Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა გვაკლია ქალებს?

09 მარტი 2016

თქვენი აზრით, რა გვაკლია ქალებს? რატომ ვერ ვხდებით ქალები ბანკის მმართველები, მსხვილი ბიზნესის მფლობელები, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, წამყვანი პოლიტიკოსები? აქა-იქ კი გამოვერევით ბიზნესსა და პოლიტიკაში, მაგრამ უფრო ფონად, იშვიათად გვიკავია ნამდვილი გადაწყვეტილების მიმღების პოზიციები.

იქნებ ქალებს საწყისი კაპიტალი გვაკლია, ანუ ფული? ბიზნესი რომ დაიწყო, ფული ხომ გინდა? წინასაარჩევნო კამპანიის წამოსაყებად ფული ხომ გინდა? ქონება მემკვიდრეობით კაციდან კაცზე გადადის, ქალები კი უნდა გავთხოვდეთ - წავიდეთ მამისეული სახლიდან ბალიშებით და საბნებით გამზითვებულები.

იქნებ ქალებს ცოდნა გვაკლია? უნივერსიტეტის დიპლომებს არ ვგულისხმობ, ეგ საჭიროზე მეტი გვაქვს. ისეთი ცოდნა ხომ არ გვაკლია, უნივერსიტეტში რომ არ ისწავლება და მხოლოდ პრაქტიკაში შეგიძლია მიღება. კარგი მენეჯერობა მხოლოდ მენეჯერულ თანამდებობაზე ყოფნით შეიძლება ისწავლო. ისიც თუ შენ თვითონვე გყავს კარგი უფროსი, რომლისგანაც ისწავლი და რომელიც დაგიჯდება და გასწავლის იმას, რაც წიგნებში არ წერია.

იქნებ კავშირები გვაკლია ქალებს? ბიზნესი რომ აკეთო, ბევრ ადამიანს ხომ უნდა იცნობდე, თავის მომწოდებელ-გამსაღებლიანად? ვინ სად რას გაშოვნინებს და გაგაკეთებინებს, ისე, რომ არ მოტყუვდე და წარმატებული იყო. კავშირები ხომ უნდა გქონდეს როცა პოლიტიკოსი ხარ, შენი თუ სხვა პარტიების, უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხომ უნდა იცნობდე, იმდენად, რომ არაფორმალური საუბარი და ინფორმაციის გაცვლა შეგეძლოს მათთან?

იქნებ სექსუალური თავისუფლება და გამოცდილება გვაკლია ქალებს? ჰო, სექსუალური თავდაჯერებულობა, რაც თავისუფლებას და გამოცდილებას მოაქვს. ბოლო-ბოლო კაცებისაა ეს ბიზნესიც და ეს პოლიტიკაც, სულ მათთან გიწევს ურთიერთობა. ხომ არ შეიძლება ერთი თვალის ჩაკვრის ან უადგილო კომპლიმენტის გამო სათოფეზე აღარ ვეკარებოდეთ, გვეშინოდეს და უხერხულად ვგრძნობდეთ მათთან თავს, კაცები კი მუდამ უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ ჩვენთან შედარებით. ჩვენ ხომ ვიღაც გამოუცდელი, “ერთკაციანი” ქალები ვართ და თუ ქალისათვის გაწერილ მკაცრ ქცევის წესებს გადავუხვიეთ, ეგრევე “ბოზებად” მოგვნათლავენ. და როდესაც ჩვენი ნათქვამი არ მოეწონებათ, პარლამენტის ტრიბუნიდან წამოგვაძახებენ: “რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ ამის სანაცვლოდ სიაში შეგიყვანეს? რა ცხოვრების გზა გქონდათ ისეთი გავლილი, თუ არა თქვენი “განსაკუთრებული მეგობრობა” და დედათქვენის “მეგობრობა” მიხეილ სააკაშვილთან?”

რა გვაკლია ქალებს, ვერაფრით რომ ვერ მიგვიღწევია გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებამდე ვერც ბიზნესში და ვერც პოლიტიკაში? და თუ მიგვიღწევია, იმდენად უმცირესობაში ვართ, რომ ძალიან გვიჭირს ჩვენი, განსხვავებული ხედვის გატარება და არ შეგვიძლია საკუთარი სოციალური ჯგუფის - ქალების ინტერესებისა და უფლებების დაცვა.

მაინც რა გვაკლია ქალებს?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^