Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გასაუბრება / «სანსარა»

15 სექტემბერი 2016

და თითქოს დაისის დათოვლილ ფიფქებში

დათვივით ჩათვლიმა მზემ»

- შენი ლოდინი - გადატენილი იარაღია, ჯერომ. კი მეტყვი ეხლა, რომ  სიფრთხილე მასტურბაციაა და ბლა ბლა ბლა, რასაც შენი პროგრამა ამოაგდებს,  მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი,  ჩათვალე მეგობრული რჩევაა.

კიბორგების პაბში. ერთი კათხა მაზუთი და ორი ჰარდდრაივის სოუსი - სულ ახალი ამოღებული გახურებული დედაპლატიდან.

- ანგარიშზე მხოლოდ ერთი სიცოცხლე დამრჩა, ისიც ნახევრად გავლილი. უხეიროდ გავლილი, ბონუსების გარეშე, სოციალური კაპიტალის გარეშე. სასტუმრო 6 თვეს მოხსნის ერთ ღამეში.

- კაი ეხლა ნუ დახარე თავი. მერე რა, არაუშავს 6 თვე იქეთ, 6 თვე აქეთ - ბევრს არაფერს წყვეტს. 10 ხაზი “ამნეზია” ვენაში და ეს თვეები თითქოს არ ყოფილა. ან ვაბშე რად გინდა ამნეზია, ხო ჩაეწერე იმაში,  პროგრამაში.. რა ქვია???

- ზამთრის ძილის..

- ხოო! ზამთრის ძილის პროგრამაში...  დაგაწვენენ, მოგივლიან, გამოიძინებ გაზაფხულამდე და მერე ახალი ძალებით დაიწყებ კარმის გასწორებას. ყველა ასე არ ვცხოვრობთ?  შენ რატო წუწუნებ ყველაზე მეტს?

- მე ამას არ ვიმსახურებ?

- განა ვინმე იმსახურებს იმას, რაც ემართება ამ პლანეტაზე? აბა მითხარი ჯერომ.

- იდი ნახუი რა, ზაზა.

განთიადის დიზაინერი მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლება, მაგრამ ეს ანაზღაურება დამოკიდებულია კომპანიასა და დაფარვის არეალზე. თუ დიდ ქალაქებს ემსახურები ანაზღაურებაც შესაბამისად დიდია. ჯერომის კომპანია კი განთიადებს მხოლოდ პატარა ქალაქებისა და ფერმებისთვის აკეთებს - ფაქტიურად შაბლონურ განთიადებს. ღარიბების უმრავლესობა კრეატიულობით მხოლოდ გადარჩენის საკითხებში გამოირჩევა. სხვა ყველაფერი -- ესთეტიკა, ტკბობა - იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც  ფუნქციონალურია. მაგალითად, არცერთი კორუსი არ შეაგროვებს ფულს, რომ ერთი special Edition განთიადი შეუკვეთონ. მაგრამ თუ ვინმეს ვინმესი მოტყვნა უნდა, აუცილებლად შეუკვეთავს დილის ცაზე ღრუბლებით დაწერილ “ნანას+გიოს”. მერე ინიშნება ქორწილი. ცოლ-ქმარი გოჭებივით ყრიან ბავშვებს, რაც ნიშნავს, რომ გამრავლების პროგრამა შესრულებულია და ყველა ბედნიერი კვდება. ჯერომმა ეს კარგად იცის, თვითონაც ასეთი ბრმა პროგრამირების ნაყოფია. ფერმებში უარესია, აქ  ხშირად ხალხიც არ არის - ვინც ამ განთიადით დატკბებოდა. ფერმერები დიზაინ კომპანიას მხოლოდ ისეთი ფერმენტების და განათების დაყენებას სთხოვენ, რაც საკმარისი იქნება, რომ ცხოველებს მოუნდეთ დაუოკებელი სექსი და გამრავლება. მერიის განათების სტანდარტები ყველას ფეხებზე ჰკიდია. მხოლოდ ეს ახარებთ ხოლმე მას და მის კოლეგებს. სხვა დანარჩენი - რუტინად გადაქცეული მაგიაა.

