Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თქვენ ვერასდროს დაატყვევებთ იდეას

05 სექტემბერი 2016

„ყველაფერი, რასაც სახელმწიფო ამბობს ტყუილია,

 ყველაფერი რაც მას აქვს მოპარულია“, - ამბობდა ნიცშე ყველა სისტემურ მმართველობაზე, რომელიც სათავეში უდგას ქვეყნებს; მაკიაველის პრინცებზე, რომლებიც ჭადრაკის ფიგურებად ხედავენ ადამიანებს და წყვეტენ როდის გააკეთონ გამბიტი. კარგად აწყობილ რეჟიმთან დაპირისპირება რთულია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამ რისკზე მიდიან -„ინტერნეტ რობინ ჰუდები“, რომლებიც თავს ესხმიან პოლიტიზებული კომპანიების ვებსაიტებს, მონოპოლიზებულ ბრენდებს, პარლამენტარების ელფოსტას და ა.შ. სისტემა ცდილობს ასეთი შეღწევები დამალოს, თუმცა, როცა თავდასხმები მასშტაბურ სახეს იძენს, ინფორმაცია სოციუმამდე მაინც აღწევს. სისტემისთვის ეს ნიშნავს თავისი უძლეველობის მითის დანგრევას და რეჟიმი გადადის თავდაცვაზე - იღებენ კანონებს და რადიკალურ სადამსჯელო ზომებს წინააღმდეგობის აღსაკვეთად.

კიბერ წინააღმდეგობამ, ჰაკტივიზმმა შემოიტანა სრულიად ახალი ონლაინ კულტურა-ტროლინგი, ყველა ფასეულობის აბუჩად აგდება. ეს არის ადამიანების წყობიდან გამოყვანის მეთოდი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენში ჩაბეჭდილ დოგმებსა და წესრიგს; ეს უკანასკნელი პირდაპირ კავშირშია სოციო-პოლიტიკურ წყობილებასთან. სისტემას უნდა დარწმუნებული იყოს, რომ მასში არსებული მოთამაშეები კონტროლირებადი არიან, ექვემდებარებიან დაწესებულ ნორმებს და შეიძლება სიტუაციის მიხედვით მათი ქცევის წინასწარ განსაზღვრა/მართვა. ეს სისტემისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, გამართული რეჟიმი რამდენიმე წლით ადრე ადგენს სოციო-პოლიტიკურ პროგნოზსა და კალენდარს. ტროლინგი არის სწორედ ის აქტივიზმი, რომელიც მიმართულია ცენტრალიზებული წესრიგის დესტრუქციისკენ, რაც სახიფათო თამაშია.

Weev დღეს ყველაზე ცნობილი ტროლია, ის black hat ჰაკერია და თავის სტატუსს არც მალავს. Weev ღიად უპირისპირდება  კაპიტალიზმს, მონოპოლიას, კომერციალიზაციას და ამაყად აღიარებს ჩადენილ ჰაკინგებს. აბუჩად იგდებს ყველაფერს, რაზეც დასავლური კულტურა დგას. მან Amazon-ზე გეიბიბლიოთეკა გადაანაცვლა პორნოგრაფიის სექციაში. სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი, 30 000 ინტერნეტზე მიერთებული პრინტერი დაჰაკა და ანტისემიტურ-რასისტული პოსტერები ამობეჭდა. მისი ბლოგი სავსეა კონტროვერსიალური პოსტებით, რომელსაც ხალხი წყობიდან გამოყავს. თუმცა მისი კომენტარები ისევე მოქმედებს საზოგადოებაზე, როგორც სოკრატეს აუტანელი კითხვები ძველ ელინელებზე. სოკრატე ამბობდა, ათენი თეთრი ცხენია, მე კი ის ბზიკი ვარ, რომელიც ვკბენ, რომ უკეთესად ვარბენინოო. იქნებ Weev-იც ამას აკეთებს? საკამათო თემაა, თუმცა დაუსჯელი არც ის გადარჩენია სისტემას. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, CNN-ზე მიწვეულმა Weev-მა განაცხადა, რომ „ციხე კარგი ბიბლიოთეკაა, ბევრი საინტერესო ლიტერატურა წავიკითხე, მათ შორის სოლჟინიცინის  „არქიპელაგი გულაგი“ და იქ მოთხრობილი წამების ხერხებმა წინასწარი მზაობა შემძინა, რომ ფსიქოლოგიურად არ გავმტყდარიყავი“. მისი ინტელექტით აღფრთოვანებულმა ჟურნალისტმა გაბედა და ჰკითხა - ასეთი განათლებული კაცი მართლა ანტისემიტი, რასისტი და ჰომოფობი ბრძანდებითო?

