Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცარიელი ადგილი

03 მაისი 2016

ცარიელი ადგილი ის ადგილია, რომელზეც შეიძლება რამე დადგა, დადო, დააგდო, დააფინო, დააწვინო და დაასვენო, დაყარო, დაფანტო ან დაახვავო. მაგრამ სწორედ ცარიელ ადგილს გვერდს ვერასოდეს აუვლი, რადგან იმისთვის, რომ გაიარო, ნაბიჯი უნდა გადადგა, ანუ ფეხი უნდა დაუშვა სადმე, სადაც საამისოდ საკმარისი ცარიელი ადგილი დაგხვდება. კარგია, როცა ცარიელი ადგილი გვერდით გეგულება, გვერდიდან არ გცილდება, როგორც ერთგული საჭურველმტვირთველი. ეს ცარიელი ადგილი იმისთვის გჭირდება, რომ შენს თავს გვერდიდან, გარედან შეხედო ხოლმე.

ეს ცარიელი ადგილი ნაწილობრივ წარმოსახვითია, თუმცა რეალურ სივრცეს იყენებს სცენად. თვითონ ფიზიკური სამყაროს რეალური სივრცეც უმეტესად ჩვენს წარმოსახვაში გვეძლევა, რადგან თვალის ბუნებრივად შეზღუდული შესაძლებლობა მხოლოდ ფოკუსში, ანუ ხუთიოდე გრადუსში მოქცეულ გარემოს ხედავს გარკვევით და მკაფიოდ, დანარჩენი კი მისთვის ბუნდოვანი და უფერულია, თუნდაც ცეცხლოვანი შემოდგომის ტყიან ფერდობებს შორის მისეირნობდე შესანიშნავი მხედველობით დაჯილდოებული. ამ მკაფიო და მცირე მონაკვეთის გარდა, მთელი გარემომცველი სამყარო უბრალოდ იქვე გვეგულება და მის ნამდვილობაში დასარწმუნებლად მზერას ხშირ-ხშირად და უნებლიეთ მოვავლებთ ხოლმე ყველაფერს, სადამდეც თვალი მიგვიწვდება. ამას თვალის საკადური მოძრაობა ეწოდება. ხოლო თვალის რეალური შესაძლებლობები რომ ბევრად ჩამოუვარდება მათზე ჩვენს გულუბრყვილოდ გადაჭარბებულ წარმოდგენას, ამის თაობაზე იხილეთ თუნდაც ექსპერიმენტული კვლევების შედეგებით სავსე კევინ ო’რიგანის წიგნი „ზარივით რატომ არ ისმის წითელი“ (J. Kevin O'Regan, Why Red Doesn’t Sound Like a Bell). ამ წიგნს თამამად იმიტომაც ვასახელებ, რომ მისი ავტორის ექსტერნალისტური შეხედულება ცნობიერებაზე რადიკალურად განსხვავდება ჩემი ინტერნალისტური ვარაუდისგან, რომელიც თანმიმდევრული რეპრეზენტაციონალიზმისკენ იხრება ჯიუტად.

ალბათ მიმიხვდი, მკითხველო, რომ რომელიღაც ჩვენს წინაპარ ცოცხალ არსებაში ცნობიერების პირველად წარმოშობას მისი ტვინის მიერ ცარიელი ადგილის აღმოჩენასთან ვაკავშირებ. რეპრეზენტაციონალიზმის კანონიკურ კონტექსტში ეს ნიშნავს ტვინის მიერ ცარიელი ადგილის რეპრეზენტაციის შექმნას. ეს ცარიელი ადგილი იმ არსებას და მის მემკვიდრეებს თითქმის სულ თან ახლდა, გვერდიდან არ სცილდებოდა და... თვალს არ აშორებდა მათ. მაგრამ ის, ვინც თვალს არ გაშორებს ველური ბუნების ან კიდევ უფრო ველური საზოგადოების ბინადარს, შეიძლება შენზე მონადირე მტაცებელი იყოს ან მოსისხლე მტერი. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეამოწმო, ვინ არის ის და რა განზრახვა აქვს. ჩვენი წინაპრები უდავოდ ასე იქცეოდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ასაკსაც კი ვერ მიაღწევდნენ, შთამომავლობის დასატოვებლად რომ არის აუცილებელი.

მაგრამ ჩვეულებრივი ცოცხალი თუ არაცოცხალი საფრთხისგან განსხვავებით ცარიელ ადგილს არც გარკვეული მოცულობა და არც გარეგნობა გააჩნია. ასეთ ვინმეს კი თუ რამე გინდა გაუგო, მისი თვალით უნდა შეხედო შენს თავს. საბედნიეროდ, ცარიელი ადგილი უკვე განსაზღვრების ძალითაა მზად იმისთვის, რომ იგი დაიკავოს ჩვენმა ცოცხალმა არსებამ თავისი ჯერაც პრიმიტიული და არაცნობიერი, ანუ ცნობიერებამდელი „ბნელი“ წარმოსახვისა და დაგეგმვის უნარით, და იქიდან შეათვალიეროს თავისი თავი.

