Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაშუადღევი რეფლექსიების რაობა გარიჟრაჟის შუქში

22 სექტემბერი 2016

დღეს აზროვნება პრინციპულად და ყოველთვის შედარებითია — ჭეშმარიტებების, უტყუარი და მარადიული ღირებულებების და ზუსტი ორიენტაციების დრო გაიწურა. ვერცერთმა ღირებულებრივმა ორიენტაციამ ვერ მოუტანა ადამიანს შვება/სრულყოფილება, ან საზოგადოებრივი თანაცხოვრების სრულფასოვანება.

(ანუ შავყორანჯიპმადიდებელთა თვალდათხრილობას — მართლმადიდებლობას ერთადერთ ჭეშმარიტების მატარებლად რომ თვლიან — მოაზროვნე სამყაროში ადგილი გაუუქმეს).

>>>>

დაწერილი მოძღვრება არანაირად არ არის რ ე - ლ ი გ ი ი ს გარანტი — ნამდვილი რე-ლიგია მოძღვრების არსის ნაყოფია, რომელიც შენი სულიერების ნიჭით უნდა აღმოაჩინო მოძღვრებაში.

რახან აბსოლუტური ჭეშმარიტება (Ultimate Truth) ჩვენს მოსაზღვრულ დონეზე არ იჩენს თავს, ამიტომ უკლებლივ ყველა ტიპის ფიქსირებული მოსაზრება შემოქმედებით ინტერპრეტაციას მოითხოვს — ეს იმ დინამიკის ნაწილია, რომელსაც შესწევს ძალა, ადამიანი მისი დეტერმინირებული სივრციდან გარეთ გაიყვანოს.

ყველა რელიგიური მოძღვრება ერთობის აღდგენას ცდილობს გამოყოფილ ნაწილსა და მთლიანს შორის და ამ მოძღვრების რეალურ არსს კი სწორედ მისი ჩაწერილი ვერსიები მალავენ — ამიტომ ტექსტის წვდომა/გადახსნის შანსი მხოლოდ ჩვენს ინტუიციაზეა დამოკიდებული.

სტროფებში სინათლე არ იჩენს თავს, სინათლე სტროფებს შორის ისადგურებს ჩვენი ძალისხმევით.

ტექსტი კომუნიკაციის პირობითი ფორმაა. ჭეშმარიტება კი ყოველთვის და მხოლოდ უზოგადესი "განცდის" სრულფასოვანი სისავსეა და ის არანაირ პირობით ფორმაში არ წარმოჩინდება.

ჭეშმარიტებაზე გვითხარი რამეო — ბუდას ჰკითხეს: ამ ტყეში ხეებზე რამდენი ფოთოლიცაა იმდენი ჭეშმარიტებააო. ასე უპასუხა. ამით მან განგვიცხადა: აბსოლუტური ჭეშმარიტება პირობით ენაზე არ გადმოიცემა.

თუ ჭეშმარიტებამ თავი იჩინა განცდაში, მას უტყუარობის თვისება გააჩნია. ასე აღწერენ ჭეშმარიტებას მაჰავირა, ბუდდა, რამაკრიშნა და ყველა სხვა, ვისაც კი ეს  გადახსნილობა განუცდია. ასეთი განცდა ხუთ გრძნობასთან არანაირად არ არის დაკავშირებული — ადამიანი ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მეგობრული რჩევის სახით კი გეტყვით: ინტუიციას დაეყრდენით — რომ რასაც ტექსტი პირობითად გადმოსცემს, იმის მიღმა არსს ჩაწვდეთ და გააცოცხლოთ — ცნობიერების არქივში არ შეინახოთ, როგორც რაიმე მზა სიბრძნე, რომლის მეორედ ხმარება იქნება შესაძლებელი. ჭეშმარიტი აზროვნება სტრიქონებს შორის დინებადი სიჩუმეა, რომელიც ბევრად მეტს გვამცნობს, ვიდრე სტრიქონებით გამოხატული. ის არასდროს არაა სინტაქსზე და ენის ზოგად კანონებზე დამყარებული. ის მდინარეა, რომელშიც მეორედ ვერ შეხვალ.

