Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს კოსმოსური სააგენტო Vol.2

17 ოქტომბერი 2016

ჩვენ გვინდა ჩვენი ტელეფონებით  გადავიღოთ ვარსკვლავების დაბადება.

ჩვენ გვინდა კოკაინი ვარსკვლავური მტვერით.

ჩვენ გვინდა მთვარეზე ჩასახული ბავშვები და ყვავილები”.

საქართველო მხოლოდ რამდენჯერმე შეხებია კოსმოსს: პირველი იყო “ჩაკრულო”, რომელიც კარლ სეიგანის პროექტში მოხვდა და თანამგზავრ “ვოიაჟერთან” ერთად უკვე მზის სისტემის საზღვრებიც დატოვა. შემდეგ, ლეგენდის მიხედვით ხრუშჩოვის დროს რამდენიმე ქართველი ემზადებოდა კოსმონავტად, მაგრამ ისინი არასოდეს გაფრენილან. შემდეგი ყველაზე ახლო  შეხება მოხდა 1999 წლის 23 ივნისს, როდესაც სადგურ “მირ”-ზე გაგზავნილ იქნა, ხოლო შემდეგ ორბიტაზე გაეშვა პირველი ქართული რეფლექტორი. მას შემდეგ საქართველო და კოსმოსი კანტიკუნტად იკვეთებოდნენ. კი მაღლივში “მარსის ოთახიც” გვაქვს, სადაც ჩვენი მეცნიერები მარსიანული დღე-ღამისა და კლიმატის სიმულირებას ახდენენ, კარგი ასტროფოტოგრაფებიც და ასევე გვყავს გია დვალი, რომელიც შავ ხვრელებს იკვლევს, მაგრამ საქართველოს და კოსმოსს სხვა უფრო დიდი მეგობრობა არ ჰქონიათ. რაც შეეხება “საქართველოს კოსმოსური სააგენტოს” (კი ასეთიც გვქონდა), ის 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ჯერ გარემოს დაცვის სამინისტროს დაექვემდებარა, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა.

მაგრამ მე მინდა გახაროთ: 2017-ში ჩვენ ახალი სააგენტო გვექნება. დამოუკიდებელი.

დავიწყოთ უფრო გლობალური ნიუსებიდან:

ფაქტი 1. 1453 წელს დაეცა კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერიის ბოლო ქალაქი, მოგვიანებით 1521 წელს პლანეტის სხვა მხარეს დაეცა აცტეკების იმპერიის დედაქალაქი ტენონჩტიტლანი; 1993 წლის 27 სექტემბერს კი დაეცა ჩვენი ევრაზიული სუბტროპიკების დედაქალაქი სოხუმი. მას შემდეგ, ამ უკანასკნელ დღეს, ჩვენ „იდეინი“ დევნილები დაკარგული ქალაქის გახსენებას ვუთმობთ ხოლმე, მაგრამ წელს მელანქოლია არ დამცალდა, რადგანაც SpaceX-ის დამაარსებელმა, მულტიმილიარდერმა ილონ მასკმა, სწორედ იმ ქალაქში, სადაც ადრე ტენონჩტიტლანი იყო, გლობალურ კონფერენციაზე გამოაცხადა კომპანიის ახალი გეგმა: “InterPlanetary Transport System”, რაც გულისხმობს: პირველ რაკეტებს მარსზე 2018 წელს, პირველ ადამიანს 2025 წელს, ხოლო პირველ თითქმის თბილისისხელა, ერთმილიონიან დასახლებას მარსზე -- უახლოესი 50 წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე ასეთი მოგზაურობა ერთ ადამიანს 10 მილიარდი დაუჯდებოდა. მასკი კი აპირებს ამ ფასის რადიკალურ ვარდნას , პირველ ეტაპზე ის 200 000 დაჯდება, შემდეგ კი ნელ-ნელა უფრო და უფრო გაიაფდება. მასკმა თვითონაც გამოთქვა მარსის დათვალიერების სურვილი. ამის მერე მასკის გეგმებს ბოინგი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოინგი აუცილებლად უფრო ადრე დაჯდება მარსზე, ვიდრე მასკის SpaceX. კოსმოენთუზიასტები უკვე ფსონებს დებენ კოსმოტოტალიზატორებში.

