Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კარგი პროფესიული განათლება ძალიან გვჭირდება

10 აპრილი 2016

დიდი ხანია ვერ მოვიცალე მორიგი ბლოგის დასაწერად, გაზაფხულია და საქმე ბევრია, თუმცა კი არც ზამთარშია ბევრი ძილისა და დათვივით ბუნაგში წოლის დრო.

ამ სამიოდე წლის უკან, როცა პროექტ სმოლთან ერთად დავიწყე ხელოვნური განაყოფიერების სერვისის დანერგვა ჩემს ორგანიზაციაში, გადავწყვიტეთ, აყვანილი ტექნიკოსი გადამზადებულიყო კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში ვეტერინარული კუთხით. როცა მივაშურე ამ სასწავლებელს, სიმართლე რომ ვთქვათ, გული არ მიმიწევდა, ეს  სწორედ ალბათ იმის ბრალი იყო, რომ ხალხში “ტეხნიკუმის” მიმართ საკმაოდ “კარგად ჩამოყალიბებული” მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება იყო. ვფიქრობდი რომ ტყუილად დავკარგავდით დროსაც და თანხასაც.

ჭიშკართან მისვლისას პირველი რექაცია იყო: ვააჰ!

ასეთი სუფთა და დაკოპწიავებული აქაურობა? ეს როგორ? ეს ხომ საქართველოა და ასეთი დასუფთავებული არ უნდა იყოს მეთქი... ჭიშკარს შევდგი ფეხი და კიდევ უფრო გავოცდი წესრიგით, სიმშვიდით, სიწყნარით, ახალგაზრდების ფუსფუსით ეზოში, აი ისეთების, წესით დღე და ღამე ბირჟაზე რო უნდა იდგნენ, პაპა-ბებიას რო, რომელიც იქვე ბაღჩაში კიტრი-პამიდვრის მოყვანასა ცდილობს,  ოჯახს რო დანაზოგი მისცეს, დასცინიან ხოლმე.

კურსით კმაყოფილი დავრჩი, მეც ვესწრებოდი ხოლმე. ამ სასწავლებლის ვეტერინარიის პედაგოგი, ბატონი სერგო სიმონიშვილი უმაგრესი პროფესიონალი და ერთი უბრალოდ კაცია. კაცი რომელიც საკეისროებს აკეთებს და ისე ამშობიარებს ძროხებს როცა უჭირთ და ამას ძალიან მშვიდად და პროფესიონალურად აკეთებს.

რაც ჩემმა ორგანიზაციამ ნელა-ნელა გაფართოება დაწყო, რა თქმა უნდა შევეჩეხე უმთავრეს პრობლემას -კადრები, ახალგაზრდა პროფესიონალი კადრები. არ არიან რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ იმას  არ ნიშნავს რომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ. სტიმული რომელიც დაკარგული აქვთ ახალგაზრდებს უნდა გავუღვივოთ, ესაა ჩვენი, ქართველი მეწარმეების მთავარი მიზანი დღეს. ანუ ფაქტიურად ჩვენთან ერთად უნდა გავზარდოთ ახალი კადრები.

ამ რამდენიმე კვირის წინ, ქალაქიდან გზად დედოფლისწყაროში მიმავალმა გადავწყვიტე “დამეკარგა” დრო და შემეარა ისევ კაჭრეთის სასწავლებელში და მომენახულებინა დირექტორი, ქალბატონი ნათელა, ყოველივე იმ საოცრების უმთავრესი შემოქმედი კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში, რითიც მე ასე მოხიბლული ვარ. შევთავაზე მას ჩემი აზრი, რომ მათ სტუდენტებს დავასაქმებ ჩემთან, თუნდაც გამოსაცდელი ვადით თავიდან, მაგრამ მერე ავიყვან და სრულად დავასაქმებ სამომავლოდ. მაგრამ პირველი ნაბიჯები ახლავე უნდა გადაიდგას, ჯერ ვაჩვენებ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, თუ ისინი “ბიზნესურად” დაინახავენ თვიანთ პროფესიას, უფრო მეტად მოიწადინებენ.

მაშ ასე, 24 მარტს გვესტუმრენ  დედოფლისყაროში გოგა გუგულაშვილი და სერგო სიმონიშვილი სტუდენტებთან ერთად. პირველი შეხვედრა ჩვენს მაღაზიაში შედგა, ფეხდგომელა ვისაუბრეთ და ავუხსენი რას როგორ ვაკეთებთ, და იქვე ძალიან ბევრი ისეთი კითხვა დამისვეს რაც მესიამოვნა, შემდეგ საკვების საწარმოში გადავიყვანე ყველაფერი ვაჩვენეთ, ავუხსენით და ხაზი გავუსვი რომ საქონლის კვების ტექნოლოგი ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს და თუ ისინი ამ მიმართულებაზეც იფიქრებდნენ სამსახური გარანტირებული ექნებოდათ, თუნდაც სტუდენტობის პერიოდშიც კი. სტუდენტები იყვნენ სხვადასხვა რაიონებიდან, თავად დედოფლისწყაროდან, გურჯაანიდან, საჩხერიდანაც კი. რაც მთავარია მათში დავინახე არამხოლოდ თეორიული ცოდნა (ამისთვის დიდი მადლობა მათ პედაგოგებს), არამედ  - პრაქტიკული. აი ეს არის ზუსტად სხვაობა რომელიც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და ამ პროფტექნიკუმის ბავშვებს შორის ვნახე. ანუ ცხოველთან პრაქტკული შეხება და ცოდნა პროფტექნიკუმის სტუდენტებს უფრო მეტი აქვთ, ვინაიდან ისინი ახლომდებარე სოფლებიდან, რაიონებიდან არიან და ისინი იქ მაინც ხედავენ პირუტყვს (არაფერი რომ ვთქვათ იმაზე რომ პროფ სასწავლებელს თავისი ფერმაც კი აქვთ და გამოცდილების მიღება იქაც შეუძლიათ).

