Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იყო და არა იყო რა

12 სექტემბერი 2016

იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი მშვენიერი პლანეტა…

დედამიწის ზღაპარი უნდა მოგიყვეთ. გამოგონილი არ გეგონოთ. ადამიანს არაფრის გამოგონება არ შეუძლია, რაც არ არსებობს.

ადამიანი ვერაფერს ჰყვება ისეთს, რაც არ უნახავს, არ იცის, ან რის ცოდნის პოტენციალიც მასში არ არის. პასუხებიც და ყველა ის კითხვაც, რომელიც ახალი საჭიროების მიხედვით იბადება, წინასწარ დევს არაცნობიერის საიდუმლო გრიფდადებულ საცავში. ადამიანი ვერ გადის თავისი თავის ფარგლებიდან. ასე რომ, ჩვენი ტყუილიც გვგავს და გვგავს ჩვენივე სიზმარიც.

ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებშიც სრული სინამდვილეა ასახული, მაშინაც კი, როცა ის უცხოპლანეტელებზეა ან რაიმე მისტიკური შინაარსითაა დატვირთული. ყველა შიში თუ დაშვება უკვე არსებობს ჩვენს ფანტაზიაში, წარმოსახვებში. ისინი  პირველყოფილი ყოფიდან შემორჩენილი, სახეცვლილი ტაბუებიდან, ცრურწმენებიდან და რწმენებიდან დაბადებული აჩრდილებია. ისინი ჩვენი ფსიქიკის რეალობებია, მაშასადამე, არაფერი უცნობი.

ზღაპრული სინამდვილე სიმბოლური ენით ფორმდება. მფრინავი ხალიჩის სრულიად არაფანტასტიკური იდეა, უბრალოდ სხვა სახით, სხვა “გარეგნობით” მოგვევლინა, ალუმინის სხეულიან ხომალდად განხორციელდა, ჯადოსნური სარკე ჯერ ტელევიზორს დაემსგავსა, შემდეგ დაიხვეწა და აიფონად იქცა. ჩახედავ და წამში შეიტყობ ყველაფერს, რასაც ეძებ და რაც გჭირდება, მაგრამ მთავარი ის არაა, რა ფორმა შეისხა მან, არამედ ის, რომ ყოველი ფანტაზია  რეალობაა: დაგვდევენ უჩინმაჩინის ქუდიანი მოთვალთვალეები უხილავ სულებად, ვებრძვით დევებს და პირადი უსაფრთხოების გარანტიის ნაცვლად, სურვილებს გვისრულებენ ოქროს თევზები …

თუ გიყვართ ზღაპრები, გყვარებიათ ნამდვილი ამბავი. ზღაპრის ფანტაზმური ენა გვაწვდის ინფორმაციას ადამიანის მთავარი მისიისა და სწრაფვის შესახებ - რის საპოვნელად აღმოვჩნდით აქ.

ჩვენ დავიბადეთ წინასწარგანზრახვით სისხლიან პლანეტაზე. ამბობენ, საიდანღაც გამოგვყარესო.  მართალია, რადგან, როგორც ზევით შევთანხმდით, რასაც ადამიანები ამბობენ, ყველაფერი მართალია.

ამ პლანეტაზე ყველა სულდგმული ერთმანეთს ჭამს, რომ გადარჩეს. ერთმანეთს კლავს, რომ თავად არ  მოკვდეს. ამ პლანეტაზე თუ რამე არ გაანადგურე, გაატყავე, ვერ შეიმოსები; თუ არ გაბურღე, მოჩეხე, დააგუბე, დაწვი, ვერ გათბები. სწორედ ამიტომ, ამაოდ მოჩანს მთელი მცდელობა, დაძლიოს კაცობრიობამ ბუნებრივად თანდაყოლილი დესტრუქციული ინსტინქტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია გადარჩენასთან.

უამრავი ახლის შემეცნების მიუხედავად, პლანეტის მოსახლეობა ისეთივე სასტიკი რჩება, როგორიც იყო ველურობისას, მტრისთვის მოკვეთილ თავებს რომ მარგილებზე აცვამდა და ყიჟინით დაარბენინებდა. ბოლო ორ საუკუნეს გადახედეთ. ადამიანმა უამრავი მეცნიერული აღმოჩენის  პარალელურად იავადმყოფა რასიზმით, ფაშიზმით, კომუნიზმით და ის-ის იყო, ამ მდგომარეობიდან გამოსვლას ზეიმობდა, ტერორიზმით დაავადდა.

