Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენდე შენს სუნთქვას

26 ივნისი 2016

ერთი ჩვეულებრივი დღეა, არც განსაკუთრებული დასაწყისი ჰქონია და არც უძილოდ გატეხილი ღამე უძღვოდა წინ.

ახლაც არ იცი, რა მოხდა, როგორ.

მოულოდნელად, შენი არაცნობიერის მორევიდან წამლეკავი შიში მოვარდა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოგეცალა, ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა და კატასტროფის შეგრძნებამ აგიტანა, თავს ძლივს იკავებ რომ არ იყვირო, იღრიალო შეძრწუნებისგან, იქნებ ვერც იკავებ, ღრიალებ, შენი ხმა ჩაგესმის და კიდევ უფრო აძლიერებს შენივე ფსიქიკის უცნობი წიაღიდან ამოვარდნილ საშინელების განცდას...

ცხადი კოშმარი სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, ან სულაც წუთიც კი არა, მაგრამ ძალიან დიდხანს ხდება თითქოს. ბოლოს და ბოლოს “ქარი რომ ჩადგება”, შტორმგამოვლილი მეზღვაურივით უკიდურეს დაღლილობას გრძნობ და გადატანილის გახსენებაც გზარავს.

პანიკური აშლილობის წარმოშობის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. უცნობია, რატომ ირთვება საფრთხის არსებობისას ორგანიზმის ბუნებრივი პასუხის მსგავსი მდგომარეობა რეალური საფრთხის არსებობის გარეშე, თუმცა თავისთავად, უმიზეზო არაფერი არსებობს, ნებისმიერ პრობლემას თავისი შინაარსი აქვს და უმეტესწილად გარკვეული ფსიქოტიპისთვის განკუთვნილი “საჩუქარია”.

ნებისმიერი ფსიქოლოგიური ტანჯვის, ე.წ. შფოთვითი აშლილობის, “უმიზეზო” განგაშის მდგომარეობის, თუ ცხოვრებისგან თავის არიდების  ფუნდამენტური მიზეზი ის შიშით და ეჭვით სავსე გარემოა, რომელშიც აზროვნება ფორმირდება.

ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან გაუცხოება, “სიცოცხლის შიში”  ფსიქოლოგიური ავტოიმუნური დაავადების სახეა და ჩვენი ამქვეყნად ყოფნის  ძალიან საწყის ეტაპზე, ჯერ კიდევ ვიდრე საკუთარ თავებს ინდივიდუალურ პიროვნებებად აღვიქვამთ და ვიდრე ვისწავლით, რომ გონება გვაქვს, მანამდე ყალიბდება.

ამქვეყნად ყოფნის ეს შიში ცნობიერად აღუქმელი ვარაუდია, რომ სიცოცხლე არსებითად საშიში  და ღრმად არასაიმედოა და შიშის ამ უხილავი საფუძველის და ამ  უნდობლობის ფონზე უწევს ჩვენს ფსიქიკას განვითარება.

პანიკური აშლილობით უფრო ხშირად შთაბეჭდილებიანი, ემოციური, ისტერიული პიროვნული ხაზების მქონე ადამიანები მოიცელებიან ხოლმე, სწორედ ისინი, ვინც აღწერს, - “ყოველთვის ძალიან კომუნიკაბელური ვიყავი, ხალხთან ყოფნა მიყვარდა, ახლა  მეშინია ცუდად გახდომის, მირჩევნია ვიყო სახლში, ნაცნობ გარემოში… “ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საზოგადოებრივ აზრს, სხვის შეფასებას, სხვის წინაშე თავიანთ ანარეკლს შიშით აკვირდებიან, აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნილება, კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ გარშემომყოფებზე.

