეგების. თუკი ეს მოხდება, სათუთად ნაფერები ,,მარადი ქალის’’ სიწმინდის კონცეფცია ჩამოიშლება. კაცს დიდსულოვნად მივუტევებთ ,,გაგულავებას’’. არაფერია. ეს მის ღირსებას ჩირქს ვერ მოსცხებს. პირიქით: მის ეროტიკულ შესაძლებლობებს ჰეროიკული ეპითეტებითაც კი შეამკობენ. „დედა აკვანთან, მამა - სხვა ქალთან“; „ქალის ტვინი თხამ შეჭამა“. ცოლმა ღალატი გულშიაც არ უნდა გაივლოს და „თანამეცხედრეს“ არ უნდა გაშორდეს, რადგან არავინ იცის, როგორ დამთავრდება მისი ,,შეცდომა’’. ამიტომაც, ,,რა იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ შენი ქმარი?’’ (კორ. 7. 16) ‘’მრუშია ქმრის მიმტოვებელი ქალი, რომელიც შეუერთდება სხვა ქმარს.“ ¡No pasarán!
სწორედ სიმონ დე ბოვუარისეული ფემინიზმია ქალის ემანსიპაციის საწინდარი და არა - ლიბერალური ფემინიზმი, რომელიც სინამდვილეში, წმინდა წყლის სექსიზმი და მიზოგინიაა, თუმცა, ფემინიზმად შემოგვასაღა პატრიარქალურმა სამყარომ და ქალებს უთხრა: „თქვენც ადამიანები ხართ. სწავლისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაც კი გიბოძეთ. ახლა გაჩუმდით“. ¡No pasarán! არა, ახლა სიჩუმის დრო არაა. ახლა ფემინისტური ბრძოლის, ბორკილების მსხვრევისა და გამაყრუებლად ყვირილის დროა.

No pasarán!, გოგოებო!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^