Weev-მა სრული სერიოზულობით დაადასტურა ზემოთ აღნიშნული ყველა სტატუსი. თავად განსაჯეთ ამავე ინტერვიუს ბოლოს იმავე სერიოზულობით ირწმუნებოდა, ჩემი ლამბორჯინი ცუდ ადგილას გავაჩერე და უნდა გადავაყენოო. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მის შესახებ, რომელიც ქართველი მკითხველისთვის შეიძლება საინტერესო იყოს - ვიკიპედიის გვერდზე Weev-ის საცხოვრებელ ადგილად აფხაზეთია მითითებული. ამ დონის ტროლისგან არაფერია გასაკვირი.

კონტროვერსიალური შეხედულებების მიუხედავად, Weev კარგი მაგალითია, რომელიც ღიად უპირისპირდება სისტემას და ამ ყველაფერს იუმორით უყურებს. მისი მეორედ დაკავებისას ის ორ ფედერალს Ashley Madison-ზე დაჰაკული პირადი მონაცემების გამოქვეყნებით დაემუქრა თუ ისინი ტყუილების თქმას გააგრძელებდნენ. ის ციხეშიც არ კარგავს იუმორს - მოსამართლეს 13.2$ მილიონის ინვოისი გაუგზავნა, რომელიც მისი თავისუფლების აღკვეთის საფასურად მიიჩნია და განაცხადა, აუცილებლად ბიტკოინებით გადამიხდით, თორემ ისე თქვენს ბინძურ ბანკნოტებს ხელს არ მოვკიდებო.

ასეთი ადამიანები სისტემას აშინებს, მათი დევიაცია ნორმალური საზოგადოების რიტმიდან არაპროგოზირებადს ხდის მომავლის დაგეგმარებას. მმართველობა ნერვიულობს - რა იქნება ეს ტიპი, რომ ტრენდული გახდეს? რა იქნება ხვალ ასეთი მილიონი რომ გამოჩნდეს? ამიტომ სისტემა ცდილობს თითოეულ წევრზე მეტი ინფორმაციის აკუმულირებას  და ყველა დევიანტის კრიმინალად გამოცხადებას.

კონტროლის მექანიზმი შეეხო აარონ შვარცსაც, კომპიუტერული ტექნოლოგიების გენიოსს, რომელიც 14 წლის ასაკში RSS Feed-ის თანაავტორი გახდა. ერთ რამედ ღირს ყურება, როგორ ატარებს თინეიჯერი დიდ კონფერენციებს, აუდიტორია კი გულისყურით უსმენს. მოგვიანებით აარონმა შექმნა Reddit, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი წამყვანი სოციალური სიახლეების პლატფორმაა, ასევე watchdog.net, „კარგი მთავრობის კბილებიანი საიტი“ პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, SecureDrop - დაცული პლატფორმა უსაფრთხო კომუნიკაციისთვის ჟურნალისტებს და ინფორმაციის მომწოდებლებს შორის. წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები დღესაც ამ ტექნოლოგიით სარგებლობენ.

აარონი მოტივირებული იყო შეეცვალა სოციალური წყობა უკეთესისკენ. ის მიიჩნევდა, რომ კიბერუტოპია მიღწევადი პრაქტიკა იყო და შეიძლებოდა მისი პროტოტიპის რეალურ გარემოშიც დანერგვა.  მონოპოლიზებული IT კომპანიების დიქტატურას განიხილავდა როგორც ცენტრალიზებული მმართველობის ერთ-ერთ მაგალითს (ერთი კარნახობს ბევრს რა უნდა უნდოდეთ) და გვთავაზობდა დეცენტრალიზებულ მოდელს (ბევრი თავაზობს ბევრს სხვადასხვა ოფციას). მომხმარებელს ამ შემთხვევაში აქვს არჩევნის საშუალება. ხოლო მასპროდუქციის ნაცვლად საშუალო და მცირე ბიზნესს განვითარების შანსი ეძლევა. აარონი ცდილობდა ამ მოდელის პოლიტიკურ წყობაზე მორგებას. შვარცის ოცნება იყო, შეექმნა მსოფლიოში უდიდესი უფასო ბიბლიოთეკა. მისი გერილა მანიფესტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ამბობს: ინფორმაცია ძალაა, მაგრამ როგორც ყველა ძალაუფლების მქონეს უნდა ის თავისთვის დაიტოვოს. სამყაროს მთელი მეცნიერული და კულტურული მემკვიდრეობა საუკუნეების განმავლობაში შექმნილი და შეგროვებული, დიგიტილიზებული კერძო ბიბლიოთეკების, უნივერსიტეტების და კორპორაციების მიერ გამოკეტილი ინახება... დროა გამოვაცხადოთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და შევრაცხოთ ქურდებად ისინი, ვინც საზოგადო კულტურას გვპარავენ.