ზაფხული ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა მთავრობამ, შემოდგომა მხოლოდ 6 საათი გასტანს. მეორე დღეს კი ჯერომს ბოლო გასაუბრება აქვს ზამთრის ძილამდე. ამიტომ ეხლა დაძინება დროის კარგვა იქნება: სჯობს ჯერ პროგრამით გათვალისწინებულ ექიმთან ვიზიტი მოიშოროს, მერე შეიძლება სადმე კლუბშიც შემოდგომის გადაგორება. ასე ჯობია, ამბობენ რეინკარნაციებით გადაღლილი სახე კარგად ჭრის „სანსარას“ კომპანიაში გასაუბრებაზე.

კორპუსების ჩრდილში ყველა მოსაწყენი და შეიარაღებულია. ღამის ნახვრეტებიდან შემოდის ცივი ქარი, ვირტუალური თოვლის ბორცვაკებზე ფრინველები ეტაკებიან ერთმანეთს ცაში.

- სიმარტოვის ბარომეტრი მაქსიმუმზეა. თქვენი ნეიროანტენები ეხლა მარტო მელანქოლიის სიგნალებს იჭერენ.

- ამბობს ექიმი და მესამე თვალით აშტერდება კლიენტს.

- ჩემი რადიო არ იჭერს სევდის ტალღებს. ის ამ ტალღებს აგენერირებს, როგორც სედატივი -- თქვა უცხო ხმამ მისი თავიდან. როცა ჯერომს ეზარება დიალოგი, მის ნაცვლად სექენდ-ჰენდში ნაყიდი “პიროვნების სიმულაციის პროგრამა” პასუხობს გარესამყაროს. დამწყები ნეიროდეველოპერები, დამწყები მწერლებივით ეპიკურობას უფრო ეტრფიან, ვიდრე ფუნქციონალურობას. ამიტომ ხშირად ჯერომის პროგრამა იაფფასიან ეპიკურ სისულელეებს ამბობს ხოლმე. თავიდან ჯერომს ეს აღიზიანებდა, მერე შეეჩვია. სადღაც გულის რომელიღაც ნაწილით შეუყვარდა კიდეც - არაფერი სჯობს მოსაუბრის დაბნეული სახის ყურებას, როცა კომუნიკაცია ექსპონენციალურად კარგავს აზრს. ადამიანები სდუმან, ჩეთბოტები კი ფრაზებით შპილკაობენ.

- გამწვავებული ელექტრომაგნიტური ალერგია - ასკვნის ექიმი - მმ.. და ეს სიმულაციის პროგრამა.. შენზე მორგებული შეუკვეთე, თუ სერიული წარმოებაა?

- პირატული, ადგილობრივი.

- სად იყიდე?

- წერეთლის სექენდჰენდში.

- ორსართულიანი რომაა?

- ხო.

- გადააპროგრამებინე სადმე. ხშირად, როცა პიროვნების სიმულაციის ბოტი პიროვნების ხასიათს არ ემთხვევა..  პიროვნების გაორება, გასამება და ათასი უბედური ფსიქოლოგიური პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს... ან ვინმემ რომ დაგჰაკოს?

- ვინ უნდა დამჰაკოს? შემომხედე, ბატონო ექიმო.

- რომ გიყურებ, მაგიტომ გეუბნები, ვინ და ვინც გინდა იმან!! ამისთანა ვადაგასული  ანტივირუსით ბებიაჩემიც დაგჰაკავს, წლებს გადმოირიცხავს, ცოტა ცხოვრებას გაიხანგრძლივებს. რა შენ გგონია, მოხუცებს არ უნდათ გულაობა შენსავით, თუ რა გგონია? სერიოზულად გეუბნები, იყიდე ლიცენზირებული. თუ გინდა გამოგიწერ რეცეპტს, ან ფული თუ არ გყოფნის გადააპროგრამებინე მაინც - ყველა ლიფტშია გაკრული განცხადებები: ”პიროვნების გადაყენება და დაინსტალირება”, 20 ლარი გენანება შენი თავისთვის? მერე მორბიხართ ხოლმე აქ აკანკალებული ხელებით: ”ექიმმო ის”, “ექიმო ეს”..

