Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვიფიქროთ, რამე დამთავრდა"

21 ივნისი 2016

ქვეყანაში ჯერ კიდევ დღესასწაულის შემდგომი მოთენთილობა სუფევდა, მორაგბეები უკვე შეკრებილი იყვნენ. ისინი არც 2015 წლის დადგომას აღნიშნავდნენ და არც ნაბახუსევთან ბრძოლა იყო მათი შეკრების მიზეზი.

„რეინჯერების ბაზაზე მიგვყავს 36 მორაგბე და ჩვენც არ ვიცით, იქ რა მოხდება“, - მითხრა ოცწლამდელთა ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ. სია ამოიკითხა და დაგვიანებულებს ჯილდო გადასცა - ბარგი ავტობუსში ჩასალაგებლად.

დაახლოებით ნახევარ საათში ბიჭებთან ერთად სამხედრო-სატვირთო ავტომობილის ძარაზე ვიყავი. ბაზაზე მისულნი მოგვაწყვეს. მეც მათ რიგებში აღმოვჩნდი. ჯარისკაცების ტონის გათვალისწინებით, მალევე გავამხილე ჩემი პროფესია და ბაზაზე ყოფნის მიზეზი. ბიჭებმა დაშლის ბრძანება მიიღეს, კოტეჯებში განაწილდნენ და მანავის სამხედრო ბაზაზე დაბარებულივით გათოვდა. მოსაღამოვებასთან ერთად დაიწყო ის, რასაც არავინ ელოდა. ტყვიამფრქვევი ფუჭ ტყვიებს აფრქვევდა, სამხედროები ყვიროდნენ: „დროზეეე, განგაშიააა, მოეწყეეთ“. აქ ვერავის ვერაფრით გააკვირვებდი, პირიქით სამხედროები ყოველ ჯერზე ახერხებდნენ ბიჭების გაკვირვებას. მოედანზე ჯერ ქვიშით სავსე ტომრები ათრევინეს, მერე მთელი მოედანი ახოხეს, ხის დიდი მორები ატარებინეს... „მიდიი ბიჭოოო“, - იყვირა ოთია გიორგაძემ... ასეთ შეძახილს ხშირად გაიგებდით, ასე ამხნევებდნენ ოცწლამდელები ერთმანეთს. 15-კილომეტიანი ტრასა 15-კილოგრამიანი ჩანთებით „ზურგდამშვენებულებმა“ გაიარეს. ეს პირველი დღის მესამე დავალება იყო. უკვე თენდებოდა. მაიორმა ბიჭები მოაწყო და მიმართა - ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვიფიქროთ, რამე დამთავრდა. ზურგისაკეენ! ნაბიჯით იარ!

მენტალური გამძლეობის შეკრება 3 დღეში დასრულდა. შემდეგ იყო 4-თვიანი სამუშაო პროცესი და ალაფა, სადაც მენტალურად გაძლიერებულმა ნაკრებმა ერთი ამოსუნთქვით დადო უპრეცენდენტო შედეგი და 2016 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მსოფლიოსთვის მზადება 2015-ის ოქტომბერში ისევ მენტალური გამძლეობის შეკრებით დაიწყო. 46 მორაგბე, მუხროვანის სამხედრო ბაზა, უამინდობა... ჩავედით. გადავწყვიტე, მეც მიმეღო მონაწილეობა. ბაზის ხელმძღვანელს პირველი შეკრებიდან ვიცნობდი. კარგად შემხვდა და ჩემს გადაწყვეტილებაზე გაეღიმა. რაზმებად დაგვყვეს, კარვებში რკინის ლოგინები ავაწყეთ, დაგვირიგეს ზურგჩანთა, ჩაფხუტი, ორი მათარა და იარაღის წონის იარაღს მიმსგავსებული ლითონის მილები. როგორც ირკვევა სცენარი არ შეცვლილა - გვიან ღამით გამოგვყარეს, მოგვაწყეს. თავს ზემოთ „ავტომატები“ გვილაგია და ველით სერჟანტის ბრძანებას. უცებ ახალგაზრდა სამხედრო მიახლოვდება მხარზე ხელს მირტყამს და სამხედროებისთვის ჩვეული ტონით მეუბნება - „ორი ლელო მინდა ზელანდიასთაან“. გამეცინა და ბაზის ხელმძღვანელს გავხედე, რომელმაც მკაცრი მზერა დამიბრუნა, მხარში ხელი მომკიდა და ძალიან ბევრი აზიდვა გამაკეთებინა. მაშინ მივხვდი, რომ მეპურემ პური უნდა გამოაცხოს და „ავტომატის“ ნაცვლად მიკროფონი მალევე ავიღე ხელში. ბიჭებს საკმაოდ რთული გამოცდის ჩაბარება მოუწიათ. ზოგმა ვერ გაუძლო, ზოგმა ბოლომდე მიიყვანა საქმე, ზოგსაც უჭირდა. მუშტებზე მდგარ მორაგბესთან სამხედრო მივიდა, ჩაიკუზა და ჰკითხა - დაიღალე? მორაგბემ ძალა მოიკრიბა, ღიმილიც მოიშველია და უარყოფითი პასუხი გასცა. სამხედრო წამოდგა და ყველას მიმართა - დაიმახსოვრეთ, არ შეუძლია იმას, ვინც აღარ სუნთქავს.

მსოფლიოს 12 საუკეთესოს შორის იმის ადგილი ნამდვილად არაა, ვინც აღარ სუნთქავს, და არც იმისი, ვინც მარცხის და წარუმატებლობის შემდეგ წყვეტს სუნთქვას, ჰოდა ზელანდია, ირლანდია და უელს გამოვლილმა ბიჭებმა გუშინ იტალიას სძლიეს. სამი მარცხის შემდეგ ძალა მოიკრიბეს, ფეხზე დადგნენ და ევროპული რაგბის მამებს კიდევ ერთხელ დაუკაკუნეს კარზე. ხოდა, მაიორს დავესესხები -  ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვიფიქროთ, რამე დამთავრდა, უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^