Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადგილი პარტერში (დიდი ჩაწყობით) - ეროვნულ სახელმწიფო სცენაზე სპექტაკლი “არჩევნები”

23 მაისი 2016

გარემო-ობიექტურ მოცემულობასთან იდენტიფიცირებული ცნობიერება მხოლოდ სტაციონარულ მკურნალობას ექვემდებარება.

(“საზოგადოება და თვითიდენტიფიკაციის პრობლემა”.

გეორგ ფაინლიხი)

ახლა როდესაც, ტყუილების, ლაქუცების, ყალბი ღიმილების, ლოზუნგ/შემართებების, თეატრალური ჟესტების საშიშროება უკვე ასე მოახლოვდა და ასე გარდუვალია ხალხის დაყრუება, დაბრმავება, დაბოლება, ანუ  წინასაარჩევნო პერიოდი კარზეა მომდგარი — ყველაზე აქტუალური ხდება აზროვნების ხარისხის საკითხი. შეიძლება მეტიც, აზროვნების არსის გააზრების საკითხი. ანუ სააზროვნო პროცედურაში ისეთი განმსაზღვრელის მოკვლევისა და წინ წამოწევის საკითხი, რომელიც პოლიტიზებულ სიტუაციაში არ მისცემს საშუალებას მახინჯ სოციო-დაძაბულობას, შეარყიოს ჩვენი აზროვნების კეთილშობილების შესაძლებლობა და ამით აზროვნება იდეოლოგიური სიყალბეების მოხმარებით-გამომძალველ თამაშებში ჩაითრიოს!

ახლა, საჯარო ისტერიის მოახლოებისას, როდესაც მედია უაზროდ და უმოწყალოდ დაგვესხმება თავს და უმთავრეს შემთხვევაში “ზემოდან” მართული დაგვატერორებს ჩვენს ყველაზე მდაბიო ინსტინქტებზე თამაშით, ანუ გადარჩენა/დამკვიდრების ჩვენს ჟინს, ჭორაობის და ზედაპირზე სრიალის ჩვენს სიყვარულს ეგზალტირებული სიყალბეებით გამოკვებავს – ასეთ სიტუაციაში, ყოველ ჩვენგანს ორმაგი სიფრთხილე, ყურადღება და თადარიგის დაჭერა მართებს! — ეგებ ამ გასაჭირში, ჩვენი შინაგან/ინტუიტიური გამრჩევი ხედვის დაჩლუნგებული თვალი აღვიდგინოთ და გონების ტლიკინა ზედაპირს ბოლომდე არ ვენდოთ, რომელიც მხოლოდ სოციალურ მანქანად აქცევს ადამიანს. ან, რაც კიდევ უფრო ქმედითია, ეგებ აზროვნების ნამდვილი და უპირველესი საფუძვლის რაიმე ნიშნები ვეძიოთ ამ მომავალ მენტალურ ქაოსში და შევძლოთ მათი ამოკრება — თუ რასაკვირველია ეს საფუძვლები, რომელიც ადამიანად დადგომა/გაფორმების მთავარი პირობაა, გვესმის და მათ ვცნობთ.

არადა, “აზროვნება” არც ისეთი ადვილი საცნობია, როგორც პირველი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. იმდენად, რომ აზროვნების ჭეშმარიტი ფენომენის კვლევის საფუძვლებს ჰაიდეგერმა მთელი წიგნი მიუძღვნა "რას შეიძლება დაერქვას აზროვნება?"

რამდენიმე ციტატა ამ წიგნიდან:

"შეკითხვა თუ "რას შეიძლება დაერქვას აზროვნება?"  სრულიად არ ისახავს მიზნად მალე გააფორმოს პასუხი, ამოწუროს შეკითხვა, თანაც რაც შეიძლება მკვირცხლად და გასაგებად. პირიქით! ასეთ კითხვითობაში უმთავრესი მხოლოდ ერთია: კითხვის შეყვანა კითხვითობისათვის ღირებულ ველში".