უფრო სწორად, არცერთი ეს საშინელება დაავადება არაა, გამომდინარე პლანეტის დიზაინიდან, ეს კაცობრიობის ბუნებრივი მდგომარეობაა და ბუნებრივი მდგომარეობა იქნება მანამ, სანამ ადამიანი არ გაარღვევს სისხლიან, მოჯადოებულ წრეს.

ომი რომ ბუნებრივ მდგომარეობას უნდა გამოვუცხადოთ, ამას გუმანით ადამიანი ყოველთვის გრძნობდა და იტანჯებოდა დიქოტომიური არსებობის გამო. ყველა სხვა სულდგმულისგან განსხვავებით, ჰედონიზმის პარალელურად სძულდა თავისი სხეული, ინსტინქტები. ამოხტომა სურდა მისი მტანჯველი წიაღიდან, ერჩოდა მას და უკრძალავდა მრავალ სურვილს.

გაჩნდა მცდელობებიც ხორცის ჭამის აღკვეთით თუ ბუნების დაცვის მოწოდებებით. მსგავსი კეთილშობილი განზრახვები მხოლოდ მეცადინეობებია, ადამიანის საბოლოო სწრაფვის უსუსური ნატვრის ჩანასახია, რადგან მოცემულობა იმდენად მძლავრია, ასეთი სუსტი გამოხატულებით და ზოგიერთი ჩვენგანის შეძენილი ქცევის პატერნით არაფერი შეიცვლება. ყოველი ვეგანი უკიდურეს პირობებში ისევე შეჭამს გადარჩენისთვის საკუთარი ახლობლის ხორცს, როგორც ეს ადამიანებს ყოველთვის გაუკეთებიათ.

ადამიანებს არ შეუძლიათ, მხოლოდ სიყვარულით არსებობდნენ, რადგან სიყვარულის თანადროულად სიძულვილი თუ არ იარსებებს, დედამიწური მოწყობიდან გამომდინარე  ვერ განხორციელდება აზროვნების დუალიზმი და ვერ დაიბადება გადარჩენის ენერგია.

გადავაგდეთ სავარცხელი, გავიარეთ ოქროს ტყე, გავიარეთ ვერცხლის ტყე…

ზღაპრული გზა გრძელია და ფათერაკებით აღსავსე. მთავარია, გზაჯვარედინი არ გამოგრჩეთ და ისრით მითითებულ აბრებს შორის აირჩიოთ მიმართულება - “აქეთ წახვალ, მოკვდები”.

საბოლოო მიზნამდე ჯერ სიკვდილის გზას უნდა დაადგე და  ცხრათავიანი გველეშაპი დაამარცხო, მზეთუნახავს თავი შეაყვარო, მეგობრები შეიძინო, ბოროტებაზე გაიმარჯვო და აკეთო ეს ათასობით წელი პლანეტაზე ბალანსის შენარჩუნებისთვის. უნდა აკეთო მანამ, სანამ ის შემოქმედი, რომელმაც აქ გამოგვკეტა, კეთილს არ ინებებს და რომელიმე რჩეულ ჩვენგანს არ გაუხსნის მორიგ სარკმელს, აღმოაჩენინებს ახალ პასუხს, მაგალითად იმის მსგავსს, რომ დედამიწა ბრუნავს.

ახალი პასუხი ხშირად მიუღებელია და სიკვდილით დასჯას იმსახურებს, ამიტომ ისევ მოჯახუნებით კეტავს შეშინებული შემოქმედი სარკმლებს, ვაითუ ვიჩქარეო და რამდენიმე საუკუნე შეიძლება ახალი არაფერი გვაპოვნინოს, სანამ უკვე მოცემულ პასუხს არ გავიშინაგანებთ და უკვე გაღებული სარკმლიდან ყველა ან თითქმის ყველა ჩვენგანი არ დავიწყებთ ჭვრეტას.

მოკლედ, ზღაპარი რომ არ გამიგრძელდეს, არსად შორს, სადღაც აქვე, პლანეტაზე იზრდება უკვდავების ვაშლის ხე. ჩვენ ვიპოვით მას, რის შემდეგაც სულ სხვა ამოცანების წინაშე დავდგებით.

რა იარაღი იქნება უკვდავება ისეთი ადამიანის ხელში, როგორიც ის დღესაა? უკვდავებაც კი შეიძლება ბოროტად გამოიყენო, თუმცა ჩვენ ხომ ყველაფერს საუკეთესოს ვცდილობთ? - მაქსიმუმ 50 წელიწადში ტვინის ღრმა სტიმულაციით შესაძლებელი იქნება ფსიქიკის მანკიერი მხარეების სრულყოფილი “შეკეთება”.

