Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შადრევნის კანი

03 აგვისტო 2016

ერთგან თითქმის ასეთი რამ ვთქვი, რომ ცნობიერება გონებისათვის იგივეა, რაც არის კანი სხეულისთვის. ამ მეტაფორას ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. ცოცხალი არსების გონებაც და ცნობიერებაც პროცესებია და არა სტატიკური საგნები. ეს პროცესები სრულებით არაცნობიერად, სუბიექტისთვის სრულიად შეუმჩნევლად და ძალდაუტანებლად მიმდინარეობს ტვინში, მთელ ნერვულ სისტემასა და სხეულში. ჩვენ მხოლოდ ამ პროცესების გარეგნობას ვხედავთ, რადგან ყოველი ჩვენგანის „მე“ სინამდვილეში სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროცესის სახეა, მეტ-ნაკლებად მოღუშული ან გაღიმებული გამომეტყველების მქონე. ეს უკანასკნელიც, ნებისმიერი ჩვენგანის „მეს“ გამომეტყველება, ანუ გუნება-განწყობილება, რამე უძრავ ნიღაბზე კი არაა გაშეშებული, არამედ თვითონაც შადრევანივით მოჩქეფს. ეს კი უკვე უკეთესი მეტაფორაა. ცნობიერება არა იმდენად გონების კანია, რამდენადაც არის სხეულის სიღრმეში გაღვიძებიდან დაძინებამდე მჩქეფარე შადრევნის ხშირად და იოლად ცვალებადი სილუეტი.

როცა მეცნიერების საქმეს ვაკეთებთ, მეტაფორის ავკარგიანობა საბოლოოდ მაინც ექსპერიმენტმა უნდა შეამოწმოს. ექსპერიმენტამდე კი მისვლაა საჭირო: ყურადღებით შერჩეულმა თუ შემთხვევით მოხელთებულმა მეტაფორამ მოვლენების ახსნისა და წინასწარმეტყველების უნარი უნდა გამოამჟღავნოს, ანუ ჰიპოთეზას უნდა ჩაუყაროს საფუძველი. ამიტომ აქ კიდევ ერთ მეტაფორას მოვსინჯავ ცნობიერების ასახსნელად. მეტაფორად ამჯერად გამოვიყენებ თვითონ მეტაფორას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მეტაფორა ხომ გადატანას ნიშნავს. მხოლოდ იმას დავაზუსტებ, რომ მეტაფორაში უნდა დავინახოთ არა გადატანის შედეგი, არამედ პროცესი, რომელიც ორ კონცეპტს შორის მიმდინარეობს. კონცეპტების ნაცვლად კი ვიგულისხმებ ორ სხეულს, რომელთაგან ერთი ნამდვილი და ცოცხალი ორგანიზმის სხეულია, ხოლო მეორე ამ სხეულში წარმოშობილი ჰალუცინაციის „სხეულს“, ანუ (კვლავ) გადატანითი მნიშვნელობით სხეულს წარმოადგენს.

ამის შესახებ წინა ესეში ვწერდი. მოკლედ გავიმეორებ. ჩემი ვარაუდით, რომელიღაც ჩვენს ევოლუციურ წინაპარს, ჰომინიდს ან უფრო შორეულს, რომელსაც ცნობიერება არ გააჩნდა, უნდა გასჩენოდა (ცხადია) არაცნობიერი ჰალუცინაცია, რომ თითქოს მის სიღრმეში არსებობს და ცხოვრობს რომელიღაც სხვა არსება. ცხადია, ეს თავისთავად არაცნობიერი ჰალუცინაცია სხეულისთვის წარმოადგენდა ისეთ უცხო, შინაგან ნაწილს, რომელსაც თვითონ ორგანიზმი ვერანაირად ვერ აკონტროლებდა და ვერც მეთვალყურეობასა და მონიტორინგს უწევდა. ასეთი რამ კი გაუცნობიერებელ შეშფოთებას გამოიწვევდა ჩვენი წინაპარი არსების სხეულში, რომელიც გაურკვევლობისგან თავის დასაღწევად შეეცდებოდა ჰალუცინაციური შინაგანი არსების შედარებით მკაფიო აღწერის მოპოვებას. მაგრამ ჰალუცინაციის აღწერის მოპოვება ასეთი აღწერის შექმნას, შეთხზვას ნიშნავს. იმ ნახევრად შეშლილმა სხეულმა და მისმა ტვინმა, ვფიქრობ, წამოიწყო თავისი აკვიატებული, მოუშორებელი ჰალუცინაციის სულ უფრო და უფრო კონკრეტული აღწერის შეთხზვა.

