Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტელევიზორი

21 ივლისი 2016

ტელევიზორს არ ვუყურებ, არც მაქვს. თუმცა რამდენიმე დღეა სოფელში ჩამოვედი და მასთან ურთიერთობაც მომიწია. დიდი ხნის განშორების შემდეგ ჩემთვის უცნაური აღმოჩნდა ის გადაცემები, რომელსაც ქართული წარმატებული ტელევიზიები გვთავაზობს.

ტელევიზია და ტელევიზორი დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენთან. ტელევიზორი იმდენად მნიშვნელოვანი,  “საკრალური” ნივთია ჩვენს ოჯახებში, რომ წარმოუდგენელია დღე მათ გარეშე, ღამეც. მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა სოფელში  მუდმივად ცდილობენ ტელევიზორის განახლებას. მსმენია, რომ ხშირად გამხდარა ის  “სოციალურად დაუცველის” სტატუსის მოხსნის მიზეზიც.

მისი გავლენის სიძლიერეზე  კი ლაპარაკიც ზედმეტია. ნარკოტიკივითაა, რომელსაც ყოველ დღე იღებ. იღებ და გწამლავს.   

ჩვენს რეიტინგულ ტელევიზიებში აღსანიშნავია სერიალების სიმრავლე, განსაკუთრებით ინდურის, საიდანაც დაძაბული მუსიკით, გახევებული სახეებითა და  ეგზოტიკური ჩაცმულობით ქართველ მაყურებელს  უთანასწორო ადამიანების სიყვარულის ისტორიას, ოჯახური ურთიერთობების, რძლის, ბოროტი დედამთილის, კეთილი ბიძაშვილის, ავი დეიდის ქმრის, მოკლედ  ბოროტისა და კეთილის გულუბრყვილო ზღაპარს გვიყვებიან.  ხანში შესულ ადამიანებს  ის წარსულის ინდური კინოს “ხიბლს” ახსენებს. ამას მოსდევს თურქული, შემდეგ ისევ ინდური, შემდეგ ისევ თურქული სერიალი. სერიალები, სადაც ნაზი, მეოჯახე ქალბატონები იტანჯებიან სიყვარულისთვის, სადაც წარმატებული, მამაკაცური ჯენტლმენები ცდილობენ მათი გულების მოგებას. საბოლოოდ მდიდარი მამაკაცი კიდევ უფრო მდიდრდება, ამარცხებს ბოროტებას, იპყრობს კეთილშობილი  ქალის გულს და  ქმნიან ოჯახს.

მაყურებელი ბედნიერია.

საინტერესოა, რატომ ხვდება ქართულ ტელევიზიაში ასეთი პოპულარული სერიალები ქვეყნებიდან, სადაც რელიგია და კაცი ბატონობს ქალზე.

ასევე ბევრია გადაცემა, სადაც პირდაპირ ეთერში ჩვენი შოუბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი ადამიანები გვიყვებიან სხვადასხვა ამბებს.  მაგ: წამყვანი ქალბატონები (რაოდენობას ვერ დაგისახელებთ) სხედან და ჭორაობენ. ყაყანში რთულია ხმების გარჩევა.  ვხვდებით,  რომ გვიყვებიან ბოლო მოდის სათვალეზე, რომელსაც არაჩვეულებრივი ლინზები აქვს და გვირჩევენ, რომელი სათვალე მოგვიხდება, თუ გვაქვს, ოთკუთხა, მრგვალი, ან ოვალური სახის ფორმა. როგორ გავხდეთ და ვიყოთ მუდმივად ფორმაში, რომ ფიტნესი და სპორტით დაკავება საუკეთესო გზაა ამისთვის.

ჩვენი ქალები, დილით 6-ზე გაღვიძებულნი,  შრომით დაღლილნი, სხედან და უყურებენ.

ამის შემდეგ გადის სიუჟეტი და წარმატებული ნინის, ნუკას, ლელას გარდერობს გვაცნობენ. წამყვანი ქალბატონი მთელი მონდომებით ცდილობს აღმოაჩინოს იაფფასიანი სამოსი  და მერე გაოცებულმა აჩვენოს  მაყურებელს. ასევე საინტერესოა, სიყვარულის რეცეპტები ბედნიერი ქალებისგან. რეცეპტები, როგორ გავაკეთოთ სადილი ორაგულით, ხბოს ხორცით, ბერძნული ზეთით, ხიზილალით, სხვადასხვა უცხო სანელებლებით. 

მერე საინფორმაციოს დროც მოდის. მძიმე მუსიკითა და მძიმე ამბებით, სადაც გვიყვებიან წინასაარჩევნო კამპანიაზე, ქალების მკვლელობაზე, ძალადობაზე, ტერაქტებზე. აქ, ჩვენთან  განსაკუთრებით ყურადღებით ახალი საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ის  ამბავს ელოდებიან ახლა. ნეტავ ვინ გახსნის, ვინ ჩამოვა. კარგად იციან, მისი ნახვის შანსი ნამდვილად არ ექნებათ.

შესაძლოა იღბლიანი დღე დარჩეს და ლოტოს გათამაშებაც გავიდეს, სადაც ვიღაცას აქვს შანსი, მილიონერი გახდეს. ჰოდა, უყურებენ, მერე რა რომ უბილეთოდ არიან, სხვისი ბედნიერებაც ხომ გიხარია კაცს.

საღამოს იწყება შოუ - ეკას, ნანუკას, მაიას,  ნანის, ნინის, ნუკის... ოთარის, რევაზის, მალხაზის...

დაე,  იარონ…

 იარონ…

  ამიინ...

განსაკუთრებით მომხიბვლელია შოუ ელიტური ამბებით, მელოდიური ქალაქური მუსიკით, თბილისელი კოლირიტებით, ინტელიგენტი ბაბუებით, მათი ძაღლებით, სახლებით, მანქანებით, შვილიშვილებით. სადაც სათაყვანებელი, სიმპატიური  მსახიობი მამაკაცი ბ-ნი *** გვიყვება, თუ როგორ უყვარს ძაღლები და ქალები, მაგრამ დასძენს, რომ ბოლო დროს ქალები ძალიან გათამამდნენ, რომ საქართველოში მატრიარქატი სუფევს. მომხიბლველი და უშუალო წამყვანი იღიმის ბატონი ***-ს ხუმრობაზე.

მანამდე საინფორმაციოში ჟურნალისტები გვერთვებოდნენ სხვადასხვა სოფლიდან. სოფლიდან, სადაც კაცმა ქალს ყურები დააჭრა.

სოფლიდან, სადაც ქმარმა ცოლი  მოკლა.

სოფლიდან, სადაც 20 წლის გოგო მოკლეს.

***-ს უყვარს ქალები, ლამაზი ქალები.

***-ს უყვარს ძაღლები.

***-ს უყვარს ძაღლებიც და ქალებიც. მაგრამ მერე რა, რომ უყვარს, ქალები არ  უნდა გათამამდნენ!

ჩვენი ქალები, პუტკუნები და ლამაზები, შრომით დაღლილები, ძლიერები და კეთილები მორჩილად  სხედან ამ მაგიურ ყუთებთან, უყურებენ, უსმენენ სახელოვან მსახიობს და იღიმიან.  კაცებიც იღიმიან და თავს უქნევენ ***-ს,  თან ქალებს ანიშნებენ, რომ ვახშმის დროც დადგა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^