Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღამის მატარებელი

30 აგვისტო 2016

მატარებელი ბავშვობიდან რო უყვარდათ ასე ბევრი ტექსტი იწყება. ამიტომაც სხვანაირად დავიწყებ.

მატარებელი ერთადერთი ტრანსპორტია, რომლით მგზავრობისაც არ მეშინია და ხო, ბავშვობიდანაც ძალიან მიყვარდა. როგორც მგზავრობა, ისე მთლიანად კონსტრუქცია, მისი ხმა, სუნი, რომელიც სადგურზე დგას, გზა, რომელსაც ღამით გადის, სოფლები, რომელთაც ჩაუვლის და ამ სოფლის გმირები, რომლებიც გამთენიას თავიანთ პატარა ეზოებში გამოდიან მორიგი რუტინული დღის დასაწყებად და მათ წინ ჩახრიგინებულ მატარებელს უემოციოდ აყოლებენ თვალს. მიყვარდა და მიყვარს სადგურები, სადაც გვიან ღამით ათი-თხუთმეტი წუთით ჩერდება მატარებელი, შენ კი მოსაწევად ჩადიხარ. ბაქანზე დგახარ და აქეთ იქით იხედები, შეიძლება გამცილებელსაც დაუსვა რამდენიმე მომაბეზრებელი კითხვა. ამასობაში გამოჩნდება ცივი ფანტა და ცხელი ხაჭაპური, რომელსაც ან იყიდი, ან - არა, მაგრამ შენ თუ არა, სხვა მაინც იყიდის. ხაჭაპური ღმერთის მერე ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. მოშორებით ხედავ სინათლეს, რომელთან ერთადაც რკინაზე უროს რაკუნის ხმა გიახლოვდება. ეს რკინიგზის თანამშრომელია, რომელიც ყველა ვაგონის ბორბლებს ამოწმებს. მოგიახლოვდება, შენ ყურადღებას არ მოგაქცევს, მაგრამ ნაცნობ გამცილებელთან რამდენიმე დღით ადრე დაწყებულ დიალოგს ისე გააგრძელებს, წამით არ შეჩერდება. ასე ჩაივლის მთელ ბაქანს და ყველა გამცილებელთან ძველ ამბავს გააგრძელებს, ანდაც ახალს დაიწყებს. მიყვარს ამ სადგურების მუდივი ბინადრები, რომლებიც სადღეღამისო მაღაზიის სარკმელთან დგანან, ლუდს სვამენ და ხმამაღლა იცინიან. ზოგი ჩხუბობს, მაგრამ სიცილი ჯობია. მიყვარს ამ სადგურებს შორის სხვაობა, მაგალითად ხაშურის შემდეგ მოლითში რომ გაჩერდები, ისეთი გრძნობა გაქვს თითქოს მეხიკოდან უცებ თავი მოლითში ამოყავი. მოლითში არავინ ხმაურობს. მატარებელს გაუმართლებს თუ სამი-ოთხი ახალი მგზავრი ავა ან ჩავა. სადგურის შენობის კართან ახალგაღვიძებული მორიგე დგას, რომელსაც ერთი სული აქვს ჩაიაროს მატარებელმა. ძალიან მამშვიდებს და მიყვარს ეს ყველაფერი და ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი შვილების პირველი მოგზაურობა სვანეთში 45 წუთიანი ფრენით არ დამეწყო. თანაც უკვე ვთქვი რომ ფრენის მეშინია. ჰოდა ავიღე მატარებლის ოთხი ბილეთი. ანუ მთელი კუპე.

მოკლედ, ვარაუდი, რომ თავგადასავალი თბილისიდანვე დაიწყებოდა, ბავშვები ახალი შთაბეჭდილებებისგან პირს დააღებდნენ და ზუგდიდამდე არ დახურავდნენ, არ გამართლდა. სამაგიეროდ თავგადასავალი დაიწყო ჩვენთვის, მშობლებისთვის.

არ ვიცი ამ ბლოგის წაკითხვის მერე ვინმე თუ გადაწყვეტს მსგავსი თავგადასავალი მოიწყოს, მაგრამ თუ მაინც გაჯიუტდით და თქვენ შვილებთან ერთად ღამის მატარებლით სადმე წახვედით, გაითვალისწინეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - მატარებელში ჩასხდომამადე, ორი-სამი საათის განმავლობაში ძალიან ცოტა წყალი დაალევინეთ ბავშვებს, ზუსტად იმდენი, რომ დეჰიდრაცია არ დაეწყოთ, რადგან, ჯობია უწყლობა აიტანონ, ვიდრე - მატარებლის ტუალეტი. ვიცი, არაფერს ახალს არ ვამბობ, საქართველოს არაჰიგიენური ტუალეტები ჩვენი კულტურის ნაწილია და დიდწილად ჩვენივე ბრალია, მაგრამ ლოკაციის პატრონმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მომხმარებელმა შენიშნოს მაინც უნიტაზის ადგილმდებარეობა.