რანაირი პაციენტები წამოხვედით ვაბშე, ვინ ხართ ბიჭო თქვენ?? რა გინდაათ? ჩემი გაგიჟება და ჭკუიდან გასავლა გინდათ? ვერ მოესწრებით თქვე ტარაკნებო..

ექიმი ისე უმატებს ყვირილს, რომ ყბა სამუშაო მაგიდაზე ეცემა და აგრძელებს არტიკულირებას და სანამ ექიმი უჯრაში დამალულ უზის გამოიტანს, რომ სროლა ატეხოს,  საბედნიეროდ, სანიტარები ასწრებენ - კოჭავენ, ყბასაც და ექიმსაც დინოზავრის დოზა დამამშვიდებლებს არჭობენ და გაყავთ.

- ისევ მწყობრიდან გამოვიდა, - ამბობს სანიტარი.

- აშკარად - ადასტურებს ჯერომი და სცენა  ელექტროსიგარეტის ტკბილ ღრუბლებში იკარგება.

გნოსტიკური ჯიჰადის მოძრობა ბანერებს ჰაკავს. ეხლა მთელს ქალაქში მათი ახალი პროდუქტის რეკლამა გადის: “ახალი ტაბლეტი “მელანქოლია”, ეხლა უკვე დაბალი ბიპიემით - შეიძინეთ ფასდაკლებით ექიმის დანიშნულების გარეშე - ღამის ქალაქის მოწყენილებისთვის, დავიწყებულებისთვის, მათთვის, ვინც ახალ წელს მარტო ხვდება გალაქტიკური ფეერვერკების ფონზე. მას ეს მოსწონს. ჩვენ კი იმათ მხარეს ვართ, ვინც მარტო კვდება და არა იმათ მხარეს, ვისაც უდარდელად ძინავთ დაღლილობის ჩუმ ყვავილებში

და არ ახსოვთ მომავალი”.

საღამოს მოახლოებას იუწყება ბიოლოგიური საათი.

აი, მოვიდა გართობის დროც.  სასტუმროს დანაღმულ სახურავზე ორსული გოგო-ბიჭების ფართია, ერთი არასწორი ნაბიჯი ცეკვისას და ორგანოები და სისხლი 360 გრადუსზე იფრქვევა. ორსულები ოვაციებით ხვდებიან აფეთქებებს, ნაწლავები ეგზოტიკური გველებივით ეხვევიან მოცეკვავეებს. კაზინოში რუსული რულეტკის ჩემპიონატი, ჯგუფური ან ტეტ-ა-ტეტ ახალგაზრდა კრუპიესთან, ჯეკპოტი - სამი სიცოცხლე, კარმაზე ზემოქმედების გარეშე. “ცოტა ტვინი თუ დაგრჩა ადამიანს, რას ბლატაობ, დაეტიე, ვინ მოგაგებინებს კაზინოში”, -- ეუბნება შუბლგახვრეტილი მამაკაცი თავის საფეთქელგახვრეტილ მეგობარს კაზინოს გარეთ და ბარბაცით ცდილობს ჯერომის ტაქსის გაჩერებას.

“ივენთების ნაცვლად ჩვენ ვესწრებით აპოკალიფსებს”, - იუწყება დიჯეი ქერუბიმი ტაქსისტის ჩართული რადიოდან.

ვერცხლისწყალი “სუბტროპიკი” ანანასის არომატით პატარა ბავშვებისთვის. ინსომნიის შუქურები, ბუნდოვანი ვერცხლის ბრასლეტი. და გარესამყაროს ხმები დაგუბებულ ექოდ, როგორც ის ესმით მკვდრებს არასაკმარისად ღრმად ამოთხრილ საფლავებში.

სიზმრების ჭაობი. დილის დაცემა ჭერივით.

