Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მძღოლთა სახეები საქართველოში

06 მაისი 2016

ასეთი დაუწერელი კანონი გვაქვს: ათასზე მეტი ბილეთის სწავლისა და რამდენიმე პრაქტიკული გაკვეთილის გავლის შემდეგ მივდივართ, ვდგებით გრძელ რიგში, ვაბარებთ ჯერ თეორიულ, შემდეგ - უმარტივეს პრაქტიკულ გამოცდას, რომლითაც ჩვენი, როგორც მძღოლის უნარები რეალურად არ მოწმდება და  ეგ არის - მანქანის მართვის უფლებაც ჯიბეში გვაქვს.

რა არის მართვის მოწმობა მანქანის გარეშე? არაფერი. თანაც, თუ მოწმობა გაქვს და მანქანა არა, ეს გარშემო მყოფების ისეთ გაოცებას იწვევს, რომ ზემოთ ნახსენები დაუწერელი კანონის თანახმად, რამდენიმე თვეში ვიღებთ თუნდაც კრედიტს და ვყიდულობთ მანქანას. მერე რა რომ არ გვჭირდება და სამსახური იმავე უბანში გვაქვს სადაც ვცხოვრობთ? ან რა მოხდა თუ ოჯახში ხუთნი ვართ და თითოეულს თავისი მანქანა უკვე ჰყავს?!

მანქანა, როგორც სოციალური მდგომარეობის განმსაზღვრელი სტატუსი საქართველოში დიდი ხანია დამკვიდრდა, თუმცა დროსა და მანქანების სიმრავლესთან ერთად სტატუსიც გაქრა. ქუჩაში მოძრაობისას კი გრჩება შთაბეჭდილება, რომ მძღოლების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, გზა რამდენიმე ზოლად  რატომ არის დაყოფილი და საერთოდ არ აინტერესებს მოძრაობის წესი, როდესაც პირველიდან მესამე ზოლში გათავისუფლებულ ადგილს ხედავს.

ასეთ მძღოლს არც წითელი შუქი უყვარს, არც ზებრა და მასზე მოსიარულე ჭიანჭველები. აბა რა, თუ ადამიანს მანქანის ყიდვის ფული არ აქვს, იმას უნდა დაუთმოს, ვისაც ამის საშუალება აქვს. ქვეითად მოსიარულეები არაერთ შემთხვევას გაიხსენებენ, თუ როგორ კინაღამ გაიტანა დიდ ჯიპზე ამხედრებულმა ტიპმა გადასასვლელზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის დათმობა არ სურდა.

დღეს მძღოლების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი საცობებია. ბრაზობენ საათობით რიგში დგომაზე და ამით ერთგვარ მაზოხისტურ სიამოვნებას განიცდიან; აგინებენ ავტობუსებისა  და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს იმის გამო, თუ როგორ ბედავენ და მათ წინ მიდიან; ამაყობენ ოსტატური გაჩერების უნარით; ყველასთან წუხან პატრულზე, რომელიც უსამართლოდ აჯარიმებს და მძღოლებზე, რომლებმაც ტარება არ იციან. ასეთი მძღოლები კი, რა თქმა უნდა, თავად ქალებისთვისაც კი “ძირითადად, ქალები არიან.”

თანამედროვე სამყარო თანდათან უფრო მეტად ფემინისტური ხდება, რამაც ძალთა გადანაწილებაც გამოიწვია. ამ სიტუაციაში ადამიანების ნაწილი დიდი ხანია, შეთანხმდა, რომ მანქანის მართვა კაცებს გენეტიკურად არ ერგოთ წილად და რომ ქალები ზოგჯერ მათზე უკეთ მართავენ. მიუხედავად ამისა, სტერეოტიპები მყარად არის გამჯდარი და კანონდამრღვევ მძღოლზეც, სანამ ხმას ამოვიღებთ, ჯერ ვათვალიერებთ, ქალია თუ არა.

სამწუხაროდ, ქალი მძღოლების ნაწილი ამ სტერეოტიპებს თავადაც ამყარებს. ზებრაზე ადგილის დათმობა მძღოლების უმეტესობას არ უყვარს, მაგრამ ქალების ნაწილს - განსაკუთრებით. მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ სქესი პრივილეგიას ანიჭებთ და ზებრაზე ფეხით მოსიარულეთათვის გზის გადაჭრა თუ უდროო ადგილას დამუხრუჭება კაცებზე მეტად ეპატიებათ. ცალკე საკითხია მათი პატრულთან ურთიერთობა. ზოგს მართლა ჰგონია, პატრული იმიტომ აჩერებს, რომ საჭესთან ქალია და მასთან გამოლაპარაკება უნდა. სტერეოტიპების გამყარებას ის ქუსლიანი ფეხსაცმლის ნიშანიც უწყობს ხელს, რომელსაც ბევრი სიამაყით აკრავს მანქანის უკანა საქარე მინას.

თუმცა მინახავს კაცი  მძღოლი, რომელსაც სასწრაფო მანქანისათვის გზა გადაუჭრია, რომლისთვისაც უსაფრთხოების ღვედის გაკეთება ქართველობის წართმევის ტოლფასია, რომელიც მანქანის ტარებას პირველად ბიჭს ასწავლის, რომელიც სიამაყით იხსენებს, როგორ იჯდა ძალიან მთვრალი საჭესთან და პატრულს ხმა ვერ ამოუღია, რომელსაც უყვარს ბრძანებების გაცემა საჭესთან და ყველანაირად ამცირებს ქალს, რომელიც მის გვერდით სავარძელში ზის და მანქანას მასზე უკეთ მართავს.  

ცალკე ფენომენია ფეხით მოსიარულეები, რომლებსაც ორი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა ეზარებათ და შეუძლიათ, შუა რუსთაველზე ნება-ნება გადაისეირნონ. 

და მაინც: რად გვინდა მანქანა, როდესაც სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო სწრაფად მივდივართ, ალკოჰოლს თუ ვსვამთ საჭესთან მაინც ვერ დავჯდებით და სახლში დაბრუნება ტაქსით გვიწევს, გასაჩერებელი ადგილის ძებნისას ძალიან ბევრ წრეს ვაკეთებთ და ბოლოს შორს ვაჩერებთ, რაც არ უნდა კარგად ვატარებდეთ, მაინც ზედმეტად დაძაბულები ვსხედვართ საჭესთან, რადგან წარმოდგენა არ გვაქვს, რომელი კუთხიდან რომელ მძღოლს მოუნდება ჩვენთვის გზის ჩაჭრა და თუ არ ვიყოჩაღეთ, არცთუ მცირე ვალში გადავხტებით?

რად გვინდა მანქანა, რომლის რეალური არსი კომფორტია, კომფორტი, რომელიც გიზოგავს დროსა და ნერვებს, ჩვენთან კი პირიქით არის?

ამ კითხვის სევდას განსაკუთრებით მაშინ გრძნობ, როდესაც გვიან საღამოს სახლში ფეხით ბრუნდები და კორპუსის ეზოში სარდინებივით ჩაწყობილი მანქანებისთვის გვერდის ავლა გიჭირს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^