ერთი სიტყვით, ტუალეტში ისევ არ შეისვლება. წლების შემდეგ, რაც მოხდა ვაგონების მოდერნიზება, თითქოს განახლება და პომპეზური წარდგენა, საქართველოს სამგზავრო მატარებლის ტუალეტში არაფერი შეცვლილა. მაგრამ შეიცვალა ვაგონების ინტერიერის ფერი. კოსმეტიკური რემონტი თითქოს გაძლევს იმის იმედს, რომ სხვა კომფორტული დეტალებიც დაემატა, თუმცა ძალიან მალე ხვდები, რომ მსგავსი არაფერი გაკეთებულა. მატარებელში ისევ აუტანლად ცხელა. როცა მატარებელი მოძრაობს, ირთვება კონდიციონერი და საკმარისია ოდნავი შვება იგრძნო, რომ მატარებელი მომდევნო სადგურზე ჩერდება. გაჩერებულ მატარებელში კი კონდიციონერი არ მუშაობს. თუ მოგინდა და დერეფანში ფანჯრის გაღება სცადე, გამცილებელი დაგახურინებს და მკაცრად გეტყვის, რომ კონდიციონერია ჩართული. გამცილებლის წინააღმდეგ კი ვერ წახვალ. და ვერ წახვალ იმიტომ, რომ გამცილებლების დამოკიდებულებაა ის, რაც ნამდვილად შეიცვალა უკეთესობისკენ. ძველ და ახალ გამცილებელს შორის ისეთივე სხვაობაა, როგორიც მეხიკოსა და მოლითს შორის. ისინი ზრდილობიანები არიან, გეხმარებიან ბარგის ატანაში, მშვიდად გაჩვენებენ ადგილს, ყურადღებით გკითხავენ, რამე ხომ არ გჭირდებათ, გიხსნიან წესებს, რომელიც უნდა დაიცვათ, ან არ დაიცვათ. ერთი სიტყვით, თუ რამე ევროპულ სტანდარტთან არის მიახლოებული, ეს სწორედ გამცილებელია.

სადღაც ღამის ორ საათზე ბავშვებმა მთლიანად დაცალეს შარდის ბუშტები, ცოტა წამოამთქნარეს და მალევე დაიძინეს. ჩვენც ძალიან გვეძინებოდა, მაგრამ იმდენად მტრულ გარემოში ვიყავით, გადავწყვიტეთ, გვეფხიზლა და თავი დაგვეცვა მატარებლის მოსალოდნელი სტიქიისგან. კაცმა არ იცის, ეს რა იქნებოდა, სუნი, სიცხე, უჰაერობა, ებოლა თუ მგზავრების აჯანყება. შუქი ჩავაქრეთ. გაჯეტები და ტელეფონები ძალიან მალე დაჯდა. წიგნი არ წაგვიღია, ძველი ყაიდის ქინდლს კი თავისი განათება არ აქვს. დავიწყე ჩამრთველის ძებნა. სიბნელეში ვერ ვიპოვე, ამიტომაც წამოვდექი და გასარკვევად გავედი გამცილებელთან. მხოლოდ დერეფანშიაო. შევედი ისევ კუპეში და დილამდე ძალიან საკაიფო დრო ვატარე ჩაბნელებულ, ცხელ და უჟანგბადო კუპეში.

საბოლოოდ, სვანეთში მაინც ჩავედით, მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდი-მესტიის გზას არანაკლებ ექსტრემალურს ხდიან მძღოლები თავიანთი სისწრაფისადმი სიყვარულით და გაუმართავი მანქანებით. სვანეთში, ცხადია, ისეთი გაბრაზებული არ ვიყავი საქართველოს რკინიგზაზე, მაგრამ როცა თბილისში ვბრუნდებოდით და თვითმფრინავის ბილეთები თითქმის ახალწლამდე დაჯავშნილი იყო, ისევ ზუგდიდში ჩასვლა და ზუგდიდიდან მატარებლით წამოსვლა მოგვიხდა. ამჯერად განსხვავება ის იყო, რომ დღის, ჩქაროსნული მატარებლით წამოვედით.

