Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

25 წელი ადამიანებისათვის დიდი ასაკია. ამ დროს ადამიანები უკვე ჩამოყალიბებულები არიან. მათმა დიდმა ნაწილმა იცის, რა უნდა, რა მიზნები აქვს. იცის, რომ უნდა განვითარდეს და ერთ ადგილზე ყოფნა ან წარსულთან დაბრუნება არ უღირს.

25 წელი დიდი ასაკია ქვეყნისთვისაც. განსაკუთრებით, ისეთი ქვეყნისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობის გემო, პრაქტიკულად, 25 წლის წინ გაიგო. რომელსაც ევროპული არჩევანი და დემოკრატიული ღირებულებები 1921 წელს წაართვეს, ამოუხოცეს თანამედროვე ინტელიგენცია და 70 წელი მონობის უღელქვეშ აცხოვრეს.

25 წელი საკმარისია ახალი თაობის შესაქმნელად. თაობის, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, რომელსაც ბავშვობაში არ ჰქონდა გაზი, შუქი, წყალი, მაგრამ ჰქონდა ყველაზე მთავარი: დამოუკიდებლობა. 90-იანების თაობას არ აქვს საბჭოთა წარსული და საბჭოთა მეხსიერება. ამიტომაც  გვაქვს უმნიშვნელვანესი როლი შესასრულებელი ამ ქვეყნის მომავლის შექმნის პროცეში.

25 წელი მარტივი არ ყოფილა. იყო სამოქალაქო ომი, იყო დაკარგული ტერიტორიებიც, იყვნენ რუსეთუმეებიც და დემოკრატიული ღირებულებების მატარებლებიც. იყო 9 აპრილი და იყო 8 აგვისტო. 2008 წელი, რომელმაც იმ საბჭოთა ღირებულებებისაგან თავისუფალ 90-იანების თაობას დაანახა, თუ ვინ არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრე. 

25 წელი ცოტა არ არის საქართველოსნაირი ქვეყნისათვის. მეტიც - ეს მონაპოვართა მთელი ჯაჭვია. მონაპოვარია, რომ ეროვნული ჰიმნი დღეს ყველამ ზეპირად იცის, ის, რომ 26 მაისი ნელ-ნელა ჩნდება ჩვენს ცნობიერებაში როგორც დამოუკიდებლბის დღე და ამ ყველაფერში წვლილი ერთად, ნებსით თუ უნებლიეთ მიგვიძღვის.

გილოცავ 25 წლის სამშობლოვ დაბადების დღეს და გისურვებ:

ერს - რომელიც ქართველობას მხოლოდ 17 მაისს არ დაიცავს და მხეცის ნიშანს ID ბარათის გარდა, სხვა რამეშიც მოძებნის;

ბერს - რომელიც თავის ქადაგებებით სიბნელეში სინათლის შეტანას ეცდება და არა პირიქით;

მთავრობას - რომელიც მთელი ოთხი წლის მანძილზე წინა ხელისუფლების ლანძღვის მაგივრად წინსვლაზე იქნება ორიენტირებული და ამომრჩევლის მიერ დაკისრებულ მოვალეობას დაყვედრების გარეშე შეასრულებს;

პარალმენტს - რომლის წევრებიც ოფიციალური ვიზიტების დროს, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის ბუფეტებში ყავის სმის გარდა სხვა რამესაც გააკეთებენ;

მხედრობას - რომელსაც სლოგანი - „ვემსახურები საქართველოს“ სრულიად შესისხლხორცებული ექნება;

სასამართლოს - რომელიც მხოლოდ კანონის მორჩილი იქნება;

გლეხს - რომელსაც მიწის დამუშავება არ დაეზარება და საკუთარ სიზარმაცეს მთავრობას არ დააბრალებს;

მოქალაქეს - რომელიც ხელისუფლებისათვის მოდარაჯე ძაღლივით იქნება და პასუხს აგებინებს ყველა უსამართლო გადაწყვეტილებისათვის;