ადამიანი დაამარცხებს ტკივილს, გათავისუფლდება სხეულის პატიმრობისგან, გაწმენდს ფსიქიკის ბნელ მხარეებს, დიქოტომია აღარ იარსებებს, ადამიანი დაიტოვებს მხოლოდ მის ღვთაებრივ მდგენელს და გახდება უკვდავი შემოქმედი.

შემოქმედი ვერ მოიწყენს. ადამიანი დაიწყებს ისეთივე ექსპერიმენტის დაყენებას, როგორიც ჩვენამდე გაღმერთებულებმა დააყენეს დედამიწაზე; ხელოვნურად გადაიტანს სიცოცხლის ფორმებს სხვა პლანეტებზე, შექმნის შინაარსს, მოცემულობებს, პირობებს.

შესაძლოა ერთხელაც, გადაწყვიტოს, წავალ, ვნახავ, გავესაუბრები ჩემ მიერ გაგზავნილებს, აზრზე მოვიყვან, იქნებ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყონ განვითარებაო. ჩავა და ვინ იცის, როგორ დახვდებიან? დიდი შანსია, აწამონ.

რას ვიზამთ. სანამ ღმერთს  გაუტოლდება, ადამიანს შემქმნელის მიმართ ამბივალენტური გრძნობა აქვს. ერთდროულად უყვარს და სძულს, აღიარებს და უარყოფს, ეშინია და უბედავს, კლავს და ნანობს, განიცდის ცოდვის გრძნობას, მაშინაც კი, თუ უშუალოდ თავად არ მოუკლავს, რადგან არაცნობიერში შეიგრძნობს სიტყვებად გაუფორმებელ სურვილს - დასაჯოს ან განადიდოს ის, ვინც ამ დღეში ჩააგდო. მადლიერება და ბრაზი, სიყვარული და სიძულვილი ერთად, თანაბრად ვითარდება, ერთმანეთს აცოცხლებს და ამავდროულად ანადგურებს.

ფრთხილად უნდა იყოს ღმერთად ქცეული ადამიანი თავისივე სამეცნიერო ექსპერიმენტის ცდისპირებთან. ან პირობები სხვა სცენარით წამოიწყოს, დედამიწის მოწყობისგან განსხვავებულად შეადგინოს საგამოცდო პროგრამა.

დღეს რა გვევალება: მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ, ვინც ტელესკოპებს მისჩერებია ან მიკროსკოპებს ჩასჩერებია, თუ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე, გამარჯვებული სახით გვამცნონ: ადამიანებო! უკვდავების ვაშლი ნაპოვნია! დღეის შემდეგ აღარ ვკლავთ და აღარ ვკვდებით. დრო ჩვენს მარადიულ საკუთრებაშია, შემოიტანეთ ვაკანტური პლანეტის თქვენეული მოწყობის პროექტი.

მერე დაიწყება სამართლებრივი დავები, კერძო საკუთრების ახლებურად გადასინჯვა. ფარაონები იჩივლებენ, ჩვენი ძვირფასი ნივთები მუზეუმებიდან უკან დაგვიბრუნდესო. სანამ წარსულში ჩარჩენილი, მერკანტილური ადამიანები უკვდავების ფასეულობებს გაიაზრებენ და ინტეგრირდებიან, უამრავი პრობლემა შეგვექმნება. აუცილებელი გახდება საგანგებო კომისიების შექმნა, გასაცოცხლებელთა სიების მოწესრიგება.

პრიორიტეტიზაციისთვის კარგი იქნება, თუ საფლავში ფლეშკით კაცობრიობის წინაშე დამსახურებების ნუსხას ჩავიყოლებთ, ქვაზე კი ამ ტიპის მინიშნებაც გაკეთდება, - “პლანეტარული მასშტაბის მეგზევე”….

დიდი რისკია, ვინმე ურიგოდ გაძვრეს, ვაშლი მოიპაროს და ფსიქიკის სრულყოფის კორექციის გაუვლელად შეერიოს მასას.

თქვენი ჭირიმე რა! სანამ არ მოგაწვდიან, ნუ ეცემით ხეს უნებართვოდ და მერე თქვენს სულსწრაფობას გველებს და ერთმანეთს ნუ გადააბრალებთ. დაიცავით რიგი, თორემ იძულებული გავხდებით, წმენდა ჩავატაროთ და გაგიშვათ პლანეტაზე, სადაც ისეთივე გზის გავლა მოგიწევთ, რაც ამდენი ვაივაგლახით გამოვიარეთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^