ეს მტკიცებულება ასე შიშვლად რომ არ დავტოვოთ, მოდით ცოტა მივუხალოვდეთ აქ ხსენებულ ველს: ანუ მოვლენისა და ფაქტის გამწოვ აზრობრივ ველსსადაც აზროვნება მხოლოდ ცნობიერების სუვერენული სიაშკარავის გამოვლენას ისახავს მიზნად!

ისევ წიგნიდან - ბრწყინვალე ოთხი პოსტულატი, რომელთა დახმარებით ჰაიდეგერი ჭეშმარიტ აზროვნებას, ანუ  “მოაზროვნე აზრს” (მისი ტერმინი) განსაზღვრავს:

“1. აზროვნებას არ მივყვართ არანაირი ცოდნისაკენ, რომელიც მეცნიერების მსგავსია;

2.  აზროვნება არ იძლევა არანაირ სასარგებლო ამქვეყნიურ სიბრძნეს;

3.  აზროვნება არ პოულობს სამყაროს საიდუმლოს ამოხსნის  გზებს;

4.  აზროვნება არ აფორმებს და არ გვთავაზობს არანაირ ძალებს ქმედებისთვის”.

და კიდევ:

“... სანამ ჩვენ ვცდილობთ აზროვნება ხსენებულ მიზნებს მოვარგოთ, ეს ხელს შეგვიშლის დავუბრუნდეთ (ჩვენს გონებაში უკვე უცნაურადაც კი წარმოდგენილ) თავმდაბალ უპრეტენზიო მზერას, რომელსაც ერთადერთს ძალუძს გაგვაძლებინოს ჩვენი კულტურული წარმოების ტალღებში... რომლებიც სუნთქვის საშუალებას არ ტოვებენ სოციო-პოლიტიკური სენსაციებისა და სიახლეების უწყვეტი შემოთავაზებით”.

როდის შეიჭრება ქართული აზროვნების კულმინაციის დინამიკაში მოძრაობა არა მოვლენების დაკონკრეტება-მოხელთებისკენ და მერე ამ ხელმოვლებულის სოციო-პოლიტიკურ დონეზე მორგება/მოხმარება/ისტერიის ყაყანში ჩანერგვისკენ, არამედ! — (ვიმეორებ!) მოვლენის გამწოვ აზრობრივ ველის მოძიების სიყვარულისკენ, სადაც აზროვნება მხოლოდ ცნობიერების სუვერენული სიაშკარავის გამოვლენას ისახავს მიზნად!

აზროვნების სუვერენული სიაშკარავე არის სწორედ ის უსასრულო თავმდაბლობა და კეთილისმყოფველი კეთილშობილება, რომელიც ფაქტსაც და მის აღმქმელსაც თან სდევს თანდაყოლილად სანამ ერთიც და მეორეც სოციალურ/პოლიტიკური მეძავეობის ფეხებს შორის მოექცევა და ვალდებულებრივად კუნილინგუსის მუშა ძალად იქცევა.

ჰაიდეგერის პწკარებში აღწერილი აზროვნების ხარისხის განყენების მარცვალს ქართულ ცნობიერება/აზროვნებაში ჩანერგვა და ზრდა სჭირდება, რახან ჩვენი საზოგადოება სწორედ ამ აზროვნების მიერ მოტანილი მზერის უსასრულო ნაკლებობას განიცდის - ამიტომაც ჩვენს "საზოგადოებას" სასუნთქი ფილტვები (ტრანსცენდენციისკენ მზერის მიმართულება) ჯერაც არ გასჩენია (სამწუხაროდ არც ახალგაზრდებს - ისინი დღესაც სალონურობის კულუარებში ყოფნას ამჯობინებენ). ასე რომ, ვართ ასე ჩაკეტილი კურდღლიდან ციყვამდე ინტერესებსა და ზრუნვებში.