როდესაც ჭიქა გადაივსება მისი შიგთავსი ჭიქის ფორმას აღარ ემონება და თავისუფლად იწყებს დენას სივრცეში. 

მაგალითად: როცა გამოცდილებას დაიგროვებ ყოფიერების დევნაში და კულტურის გადაძლევაში — მერე ამ გამოკვეთილობების დატოვების გრძნობა/სურვილი ბუნებრივად იწყებს ზრდას შენში (როგორც აუცილებლობა) და განთიადის მზე ერთადერთ მიზნად იქცევა — როგორც ჰესეს "მძივით თამაშის" გმირისთვის. ყველაზე დიდი, რაც ადამიანს შეუძლია გაასრულოს როგორც მისია — საკუთარ თავში დავიწყებული ყ ო ფ ი ე რ ე ბ ი ს აღდგენაა, რაც უსასრულოდ შორსაა “არსებობისგან” და “კულტურისგან” — რადგან ეს ორივე (თავის საუკეთესო ხარისხში) მხოლოდ სიმღერებს უმღერის ყ ო ფ ი ე რ ე ბ ა ს, მაგრამ მასთან არც ერთს და არც მეორეს არაფერი აქვთ საერთო.

>>>>

ყურადღებით წაიკითხე ეს სტრიქონები — არ ეძებოთ ჭეშმარიტების გზა სადღაც შორეთში, იმიტომ რომ ახლო ბილიკი უხილავი დარჩება...

>>>>

ენა სწორედ იმიტომ ითვლება ადამიანის ყველაზე დიდ ტრავმად (ფროიდ/ლაკანთან), რომ ინფორმაციის გადატანის არანაირი სიზუსტე/სრულყოფილება არ გააჩნია ("წყალი მომაწოდეს" არ ვგულისხმობ). სწორედ ამიტომ ხმარობდა მაცხოვარი "პარაბოლებს" და ამიტომ არსებობს ენაში "მეტაფორა", "პარაბოლა", "სინეგდოხა" და სხვა არაპირდაპირი ენობრივი ხერხები, რომ ინტერპრეტაციის (წარმოდგენა/ვარიაციების) საშუალება შეიქმნას, ცოდნა, ფორმულად არ დარჩეს და პერსონიფიკაციის შესაძლებლობა შეექმნას. ყველა ტიპის ჭეშმარიტება სუბიექტურ დონეზე იჩენს თავს (ვლინდება), იქამდე, სანამ ყველა ცნობიერება არ ჩაიღვრება და არ განზავდება ერთ უნაპირო დინებად სხეულში.

>>>>

ჩვენ სკოლაში გვასწავლიან, რომ ლოგიკა და ჭეშმარიტება უეჭველად გადაბმულია და მერე ამაში ეჭვი აღარასდროს შეგვაქვს. ეს "განმანათლებლობის" და რაციონალიზმის პლატფორმაა, რომელსაც პირველად ნიცშემ შეუყენა წყალი. პლატონი ამბობდა "ბევრს ტყუიან პოეტებიო" — დღეს აზროვნება სრულიად სხვა საწყისზე დგას. ჰაიდეგერი ამტკიცებს, რომ მხოლოდ შემოქმედებაში (კონკრეტულად პოეზიაში) არის ჭეშმარიტების გამობრწყინებები და მთელი თავისი ძალისხმევების მეორე პერიოდი ჰოლდერლინისა და სხვა პოეტების სტროფებზე წერს კომენტარებს — იქ გაელვებული ჭეშმარიტების ტრანსლიაციის მიზნით. ამით ის ცაში გაბრწყინებულს ამიწებს და ფრენის უცოდინარებსაც ამ სიდიადესთან ნაწილობრივი ზიარების საშუალებას უქმნის.