ისე მოხდა, რომ იმ დღეს 2 გამოძახება დაემთხვა ხელოვნურ განაყოფიერებაში. წავიყვანეთ სტუდენტებიც რო გვეჩვენებინა. ჩემდა გასახარად რამდენიმე მათგანმა იცოდა კიდეც და ძალიან კარგ კითხვებს სვავდნენ, თავადაც მიიღეს მონაწილეობა. ძალიან  გამიხარდა ეს რომ დავინახე და იმედი მაქვს, რომ მათ კარგი მომავალი ექნებათ. საჭიროა მათი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდანაც, მაგრამ პირველ რიგში კერძო სექტორის მიერ. თუნდაც დღეს ვიზარალოთ ზედმეტი კადრის აყვანით, არაუშავს, ხვალე დაფასდება ეს ყველაფერი, მე ასე მჯერა და მგონი რომ ასე იქნება!  3 და 4 წლის წინ “უაზრობაში” დახარჯულ ფულს უკვე მოაქვს შედეგი, “უაზრობა” იყო თავის დროზე ზუსტად ხელოვნური განაყოფიერების სერვისის დანერგვა, მაგრამ გაზრდილი პროდუქტიულობა უკვე სახეზეა კი არადა ბევრი ფერმერის ოჯახშია. ეს კი ახალგაზრდა, მოტივირებული და პროფესიონალი კადრის გარეშე წარმოუდგენელია.

დიდი სურვილი მაქვს სხვა პროფესიულ სასწავლებლებთანაც ვითანამშრომლოთ, მითუმეტეს ახალგაზრდა მეწარმეებმა, თუნდაც ჩვენს მიერ ჩატარებული საჯარო ლექციებით, მე ვფიქრობ რომ შევძლებთ მათ ინტერესი გავუღვივოთ.

რა პროფესიული განათლების გამოცდილება აქვს მაგალითად შვეიცარიას? იქ სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვები პირდაპირ პროფესიული განათლების რგოლით მიდიან და არა ჩვენსავით ბაკალავრის საფეხურზე. ეს პერიოდი და სამუშაო გამოცდილება მათ აძლევთ იმის საშუალებას ზუსტად რომ უკეთესად გაიაზრონ თავიანთი მომოვალი პროფესია. პროფესიულ განათლებას ისინი 3 წლის მანძილზე ეუფლებიან, მათი გრაფიკი კი დაახლოებით ასეთია: ცხოვრობენ სხვა ფერმაში, სადაც მიამაგრებენ. მონაწილეობას იღებენ ყოველდღიურ სამუშაოებში კვირის 4.5 - 5 დღის მანძილზე, ხოლო ერთი დღე აქვთ თეორიული მეცადინეობა, ეს გრძელდება 2 წელი, ხოლო მესამე წელს ოდნავ მეტი აქვთ თეორია, დანარჩენი კი ისევ პრაქტიკა, ანაზღაურება 600 ევრომდე აქვთ თვეში, კვება და შენახვის ხარჯები იმ ფერმერისაა ვისთანაც მუშაობენ. შესაბამისად ფერმერი იღებს იაფ მუშა ხელს (ზოგადად ფერმაში მუშა იქ 4500 ევროს ფარგლებში ჯდება თვეში, ამიტომ 600 ევროდ და პლიუს კვება გაცილებით იაფი გამოსდით), ხოლო სტუდენტი იღებს საჭირო უნარ-ჩვევებს და გამოცდილებას. კვირა დღეს სტუდენტი იყენებს დასასვენებლად და თავისი გამომუშავებული ფულით შეუძლია კარგი დროც გაატაროს. ამ კურსის გავლის შემდეგ ეძლევა სტუდენტს უმაღლესში ჩაბარების უფლება, ბაკალვრის ხარისხის მისაღებად, შემდეგ მასტერსი და ასე შემდეგ. რატოა ეს კარგი სისტემა? შედეგი სახეზეა, შვეიცარიაა ის ქვეყანა რომელმაც რეფერენდუმი გამოაცხადა ერთი მარტივი კითხვით: გსურთ თუ არა ყველა მოქალაქემ სახემწიფოსგან ყოველთვიურად მიიღოთ 2250 ევრო (პენსია)? სწორედ მათი შრომის მოყვარეობით შეძლეს მათ ამ შედეგის მიღწევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^