Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლ გ ბ ტ, ანუ - „აუჰ“, „ჰმ“, „აჰაა“, „მმმ“...

28 სექტემბერი 2016

ლგბტ ადამიანების პრობლემები მხოლოდ ერთი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაშია ნახსენები. რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, წინასაარჩევნო პროგრამით თუ ვერა, უშუალოდ პოლიტიკოსებისგან გამეგო ამ საკითხზე პარტიათა პოზიციების შესახებ.

მასალის მოპოვებას იმაზე გაცილებით მეტი დრო და ენერგია დასჭირდა, ვიდრე სხვა თემებზე მუშაობისას ვხარჯავ. საკმარისი იყო, პრესსამსახურის თანამშომლებთან ტელეფონით საუბრისას მეხსენებინა ის ჯადოსნური აბრევიატურა - ლ გ ბ ტ, რომ მოსაუბრის მხრიდან მესმოდა აჩქარებული სუნთქვა და სასოწარკვეთილი შორისდებულები - „აუჰ“, „ჰმ“, „აჰაა“, „მმმ“ და ასე, უსასრულოდ. „ჩვენ ახლა უფრო სხვა თემებზე ვმუშაობთ; ამაზე კომენტარებს ვერავინ გააკეთებს“; „ეს სპეციფიკური თემაა და ნებისმიერს ვერ ჩაგაწერინებთ“; „აჰა, ე.ი. ეგ უმცირესობა გინდათ, აჰააა“.

კითხვები კი ძალიან მარტივი და ზედაპირული იყო - ირღვევა თუ არა დღეს საქართველოში ლგბტ პირთა უფლებები? თუ ირღვევა, როგორ გეგმავთ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლას?

პასუხებიც თითქმის ყველა პოლიტიკოსისგან იდენტური აღმოჩნდა - ოპოზიციური პარტიები, ძირითადად, ერთ შაბლონს იყენებდნენ, დაახლოებით ასეთს: „დღეს საქართველოში ყველა ადამიანის უფლება ირღვევა, შესაბამისად, ირღვევა ასეთი ადამიანების უფლებებიც“.

აღარაფერს ვამბობ კონსერვატორ პარტიებზე, რომელთა წარმომადგენლებიც არა თუ თავს არიდებენ კომენტარს, არამედ პირიქით, ცდილობენ, ჰომოფობიის ხარჯზე მოიზიდონ ელექტორატი და ამ საკითხს აქტიურად იყენებენ. სიძულვილს ეროვნულ ტრადიციად ასაღებენ, საუბრობენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე მაშინ, როცა ამ ჯგუფისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფიზიკური გადარჩენაა.

ამ საკითხის შესახებ შეკითხვებზე მმართველი პარტიის პასუხი ერთია - „ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი“. 

„ანტიდისკრიმინაციული კანონის“ აღსრულების მექანიზმი რომ არაეფექტიანია, ეს „ლიბერალის“ მკითხველისთვის ისედაც ცნობილია. ამ ხარვეზზე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც საუბრობენ.

სასამართლოებში არ აღირიცხება პროცესში მონაწილე პირთა დისკრიმინაციის საფუძვლები, შსს არაეფექტიანად აწარმოებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა სტატისტიკას (სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე  2014 წლიდან 2016 წლის 17 მაისის ჩათვლით სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ერთ ფაქტზეა აღძრული) ამიტომ ლგბტ ადამიანების მიმართ ჩადენილი დანაშაული უხილავი რჩება და ბევრ პოლიტიკოსს რომ ჰკითხოთ, „რამდენიმე შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, მათი ჩაგვრის ტენდენცია არ არსებობს“.

ერთი მხრივ უხილავი და აღურიცხავი ჩაგვრა, მეორე მხრივ 2013 წლის 17 მაისის საქმე - ერთ-ერთი ყველაზე ხილული და მასშტაბური სიძულვილის მანიფესტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გვინახავს. ამ მასშტაბური ძალადობისთვის ჯერ არავინ დასჯილა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ბრალდებული გაამართლა. ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის, მკვლელობაში ბრალდებული კი სასამართლომ გაამართლა მკვლელობის ნაწილში და სასჯელს მხოლოდ ქონების განზრახ დაზიანებისთვის იხდის. წელს სახელმწიფომ ლგბტ აქტივისტებს ვერ მისცა უსაფრთხოების გარანტია, რომ 17 მაისს მშვიდობიან გარემოში აღნიშნავდნენ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს.

ყოველი არჩევნების მოახლოება გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანებისკენ თითის გაშვერას და მათ მიმართ სიძულვილის ახალი ტალღის წარმოქმნას ნიშნავს - „გენდერი მოდის!“, „პიდარასტები გინდათ?!“. ლგბტქი+ ადამიანების რაოდენობა არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში არასდროს დაუთვლიათ ობიექტური მიზეზების გამო. საქმის გასამარტივებლად მათ „უმცირესობად“ მოიხსენიებენ. „უმცირესობა“ თუ მხარს არ დაუჭერს მათ პარტიას, ფიქრობენ, რომ ამით არაფერი დააკლდებათ.

„თუ პირდაპირ გინდათ შეკითხვის დასმა, დამისვით ეს შეკითხვა. არ დავუჭერ მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ნუ მომცემენ ხმას უმცირესობები ამის გამო, ჩამთვალონ ჰომოფობად, მაგრამ არ დავუჭერ მხარს, რა გავაკეთო. დავკარგო იმ ხალხის ხმები, რა ვქნა, ყველა ამომრჩეველს შეიძლება არ მოვწონდე და არ ვუყვარდე ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მანანა კობახიძემ „ლიბერალთან“ საუბრისას.

წინასაარჩევნოდ მთავარი სამიზნე ჯგუფი ჰეტეროსექსუალი და სისგენდერი ამომრჩევლები არიან. პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ არაჰეტეროსექსუალი, ტრანსგენდერი, აგენდერი თუ ასექსუალი ადამიანები ყველა სოციალურ ჯგუფში, ყველა „უმცირესობაში“ არიან. ყოველ ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფში, ყოველ სოციალურ კლასში.

ამ ვითარებიდან თავის დაღწევის საუკთესო საშუალება სოლიდარობაა. თებერვალში ტყიბულში მიმდინარე აქციებმა, თსუ-ში მიმდინარე მოვლენებმა დამანახა, რომ სოლიდარობის ჯაჭვში თანდათან ჩნდება ლგბტ ადამიანების რგოლიც. იმედია, ეს ჯაჭვი გაძლიერდება და პოლიტიკოსებს შეეშინდებათ თავიანთი გულგრილობისა და პოპულიზმის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^