Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იყო და არა იყო რა

26 ივნისი 2016

ადამიანის ენა, ბუნებრივი ენა წარმოიშვა არა საგნების, არსებების და მათი ქმედებების პრიმიტიული სახელდების შედეგად, არამედ ბუნებრივი და ხელოვნური ვიზუალური, თვალსაჩინო ნიშნების, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვოკალიზაციის, ხმამაღლა „წაკითხვის“ მეშვეობით; თავდაპირველად ენა წარმოადგენს ამ ნიშნების ხმამაღლა წაკითხვის ანუ ვოკალური, ფონეტიკური არა იმდენად სახელდების, რამდენადაც „გახმოვანების“ საშუალებას. ეს ნიშნავს, რომ იმ შორეულ „სიზმრების“ ხანაში შემჩნევა-დიფერენციაციის და ხელოვნურად შექმნის მეშვეობით ჯერ გამოიკვეთება და თანდათან გროვდება ბუნებრივი და ხელოვნური „გრაფიკული“ ნიშნების სიმრავლე, ერთობლიობა; და მხოლოდ შემდეგ ვითარდება მათი ვოკალიზაციის ანუ ხმამაღლა წაკითხვის, უფრო ზუსტად, გამოთქმის უნარი და ჩვევა, რომელიც საბოლოოდ ახალი ფენომენის, კერძოდ ენის სახეს იძენს, სისტემად ყალიბდება და საკუთარი კანონების მიხედვით განაგრძობს არსებობას.

ამრიგად, თავიდან ჯერ „წერას“ და ბუნებრივად „დაწერილის“ დანახვას სწავლობს ადამიანი, და მხოლოდ ამის მერე იწყებს დანახულის ხმამაღლა კითხვას და გახმოვანებას. ამის შემდეგ ენა, რომელიც თავიდან მხოლოდ ამოკითხვის, ვიზუალური ნიშნის გახმოვანების საშუალებად გვევლინება, თანდათან იძენს და ითვისებს სოციუმის წევრებს შორის კომუნიკაციის (საკომუნიკაციო მედიუმის) ფუნქციას. ადრე თუ გვიან კი ირკვევა, რომ ამ ფუნქციის შესრულებას ენამ იმდენად კარგად (ჟესტებსა და ბუნებრივ ხმებზე გაცილებით უკეთესად) გაართვა თავი, რომ მისი თავდაპირველი, წაკითხვა-გახმოვანების ფუნქცია დროთა განმავლობაში სრულიად გადაფარა და ჩაახშო მოლაყბე ადამიანების ყაყანმა. ასე გაგრძელდა ათიათასობით ან ასიათასობით წელი. მაგრამ შემჩნეული, ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი ვიზუალური ნიშნების ვოკალიზაციის ეს თითქოს საბოლოოდ მივიწყებული უნარი დიდი ხნის შემდეგ, ექვსიოდე ათასწლეულის წინ შუამდინარეთში ვულკანივით იღვიძებს და ამოიფრქვევა, რათა დამწერლობის საშუალებით გააფართოოს ადამიანებს შორის კომუნიკაცია პირისპირ ურთიერთობის ვიწრო და მეხსიერების არასაიმედო საზღვრებს მიღმა. მაგრამ ამჯერად პროცესი შებრუნებულია; თუ თავდაპირველად ენა წარმოიშვა ვიზუალური ნიშნების წასაკითხად, ახლა პირიქით, გრაფიკულ ნიშანთა სისტემა ჩნდება და ვითარდება ზეპირი ტექსტების ჩასაწერად, ანუ მათ შესანახად და ჩასანაცვლებლად.

