Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღია, ანუ უსაფრთხო საქართველო

11 მაისი 2016

ქართულ პოლიტიკაში, და შესაბამისად დანარჩენ საზოგადოებაშიც, პოპულარულია აზრი, რომ ჯერ უსაფრთხოებაა მოსაპოვებელი და შემდეგ - განვითარება. უფრო კონკრეტულად, ჯერ NATO და შემდეგ ევროკავშირი, ან მეორე მხრიდან, ჯერ უარი NATO-ს და შემდეგ რუსეთზე მიბმული ეკონომიკა. მეორეს არ შევეხები, რადგან არ ვიზიარებ მათ პოზიციას.

რაც შეეხება NATO-ში ჩვენს უახლოეს მომავალში გაწევრიანებას, აუცილებელია ორივე და სხვა არსებულ მხარეებსაც შევხედოთ რაციონალურად, გავაანალიზოთ მათი ინტერესები და ამის შემდეგ ვივარაუდოთ დასკვნები. ჩვენი ინტერესები ცხადია. რა ინტერესები შეიძლება გააჩნდეს NATO-ს? უფრო კონკრეტულად, რა შემთხვევაში მიგვიღებს NATO თავის რიგებში?

გამომდინარე იქიდან, რომ NATO-ის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ექსკლუზიურად მოიპოვა ამ ორგანიზაციის ევროპულმა ნაწილმა, კონკრეტულად გერმანიამ და საფრანგეთმა (უფრო სწორად, თამამად იყენებენ ვეტოს უფლებას შესუსტებული აშშ-ის პირობებში). ჩვენი იქ მიღება-არმიღების პირველი პირობა დამოკიდებულია რუსეთ-ევროპის ურთიერთობაზე. ანუ რა მილიტარისტულ პოლიტიკას გეგმავს, ან რას მოელის ევროპა რუსეთთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით - უშვებს თუ არა ევროპა რუსეთთან ომის შესაძლებლობას და დასჭირდება თუ არა მას კავკასია ამ კონტექსტში. დღევანდელი მოცემულობის თანახმად, უკრაინის თემის მიუხედავად, ევროპას და რუსეთს მათი არსებობის ძალიან დიდი ხნის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე საამური ურთიერთობა სწორედ ახლა აქვთ. ისევ და ისევ, ვგულისხმობ საფრანგეთს და გერმანიას. ანუ ამ კუთხით NATO-ს არ ვჭირდებით.

მეორე პირობა პირველის მსგავსია და რუსეთის ნაცვლად გულისხმობს ახლო აღმოსავლეთს, ირანის ჩათვლით. აქაც, სირიის თემაზე, თავისივე ტერიტორიაზე კატასტოფულად აწეული ტერორისტული საფრთხეების მიუხედავად, ევროპას არჩეული აქვს არამილიტარისტული პოლიტიკა. აქვე დავძენ, რომ ბუში და ერაყი ეშმაკივით ელანდებათ თანამედროვე ევროპელ პოლიტიკოსებს და მსგავს სცენარს გამორიცხავენ. რაც შეეხება ირანს, აშშ-ისა და ევროპის ძალისხმევით აქ ტემპერატურა დაწეულია, მშვიდობიანი გამოსავალი მოძებნილია მინიმალური დოზით და სამხედრო დაპირისპირება ფაქტობრივად ახლო მომავალში გამორიცხულია. ანუ NATO-ის ევროპულ ნაწილს არც ამ კუთხით აქვს ინტერესი საქართველოში.

მესამე პირობა განიხილავს საქართველოს, როგორც ენერგორესურსების გამტარ სახელმწიფოს და ევროპისთვის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ერთეულს, სადაც უსაფრთხოება და სტაბილურობა დაცული უნდა იყოს. რუსეთის ფაქტორმა, და კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ევროპას და აზიას შორის ერთადერთ სანდო ხიდად გვაქცია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ენერგომომწოდებლების დივერსიფიკაციის გზა ევროპისთვის საქართველოზე(ც) გადის. იგულისხმება ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან ევროპისკენ წამოსული მილები, რისი იმედითაც ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებს (მაგალითად გერმანია 40%-ითაა რუსულ გაზზე დამოკიდებული, ბულგარეთი, შვედეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ფინეთი 100%-ით, ჩეხეთი - 81%, პოლონეთი - 54%, და ა.შ.). ეს პირობა რომ გაძლიერდეს და გადაწყვეტილების მიღების დროს დიდი მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია ბევრმა მსგავსმა პროექტმა გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე. ამისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან და თურქეთთან მეგობრული ურთიერთობა და ღიაობა, მათთან ერთად ბევრ საერთო პროექტზე მუშაობა.

მეოთხე პირობა ეხება ევროპულ და ზოგადად, დასავლურ ინვესტიციებს საქართველოში. რაც უფრო მეტი დასავლური მსხვილი კომპანია და ინვესტორი შემოვა საქართველოში, რაც უფრო მნიშვნელოვანი გახდება საქართველო დასავლური ბიზნესისთვის, რაც უფრო მეტად იზარალებს დასავლური ბიზნესი საქართველოს სტაბილურობის შერყევით, მით უფრო გაიზრდება ევროპელი და ამერიკელი კორპორაციების წნეხი დასავლელ პოლიტიკოსებზე, რომელთა კომფორტულ ცხოვრებასაც მეტწილად ამ კორპორაციების კარგად ყოფნა განსაზღვრავს. შედეგად, ევროპას საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოუწევს. მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ინსტრუმენტი ამ პროცესში სწორედ NATO იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასავლურ ინვესტიციებს ძლიერად შეეხიდება მაგალითად ჩინური და ინდური ინვესტიციებიც, რომელთა პოლიტიკური ძალაუფლება საერთაშორისო არენაზე დიდი სისწრაფით იზრდება.

პირველი და მეორე პირობა გამორიცხულია, რაც კარგია როგორც ჩვენთვის, ისე ყველასთვის. მესამე და მეოთხე პირობა არის ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება ჩვენ უსაფრთხო სახელმწიფო მოვიპოვოთ. ეს გზა კი დღევანდელი გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოა - ეკონომიკური განვითარებით უნდა მოვიპოვოთ უსაფრთხოება და არა პირიქით. სხვათა შორის, ეს ყველაზე ეფექტური გზაა აფხაზებისა და ოსების დასაბრუნებლადაც. ჩვენ მათ უნდა ვაჩვენოთ განვითარებული სახელმწიფო, სადაც ექნებათ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობა, ისარგებლონ ქართული სახელმწიფოს სიკეთეებით.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ გზას ვერ გავივლით, თუ ჩვენ გავართულებთ ქართული ვიზების გაცემას და არ მივცემთ ქართული მიწით სარგებლობის უფლებებს არაქართველ ბიზნესმენებს. ჩვენ ვერ გავივლით ამ გზას, თუ არ გვეყოლება ძლიერი ემიგრაცია, რომელსაც შეეძლება შესაბამის ლოკალურ საზოგადოებებში საქართველოსგან ძლიერი ემოციური და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ბრენდის შექმნა. ასევე, ჩვენ ვერ გავივლით ამ გზას, თუ საქართველო არ იქნება კომფორტული სამოღვაწეო ადგილი ყველა მშვიდობიანი რელიგიური და ნებისმიერი ტიპის უმცირესობის ჯგუფებისთვის. მოკლედ, შეუძლებელია საქართველო იყოს უსაფრთხო და განვითარებული, თუ ის არ იქნება ღია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^