შვარცი JSTOR სერვერებიდან დიდი რაოდენობით სამეცნიერო ნაშრომების გადმოწერისთვის დააკავეს. ირონიულია, ამერიკის ბიუჯეტის დიდი ნაწილი საგანმანათლებლო პროექტებში იხარჯება. ამ შემთხვევაში კი სისტემა მოგვევლინა როგორც რეი ბრედბერის „ფარენგეიტი 451-ის“ პროტაგონისტი, რომლის პროფესია წიგნების დაწვაა. აარონის შესახებ საუბარი წარსულში მიწევს, რადგან მან თავი მოიკლა, მას შემდეგ, რაც 1 მილიონის გადახდა და 35 წელი ციხე მიუსაჯეს.

ერთი შეხედვით, ამგვარი ერთეული აქტივობები დონ კიხოტისეულ ბრძოლას ჰგავს ქარის წისქვილებთან, თუმცა ამ ხალხის გამბედაობა და თავგანწირვა სათავედ დაედო საზოგადო დაუმორჩილებლობას - Anonymous, კიბერუტოპიური ჯგუფია, რომელიც შედგება სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის, შეხედულების, კულტურის, ასაკის ადამიანებისგან. ყველა ასეთი უტოპიური პროექტი რეალურ სივრცეში კრახით დასრულდა (გავიხსენოთ თუნდაც ბრუკ ფარმი). თუმცა პრაქტიკამ აჩვენა რომ კიბერსივრცე ამგვარ უტოპიას შესაძლებელს ხდის. Anonymous ყველაზე ძლიერი, რადიკალური ინტერნეტძალაა, რომელმაც მოახერხა უტოპიის გარკვეულწილად რეალურ პლატფორმაზეც გადმოტანა, რაც გამოიხატებოდა პროტესტსა და საზოგადო შეკრებებში. ჯგუფი სათავეს იღებს 4chan.com საიტის მომხმარებლებიდან.  საზოგადოება, რომელიც არც კი იცნობდა ერთმანეთს ნელ-ნელა გადაიზარდა ჯგუფურ ფორმაციაში. Anonymous-მა დაიწყო სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გალაშქრება. ძირითადად იყენებდნენ DDOS შეტევებს (ეს არის შეტევა ონლაინსერვისზე ბევრი ლოკაციიდან, რომელიც გადაჭარბებული ტრეფიკის გამო იწვევს საიტის დისფუნქციას. წარმოიდგინეთ რაღაც „საბჭოთა შეტევის“ მსგავსი კინოფილმიდან „ღმერთების ქალაქი“, როცა რამდენიმე თინეიჯერი წაქცეულ განგსტერს მოულოდნელად ერთდროულად ესვრიან) სხვადასხვა პოლიტიკურ, სამთავრობო და მონოპოლიზებულ საიტებზე. ისინი აქტიურად უწყობდნენ ხელს Occupy Movement-ს და Arab Spring-ს, ჩაატარეს რამდენიმე კიბერ ანტიტერორისტული ოპერაცია IS წინააღმდეგ. გატეხეს Paypal, MasterCard, Visa, Sony საიტები, მას შემდეგ, რაც Wikileaks (დიდი ალბათობით ფედერალების მითითებით) შეუწყვიტეს დაფინანსება. Anonymous-მ თანდათან დაიმკვიდრა „კიბერ ლინჩ მოსამართლეების“ სახელი. თუმცა გუნდის პოპულარობა დიდწილად არა წინააღმდეგობის ძალამ, არამედ მასში გაერთიანებულმა არტისტებმა განაპირობა, რომლებმაც მოძრაობა იდეოლოგიურად და ესთეტიკურად დახვეწეს. ამაზე მეტყველებს ჯგუფის ლოგო: უთავო კაცი, რომელიც დეცენტრალიზებული მმართველობის, ლიდერის არარსებობის სიმბოლოა. ასევე გაი ფოქსის ნიღბები, რითაც ანონები (Anonymous-ის წევრები თავს ასე უწოდებენ) დემონსტრაციებს ატარებენ. ეს ნიღბები ძალიან კარგად მოერგო ჯგუფის იდეოლოგიას - გაი ფოქსი ტრაგიკული რევოლუციონერი იყო, რომელსაც განზრახული ჰქონდა ლორდთა პალატის აფეთქება და ახალი რეჟიმის დამყარება, თუმცა მან ვერ განახორციელა ეს ქმედება. მიუხედავად ამისა, ინგლისში ტრადიციად შემორჩა ამ დღის აღნიშვნა - ხალხი ზეიმობს და საძულველ ეფიგიებს წვავენ. ამით ინსპირირებული ანონები თავიან შეკრებებს გაი ფოქსის ღამეებს უწოდებენ.