სწორედ მათ შთაბეჭდილებიან, სენსიტიურ და წარმოსახვის უნარით დაჯილდოებულ ემოციურ ნატურას შეუძლია უხსოვარ წარსულში რეალურად განცდილი სტრესის გრძნობის სრულად აღდგენა, გაუცნობიერებლად, სრულყოფილად გაცოცხლება შეგრძნებების, როცა ცნობიერად არც კი აღუქვამს, რომ შესაძლოა, იყნოსა სუნი, რომელი არომატითაც შორეულ წარსულში იყო გაფორმებული სტრესული მოვლენა, ან მისმა ხედვამ  მყისიერად დააფიქსირა რაიმე ნივთი, საგანი, რომელიც ადრეულ სტრესულ გამოცდილებასთან აკავშირებს და ღრმა მეხსიერებაში ჰქონდა ჩაძირული.

პანიკური აშლილობით დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება. განცდაში ჩართულია ფიზიოლოგიური შეგრძნებები: გაძლიერებული გულისცემა, ოფლიანობა, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა, ყელში სპაზმი, შეციება, ან პირიქით, წამოხურება, გულისრევა, ტკივილი მუცლის ან გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, იშვიათად გულის წასვლა, სხეულის დაბუჟება, ადამიანს აქვს გაგიჟების ან სიკვდილის შიში, არარეალურობის განცდა, დეპერსონალიზაცია.

პანიკური შეტევის პირველი გამოცდილების შემდეგ ჩნდება შეტევის განმეორების შიში და ახლა უკვე დადარაჯებული ადამიანი თავს არიდებს სიტუაციებს და გარემოს, სადაც როდესმე შეტევა განუვითარდა.

პანიკურ აშლილობასთან ასოცირებულია ნივთიერებებით ინტოქსიკაცია, დეპრესია, ხშირად თან ახლავს აგორაფობია, იგივე ღია სივრცის შიში. გაშლილი სივრცე, სიმაღლე, სიმბოლიზებული თავის-უფლებასთან და ძალა-უფლებასთან, რომელსაც ფარულად შეიძლება მიელტვოდეს ადამიანი, მაგრამ ვერ მაგრდებოდეს შინაგანი არასრულფასოვნების, არასაკმარისობის, სამყოფი ძალის არ ქონის განცდის გამო; აშინებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ცუდად გახდომის შემთხვევაში რომ “არ შერცხვეს”, ამავე დროს უჩნდება გარემოში მარტო ყოფნის შიშიც. 

ამდენად, ამ პრობლემით შეწუხებული ადამიანი თანდათან თავს თითქმის სრულ იზოლაციაში იქცევს. ხშირად შერჩეულ პირს, მშობელს, მეუღლეს, ახლო მეგობარს ავალდებულებს მუდმივ მეთვალყურეობას და ზრუნვას, რასაც ასევე აქვს გაუცნობიერებელი შინაგანი, დაფარული მიზეზი, იყოს გადაჭარბებული ზრუნვის ობიექტი და ამოავსოს ის ემოციური დეფიციტი, რომელიც შესაძლოა, ძალიან ადრეული ასაკიდან ჯერ კიდევ გააზრების, სახელის დარქმევის გარეშე იზრდებოდა სულში და ქმნიდა მეტ და მეტ ცარიელ, მტანჯველ სივრცეს.

პანიკური შეტევა თავიდან არაფერ აშკარასთან კავშირში, მოულოდნელად, კონკრეტული მიზეზის გარეშე იწყება. თუმცა დროთა განმავლობაში იძენს გარკვეულ სისტემურობას, ვითარდება მსგავს ან  ერთნაირ სიტუაციებში და გარემოში.

მედიკამენტური და ფსიქოთერაპია ერთად  ეფექტურად ამარცხებს პრობლემას, თუმცა, სანამ სპეციალისტს მიმართავდეთ, ავტოთერაპიისთვის ერთ “ილეთს” გასწავლით, თავის ნებაზე მოჯირითე ფსიქიკას ლაგამი რომ ამოსდოთ და უკეთ დაიმორჩილოთ, თქვენვე სცადოთ თქვენი შინაგანი მონსტრის გახედვნა და მოთვინიერება.

