Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პახოდი კი არა, ლაშქრობა

25 ივლისი 2016

„აუ, პახოდი რა მაგარი ყოფილა, მას“... 

 ამბობს ბედნიერი სახით ასფალტზე მიმავალი ხიზანა და სოფელ შრომის სიმწვანით აღფრთოვანებას ვერ მალავს.

„ჭკვიანად თუ მოიქცევით ...“

ურეკის შეკრების დასრულებიდან 11 დღეში ავტოსადგურ „ოკრიბაზე“ მოვიყარეთ თავი. #რეპლიკა, #ხიზანა, #ზღარბო, #ბახუტა და #მესი. ფშავისკენ 5-კაციანი შემადგენლობა მიმყავს. მეორე ხუთეულიდან ნაწილს ჯანმრთელობამ, ნაწილს კი ასაკმა არ შეუწყო ხელი.

"მას"-ები და ათეული

ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ მაღაროსკარში ჩავედით, დავბანაკდით, კარვები გავშალეთ და კონსერვირებული საკვებითაც დავნაყრდით. მაღალ ტემპერატურაზე არაგვის ფერი უფრო მიმზიდველი ხდება.  მისი ძლიერი დინება ნაპირზე ჭყუმპალაობით დაკმაყოფილებისკენ უბიძგებს დამწყებ მოლაშქრეებს.

ეს მათი პირველი ლაშქრობაა. ლაშქრობა კი ერთგვარი გამოცდაა როგორც საკუთარი თავის, ისე  მეგობრების. ზოგი აბარებს ამ გამოცდას ზოგიც - ვერ. კოცონთან შემოკრებილებს წარმოდგენაც არ გვქონდა, რა გამოცდა გველოდა წინ და ვინ როგორ ჩააბარებდა. ელავს, დღის მონაკვეთთან შეუსაბამოდ ბნელდება და აი, პირველი წვეთიც.

 - ბიჭებო, დროზე კარვებში! 

- დიახ, მას.

 უხვი ნალექი, ჭექა-ქუხილი, ისეთი ქარია, კარვის კედლებს სახეში გვირტყამს. უცებ ჩვენი  ტენტი ქარს მიაქვს. გამოვედი და ვხედავ, ხიზანას და მესის კარავი დაშლის პირასაა. უცებ რეპლიკა ამომიდგა გვერდით ფარნით ხელში, დაშლილი კარვიდან ბიჭები მშრალ კარვებში გადავიყვანეთ და საკვები პროდუქტების გადმოლაგება დავიწყეთ. კოკისპირულად წვიმს.

ამ დროს ფშაველი მამა-შვილი მოვიდა კარვების აკეცვაში დაგვეხმარა და ჩვენმა ბანაკმაც ცაბაურაშვილების აივანზე გადაინაცვლა.

აი, აქ გამოჩნდა ურეკის შეკრების შედეგი. ხიზანა მშრალ ტანსაცმელს ახარისხებს, მესი სველებს აგროვებს, რეპლიკა საძილე ტომრებს შლის, ზღარბო საკვებ პროდუქტებს ერთად ალაგებს, ბახუტა ჩანთებს ეზიდება.... მე? მე ვდგავარ გაშეშებული და ვუყურებ ერთ გუნდს, რომელიც წნეხის ქვეშ არაჩვეულებრივად მუშაობს - ყველა თავის საქმეს აკეთებს და ყველა ერთმანეთისთვის მოქმედებს.

პირველი გამოცდა ჩაბარებულია.

აივანზე გატარებული ღამის შემდეგ ბანაკმა ისევ მდელოზე გადაინაცვლა.   

ამ ერთ გუნდს სამი დავალება აქვს შესასრულებელი. მათ უნდა დალაშქრონ სიმაგრეულას ციხე, მივიდნენ კოპალას სალოცავში და მოინახულონ ჩარგალი. გუნდურობის გარეშე არაფერი გამოვა. ვხედავ, როგორ მიბობღავს გუნდი ხავსიანი ქვებით დაფარულ მთაზე, როგორ უნაწილებენ ერთმანეთს წყალს, როგორ უწვდიან დახმარების ხელს... ამასობაში კლდის წვერზეც აღმოვჩნდით. დაშვება რთული იქნება. ხევში ვეშვებით, არანაირი ბილიკი, სველი ფოთლებით და ეკლებით დაფარულ ფერდობებზე ვეშვებით, თუმცა ბახუტა ტემპს აგდებს, გზის პირა მდინარის ხმა ძლიერდება, ახლოს ვართ. ვერც უკმაყოფილებას და ვერც დაღლას შეამჩნევთ გუნდს. მდინარის პირზე ერთმანეთს ეხვევიან, უხარიათ, აკვირდებიან, რა სირთულის მთიდან დაეშვნენ. ბახუტას კი კედები სულ შემოხევია და წინდების ამარა მოდის.

დარჩენილი ორი ლოკაციაც ერთი ამოსუნთქვით მოვინახულეთ. გუნდი ისევ მღერის, შეძახილებით ამხნევებს ერთმანეთს. აქ მონაწილის ასაკს და ფიზიკურ მონაცემებს მნიშვნელობა არ აქვს. აქ ყველა ერთ საქმეს აკეთებს - ცხოვრობს ბანაკში და ზრუნავს მასზე.  ნაწილი საჭმელს ამზადებს, ნაწილი წყლის მომარაგებაზეა პასუხისმგებელი, ნაწილიც ალაგებს. ის ბიჭები, რომლებიც მშობლებისთვის ჯერ კიდევ ბავშვები არიან, დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ. 

დამღლელი გასვლების შემდეგ ბანაკში მეგობრული ბურთით გართობის დრო დგება.  სტუმრებმა მასპინძლები დავპატიჟეთ ბანაკში და მაღაროსკარელი ბიჭებიც დათქმულ დროს მოვიდნენ.  გუნდები ისე დავაკომპლექტე, რომ სტუმარ-მასპინძლებს გვერდიგვერდ ეთამაშათ. კარგა ხანს ისმოდა მხიარული შეძახილები არაგვის პირას. თამაშის ბოლოს ნამდვილი სარაგბო დერეფანი გავაკეთეთ და კიდევ ერთხელ შევახსენეთ ბიჭებს, რომ ყველაზე მთავარი ურთიერთპატივისცემაა. სახელდახელო მოედნიდან გუნდებმა თავი ნაყეურების ოჯახში ამოყვეს, სადაც ფშაური მესამე ტაიმი მოეწყო . ბიჭებმა უფროსებისგან ბევრი საინტერესო ისტორია მოისმინეს, „ნამდვილი“ ხინკალი დააგემოვნეს და ძილმორეულები დაბრუნდნენ ბანაკში.

ბანაკს ვშლით, თბილისში ვბრუნდებით. ასეთ დროს, როგორც წესი, სევდა მიტევს, მაგრამ ორი კვირის გაცნობილი ბიჭების ერთ გუნდად ჩამოყალიბება მახარებს. 

მოვეწყვეთ და თბილისისკენ დავიძარით.

- ხიზაან

- დიახ, მას

- პახოდი კი არა, ლაშქრობა...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^