Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრანგული რივიერას ყველაზე დიდი გამოცემა "ნის მატენი" წერს: "ოქროს პალმა ის ერთადერთი სამკაულია, რომელიც პედროს აკლია იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩაეწეროს კინოს ლეგენდების რიგებში".

ხულიეტა, პროფესიით ფილოლოგი, თავის მეგობარ კაცთან ერთად აპირებს, რომ მადრიდიდან პორტუგალიაში გადაბარგდეს, მაგრამ უცაბედი შეხვედრა ბეასთან, რომელიც მისი ქალიშვილის ბავშვობის მეგობარია, გეგმებს მთლიანად უცვლის. ბეასგან ვიგებთ, რომ ხულიეტას ქალიშვილი ანთია მადრიდში გადმოვიდა საცხოვრებლად თავის სამ შვილთან ერთად. ხულიეტა გადაწყვეტს გადაბარგდეს იმ ბინაში სადაც ანთიას ზრდიდა, იმ იმედით, რომ ქალიშვილი, რომელიც 12 წლის წინ მისი ცხოვრებიდან გაქრა, ამ ჯერზე მაინც გამოჩნდება. ლოდინისას ხულიეტა გრძელი და ვრცელი წერილის წერას იწყებს, რომელშიც ის ყველა საიდუმლოს ამხელს.

კინოკრიტიკოსების დიდი ნაწილი გულგრილი დატოვა მსახიობების ოსტატობამ, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ესპანელი რეჟისორის საყვარელ მსახიობ როსი დე პალმაზე, რომელიც ერთდროულად სასაცილო და დაუნდობელ პერსონაჟს ასახიერებს.

"უცხოებისთვის ის არც ლამაზია, არც გლამურული, არც ყველაზე ცნობილი მსახიობია მსახიობებს შორის, თუმცა უდავოდ ყველაზე სიმპათიურია და ჩემთვის ყველაზე ლამაზიც! კანს უყვარს მისი სტუმრობა", - პედრო ალმოდოვარი როსი დე პალმაზე.

ფილმის შემდეგ პრესკონფერენციაზე როსიმ აღნიშნა, რომ ალმოდოვარის კინოკარიერაში ეს ფილმი ერთმნიშვნელოვნად ერთ-ერთი საუკეთესოა, მისთვის კი ეს როლი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლია.

პირველი კადრი: ხულიეტა მკვეთრ წითელ კაბაში ჩაცმული ნივთებს ყუთებში აბარგებს. პირველივე ფერი წითელი. ამ დროს რეკავს ზარი..."

ერთხმად აღიარებენ კანის კინოფესტივალზე ჩამოსული ჟურნალისტები, რომ ესპანელი რეჟისორი ყველაზე დიდი ესთეტია:

"მე პოპარტთან ერთად გავიზარდე, სულ ვცდილობდი ეს ფერები ჩემს ფილმებში გადამეტანა. გარდა ამისა, დედაჩემი ყოველთვის შავებს ატარებდა და ეს ფერების გადაჭარბება, მკვეთი პალიტრა ჩემი პროტესტია შავი ფერის მიმართ!"

პედრომ გულგრილი არავინ დატოვა, ფილმის ბოლოს აცრემლებული კანის პუბლიკა დიდხანს უკრავდა ტაშს ალმოდოვარს.

ფილმიდან გამოსულს მინდოდა უკან შებრუნება და კიდევ ერთხელ ყურება. ესთეტიური სიამოვნება და ემოციური ფონი იმდენად ძლიერია, რომ, მერწმუნეთ, თქვენც ამასვე ისურვებდით...

"მერწყული"

ბრაზილიელმა რეჟისორმა კლებერ მენდოსა ფილიომ მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა.

ფილმი მოგვითხრობს ბრაზილიელი ქალის ისტორიას, რომელსაც დიდი სამშენებლო კომპანია საცხოვრებლად თავისი ბინიდან სხვა ბინაში გადასვლას სთავაზობს. სთავაზობენ გაუმჯობესებულ პირობებს და თანხას, თუმცა მთავარი გმირი კლარა (რომლის როლს ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი სონია ბრაგა ასრულებს) არ აპირებს არსად გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ შენობაში მარტო ცხოვრობს, მის გარდა ყველა გაისტუმრეს. სამშენებლო კომპანიების ბუმმა მთელი ბრაზილია მოიცვა, ძველი შენობების მაგივრად ცათამბჯენებსა და მაღალსართულიან სასტუმროებს დგამენ. სონია, რომელსაც ძალიან პატარა ასაკში მკერდი მოკვეთეს, იბრძვის თავისი ბინის შესანარჩუნებლად, სადაც მთელი მისი შეგნებული ცხოვრება გაატარა.

"ასაკოვანი ქალბატონი და ბავშვი; მე ორივე ვარ ერთ ადამიანში", - ამბობს კლარა ფილმში.

კანში კინოჩვენებები პრესისთვის დილას და საღამოს იმართება, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ლუმიერების დარბაზში შუადღის კინოსეანსი ინიშნება ხოლმე. ამ დროს პრესა ფილმის რეჟისორთან და მის შემოქმედებით გუნდთან ერთად უყურებს საკონკურსო ფილმს.

მენდოსამ და მისმა გუნდმა წითელ ხალიჩაზე აქცია-პროტესტი გამართეს. A4-ის ფორმატის უბრალო ფურცლებზე ეწერათ: "ჩვენ მაინც გადავრჩებით", "ბრაზილია ძლიერია", "არ გავჩერდებით", "ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის" და ასე შემდეგ. დარბაზი მათმა აქციამ შეაგულიანა, აპლოდისმენტები არ წყდებოდა. ფილმის დასასრულსაც ისტორიული ლუმიერების დარბაზი აპლოდისმენტებით დაინგრა.

ფილმის მსვლელობისას ვფიქრობდი, როგორ გავს ჩვენი და ბრაზილიის პრობლემატიკა ერთმანეთს. სამშენებლო კომპანიების ბუმი და გამოსახლებული ხალხი... დანგრეული ისტორიული შენობები და გაურკვეველ ადამიანებზე გაყიდული მიწები.

პროგნოზის გაკეთება ამ წლის კანურ კორიდაზე შედარებით მარტივია - ოქროს პალმის რტოს ქალის როლის მთავარი როლის შესრულებისთვის ბრაზილიელი სონია ბრაგა წაიღებს შინ.

კანი მუნჯუს ფილმს ელოდება, ვნახოთ ამაზე უფრო თუ გაურთულებს რუმინელი რეჟისორი კანის წლევანდელ ჟიურის გადაწყვეტილების მიღებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

დროის ისარი

ადრეული ადამიანების დაკვირვებამ, რომ რაღაც მოვლენები პერიოდულად მეორდება, დროის იდეას ჩაუყარა საფუძველი. მიწათმოქმედები ...
09 აგვისტო
09 აგვისტო

მამის ბლოგი - წერილი N2

გახსოვს, პატარაობისას რუკებს ხატავდი, სადაც განძის ადგილმდებარეობა იყო მითითებული? შენს რუკებზე ნაჩვენები იყო გზა და სხვ ...
07 აგვისტო
07 აგვისტო

სიკვდილი დაძრწის ამერიკის ქალაქებში

რატომ ვერ ახერხებს დიდი ამერიკული დემოკრატია ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას? (ციკლიდან: არაპოლიტკორექტული მოსაზრება)

მეტი

^