მატარებელში რომ ავედით სიხარულისგან კინაღამ ჩავიჯვი: სიგრილე, სიმშვიდე, სისუფთავე, ცოტა მგზავრი, სასიამოვნო გამცილებელი და ჩემი პატარა ოჯახის ბედნიერი სახეები, რომ ისევ იმ ჯოჯოხეთის გავლა არ მოუწევდათ. ერთ მომენტში გამცილებელი შემოვიდა და მთელ ვაგონს გვკითხა, ხომ არ გცივათ, ხომ არ გინდათ ტემპერატურას ავუწიო? აი აქ, ვიფიქრე, რომ ყველაფერს ვაპატიებდი საქართველოს რკინიგზას და ასეც ვაპირებდი, მაგრამ როგორც კი დაბნელდა, კონდიციონერი გამოირთო.

იმიტომ მოვყევი ამხელა ამბავს, რომ საქართველოს რკინიგზა არის ერთ-ერთი უმდიდრესი შპს საქართველოში და ყოველგვარი მატრაკვეცობის გარეშე შეუძლია ერთ დღეში თუ არა, ეტაპობრივად მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც მგზავრებს დისკომფორტს უქმნის. რომ გაიგონ რა უქმნის დისკომფორტს მგზავრს, მგზავრებს უნდა ჰკითხონ, ან როგორც ერთ ქართულ ანდაზაშია, ტრაკი აწიონ და თითონ იმგზავრონ, რომ მიხვდნენ რა არის შესაცვლელი ან სულაც გამოსაცვლელი. მაგრამ არ მაქვს ილუზია, რომ შპს საქართველოს რკინიგზის გენდირექტორი მაგალითად თბილისიდან ხაშურამდე მაინც ჩავა მატარებლით, ამიტომაც, მე ვიტყვი, პირველ რიგში რა არის გასაკეთებელი.

მოაწესრიგეთ ტუალეტები. მარტო უნიტაზი არა, მთლიანად ტუალეტი. დააყენეთ ნორმალური, თანამედროვე ონკანი. ჩამოკიდეთ ტუალეტის ქაღალდის საკიდი. დაამონტაჟეთ ერთჯერადი ხელსაწმენდების აპარატი. დადეთ თხევადი საპონის კონტეინერი და არაფერი მოხდება, თუ საათში ერთხელ ვინმე დაალაგებს ამ ტუალეტს. რაც უფრო სუფთა იქნება ტუალეტი, მით უფრო ეცდება მომხმარებელი ის არ შებღალოს. მერე და მერე ყველაფერს ვისწავლით.

შესაცვლელია კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა. ძალიან კარგი იქნება, თუ კუპეებშიც ისე გაიღება ფანჯრები, როგორც - დერეფანში.  ჩქაროსნულ მატარებელში კონდიციონერი მაშინაც მუშაობს, როცა მატარებელი გაჩერებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღამის მატარებელშიც შეიძლება მსგავსი სისტემის დაყენება, ან ძველის მოდერნიზება. ის რაც ახლა მატარებლებში ხდება, მგზავრების შეურაცხყოფაა და ამას ყველა გრძნობს, უბრალოდ, ბევრ მათგანს სხვა გზა არ აქვს და იძულებულია მუდმივად იმგზავროს ღამის მატარებილით და ითმინოს ეს შეურაცხყოფა.

დღეს, როცა ადამიანი ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილდება, თან მიაქვს უამრავი ელექტრო ნივთი: ტელეფონი, ლეპტოპი, ოკულუსი, ტაბლეტი, სენდვიჩმეიქერი, ვაპორაიზერი, დამტენის დამტენი და ასე შემდეგ. ჰოდა, უბრალოდ როცა თანამედროვე მენეჯმენტზე და მიდგომებზე საუბრობთ, ვიდრე სამსართულიან მატარებელებს ჩამოიყვანთ, რაც ძალიანაც კარგია, ცოტა დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ყველა კუპეში თითო ჩამრთველი აუცილებელია. დღის, ჩქაროსნულ მატარებელში კი თითო რიგში თითო მაინც რომ იყოს, არც ის ევროპულ გზას დამდგარი გამცილებელი გაბრაზდება, როცა მორიგი მგზავრი სთხოვს, სადმე შეაერთებინოს ტელეფონი.

ისეთ წვრილმანებზე არ დავხურდავდები, როგორიცაა ფარდების ხშირი რეცხვა და ცვლა, ნაგვის ურნების არსებობა, კარზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ძლიერი მოკაკუნება, ფანჯრების გაწმენდა და ასე შემდეგ.

კარგია დიდი და ახალი მატარებლები, თბილისიდან ბათუმამდე, გაჩერებების გარეშე, თავისი ბიზნეს და ეკონომკლასებით, მაგრამ ღამის მატარებლითაც ადამიანები სარგებლობენ და ისინიც იხდიან ბილეთის ფულს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^