სავარაუდოდ, რამდენიმე სახის იყო ის თავდაპირველი ნიშნები, რომელთა წასაკითხად უნდა წარმოშობილიყო ენა, ადამიანის ეს მთავარი განმასხვავებელი აღჭურვილობა: 1. ადამიანებისა და ცხოველების მიერ მიწაზე დატოვებული კვალი, ნაფეხურები; 2. კლდეებზე, გამოქვაბულის კედლებზე და სხვა ნაკლებად გამძლე მასალაზე ადამიანის მიერ გამოსახული ნიშნები - ხაზები, გეომეტრიული ფიგურები, ცხოველების, ადამიანებისა და მათი ხელების სილუეტები და სხვა; 3. ჩრდილები, განსაკუთრებით ალბათ სიბნელეში კოცონის გარშემო შემოკრებილი ადამიანების ჩრდილები, რომლებიც მიწაზე, სახელდახელოდ მოწყობილი თავშესაფრის ან გამოქვაბულის კედლებსა და ჭერზე ეცემოდა. როგორც ჯერ მუნჯური კინო გაჩნდა, რომელიც მხოლოდ მოგვიანებით გაახმოვანეს საზრიანმა ინჟინრებმა, ასევე ალბათ საკუთარი ჩრდილები „აამეტყველეს“ ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა, როცა პირველად ამოიდგეს ენა.

ის პირველი „სიტყვები“, უფრო ზუსტად კი „გახმოვანებები“ არც საგნების აღმნიშვნელი არსებითი სახელები იქნებოდა და არც მოქმედების აღმნიშვნელი ზმნები. თავისთავად უტყვი, ბუნებრივი და ხელოვნური ნიშნების გახმოვანება სწორედ და პირველ რიგში საკუთარ ხმას მოკლებული ამ ნიშნებისთვის - ნაკვალევის, „ნახატებისა“ და ჩრდილებისთვის - შედარებით განუმეორებელი და მათთვის „შესაფერისი“ ხმების მინიჭება იყო და სხვა არაფერი.

იმ პირველ ენაში ასევე არ იარსებებდა არც პირველი პირის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი, არ იარსებებდა ეს სიტყვა „მე“. სამაგიეროდ, იოლად და „თავისთავად“ გაჩნდებოდა მესამე პირის ნაცვალსახელი „ის“, რადგან ადამიანი გაახმოვანებდა არა თავის თავს, რომელსაც საკუთარი ხმა ისედაც ჰქონდა, არამედ გაახმოვანებდა მიწაზე დატოვებულ თავის ნაფეხურებს და თავის ჩრდილს, და კიდევ... კლდეზე ან სველ მიწაზე თავისი ხელით მოხაზულ რამე ნახატს, რეალისტურს ან აბსტრაქტულს. იმ დროს არ იარსებებდა არც საკუთარი სახელები და არავის არაფერი ერქმეოდა. ცხადია, ამ თვალსაზრისით, პირის ნაცვალსახელებისა და საკუთარი სახელების წარმოშობის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა სვირინგს, იმავე ტატუს, ადამიანის სხეულზე გაკეთებულ მეტ-ნაკლებად მუდმივ ნახატს. თავისი მფლობელისგან განსხვავებით სვირინგი მუნჯი იყო და უხმო. რადგან ის ამავე დროს ჩრდილივით განუყრელად თან სდევდა ადამიანს, მისი ნაკვალევივით თავისებურიც იყო და ხელით ნახატსაც წარმოადგენდა, ამიტომ სვირინგი ალბათ ერთ-ერთი პირველთაგანი მოითხოვდა გახმოვანებას. ეს კი ნიშნავს, რომ სვირინგის „ხმა“ დროთა განმავლობაში ბუნებრივად და ძალდაუტანებლად გახდებოდა თავად მოსვირინგებული ადამიანის საკუთარი სახელი.

როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც მწარედ ცდება ბიბლია: თავდაპირველად ადამიანი სახელებს კი არ არქმევს, არამედ ახმოვანებს. ამ ხელოვნებით ადამიანმა ფრინველებს აჯობა. ზოგ ფრინველს ხომ გაგონილი ხმების გამეორება, იმიტაცია შეუძლია; ადამიანმა კი მეტი შეძლო, უხმოს „მიაწერა“ ხმა და მერე შეკრიბა ასეთი ხმები, შეაგროვა და შთამომავალს მემკვიდრეობით გადასცა. თუმცა ეს უკანასკნელი გამორჩეულ უნარს აღარ საჭიროებდა. იგივე მგალობელი ფრინველები ხომ სწორად გალობას პატარაობისას სწავლობენ ზრდასრული ჩიტებისგან. დაკვირვება და ექსპერიმენტი ცხადყოფს, რომ გარკვეულ ასაკამდე სათანადო, მისაბაძ ნიმუშს მოკლებული ფრინველი ზრდასრულ ასაკში არასწორად, დეფექტურად უსტვენს, და რომ განათლების ნაკლი მისთვის სამუდამოდ აუნაზღაურებელი რჩება. იგივე ემართება ადამიანის ნაშიერსაც; თუ გარკვეულ ასაკამდე არ მიეცა მას ენის სწავლის საშუალება, იგი მეტყველებას საერთოდ ვეღარ სწავლობს.

ასე რომ, უნიკალურად ადამიანური არის არა უფროსებისგან ენის სწავლის უნარი, არამედ თავისთავად უხმო და უხმაურო ვიზუალური ნიშნების შემჩნევისა და, რაც მთავარია, მათი გახმოვანების სურვილი და ნიჭი. ვინმე მაღალფარდოვანი პოეტი იმასაც იტყოდა, რომ უსულო და მუნჯი საგნები ადამიანმა მათი საკუთარი ხმებით დააჯილდოვა. მე კი გახმოვანების ამ ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტური, პირველყოფილი მოთხოვნილების საფუძველი უფრო პროზაული მგონია. ვფიქრობ, მასში უფრო შიშნარევი თამაშია საძიებელი. მართლაც, განსაკუთრებით შიშის მომგვრელი უნდა იყოს ხმის გაუღებლად მყოფი საგანი თუ მოვლენა, მით უმეტეს ისეთი, რომელიც შენდა უნებლიეთ აგდევნებია და თანაც სიბნელეს ადვილად ერწყმის. ასეთივე საშიში იქნებოდა გამოცდილი მონადირე მამაკაცისთვის ლომის ან ავაზას კვალი, სიკვდილის მომასწავებელი და თვით მის დამტოვებელ კატისებრზე უფრო უჩუმარი ნაფეხურები.

მაგრამ არა, ნუ ჩავვარდებით იმ გავრცელებული შეხედულების ტყვეობაში, რომლის მიხედვით პირველყოფილად წოდებული ადამიანის ცხოვრება უმეტესად შიშით და ძრწოლით იყო მოცული. რატომაც არ უნდა ჰქონოდა ჩვენს წინაპარს თამაშისა და გართობის თანდაყოლილი, დაუოკებელი სურვილი სხვა ცხოველებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი თავისი ბავშვობის განმავლობაში? ან რატომ უნდა ჩამოვართვათ თანაგრძნობის უნარი და მისი გამოხატვის მოთხოვნილებაც უკვე მოწიფულს? თუ ღამით კოცონის გარშემო შეკრებილი ბავშვების საყვარელი გასართობი ირგვლივ მიმოფენილი ჩრდილების გახმოვანება იყო, ასეთ შემთხვევაში, ენა ბავშვების ქმნილებაა. ხოლო თუ ახალგაზრდა ქალები სხვადასხვა ზედაპირზე გამოსახულ მუნჯ ნიშნებს უთანაგრძნობდნენ, და ამ თანაგრძნობის კარნახით მათ თავისებურ ხმებსა და „გამოთქმებს“ ურიგებდნენ, მაშინ ენა გულისხმიერი ქალების ქმნილება ყოფილა.

მაგრამ არა, ნურავის დავუკარგავთ წვლილსა და დამსახურებას. სამყაროს მკაფიოდ, თვალსაჩინოდ გამოყოფილი და თანაც სრულებით უხმო, მდუმარე ნაწილის, ბუნებრივი და ხელოვნური ნიშნების გახმოვანება, ანუ ენის შექმნა თანაბრად უნდა მივაწეროთ წარსულის უკუნეთში ჩაკარგულ ჩვენს სამ პრეისტორიულ, ზღაპრულ წინაპარს: ფანტაზიორ ბავშვს, დადარაჯებულ კაცს და შეყვარებულ ქალს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^