საინტერესოა როგორ მუშაობს ეს სისტემა, რა აცოცხლებს უტოპიას, როგორც კიბერსახელმწიფოს? პასუხი არის ლაო ძისეულ ფორმატში - მათ არ აქვთ მკაცრად განსაზღვრული ფილოსოფია. ეს ინტერნეტთავშეყრის ადგილია, რომელიც ემსახურება სოციალური საკითხების განხილვას, და ანალიზის მიხედვით ოპერირებენ იდეაზე და არა რომელიმე ლიდერის დირექტივებზე. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, Anonymous არის რეაგირება სამართლიანობის აღდგენისთვის. ისინი უპირისპირდებიან ინტერნეტცენზურას, კონტროლს, ტოტალიტარულ სისტემებს, მონოპოლიზებულ კორპორაციებს, კორუმპირებულ სამთავრობო ორგანიზაციებს. ერთ-ერთი ანონი წერს: “ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ინტერნეტში ვახორციელებთ იმას, რასაც რეალობაში ვერასდროს შევძლებდით და ამას ყველაფერს მხიარულებისთვის ვაკეთებთ“.

ანონების დევიზი - „ყველაფრის კეთება მხიარულებისთვის“ - კიდევ ერთხელ უპირისპირდება კაპიტალისტურ წყობას, რომლის დევიზია „ყველაფრის კეთება ფულისთვის“. ანონების სლოგანები პრიმიტივიზმის შედევრია, რაც ბევრ ადამიანს იზიდავს სოციალურ ქსელებში, ასევე მარტივია მათი სტრატეგიაც, რომელიც ალქაიდას რეკრუტმენტს შეიძლება შევადაროთ - „თუ შენ გჯერა Anoymous-ის და უძახი თავს ანონს, მაშინ შენ ხარ ანონი“.

მთავრობა ცდილობდა ანონები საზოგადოებას გაუნათლებელ, თინეიჯერ ჰაკერებად აღექვა, რომლებიც არ იმსახურებენ სერიოზულ ყურადღებას. ამას ანონებმა ღია სოციალური აქტივობები დაუპირისპირეს. ყველაზე გამორჩეული სახე იყო ბარეტ ბრაუნი, მისი მონოლოგებიდან დასამახსოვრებელია თავისი აბაზანიდან გამართული რეპორტაჟები წითელი ღვინით ხელში. კიდევ ერთხელ წარმოიდგინეთ გამწარებული სისტემა, როცა ცხვირმოუხოცავი ლაწირაკი აბაზანიდან იმუქრება. რა თქმა უნდა, ბარეტის აროგანტული გამოხტომები FBI-ის შეუმჩნეველი არ დარჩენია და ვერც ციხეს გადარჩა.