“ეს ყველაფერი ციფრების მონაცვლეობაა - უზომოდ დიდი მონაცვლეობა, უზომოდ სწრაფი. ციფრების მდინარე გაივლის შენს ტვინს - ნუ შეეცდები, ამ ციფრებიდან აზრი გამოიტანო. პროგრამა ბრმად მუშაობს, ნუ ცდილობ მისი “აზრის” გაგებას. მკვდრები არიან შენი საუკეთესო მეგობრები. ცოცხლები არიან შენი საუკეთესო მეგობრები”, - ისმის თრიფდიზაინერის მიერ ჩადებული მესიჯი პრიხოდის პიკზე დედამისის ხმით.

რამდენიმე საათში: პატარა სიკვდილის დოზები ვალერიანის ექსტრაქტით. სერაფიმები გამოძახებით. ზაფხული ყოველთვის მოსაწყენი ფილმივით მთავრდება, შუაში რომ გეძინება ნეტარი უდარდელობით და ვიღაც გაღვიძებს, როცა ეკრანზე უკვე ტიტრებია.

- ჩუმად დეიდა სუბოტექსი მოვიდა, – ისმის ოთახის კუთხიდან.

ღამის ქალაქების ასი უმუშევარი - ყველა შენი ნათესავია, ყველა შენი მოდგმა. გენეტიკური რობოტი გატეხილი ფუნქციებით. ბოლო ღერი vs გრძელი ღამე, ფსონები მიღებულია.

- ჭამე თოვლი, ჭამე თოვლი. თოვლი ჯობია მძღნერის ჭამას, - იძახის ბომჟი მოპარული მეგაფონიდან. თითქოს არ იმჩნევს, რომ უკვე 200 წელია, რაც გუნდა არ კეთდება.

“როგორია იყო ასეთი უფორმო, როგორ ცა, ცოცხალი, როგორც ათასჯერ მკვდარი?” – ყველა დინამიკიდან ახალი ჰიტის მისამღერი. “როგორც ცაააააა” - იკარგება ექო მბრწყინავი ცათამბჯენების ციმციმი  ხრუშოვკების სახურავებზე – უფასო შოუა ღარიბი ბავშვებისთვის, მათი მშობლები ამ შუქების ანთება-ჩაქრობის სიხშირეებით მკითხაობენ მომავალს. იარე ნელა, როგორც ღრუბლები იცვლიან ფორმას - ყოველი მეტრის მერე მკაცრად იცვლება სინათლის ხასიათი.

როცა ჩუმად მიდიხარ, მაგრამ ყურადღებით - გესმის როგორი ხმები აქვთ კორპუსებს და ხვდები: ამ მიწებიდან სხვანაირი კორპუსები ვერ გაიზრდებოდა. რასაც დათესავ, იმას მოიმკი.

უცნაური კვანტური ნარკოტიკები, რომლებიც ჯერ არავის გაუსინჯავს პლანეტაზე პირველი რეისით ჩინური ლაბორატორიებიდან, სადაც მაოს გვერდით შულგინის პორტრეტებია აიტი ჯგუფის კაბინეტებში. რადიონაჭრებიდან ახალი ნიუსების დროს  ვარსკვლავების აფეთქების სიხშირეები ისმის პირდაპირ ეთერში - ახალი წელია.  ჰაბლის თვალი გახელილია და ოჯახები ერთად უყურებენ შავ უსასრულობას რბილ კვადრატულ ტელევიზორებში, დიჯეი ელექტრონულ ტელესკოპს მიმართავს ანდრომედას გალაქტიკისკენ, რომელიც მთელი სისწრაფით მოდის ჩვენკენ და ოდესმე ჩვენი გალაქტიკები დაეტაკებიან ერთმანეთს, იცეკვებენ ერთმანეთის გარშემო. ეხლა კი -  კლუბში ისმის მზეების სუნთქვა, სიჩუმე მოკლე ჩართვებით მთვარის სასაფლაოებიდან, უპლანეტო თანამგზავრების ტრაექტორიებს ახშობს შავი ხვრელების ძახილი - “ჩვენ ამ მუსიკაზე ვცეკვავთ”.