ეს უცნაური, თუმცა საშური საქმე მისმა შთამომავლებმაც განაგრძეს და მემკვიდრეობით მიღებულმა ჰალუცინაციამ თანდათან შეიძინა მკაფიო სხეული, უფრო ზუსტად, „სხეული“, რომელიც მოიცავდა და მოიცავს ყველაფერს, რასაც ჩვენ ჩვენს ცნობიერებაში ვპოულობთ - გარესამყაროს ფიზიკური ასპექტების ცნობიერი აღქმით დაწყებული და ჩვენი შინაგანი სამყაროს შემადგენელი და ჩვენ მიერ გაცნობიერებული გრძნობებით, აზრებით თუ სურვილებით დამთავრებული. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნამდვილ ორგანიზმში წარმოიშობოდა მისი ცხოველმოქმედებისთვის დამახასიათებელი პროცესების სახით. მაგრამ ჰალუცინაციის დასაკონკრეტებლად, მისი „სხეულის“ შესავსებად ნამდვილ სხეულსა და ტვინს, საკუთარი არაცნობიერი ელემენტების გამოყენების გარდა, სხვა გზა არ ექნებოდა. ვფიქრობ, რათა დასახული ამოცანისთვის თავი გაერთმია, ნამდვილი ორგანიზმი საკუთარი არაცნობიერი შინაარსების გარკვეული ნაწილის ასლებს დაამზადებდა (როგორც ამას მანამდეც აკეთებდა მეხსიერებაში საჭირო გამოცდილების შესანახად) და „გადაიტანდა“ მათ შინაგანი ჰალუცინაციის „სხეულში“, ანუ ჰალუცინაციის ჰალუცინაციურ „სხეულს“ მიაწერდა. ასეთი ასლებით გამოვსებული ჰალუცინაციური ფიტული სულ უფრო „დანაწევრებულ“ ნაკვთებსაც შეიძენდა და თავისი შიგთავსითაც გაცილებით უფრო გასაგები შეიქნებოდა იმ ორგანიზმისთვის, იმ სხეულისა და ტვინისთვის, რომლის უნებლიე და ავადმყოფურ ნაყოფსაც წარმოადგენდა თავიდანვე.

სწორედ ნამდვილი სხეულიდან ჰალუცინაციის სხეულში გადატანის პროცესი წარმოადგენს ადამიანის ცნობიერებას, გონებასა და „მეს“. შესაბამისად, ესაა რთული, შედგენილი პროცესი, რომელიც არაერთ პარალელურად მიმდინარე პროცესს მოიცავს და აერთიანებს. ცნობიერება მათ შორის ერთ-ერთია, გადატანის ერთ-ერთი პროცესია, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს ყოველთვის, როცა ჩვენ ცნობიერ მდგომარეობაში ვართ, როცა რამეს ან ვინმეს, ან საკუთარ შინაგან სამყაროს ცნობიერად აღვიქვამთ. ეს პროცესი იწყება, როცა ვიღვიძებთ და წყდება, როცა ვიძინებთ, რათა გაღვიძებისთანავე ისევ აღდგეს და გაგრძელდეს. ამიტომ და ამ აზრით, შეიძლება ითქვას, მეტიც, უნდა ითქვას, რომ ცნობიერება არის მეტაფორა; და რომ ცნობიერების გამომხატველ საუკეთესო მეტაფორად თვითონ მეტაფორა გვევლინება.

თუ ეს ყველაფერი, მკითხველო, ზღაპრებს გაგონებს, გაგახსენებ, რომ მეცნიერება ზღაპარია, ოღონდ ისეთი ზღაპარი, რომლის ყოველ სიტყვას აუცილებლად და, თანაც, მრავალგზის ამოწმებს მეცნიერი. ეს რელიგიაა ისეთი ზღაპარი, რომლის შემოწმება არა თუ არ შეუძლია, უბრალოდ არც აწყობს რელიგიურ არსებას. რადგან მეცნიერება რამდენჯერმე ასე დაჟინებით ვახსენე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ცნობიერების, როგორც მეტაფორის ჩემ მიერ წამოწყებული ჰიპოთეზა (ჰიპოთეზაც ხომ პროცესია), ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით საკმაოდ ახლოს უნდა იდგეს ფსიქოლოგიური კონსტრუქტივიზმის სახელით ცნობილ და სრულიად კანონიკურად მეცნიერულ ჰიპოთეზებთან, რომლებსაც ლისა ფელდმან ბერიტი (Lisa Feldman Barrett) და მისი კოლეგები ავითარებენ სტატიებსა და წიგნებში.

მუშთაიდის ბაღში ქამრის ბალთასავით ეგდო მრგვალი შადრევნის დაბალი აუზი. ქვაზე ჩამომჯდარი შიშველი ქალის მომცრო ქანდაკება სამთითას უმიზნებდა არსად მიმალულ თევზებს მაშინაც, როცა დაცლილი აუზის ფსკერზე ფოთლები და ნაგავიც აღარ ჩანდა სველი. ზოგჯერ შადრევანი უხვად იფრქვეოდა და მისი წყალი ალაგ-ალაგ კალთებსაც იკეთებდა, გლუვსა და დროებითს, გადმოფენილი ნაკადის ნაოჭებს შორის. ასე ალბათ ღამურა გაღვიძებისას ნელ-ნელა შლის და იკეცავს ფრთებს. მოკლედ, შადრევანი თავის კანში იყო გამოხვეული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^