ამომრჩეველს - რომელიც საარჩევნო უბანზე ხმას ვინმე მესიად აღქმულ პირს კი არა,  კონკრეტულ კანდიდატს მისცემს;

საარჩევნო სუბიექტს - რომელიც არჩევნების წინ, გამარჯვების სურვილით დაბრმავებული, წრეზე ტრიალზე იტყვის უარს და მუშტი-კრივითა და მძიმეწონიანი სპორტსმენების ჩარევის გარეშე შეეცდება გამარჯვებას;

ოპოზიციას - რომელიც საკუთარ ინტერესებზე წინ სახელმწიფო ინტერესებს დააყენებს;

პოზიციას - რომლისთვისაც ოპოზიციის არსებობა მისაღები იქნება;

ახალგაზრდას - რომელიც ქვეყნიდან გაქცევასა და სხვის აწყობილ სისტემაში ცხოვრებაზე კი არ იოცნებებს, არამედ გაიაზრებს, რომ საოცნებო სისტემა ამ ქვეყანაში მისივე შესაქმნელია;

მოხუცს - რომელიც არარსებულ 37 მანეთსა და ნატაშებზე არ გამოუჭედავს იმ  მომავალ თაობას ყურებს, ეზოს რომ არ გასცილებია;

სტუდენტს - რომელიც დაიცავს საკუთარ უფლებებს, გააპროტესტებს ლექტორს, მისთვის მიუღებელ იდეებსა და მიდგომებს და ცხვარივით არ დაუქნევს ყველაფერზე თავს.

თავისუფლებას არ აქვს საზღვრები. არც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და არც მოსკოვიდან ვაშინგტონამდე. იდეის თავისუფლება ადამიანის ქვეცნობიერში ცხოვრობს და კაცობრიობის ისტორიაში არსებულ ღირებულებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

სამშობლო არ არის ტეროტირია და საზღვრები. სამშობლო იდეაა, რომელიც ებრაელმა ხალხმა საუკუნეები ატარა. იდეა, რომელმაც, როგორც სიამაყით ვიხსენებთ, ასწლეულები გვაომა ქართველები მტერთან, იდეა, რომელმაც გადაგვარჩინა. სამშობლოს დამოუკიდებლობა მოქალაქისათვის ფუნდამენტური ღირებულებაა. ის ღირებულება, რომლის გარშემოც ნებსით თუ უნებლიეთ ვერთიანდებით.

ამ იდეის დამოუკიდებლობას წელს 25 წელი შეუსრულდა. მინდა, ოდესმე ეს დღე გახდეს უფრო დიდი, ვიდრე ახალი წელი, აღდგომა თუ შობა, უფრო მნიშვნელოვანი, პირადი დღესასწაულებია. მეტი, ვიდრე უბრალოდ დასვენების დღე, როგორადაც ბევრი აღიქვამს. მინდა, ოდესმე ყველამ გავიაზროთ ჩვენი მოქალაქოებრივი ვალები, იმიტომ, რომ სიტყვათშეთანხმება “დამოუკიდებლობის დღე” ადამიანებს არა ტერიტორიის, არამედ, იდეის გარშემო აერთიანებს. იმ იდეის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, კულტურულ ცნობიერებას, ისტორიულ მეხსიერებას. იმ იდეის, რომელსაც სამშობლო ჰქვია.

სამშობლოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს გილოცავთ მათ, ვისაც ამ დღის მნიშვნელობა გესმით და მათაც, ვისაც დღევანდელი დღე მხოლოდ კარგი გამოძინების გამო რომ უხარია. იმიტომ, რომ ჩვენი, როგორც ქართველი ერის იდენტობისათვის არ არსებობს უფრო დიდი და მნიშვნელოვანი დღე, ვიდრე სამშობლოს იდეის თავისუფლების დღეა. იმ იდეის, რომელიც ოთხ მილიონამდე ადამიანს გვაერთიანებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^