ფაქტი 2.  კომპანიები როგორიცაა მაგალითად “Deep Space Industries“ ან “Planetary Resources”  გეგმავენ ასტეროიდებიდან სასარგებლო ნივთიერებების ჩამოტანასა და გაყიდვას. კოსმოსის მონეტიზაცია, ერთი სიტყვით.  ამისთვის აშშ-ში ახალი კოსმოსური კანონის მიღებაც გახდა საჭირო, ჯერჯერობით პლანეტაზე მხოლოდ რამდენიმე კოსმოსური კანონი არსებობს, 1967 და 1979 წლების შეთანხმებები, რომლის მიხედვითაც “ჰაერი ობშია” - მოკლე აზრი: არცერთი ციური სხეული არ ეკუთვნის რომელიმე სახელმწიფოს, მაგრამ... ახალი ამერიკული კანონის მიხედვით : ისევ და ისევ არ შეიძლება რომელიმე ასტეროიდის ან პლანეტის მითვისება, თუმცა თუ რომელიმე კორპორაცია რომელიმე ასტეროიდს პატარა ნაწილს მოატეხს და მიწაზე გასაყიდად ჩამოიტანს ან დააპირებს მიჰყიდოს კოსმოსურ პორტებს, რომლებიც ამგვარი გზით აპირებენ წყლისა და საწვავის მარაგების შევსებას - ის ნაწილი კორპორაციას ეკუთვნის. ასტეროიდებიდან წიაღისეულის მოპოვების პარალელურად 2018-2019 წლები პირველი რეგულარული კოსმოსური ტურიზმის წლებადაა გამოცხადებული.

ფაქტი 3. პარალელურად უკვე მეორე წელია, რაც  ჰოლანდიურმა ინიციატივამ  სახელად “Mars One” მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანის ვიდეო მიიღო, რომლებიც მზად არიან მარსზე უკან დაუბრუნებლად წავიდნენ, პროექტმა უკვე შეარჩია მეორე ტურში გასული კანდიდატები. შემდეგი მათი გეგმა კი პირველი პლანეტარული რეალითი შოუს გაკეთებაა, სადაც მსოფლიოს მცხოვრებნი ამ ადამიანებს შორის აარჩევენ მარსზე გასაგზავნ კანდიდატებს.

ფაქტი 4. რამდენიმე დღის წინ იუნესკო-ის კოსმოსური კვლევებისა და ვენაში არსებული საერთაშორისო საჰაერო კვლევების უფროსმა, დაინტერესებულ მეცნიერთა და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად გამოაცხადა ახალი, “კოსმოსური ნაციის” დაარსების გეგმა. “ასგარდია” ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს უახლოეს მომავალში მცირე სატელიტების გაშვებას კოსმოსში, შემდეგ კი ევროპის მთავრობებისგან იმ ახალი კოსმოსური ნაციის აღიარებას, რომელზედაც არ იმოქმედებს მსოფლიო კოსმოსური აკრძალვები ან იურისპრუდენცია.

ფაქტი 5. დრამატულად იკლებს სატელიტების დამზადების ფასები, სულ უფრო პოპულარული ხდება დამოუკიდებელი rocket scientist-ების კულტურაც, იუთუბ-ზე შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ვიდეო, სადაც ადამიანები კამერას ამაგრებენ ჰელიუმის ბუშტებს და ლამის დაბალ ორბიტაზე უშვებენ, რომ კარგი კოსმოსური ვიდეოები გადაიღონ. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

რას გვეუბნებიან ეს ფაქტები? იმას, რომ კოსმოსური ერა ისევ დაბრუნდა და კოსმოსი ისევ აქტუალურია.

მაგრამ, რა შუაშია აქ ჩვენი ქვეყანა? და საერთოდ, რაში გვჭირდება კოსმოსი?

