Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ შეგვიწყალებს?!

07 დეკემბერი 2015

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის ხელისუფლების წყარო ხალხია, მმართველობა კი კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ხორციელდება. ქვეყნის უმაღლესი კანონი იმასაც ამბობს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატი სამართლის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ბიზნესი გადასახადისგან გათავისუფლებულია, ბიუჯეტიდან წელიწადში რამდენიმე ათეული მილიონით ფინანსდება და სხვა რიგი პრივილეგიებით სარგებლობს, საქართველო მაინც სეკულარული ქვეყანაა. თუმცა, აქვე არსებობს სტერეოტიპი, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორიტეტი ეკლესია და პატრიარქია. მოსაზრებას კვლევების ნაწილიც ადასტურებს.

საქართველოში ეკლესია და სასულიერო პირების თემა არის და, ალბათ, კარგა ხანს იქნება პოლიტიკოსთა მიერ მოსახლეობაზე მანიპულირების საშუალება. საშუალება, რომლითაც ზოგიერთი წინასაარჩევნო კლიპს აწყობს, ზოგიერთი პატრიარქთან გადაღებული ფოტოთი ცდილობს უნაკლო რეპუტაციის შექმნას, ზოგი კი საჯაროდ, გამუდმებით ყველაფერში ეთანხმება მას. ეთანხმება და ზოგჯერ ისე გადაწყვეტითაც, რომ ყველა კანონის დასარღვევად არის მზად.

მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმული სპექტაკლის შემდეგ, ილია II-ის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს პატიმართა შეწყალების უფლება, პოლიტიკოსთა სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. სანამ პრემიერმა პრეზიდენტსა და პარლამენტს საკითხის განსახილველად მიმართა და აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთმა წევრმა ხაზი გაუსვა, რომ პატრიარქზე ბრძენი კაცი არ ეგულება, დეპუტატების ნაწილი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მათ არგუმენტად კონკორდატი, როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობაზე აგებული დოკუმენტი მოიშველიეს, სადაც ეკლესიასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე, საპატიმროებში  მხოლოდ მოძღვრის ინსტიტუტის შექმნის შესახებ წერია.

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციის დარღვევა იქნება, რომ მსჯავრდებულის შეწყალების უფლება ქვეყნის პირველ პირს აქვს და ესეც იმიტომ, რომ სასამართლო ხელისუფლების დაბალანსება შეძლოს. პატრიარქისათვის ამ უფლების გადაცემით კი კონსტიტუციის ფუნდამენტური ნაწილი ირღვევა..

რეფერენდუმის მომხრე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ალბათ, არ გახსენებიათ, რომ საპატრიარქო ისედაც მონაწილეობს პატიმართა შეწყალების პროცესში და კომისიაში მათი წარმომადგენელიც არის. ეს შემთხვევა კი იმ სამწუხარო ტენდენციას აჩვენებს, რომელიც პოლიტიკოსების მხრიდან იაფფასიანი ხერხია ადამიანების ნაწილზე მანიპულირების მოსახდენად, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

საქართველოს კონსტიტუცია ავტორიტეტებს არ სცნობს. რა თქმა უნდა, შორს ვარ აზრისგან, რომ პოლიტიკოებს კონსტიტუცია არ აქვთ წაკითხული, თუმცა ფაქტია, რომ მზად არიან, გადაახტნენ მას, დაარღვიონ ყველა დემოკრატიული პრინციპი, რომელზეც ქვეყნის მმართველობა დგას და დაიწერონ რაც შეიძლება მაღალი ქულა საზოგადოების, უფრო მეტად კი პატრიარქის თვალში.

და მაშინ, როდესაც ეკლესია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პატრიარქმა საკითხი სოლიდარობის ნიშნად წამოჭრა, ცოტა დაგვიანებით, თუმცა მაინც ჩნდება კითხვა: როგორ უნდა მართონ ქვეყანა ადამიანებმა, რომლებიც არა კანონის, არამედ, კონკრეტული ადამიანის უზენაესობას აღიარებენ?

P.S. ძალიან ხშირად ისმის კრიტიკა ადამიანების მიმართ, რომლებიც ხმას იღებენ. მათ მოუწოდებენ, რომ გაჩუმდნენ, რადგან სხვებმა უკეთ იციან, რომ რაც ხდება და რატომაც, „ალბათ, ასეა საჭირო“. ამასობაში ავიწყდებათ, რომ თვითონაც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მასზე ზუსტად ისეთივე უფლება აქვთ, როგორც მათ, რომლებმაც „უკეთ იციან“...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^