Anonymous-ის პერზისტენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია განსხვავებული, მრავალპროფილიანი ჯგუფის წევრები,  მათ შორის კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო თანამედროვე ხელოვანები, რომლებმაც ჯგუფს თეატრალიზებული სახე მისცეს. ანონიმურობა თავისთავად უკვე მიმზიდველი ფაქტორია. ამას ემატება მოკლე ვიდეოჩანაწერები, რომელიც ეხება მიმდინარე პოლიტიკურ/სოციალურ მოვლენებს. ისინი დროდადრო ქვეყნდებიან ინტერნეტში და დიდი პოპულარობით სარგებლობენ - ეს არის ტროლი გაი ფოქსის ნიღბით, რომელიც ანონების სახელით ლაპარაკობს მიმდინარე მოვლენაზე და აანონსებს დაუმორჩილებლობას. ვიდეოროლიკების ფუტურისტული განწყობა, კომპიუტერიზებული ხმა, ინკოგნიტობა, ASCII სპეცეფექტები, ჩანაწერს ვირალურად პოპულარულს ხდის. ასევე საინტერესოა მიმები, რომლებსაც ჯგუფი ხშირად იყენებს, ASCII art მხატვრობა, რითაც სლოგანებს და მოწოდებებს აფორმებენ; მუსიკა, რომელიც ნინტენდოს ადრეული თამაშის საუნდტრეკებს გვაგონებს. ერთი სიტყვით, ამ ჯგუფმა მოახერხა, ნიღბის უკან შეექმნა მითი და ეს ხელოვნების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მაგალითად, სალვადორ დალი მთელი ცხოვრება ქმნიდა თავის პერსონაჟს-ფრანტიკულ პიროვნებას, რომელიც უაზროდ იქნევს ხელებს და ვერცერთ ენაზე დალაგებულად ვერ ლაპარაკობს. შოუს ბოლოს თვითონვე აღიარა ჩემი ყველაზე კარგი არტპროდუქტი ჩემივე პერსონაჟის გამოგონება იყოო.

წარმოიდგინეთ სისტემა, რომელსაც თავად უნდა იყოს მითის პროტაგონისტი და ამ სტატუსს ართმევენ. სისტემა მზადაა ფიფქიის როლის დასაბრუნებლად დედაბერის ფორმა გადაიცვას და ხელში წითელი ვაშლების კალათაც დაიჭიროს. ფედერალებმა გაძლიერებული თვალთვალის შედეგად ბევრი ანონი დაიჭირეს. იყო დრო, როცა საზოგადოებას ეგონა რეპრესირებული ჯგუფი შეწყვეტდა სოციალურ აქტივობას, თუმცა დაჭერების სერიას მოჰყვა საპასუხო რეაქცია ad hoc შექმნილი ახალი ჰაკტივისტების ჯგუფიდან LulzSec, (Lulz არის lol-ის (laught out loud) ნეოლოგიზმი). ამით ჯგუფის წევრებს უნდოდათ ეთქვათ, რომ აგრძელებენ ყველაფრის მხიარულებისთვის კეთებას. მათ გახსნეს ახალი კიბერფრონტი მთელი სისტემის წინააღმდეგ. ისინი რიგრიგობით ტეხდნენ InfraGard(FBI-ის არასამთავრობო ორგანიზაცია), senate.gov (შტატების სენატის ოფიციალური ვები), CIA, FBI, Arizona Department of Public Safety  და ა.შ. გატეხვის შემდეგ ჰაკერები თავიანთ კვალს ტოვებდნენ წარწერით - „ვეკაიფებით თქვენს უსაფრთხოებას 2011 წლიდან“. LulzSec იქცა ლეგენდის ნაწილად. მათი ხელწერაც გავდა ანონებისას. მათი მიმი იყო ულვაშევაპრეხილი, კოსტუმში გაკვეხებული, პენსნეიანი ტროლი, რომელსაც ხელში ღვინის ჭიქა უჭირავს. იგივე ASCII Art მხატვრობა და გემის ანიმაცია, Love Boat საუნდტრეკით. მოკლედ იგივე არტკონცეპცია. Anonymous-მა და LulzSec-მა შექმნა თეატრალური წარმოდგენა, რომელსაც მაყურებელი, ინტრიგა და დრამა არასდროს მოკლებია.

თუმცა ეს წარმოდგენაც იმით დასრულდა, რომ ჯგუფის ყველა (6-ვე) წევრი დაიჭირეს. LulzSec დახურვის შემდეგ ერთ- ერთმა ჰაკერმა, ტოპიარმა დაწერა „თქვენ შეგიძლიათ ყველა ჩვენგანს დაადოთ ბორკილები, მაგრამ თქვენ ვერასდროს დაატყვევებთ იდეას“. ეს ციტატა ხსნის მთელ კონცეპციას, Anonymous, LulzSec, ეს ყველაფერი იდეაა (და არა რამდენიმე ადამიანი), რომლის გარშემოც კვლავ გაერთიანდება საზოგადოება.