საკუთარი თავის აღქმის უნარს თვითცნობიერების სახელით იცნობენ და ხშირად სწორედ მას მიაწერენ ფენომენალური ცნობიერების სტატუსს. ასე იქცევიან, ეგრეთ წოდებული, ცნობიერების მაღალი რიგის თეორიების შემქმნელები და ადეპტები. (HOT - Higher-order theories of consciousness). სხვათა შორის, ცნობიერების ტესტად ითვლება, ანუ იმის დამადასტურებელ ფაქტად მიიჩნევა, რომ ცნობიერება აქვს, თუ მცირეწლოვანი ბავშვი ან რომელიმე სახეობის ცხოველი (ვთქვათ, შიმპანზე ან დელფინი) სარკეში თავის თავს ცნობს. ამის შესამოწმებლად „ცდისპირს“ მისდაუჩუმრად შუბლზე უკეთებენ ფერად ლაქას და სარკის წინ ათავსებენ. სარკეში თავისი ორეულის დანახვის და დათვალიერების შემდეგ, თუ იგი საკუთარი (და არა ანარეკლის) შუბლიდან ლაქის მოშორებას შეეცდება, ეს ნიშნავს, რომ სარკეში თავის თავს ცნობს და ისიც იცის, რომ ფერადი ლაქა ზედმეტია. ესე იგი, ცდისპირს აქვს თვითცნობიერება.

მე კი მგონია, რომ ამ ექსპერიმენტის თვალსაჩინო ეფექტურობა შეიძლება ჩრდილავდეს საკუთარი თავის ცნობაზე და, ზოგადად, თვითცნობიერებაზე უფრო არსებითი მნიშვნელობის მქონე აღმოჩენას, რომელიც ცნობიერებას დაედო საფუძვლად, თუმცა სარკესა და ანარეკლებთან არაფერი აკავშირებს. ვგულისხმობ არა საკუთარი თავის ცნობას, არამედ საკუთარი სხეულის გარეთ მდებარე თავისუფალი ადგილის აღმოჩენას, საიდანაც პრინციპში ყოველთვისაა შესაძლებელი საკუთარი თავის დანახვა. ბავშვი სარკეში თავისი თავის ცნობას დაახლოებით ორი წლის ასაკიდან იწყებს. რატომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ მუდმივად თანმხლები ადგილის დანახვას ბავშვი გაცილებით ადრე სწავლობს, როცა ასეთ ადგილს მისთვის „განასახიერებს“ დედის სხეული, რომელიც შვილის წამოზრდასთან ერთად სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს მასთან უშუალო სიახლოვეში და, შესაბამისად, თანდათან ათავისუფლებს ცარიელ ადგილს.

ეს მუდმივად თანმხლები ცარიელი ადგილი მისი აღმოჩენის შემდეგ წარმოადგენს საწყის, ცარიელ ცნობიერებას, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა შეივსოს: ა) გარესამყაროთი, რომელიც გრძნობის ორგანოებზე ზემოქმედებს და ტვინში შესატყვისი - ოღონდ ჯერ გაუცნობიერებელი - რეპრეზენტაციების, მოდელების სახით გროვდება; ბ) თავისი გარეგნობის, ფორმის რეპრეზენტაციით, რომელიც, ვთქვათ, პროპრიოცეფციაზე, ანუ საკუთარი სხეულისა და მისი ნაწილების სივრცეში მდებარეობის შინაგან შეგრძნებაზე შეიძლება იყოს დამყარებული და გ) ემოციებით, რომლებიც სხეულში წარმოიშვება.

ეს ყველაფერი ფენომენალური ცნობიერების, ანუ ცნობიერი აღქმის საგანი და ობიექტი ხდება იმდენად, რამდენადაც მუდმივად თანმხლებ ცარიელ სივრცეში მოთავსდება, როგორც უკვე იქიდან დანახული და იქაურობის შინაარსი. ყოველგვარი ირონიის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ევოლუციის გარკვეულ საფეხურზე, ისევე, როგორც ბავშვის განვითარების რომელიღაც ეტაპზე, ცარიელი ადგილი სადღაც შუბლს უკან, თავში გადაინაცვლებს და იქ მკვიდრდება, როგორც პრაქტიკულად უფრო გამოსადეგ სათვალთვალო და საკომანდო პუნქტში.

აუტიზმის მქონე ბავშვებში შეინიშნება მათ მიერ თავის თავზე მესამე პირში ლაპარაკი, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მათში მუდმივად თანმხლები ცარიელი ადგილი საკმარისად ვერ შეერწყა მათ თავსა და სხეულს, არამედ ისინი ისევ გვერდიდან ხედავენ თავის თავს და გარედან აკვირდებიან „მას“. თუ ასეა, აუტიზმისთვის დამახასიათებელი განმეორებადი ქმედებაც შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ამგვარ ქმედებას სჩადიან, რათა თავისი თავი, რომელსაც გვერდიდან უყურებენ და ხედავენ - სისტემატურად იპოვონ, იცნონ და არ დაკარგონ. ისინი ხომ, თუ ასეა, ხედავენ და უსმენენ, განიცდიან არა უშუალოდ გარესამყაროს, არამედ იმას, ვინც ამ სამყაროს ხედავს, ყურს უგდებს და განიცდის. განმეორებადი ქმედების გარდა, აუტიზმისთვის ნიშანდობლივი სოციალიზაციისა და კომუნიკაციის თავისებურებებიც, ვფიქრობ, საკუთარ თავში „ჩაუსახლებლობით“ნაწილობრივ მაინც შეიძლება აიხსნას. იგივე უნდა ითქვას ფსიქიკური აშლილობის ზოგიერთ გამოვლინებასა და ავტოსკოპიის სახელით ცნობილ ერთ ძალზე უცნაურ ფენომენზე, რომელმაც, კაცობრიობის ისტორიაში, როგორც ჩანს, სათავე დაუდო ისეთ საბედისწერო შეცდომებსა და სისულელეებს, როგორიცაა, ვთქვათ, გავრცელებული წარმოდგენა სხეულისგან დამოუკიდებლად არსებული და უკვდავი სულის შესახებ.

ილუსტარცია: თაკო ბაქრაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^