- იქ, სადაც დგას ეს კორპუსი, ადრე იყო ედემის ბაღი, - ეუბნება ბინის პატრონი, როცა ჯერომი გასაღებს აბარებს.

- ჩვენი გასაუბრება დასასრულს უახლოვდება და პირდაპირ გკითხავთ - კომპანია "სანსარას" ოფისის პლანქტონმა მაგიდაზე დაყრილ სქელ დოსიეს დახედა 6 თვალით - მეკობრე, ტარაკანი, დილდო, ინსპექტორი.. თქვენი რეინკარნაციული CV და დოსიე შთამბეჭდავია... ასეთი მიზანსწრაფულობით შეგიძლიათ ნირვანას ერთთვიანი პაკეტები 50%-იანი ფასდაკლებით მიიღოთ სახელმწიფოსგან... რატომ მაინცდამაინც ჩვენი კომპანია, ჯერომ?

- სახელმწიფო ბიუროკრატიის გათვალისწინებით აბსოლუტურ სიცარიელემდე კიდევ ათი ცხოვრება დამჭირდება. თქვენს კომპანიაში კი, მე ვთვლი, რომ გაცილებით სწრაფად შევძლებ გავსხივოსნდე და თავი დავაღწიო დაბადებისა და სიკვდილების ციკლს,

- კარგით, თქვენს დოსიეს ზევით განიხილავენ და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებით.

შემდეგი!

კიდევ ერთი უშედეგო გასაუბრება. ბოლო  ღამე სასტუმრო “მარადიული სიყვარულის” ლუქსში. ძილის წინ ისევ იგივე  კადრი: სველი პატარა ქალაქები მატარებლის გასწვრივ. მარტო. მარტო.

და მატარებელი დგას, ქალაქები მიდიან.

საიდან ეს ამოჭრილი ემოცია? ბავშვობიდან? ან იქნებ სხვა ცხოვრებიდან?

ინტროვენულად შეშვებული უცხო, აბსოლუტურად უცხო მოგონებები - ზამთრის ღამეთა კოშმარების გადასაგორებლად, როცა მზე ისე ცოტა ხანს ანათებს, რომ მცენარეები ვერ ასწრებენ ფოტოსინთეზს და იღუპებიან, ბნელი სიზმრების ასაცილებლად, სადაც გმირები ვერ უძლებენ სამყაროს განმეორებად ციკლებს.

და იძახიან, ყავით ხელში: ეს კოშმარია.

დაუსრულებელი არქიტექტურული ნახაზები – ტატუებად.

უსმინე, როგორ მიდიან მატარებლები ზღვისპირა ქალაქებისკენ, სანამ ჩვენ გვძინავს, როგორ იზრდება ბალახი კელდებზე.

თოვლი გაქვს საბნად ამ ოთახში.

შემოჩვეული ბეღურები დაფრინავენ საწოლ ოთახში.

როცა გძინავს ამ ოთახში, 107-ე სართულზე, ფაქტიურად ცაში.

და ასე ყოველ მომდევნო შემოდგომამდე, სანამ მოვა ახალი ძილის დრო.

პირდაუბანელი ძილი, დათვის ძილი, მთელი ზამთარი ძილი ვარსკვლავთცვენით ხელში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

რატომ ვუჭერ მხარს ალეკო ელისაშვილს

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ცენტრალური მნიშვნელობა აქვს შეჯიბრს თბილისის მერის პოზიციაზე. ამ პოზიციის დიდი ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

მეც

პირველად მსგავსი შემთხვევა თინეიჯერობისას, მეტროში მქონდა. როდესაც ვაგონში შესვლისას, სიხალვათეში ვიღაცის ხელი ჩემს უკან ...
14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

„ჩვენი თამაში" - მეგობრული ბურთით - რედ ...

რატომ მეგობრული? - პასუხს კითხვისას მიიღებთ რაგბი ჩემს ცხოვრებაში ლიტერატურიდან შემოვიდა. 2014 წელი. აკა მორჩილაძის წი ...

მეტი

^