დაუკვირდით, აღმოაჩინეთ, დაუშვით — ეგებ შეიმეცნოთ ჭეშმარიტებასთან სულ სხვა მიდგომები. ყველაზე ზოგად დონეზე კი გეტყვით: ჭეშმარიტება ლოგოსთან იყო გადაბმული, დღეს კი მას უფრო სოფიასთან (სიყვარულის გზით მოპოვებული ცოდნა) აკავშირებენ.

ლოგიკის, დედუქციის და ზოგადად რაციონალური ჩარჩოდან მსჯელობას გარკვეული სიცხადის მოლოდინი გააჩნია, რომელიც თავად ამ ჩარჩოს აპარატში იგულისხმება და იჩენს თავს. პოეტურის სიცხადე კი თავად ყოფიერების სიაშკარავეს ავლენს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჭეშმარიტების ამ სახის გადახსნილობა ყველასთვის მისაწვდომი არ არის და ბევრისთვის საერთოდ უცნობია. ეს იმიტომ, რომ ადამიანს ამ ენის მიმართ თანდაყოლილი სიბრმავე ახასიათებს — ადამიანში აპრიორი მხოლოდ რაციო მუშაობს და უკლებლივ ყველა პროცესი ცერებრალურ დამუშავებას გადის. ესაა წინაპირობა. ის, რაც პრაქტიკული გონებისთვის და მისი მიმდევრებისთვის აუცილებელია (არგუმენტი, მტკიცებულება) პოეტურ/პოეზისის გონიერებისთვის სრულიად უცხოა. რაციონალური ცნობიერების ფორმა სრულიად არ იცნობს მხატვრული ენის ჭეშმარიტების ფორმას, რომელიც როგორც ვახსენე ჰაიდეგერის დონის მოაზროვნესთვისაც კი უმაღლესი გზაა ჭეშმარიტებასთან ზიარების (როგორც აღვნიშნე იგი ამ ინსაიტებს შემდგომ რაციონალურად ახურდავებს). მხატვრული ენა ინტუიციაზე ფოკუსირდება, რომელიც ერთადერთი გზაა მოუსაზღვრელის ინსაიტის განსაცდელად.

>>>>

არცერთ კითხვითი ნიშნის მატარებელ ადამიანს დედამიწაზე არ უნდა გამორჩეს უმნიშვნელოვანესი ტექსტების უზარმაზარი ბლოკი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების გარშემო გაფორმდა: ვედები, უპანიშადები, არანიაკები, დხამაპადა, დაო დე ძინი და ა.შ. — ეს მხოლოდ უპირველესი მნიშვნელობის მაგალითებია. ეს ტექსტები არანაირ კავშირში არ არიან ლოგიკურ-რაციონალური აზროვნების სისტემასთან, რომელიც საბერძნეთში წარმოიშვა, შუასაუკუნეების პაუზის შემდეგ დასავლეთში კვლავ აღორძინდა და "განმანათლებლობაში" “მსოფლმხედველობითი ჯანმრთელობის” აურა მოირგო. მე-19 საუკუნის ბოლოდან ამ აზროვნების ტიპმა "გრანდ ნარატივების" სახით თავის პიკს მიაღწია და ამავე დროს არაკლასიკური ფილოსოფიის სახით მტერიც გაიჩინა, რომელმაც პოსტმოდერნისტული აზროვნების წესის მეშვეობით საბოლოოდ მოახერხა გრანდ ნარატივების დესტაბილიზაცია და აზროვნების სრულიად განსხვავებულ ტერიტორიაზე გადაყვანა: მეტაფორა, პოეტური დისკურსი, დეკონსტრუქცია როგორც თვითმიზანი, რიცომულ/ნომადური აზროვნების წესი და სხვა — ყველა ეს სტრატეგია სწორედ რაციო-ლოგიკურ პრინციპებს ებრძვის. ეს დიდი თემაა, მაგრამ ის მაინც უნდა ვიცოდეთ, თუ რა ტენდენციები არსებობს აზროვნებაში, რომ ჩვენი ძირეული განათლების ტენდენცია არ გვეგონოს ჭეშმარიტების გამტარი და გარიჟრაჟის სხივი არ გამოგვრჩეს შუადღის შუქის სიხისტეს შეჩვეულებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^