სამომავლოდ მინდა გაგაფრთხილოთ - თუ აზროვნების ჰაიდეგერიანულ მახასიათებლებს ვინმემ სადმე თვალი ან გული მოკრას, სადაც კი არ მოიხელთებს აღარ უნდა გაუსხლტეს ისინი ხელიდან - რადგან იმ მენტალურ იაფფასიან ქაოსში რაც წინ გველის, არა თუ აზროვნება, ზოგადად საკუთარი სულიც კი შეიძლება გაგძვრეს ადამიანს და მის ადგილზე დატოვებული სიცარიელე ვიღაცეების პოლიტიკურ/სოციალური ვნებების შხამმა დაიკავოს და ამით არა მარტო საკუთრი თავი, არამედ “სხვაც” (შენი ახლობელი თუ საზოგადოება) დააზიანო, სრულ გაუგებრობაში მოხვედრილმა.

ბევრჯერ დამიწერია - ახლა კი დამარწმუნებლად მინდა გავიმეორო (განსაკუთრებით პოლიტიკოსებს მივმართო):

- თუ პოლიტიკური ფაქტი ონტოლოგიურის შეგრძნების სიმაღლიდან არ არის დანახული (რასაც ადამიანში ჯერაც არ გადაფარული ონტოლოგიური განცდის ინტუიცია აფორმებს), ამ ფაქტიდან ჩვენ პირადულ დამოკიდებულებას და ამიტომ გამორჩენის სურვილს ვერ ამოვიღებთ! ამიტომ გაფრთხილდით, ეცადეთ ისუნთქოთ ონტოლოგიურში ფეხჩადგმულის დიდი სუნთქვით - თუ გნებავთ პატიოსან ადამიანებად დარჩეთ და მოიაზრებოდეთ!

აზროვნების იმ წესამდე, რომელზეც ჰაიდეგერი მიგვითითებს, იგი საკუთარმა მწარე გამოცდილებამ მიიყვანა - წიგნი 1952 წელს არის დაწერილი. აზროვნების ასეთი წესის გათავისება და მისი შინაგან მოთხოვნად ქცევა ერთი ძალისხმევით რასაკვირველია შეუძლებელია, მაგრამ ამ მოვლენის (“მოაზროვნე აზრის”) სულისკვეთების ჩაწვდომა, მისი ინტუიციური განცდა და შინაგანი ძალების მისკენ მიმართვა შესაძლებელიცაა და ექსტატურიც. ონტოლოგიური ერთიანი და ონტოლოგიური სიცარიელე ძალიან ექსტატურია! ასე რომ, თუ დამიჯერებთ, ასეთ თამაშ/ექსტატურობაში ჩართვა ბევრად უფრო სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უსინდისო ტვინადუღებულ ქოთქოთში გადავარდნა, რაც წინ გველის.

თუ ჰაიდეგერიანული “პროგრამა” ვერ მოვიხელთეთ და მის ბილიკზე ფეხი ვერ შევდგით, მაშინ ჩვენი ახლო სამომავლო პერსპექტივის შემაშინებელ შმორთან ბრძოლაში (აშკარაა - რაც ნაკლებად შეეხებით მით მეტად დარჩებით ადამიანად) - დაგეხმარებათ ამ მაღალი სააზროვნო სიტუაციის წინაპირობების გათავისება, ისეთების როგორიცაა: - სკეფტიციზმი, განყენებულობი, ინსტინქტიდან გამოსუფთავებული დაუინტერესებლობა…

მოკლედ სპექტაკლი, როგორც ვიცით, რანაირადაც მას წინ არ უნდა აღვუდგეთ, ყველა შემთხვევაში შედგება და გონიერება მიგვანიშნებს: არ ღირს სცენაზე დგომა, მსახიობად ქცევა და კიდევ როლთან ისე შეზრდა/ატყეპება, ისიც კი დაგავიწყდეს, რომ მსახიობი რომ ხარ. თუ სპექტაკლი მთლიანობაში მის უზოგადესში გინდა მოიხელთო და მისი შინაარსის საკვანძო არსობრივი მხარე არ გამოგრჩეს, მაშინ მას რეჟისორივით პარტერიდან უნდა უცქირო. მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი დაუინტერესებელი თვალით იმის არსობრივი შეფასება, რაც ისტერიკა/პანიკაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს იმკვიდრებს - ჩვენ კი გვათაყვანებს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^