Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიშიზმის მეორე ტალღა, მუმიების დაბრუნება - ნაწილი II

28 აპრილი 2016

მიშიზმის მეორე ტალღა, ანუ განვითარებული მიშიზმი

ნაწილი II

მუმიების დაბრუნება

პირველ ნაწილში ჩვენ ვაკვირდებოდით განვითარებული მიშიზმის მეტყველებას. ცხადია, განვითარებულ მიშიზმს არ მოუკლავს მისი წინამორბედი - მიშიზმი; ისინი არსებობენ ერთმანეთის გვერდიგვერდ და მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით. ეს წერილი მათ შორის არსებულ განსხვავებებს არ მიმოიხილავს; არც მე და არც ამ წერილის ავტორს ეს განსხვავებები არ გვაინტერესებს.

განვითარებული მიშიზმი დამრგვალებული ფორმით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იბადება, უფრო ზუსტად, არჩევნების ღამეს, როდესაც პირველადი შედეგების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. მყისიერად იბადება; ოხერი გვამის გატანას ვერ ვასწრებთ, ვერ ვასწრებთ თვალუას. გაივლის წლები და ეს სისწრაფე მას დიდწილად განსაზღვრავს.

ხალხი ქუჩაში ზეიმობს გამარჯვებას, ერთმანეთს ულოცავს. იმავე ღამეს ვრცელდება ფოტო: რეჟისორი ქ. დოლიძე და მსახიობი ნ. ჭანკვეტაძე გახარებული, მოხარხარე სახეებით გვესალმებიან დაძრული მანქანის ფანჯრებიდან. მოგეხსენებათ აქსესუარებისადმი ამ ქალების სიყვარული - სწორედ ეს აქსესუარები სძენს ფოტოს განსაკუთრებულ კოლორიტს.

განვითარებული მიშიზმი არჩევნების შედეგებს ქ. დოლიძისა და ნ. ჭანკვეტაძის გამარჯვებად აცხადებს. ამას დაჟინებით გაიმეორებს მომავალშიც. არა მხოლოდ გაიმეორებს, არამედ მოქმედების მთავარ სტრატეგიად დაისახავს, გამოაცხადოს დაჩაგრული პატარა ქვეყნის - საქართველოს - ამომრჩევლების არჩევანი ქ. დოლიძისა და ნ. ჭანკვეტაძის გამარჯვებად.

არადა, ჯერ კიდევ ტკივილები გვტანჯავს, რა დროს გამარჯვებაა; ტკივილები და იარები სხეულზეც და სულზეც. ჯერ კიდევ ვკოჭლობთ. გამოვიარეთ ქუთაისი-თბილისის გრძელი გზა; საარჩევნო უბნებიდან მოვდივართ.

ქ. დოლიძისა და ნ. ჭანკვეტაძის ფოტო განვითარებული მიშიზმის დაბადების ძირითადი აღმნიშვნელია. განვითარებული მიშიზმი მოითხოვს მხოლოდ ამ ფოტოს, ამ ალტერნატივის ფონზე განიმარტოს. აქ ზუსტად რას ვგულისხმობთ, თანდათან ცხადი გახდება თქვენთვისაც და ჩვენთვისაც.

სოციალური ქსელის ერთი მომხმარებელი ამ ფოტოს ქვეშ მიაწერს: „მუმიების დაბრუნება“.

ალბათ, მიგვიხვდით: ჩვენ ამ წერილში იმ ვიზუალურ მასალას მიმოვიხილავთ, რომელსაც დაეფუძნა მიშიზმის მეორე ტალღა. უცნაურია, მაგრამ ერთ-ერთი პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოთეკაა.

წამების კადრების გავრცელების პარალელურად მოვედებით გამზირებს. ვაკეთებთ ცოცხალ ჯაჭვებს: შემოდგომაა. ოფლიანია შენი ხელისგული. საქართველოს გაუმარჯოს, ჩვენს ლამაზ, საწყალ ქვეყანას. აქციის მონაწილე ცოცხს ცეცხლს წაუკიდებს და მაღლა ასწევს. ეს თქვენ პატიმრების ზურგებისთვის, ეს - პატიმრების კოჭებისთვის, ეს კი - მათი სახეებისთვის.

გლდანის ციხისკენ ფეხით დავიძარით. ამ წერილის ავტორი ხედავს, პატიმარი ციხის ვიწრო სარკმლიდან გადმოფენს თეთრ ზეწარს. აღიძვრება ხატები ჟ. ბატაიდან.

მიშიზმი - ყურადღება მიაქციეთ: მიშიზმი და არა - განვითარებული მიშიზმი - უცხოელი ექსპერტის დასკვნას აქვეყნებს; ირკვევა, რომ ცოცხი ვერ შეეტევა; ცოცხის ღეროს დიამეტრი დიდია. ამას გარდა, ცოცხს ისეთი დაბოლოება აქვს, განტოტვილი, რომ ტექნიკურად უბრალოდ შეუძლებელია.