დღეს ანონების ძალა შესუსტებულია, თუმცა ამ ჯგუფიდან წარმოიქმნა რამდენიმე პროექტი, რომელიც აქტიურად განაგრძობს ბრძოლას, რომ სისტემა არ იქცეს ტოტალიტარულ მონსტრად. მაგალითად Project PM, რომლის გუნდიც ფოკუსირდება ადამიანების ამომცნობ სათვალთვალო სისტემის გატეხვაზე, რასაც ამერიკის სააგენტოები უკვე იყენებენ.

ალბათ კიბერუტოპია ჯერ ადრეული ცნებაა, თუმცა IT პარადიგმა გრძელდება. ჩვენ დღეს ვიმყოფებით web 2.0 სივრცეში, სადაც მომხმარებლის ჩართულობა კონტენტის შექმნაში უფრო და უფრო იზრდება. დღეს ინტერნეტი ემყარება ფოლკსონომიას (ინფორმაციის უფასო კლასიფიკაცია და მოძებნა, მაგალითად თაგინგი.), სოციალურ და ვებსივრცეებში თვითგამოხატვა - კომენტარები, პოსტები. სოფტი, როგორც სერვისი, რაც გულისხმობს Mash up-ების არსებობას,  ღია კოდებს, რომლებიც შეგიძლია ერთი საიტიდან მეორეში ჩააშენო და შენით შექმნა ახალი კონტენტი, ასევე არსებული საიტები გაამდიდრო შენი კოდით. უფრო მეტიც, არსებობს პორტალები, რომლებიც მომხმარებელს ეხმარება პროგრამული ენის ცოდნის გარეშე შექმნას სრულყოფილი საიტი. თუმცა ეს დასაწყისია. რა იქნება, როცა ბავშვები სკოლაში ისწავლიან პროგრამულ ენებს, ისევე როგორც მშობლიურ ენას სწავლობენ? რამდენად ძლევამოსილი იქნება კიბერ წინააღმდეგობა? დაჭირდებათ საერთოდ ამ ხალხს მმართველობა? დაჭირდებათ პარლამენტი? ბიუროკრატია? პოლიტიკური ახალი ამბები და თოქშოუები? დაკარგავენ ამაზე დროს, როცა შეეძლებათ თავად დააფორმირონ დეცენტრალიზებული წესრიგი, რა თქმა უნდა, ძირითადი ადმინისტრაციული ნორმების გათვალისწინებით? რას იტყვით მაშინ კიბერუტოპიაზე, როცა იარსებებს ონლაინჯგუფები, სადაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და თავად აირჩიოთ ლიდერი, ან საერთოდ ულიდერო გუნდს შეუერთდეთ, მიიღოთ მონაწილეობა კონსტიტუციის შექმნაში. უფრო მეტიც, თავად წამოიწყოთ ონლაინსახელმწიფო, მოიწვიოთ წევრები, გასცეთ პასპორტები, და თუ ეს ჯგუფი მოგბეზრდათ, საერთოდ დატოვოთ და რომელიმე სხვას შეუერთდეთ. ეს ყველაფერი ჯერ სამეცნიერო ფანტასტიკაა, მაგრამ როცა იქნება ამის მზაობა, მაშინ ოფსაიდში დადგება არა მარტო სისტემები, არამედ ქვეყნების, პოლიტიკის, ფულის არსებობა, რაც, ერთი მხრივ, შეიძლება დესტრუქციული იყოს ან პირიქით, გახდეს მასობრივი პაცეფიზმის დასაწყისი. ეს საკვლევი თემაა, ჩვენი გონება ჯერ ამგვარი ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობრივია, გვაშინებს მთლიანი სისტემის მოშლა.

ერთი რამ კი ფაქტია, Anonymous-ისთვის და LulzSec-ისთვის ფული და პოპულარობა არ იყო ამოსავალი წერტილი. ნებისმიერი მათგანი ძალიან მარტივად შეძლებდა ყოფილიყო, რომელიმე წამყვანი IT კომპანიის სახე, მაღალანაზღაურებადი პოზიციით, ან თუნდაც ჩვეულებრივი black hat  ჰაკერებივით ეშოვათ ფული. მაგალითად, ალბერტ გონსალესმა, 170 მილიონი საკრედიტო ბარათი და ბანკომატი დაჰაკა, მაგრამ მათთვის ეს უმნიშვნელო ფაქტორი იყო, მათ მიზნად დაისახეს კიბერუტოპიური ოჯახის მშენებლობა და გარკვეულწილად შექმნეს საწყისი პროტოტიპი, რომლიდანაც ბევრი რამის სწავლება შეიძლება სამომავლო პროექტებისთვის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^