Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკან თუ წინ - კითხვა ეს არის? (სერიიდან მიმართულებები)

08 ივნისი 2016

რუსოს და ტოროს მოწოდებებს თუ სრული ანალიტიკურ/თანმიმდევრული სერიოზულობით მოვეკიდებით და კომპრომისულ შემოთავაზებად არ გავიაზრებთ, მაშინ ადამიანის ბუნებაში “დაბრუნება” მხოლოდ ნაივურ/აბსურდული ფილოსოფიური შეცდომაა, რომელზეც ყველაზე მეტად ალბათ ვიტგენშტაინს გაეცინებოდა!

ბუნებაში, ანუ კულტურამდელ სივრცეში დაბრუნება არის “ბილეთი არსაით”. რადგან ასეთი “დაბრუნება” იმას არ ნიშნავს, რაც ასეთ სურვილშია ნაგულისხმევი - ეს უბრალოდ ლინგვისტურ-ცნებითი ლაფსუსია.

ასეთი დაბრუნების თემაზე არის დადგმული ფილმი “In to the wild”, სადაც პათეტიკურ ეპიზოდში გმირი ზღვას და ცას ექსტატურად უყვირის, რომ მას მიერთება/დაბრუნება (თუ რაღაც ამდაგვარი…) უნდა. ეს მხოლოდ ღიმილს იწვევს, ჩვენმა გმირმა უბრალოდ არ იცის რას ითხოვს და რა აბსურდია ასეთი სურვილი. “ცას”, “ზღვას” - ჩვენს ცნობიერებაში სწორედ კულტურა აფორმებს როგორც ცნებებს. თავად ცნება “ბუნებაც” კულტურულ-ენობრივი წარმონაქმნია, რომელიც მხოლოდ სხვა ცნებებთან მიმართებაში არსებობს (როგორც ვიტგენშტაინმა იხუმრა - არ არსებობს ცნება “კატა” ცნება “ძაღლის” გარეშე). თუ შენ “ცა”, “ზღვა”, “ბუნება”გიყვარს, შენ სწორედ ცნებები გიყვარს დატვირთული ყველა იმ შინაარსებით და სიმბოლური მნიშვნელობებით, რომელიც კულტურამ და კულტურაში ცხოვრების გამოცდილებამ ჩატვირთა მათში. სხვანაირად, პრეკულტურულ სივრცეში, არსებობს მხოლოდ ერთიანი უწყვეტი შეგრძნებითი ნაკადი/ხალიჩა, სადაც არაფერია ფენომენად გამოყოფილი და აღმქმელის ცნობიერებაც სრულად იდენტიფიცირებულია ამ ხალიჩასთან - ისე როგორც ახალდაბადებულისთვის თბილი რძე, დედის მკერდი და სინათლე ფანჯრიდან უწყვეტ და დაუნაწევრებელ შეგრძნებათა ერთიანი ნაკადია. ამ ერთიანი ნაკადის დანაწევრება, ანუ ამ ერთიანიდან ფენომენების გამოყოფა, მათზე აღმნიშვნელის (სახელების: რძე, სინათლე, ფანჯარა და ა.შ.) დამაგრებით იწყება, ანუ ობიექტის გაჩენით, ანუ ენა/კულტურაში შებიჯებით, რაც პარალელურად აფორმებს აღმქმელსაც - ანუ ადამიანს, როგორც სუბიექტს. სწორედ სუბიექტსა და ობიექტს შორის გაჩენილ ს ი ვ რ ც ე შ ი, ანუ მათი ურთიერთობის შესაძლებლობაში წარმოიქმნება ცოდნა, განცდა, ტკბობა, სიყვარული. ამ ს ი ვ რ ც ე ს ჰქვია კ უ ლ ტ უ რ ული განზომილება. ასე რომ, ჩვენი საყვარელი “ცა”, “ზღვა”, “ბუნება” კულტურის პროდუქტებია - ერთიანი განცდა/ხალიჩიდან კულტურის მიერ გამოყოფილი ფენომენები. კულტურის მოხსნის მცდელობასთან ერთად ისინი ისევ ერთ, განუყოფელ გრძნობად ნაკად/ხალიჩაში ბრუნდებიან - უქმდება სუბიექტი და ობიექტი და ამასთან ერთად ცოდნაც, ტკბობაც, ვნებაც, ანუ “ხის”, “ცის”, “ზღვის”, “სინათლის”, “ბუნების” (და ა.შ.) ცნება/ფენომენების განცდის ბედნიერებაც. გრძნობადი მოცემულობები, გამოყოფილ ფენომენებად არ აღიქმება აღმნიშვნელების გარეშე - ანუ ხ ე დ ვ ა, ზოგადად კულტურული აქტია! როცა ასეთი აქტის ხარჯზე ჩვენ ვხედავთ “ცას”, როგორც უკვე ითქვა, ჩვენ მასში აღვიქვამთ კულტურის მიერ ჩატვირთულ უსასრულო სიმბოლურ მნიშვნელობებს: თავისუფლებას, უსასრულობას, გადახსნილობას, ანუ ჩვენი სულის სურვილების ანარეკლებს და სწორედ ამასთან გვინდა მიერთება, ეს გვიყვარს - სწორედ რომ, კულტურული იმიჯი! კულტურის უკან, ბუნებაში გასვლა, ყველა ამ ენობრივ-ემოციური მონაცემების დაკარგვას ნიშნავს, ანუ, იმ სიყვარულის, რაც ჩვენ გვიყვარს. ასე რომ, მოწოდება “კულტურის უკან ბუნებისკენ”ფილოსოფიურად “სუბიექტის” თვითმკვლელობის ტოლია. ამიტომ, კულტურამდელ სივრცეში დაბრუნების მოწოდება, თუ სერიოზულად გაანალიზდა, კულტურის დატოვებას და ბუნებაში დაბრუნებას კი არ ნიშნავს - უფრო სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების ტვირთის ჩამოხსნის სურვილია და პირველი რიგის კულტურული აღმნიშვნელებით ტკბობით ვნებაა. ისე, რომ ადამიანს განწმენდილ, არქაულ ენაში უნდა მოგზაურობა და ჰგონია, რომ მისი სურვილი ბუნებაში დაბრუნებაა.