ბრაზი თითქოს გადაივლის. მიშიზმი მეორე რაუნდს წამოიწყებს. ამჯერად ავრცელებს ინფორმაციას, რომ კადრები დადგმულია; ფული გადაიხადეს და ციხის ბადრაგს წამება და წამების ვიდეოჩაწერა დაავალეს.

ასეთი ინფორმაციის გავრცელება შეზავებულია საჯარო ბოდიშებთან. მიშიზმი თითქოს ბოდიშსაც იხდის. გაკრთება აღიარება, რომ პრობლემა სისტემური იყო: ქვეყნის შენებისას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაავიწყდათ. ეს მეტაფორა განვავრცოთ: მიშიზმმა შრომის ინსპექცია არა მხოლოდ მუშებს გაუუქმა, არამედ საკუთარ თავსაც. მომავალში გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნის მშენებელიც მშრომელია და მისი სული, გინდ სხეული, საფრთხეშია.

მიშიზმს არ უმართლებს და, მოგვიანებით, არჩევნებამდელ კადრებს კასრის კადრები ემატება. შეუძლებელი ხდება ვიდეობის ნამდვილობაში ეჭვის შეტანა. აქ მოქმედებას განვითარებული მიშიზმი იწყებს.

იქ, სადაც მიშიზმი მარცხდება, საქმეში განვითარებული მიშიზმი ერთვება.

განვითარებული მიშიზმი იწყებს წამების კადრების გაუფასურებას. პატიმართა წამების კადრები მიზანმიმართულად ცხადდება პორნოგრაფიულ მასალად, რომლისგანაც შვილები უნდა დავიცვათ. სოკოებივით ამოიზრდებიან სიტყვები და სიტყვათშეთანხმებები, ერთგვარი თეგები: გეიპორნო, კასრის პორნო, ვუაიერიზმი, მეგრული პორნო, ტიტველი კაცები, კოჭლი კაცი ტყნავს.

გეკითხებით, არასრულწლოვნებს რატომ უჩვენებთ პორნოგრაფიას, სრულწლოვნებს კი სულზე ცოცხს რატომ ჩამოუსვამთ, - გაკვირვებული კითხულობს განვითარებული მიშიზმი და ასეთი მდარე პორნოგრაფიის ყურებაზე უარს ამბობს. დავიცვათ თანამოქალაქეთა ფსიქიკის სიმრთელე.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, პირველ დღეებში, განვითარებული მიშიზმი დაბნეული ჩანს. მალევე, ახალი მინისტრთა კაბინეტის დასახელებისას ჩნდება კიდევ ერთი ვიზუალური მასალა - ფოტო, უფრო სწორედ, კოლაჟი: ევროინტეგრაციის ყოფილ მინისტრ თ. გორდაძის პორტრეტს გვერდით ამოუყენებენ ალ. პეტრიაშვილის პორტრეტს.

თ. გორდაძე ფერმკრთალი ახალგაზრდაა; თუ თბილისში კონფერენციაზე შემთხვევით შეხვდით და ვერ იცანით, იქნებ, ინგლისურადაც მიესალმოთ. ნაის თუ მით იუ. ალექსი პეტრიაშვილი ჟღალი მოწიფულია; ინგლისურად მისალმების სურვილი არ გიჩნდებათ. მიხარია, რომ გაგიცანით.

ყოფილი და ახალი მინისტრების ჰაბიტუსები ერთმანეთს ედრება და უპირისპირდება. ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება სხვადასხვა ასეთი წყვილი. ბერლინის კინოსა და ტელევიზიის მუზეუმს ეწვიეთ პოცდამის მოედანზე - იქ ლენი რიფენშტალია გამოფენილი.

ჩვენი ტკივილი უფრო ძველია, ვიდრე პატიმართა წამების კადრები. ჩვენი ბრაზი ამაზე არ დაიყვანება.

ძლივს, წვალებით ვადევნებთ თვალს განვითარებული მიშიზმის ოპერაციული სურათხატების მიმოცვლას. ჩვენ ჯერ კიდევ გვტკივა კუნთები და ელენთა. დიდხანს ვირბინეთ. საარჩევნო უბნებიდან მოვრბივართ. სულზე ხვრელები გვაქვს, კაკლისხელა ხვრელები; სოლომონ ქიმერიძის გვამს ძლივს მოვათრევთ. ქუთაისი-თბილისის გზას გამოვდივართ.

დახმარება გვჭირდება. ჩვენი სულები საფრთხეშია. მოდით, იყიდეთ ჩვენი სულები, ბატონო ბიძინა. და უმკურნალეთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^