შეიძლება დავსვათ ასეთი კითხვაც, მაგრამ ამ კითხვას წონიანი პასუხები აქვს, ყველა ის ტექნოლოგია, რომელსაც დღესდღეობით ვხმარობთ, 80%-ით კოსმოსისკენ ლტოლვის პროდუქტია: მობილური კავშირები, ინტერნეტტექნოლოგიები, პირდაპირი ჩართვები... ერთი სიტყვით კოსმოსისთვის მზადება - ბევრ სოციო-ეკონომიკურ სიახლეს უყრის საფუძველს. გარდა ამისა, თუ აქამდე ამას იძახდნენ ისეთი მეცნიერები როგორებიცაა, მაგ. კარლ სეიგანი, სტივენ ჰოკინგი, ეხლა უკვე  მასკიც იმეორებს: ჩვენ უნდა გავხდეთ მულტიპლანეტარული არსებები, იმისათვის, რომ მომავალში  გავზარდოთ ჩვენი სახეობის გადარჩენის შანსები. ერთპლანეტარულ ცივილიზაციას მეტი შანსი აქვს, დაიღუპოს. დედამიწამ უკვე გადაიტანა სიცოცხლის 5 მასობრივი განადგურება და დინოზავრები ამ ლისტში მხოლოდ მეხუთეა. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს “ბექაფი”. პლუს, თუ გადავხედავთ, რად გადავაქციეთ ჩვენი მომაკვდავი პლანეტა - ბევრი პროგნოზირებს, რომ გლობალური პრობლემები იმაზე მალე დაიწყება, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ერთი შეხედვით, თითქოს აბსურდია, როგორ უნდა ილაპარაკო კოსმოსის ათვისებაზე ქვეყანაში, რომელიც რუკაზეც ძლივს ჩანს, ფაქტობრივად ომის მდგომარეობაშია, აქვს ტერიტორიული პრობლემები, დევნილების დიდი ჯგუფი, სიღარიბის დიდი მაჩვენებელი, ადამიანების დამამცირებელი და ხშირად პირდაპირი გაგებით მკვლელი პოლიცია, შუასაუკუნეობრივი ნარკოპოლიტიკა და მშიერი მუშები? ამ გადმოსახედიდან უნდა გავჩუმდეთ და დავიწყოთ ეტაპობრივად ჯერ ერთის, მერე მეორის მოგვარება და ოდესმე, როცა ყველა უკვე გაფრინდება - დადგება ჩვენი ჯერიც. ასეთი მიდგომა არასწორია - ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ვიცადოთ. ხოლო იმ ადამიანების ენერგია, რომლებიც “ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება” - მომავლისთვის გადავდოთ. თუკი არსებობენ ადამიანები, ვინც ამაზე ოცნებობს, თუკი არსებობს პოტენციალი - ჩვენ არ უნდა გავიჩუმოთ ის საკუთარ თავში და კი, ამ სიღარიბესთან, პოლიციურ სახელმწიფოსთან, ბანძ პოლიტიკოსებთან ბრძოლის და მეგობრებთან ერთად ცეკვის პარალელურად უნდა გავისროლოთ ყველა მიმართულებით, საითაც გასროლა მოგვინდება. ამ შემთხვევაში ღია კოსმოსშიც.

წარმოიდგინეთ:  მცირე კოსმოდრომი წაღვერში, სადაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დამზადებული რაკეტა დგას. რაკეტას უახლოვდებიან კოსმონავტები, რომლებსაც კომბინიზონებზე ბორჯღალი აქვთ ამოქარგული, როგორც ჩვენი გალაქტიკის სიმბოლო, ხოლო აცრემლებული გუბაზ სანიკიძე ტელევიზორში პირდაპირ ეთერში უყურებს პირველ ქართველ კოსმონავტებს, რომლებიც მთვარეზე გასამგზავრებლად ემზადებიან და რაკეტაში ჩაჯდომამდე ვაჟა ფშაველას ციტირებენ...

ან უკეთესი:  წარმოიდგინეთ, კოსმოსური კვლევების ცენტრი და ბაზა საგარეჯოში, აწყობილი ძველი საბჭოთა ან მეორადი ტექნიკით. მთელს პერიმეტრზე მუსიკაა ჩართული. ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან, რომელია კოსმონავტი, რომელი მათგანი კომპანიის დირექტორი და რომელი უბრალოდ ტუსოვშიკი. რაკეტას დედამიწის დროშა, მოქალაქე-კოსმონავტებს კი სხვადასხვა დიზაინის ტანსაცმლები აცვიათ. სადღაც პერიმეტრის შემოსაზღვრულ კარებთან რკინის ბოძზე პირატების დროშა ფრიალებს - მოღიმარი თავის ქალა და ძვლები. დირექტორატის კარავში ვიღაცა ტატუს იკეთებს, ალან ტიურინგის და ალა ლავლეისის მაისურიანი პროგრამისტები თანამგზავრიდან მიღებულ ფოტოებს შიფრავენ, არქიტექტორები კი ასტრობიოლოგებთან ერთად იქვე ჩამოკიდებული მენდელეევისა და შულგინის სისტემების გასწვრივ, პროექტორზე წარადგენენ მთვარის მავზოლეუმების გეგმას. სადღაც კარავს გარეთ ახალგაზრდების ჯგუფი კამათობს - მარსზე კომუნიზმი იზეიმებს თუ ანარქო-კაპიტალზმი. ეს დამოუკიდებელი კოსმოსური სააგენტოა. ეს კარგია.