ეს უმარტივესი “ილეთი” არა მხოლოდ პანიკურ აშლილობასთან შებრძოლებისთვისაა კარგი, ნებისმიერს გამოადგება, ვინც დაღლილია შეგრძნებით, რომ სიცოცხლე არ უღირს, დაღლილია იმ სამყაროში გამოკეტილობით, რომლისაც არ ესმის და ვერ ეგუება, დაღლილია გრძნობით, რომ რაღაც აკლია. გამოადგება მასაც, ვინც გადაიქანცა სურვილით, იყოს ცხოვრებაში ეფექტური, ისევ და ისევ, თავიდან იყოს ნაპოვნი იმ უამრავ მარცხს შორის ჩაკარგვის შემდეგ, რომელიც განიცადა.

ილეთის არსი “მეს” ნამდვილი ბუნების ცნობიერი გემოს აღმოჩენაშია, იმისათვის, რომ გავაქროთ გარემოს მიმართ გაუცხოება და ეჭვიანობა, გავაუქმოთ გაუცნობიერებლად აღქმული წინაპირობა სიცოცხლის საშიშროების შესახებ, რაც ნაბიჯ ნაბიჯ, შეუმჩნევლად დაგვეხმარება ცხოვრებასთან ინტელექტუალურად შებმის გზების ფორმირებაში, ფსიქიკის რეგენერაციაში და თანდათან ჩამოშლის დაავადებულ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს.

რადგან პანიკური შეტევა საკუთარ სხეულს გვიპირისპირებს, პირველ რიგში მოლაპარაკება ჩვენც სხეულთან გავმართოთ:

დაჯექი ჩუმად. დაიწყე ყურადღების მიქცევა შენი სუნთქვისთვის, როგორ შედის და გამოდის შენი სხეულიდან. არანაირი მცდელობა არ გქონდეს, რომ აკონტროლო როგორ სუნთქავ, უბრალოდ შეიგრძენი, როგორ მოძრაობს ჰაერი ნესტოებში, სხეულში შემოსვლისა და სხეულიდან გასვლის დროს. შეამჩნევ, რომ შეგრძნება გრილია, როდესაც გაივლის ნესტოებს სხეულში შემავალ გზაზე და თბილი, როდესაც სხეულს ტოვებს.

უკეთ ფოკუსირდი. ყოველი სხეულიდან გამოსული სუნთქვა გონებაში დათვალე: ერთი, ორი, სამი, ოთხი და ა.შ.

თუ შეამჩნევ, რომ ყურადღება გეფანტება და გადაგაქვს რაიმე სხვაზე გარდა სუნთქვისა, ფიქრზე, ხმაზე ან რაიმე ვიზუალურზე, შენს თავს უხმოდ, შინაგანად უთხარი, - დარღვევა!

ისევ გადაიტანე ყურადღება სუნთქვაზე და თავიდან დაიწყე ათვლა.

გააკეთე ეს ყოველდღე, ათი წუთის განმავლობაში. თავიდან, სავარაუდოდ, ვერ შეძლებ ორის ან სამის დათვლაზე მეტს. ამან არ დაგაბრკოლოს. გააგრძელე მცდელობა და არ დანებდე. რომც გაჩერდე ორზე და სამზე და თავიდან მოგიწიოს დაწყებამ, ამით საქმე მაინც კეთდება.

ამ სავარჯიშოს მიზანი არ არის, რომ ისე გაიწვრთნა, მაღალ ციფრებამდე შეძლო დათვლა. მიზანია, განავითარო და გააძლიერო შენი შესაძლებლობა, გაასწორო ფოკუსი იმ განცდაზე, იმ შეგრძნებაზე, იმ არჩევანზე, სადაც გინდა რომ დამაგრდეს შენი გონება.

ენდე შენს სუნთქვას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^