მაგრამ ადამიანის მისიის განხორციელებისთვის ბრძოლის კონტექსტში ასეთი სპეციფიკური ტკბობის სურვილი მომხმარებლობის ფაქიზი ფორმაა და დეზერტირობის ტოლფასია — რახან ადამიანმა კულტურა უნდა გადალახოს წინმსწრაფ მოძრაობაში და არა მასში ტკბობის რაიმე ფორმა იპოვოს.

მოკლედ, კულტურის უკან ერთი უწყვეტი განცდითი კონტინიუმი დგას, სადაც სუბიექტი არ არსებობს და ამიტომ არც აღმქმელი და არც ტკბობის მატარებელი არ მოიძიება.

კულტურის უდიდესი ფენომენი სოკრატეა. კულტურის, რომელიც საკუთარ თავს განუწყვეტლივ კითხვითი ნიშნის ქვეშ აყენებს და ამიტომ წ ი ნ, მხოლოდ წინ მიისწრაფვის უცნობისკენ და ამდენად კულტურის საბოლოო გადალახვისკენ.

უკლებლივ ყველა ინდივიდუალური სიკაშკაშე მხოლოდ გარემოსთან კავშირში ყალიბდება. სოკრატეს ფენომენს გამოვლენისთვის ბერძნული გარემო, ანუ ინტერპრეტაციებისთვის და ამოვსებისთვის გახსნილი ცნებების სამყარო ესაჭიროებოდა. ასეთი პოტენცია დღეს საქართველოში რომ დაბადებულიყო, იქ სადაც ცნება უსაშველოდ და ბრუტალურად არის ჩაკეტილი საკუთარ თავში, “ქართულ სოკრატეს” ნამდვილად ვერ ვეღირსებოდით.

მაგრამ საინტერესო ის არის, რა მოხდებოდა სოკრატე რომ დღევანდელ საქართველოში ციდან ჩამოვარდნილიყო. ისე, ჩვენში რომ ვთქვათ,  ალბათ არც არაფერი — მაგრად აცდენილი იქნებოდა.  რახან სოკრატე ყოველგვარი ფუნდამენტურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე შეყვარებული კაცი იყო, ქართველები კი პირიქით — მტკიცებულებების და ფუნდამენტური კონკრეტიკის სიყვარულით შერეკილი ერია (ჯერჯერობით ასეა)!

მაგრამ მაინც, სოკრატეს ირონიის წარმოუდგენელ უნარს შეიძლება ჩვენი შეპყრობილი ცნობიერებისთვის ცოტა მაინც ეშველა და წინ, არარას სისავსისკენ, ტრანსცენდენტული სითეთრისთვის თვალის გამართვის შანსი გაეჩინა. ამ კონტექსტში სოკრატეს გაუგონარი მასშტაბის კონცეპტუალური ნამუშევარი მინდა გაგაცნოთ. სიკვდილით დასჯის წინ სოკრატემ (ამის შემდეგ მან შხამი მიიღო და სამყაროს ჩამოშორდა) ასე მიმართა მის უახლოეს მეგობარ კრიტონს: “ოჰ კრიტონ, არ დაგავიწყდეს მე ასკლეპისთვის ქათამი მმართებს”… ეს სამყაროში წვრილმან ფუთფუთზე და მასზე ჩაფიჩინებაზე განზოგადებულ მჭვრეტელური ვერდიქტია, უდელიკატურესი ირონიით სავსე და ქართული საზოგადოების სიცოცხლეზე დაწაფებულობისთვის სამკურნალო აბად შეიძლება გამოდგეს. ამ ეპიზოდზე ცოტა ადრე კი სოკრატემ მისი მომაკვდინებელი შხამის დამამზადებელს მიმართა: “რატომ ყოვნდები ამდენ ხანსო”.

ჯალათმა უპასუხა: “ამას რას მეუბნები, ხალხი წამების ჩუქებას მთხოვსო”.

სოკრატემ უპასუხა: “იცი აქ ყველაფერი ვიცი და მომბეზრდა და ეხლა იქით მეჩქარება - მაინტერესებს იქით რა არისო”...

გადალახვის ჟინი და ინტერესი, თუნდაც სიკვდილის ტოლფასად - აი კეთილშობილი სულის მოძრაობა. ოღონდ გადალახვა მხოლოდ წინ, რადგან — სხვა გზა არარის... 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^