მაგრამ როგორ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობები, არ არსებობს ინფორმაცია ამ თემებზე, არც ინიციატივები, შესაბამისად, არც ინვესტიციები, ხოლო მეცნიერები მიმოფანტულები არიან სხვადასხვა სფეროებში სხვადასხვა პროექტებზე, პირველ ეტაპზე, რაც შეიძლება გაკეთდეს არის ის, რასაც 2000 წლის წინ აკეთებდნენ მოციქულები. რას აკეთებდნენ მოციქულები? ისინი დადიოდნენ და ქადაგებდნენ, არეკლამირებდნენ და ამტკიცებდნენ. ანუ ქვევიდან წამოსული მარკეტინგი - ცნობიერების დავირუსება, ახალი ინფორმაციის გავრცელება. და რა არის ახალი ვირუსების გადამზიდი ყველაზე კარგი კონტეინერი, რომელიც ამავდროულად ინსპირაციულია, თუ არა - ხელოვნება? (ნუ, თუ ავანგარდისტულად მივუდგებით). ხელოვნებას შეუძლია ახალი ხილვები, ევოლუციური მეტამორფოზები, ჯერ კიდევ წარმოუდგენელი სოციალური სისტემების ნახაზები მიიტანოს მსმენელებამდე და მაყურებლებამდე. და მას ამ ეფექტის მისაღწევად არ სჭირდება მრავალმილიონიანი ინვესტიციები, შეხვედრები ინვესტორებთან, საკანონმდებლო აქტები, ხელმოწერები და ნებართვები. ნებართვები, განსაკუთრებით. ასე რომ, არტისტს, ნებისმიერი ნებართვის ან სპეც.მომზადების გარეშე შეუძლია დაიწყოს მზადება: გააკეთოს კომბინიზონების დიზაინი, დახატოს ახალი სააგენტოს ლოგო, დაწეროს პროგრამა და საკანონმდებლო მუხლები, მოიგონოს ასტრონავტების გადამზადების  ახალი კურსი, დახატოს თავისი ხილვები ამ მომავლის, დააარსოს საკუთარი კოსმოსური სააგენტო, დაბალ ორბიტაზე გაუშვას სატელიტები ან ჰელიუმით დაბერილი ბუშტები, რომლებიც თან მის მიერ გაკეთებულ ართვორქს წაიღებენ, სატელიტები კი მანიფესტების ტრანსლირებას დაიწყებენ.

“არალეგალური კოსმონავტიკის” იდეა ჩვენ 2007 წლიდან გვაწუხებს. აქამდე ის მხოლოდ თეორიულ განზომილებებში იხვეწებოდა, მაგრამ წელს ქართველმა კურატორებმა მაგდა გურულმა და მარიამ ნატროშვილმა პროექტი ერთ-ერთ დიდ სახელოვნებო ინიციატივას გაუგზავნეს. ასეულობით პროექტს შორის, რომელიც მთელი მსოფლიოდან გაიგზავნა Apexart-ის ოფისში, გამოვლინდა მხოლოდ 3 გამარჯვებული, აქედან მეორე ადგილზე გავიდა “illegal Kosmonavtika”.

ეს ნიშნავს რამდენიმეათასიან დაფინანსებას, გაშუქებას უამრავ არტისტულ და არამარტო არტის მიმართულების ჟურნალში, გამოფენის სავარაუდო გატანას სილიკონის ველის შტატში. ჩვენთვის კი ეს გამოწვევაა - ერთის მხრივ, გაკეთდეს კარგი, განსხვავებული თემატიკის გამოფენა, მეორეს მხრივ კი, გამოვიწვიოთ, ე.წ. Buzz, ინფორმაციული “ხმაური” ამ თემის გარშემო - მოვიწვიოთ ინსტრუქტორები, მეცნიერები, არტისტები, დაინტერესებული ადამიანები და ერთ სივრცეში შევახვედროთ ერთმანეთს. ვნახოთ, რა გამოვა იმ ადამიანების საუბრისგან, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ გადაიკვეთებოდნენ.  მსგავსი მრავალწლიანი არტაქცია ჰქონდა ჯგუფს “AAA(Association of Autonomous Astronauts), რომელიც ცდილობდა სიტუაცინოსტური იდეების და სამოქალაქო აქტივიზმის გამიქსვას კოსმოსურ თემატიკასთან, “გალაქტიკური კონფერენციების” და, საინტერესო ტექსტების გარდა, ჯგუფის რამდენიმე წევრმა დედამიწის ორბიტაზეც შეძლო გასვლა რუსული კოსმოსური პროგრამის დახმარებით.

ჩვენ გვინდა შევქმნათ “ასტრონავტების გადამზადების ალტერნატიული პროგრამა”, სადაც ვიხელმძღვანელებთ მოსაზრებით რომ კოსმოსის ათვისებაში დროა, ჩაერთონ მოქალაქეები, პოეტები, პროგრამისტები და ვიზიონერები. კი ჯერჯერობით კოსმონავტიკა მხოლოდ “ზუსტი მეცნიერებების” ტერიტორიაზე იყო, მაგრამ ვინ თქვა, რომ მასში არ უნდა ჩაერთონ უფრო დიდი დოზებით, ვიდრე არიან - დიზაინერები, არტისტები და უბრალოდ დაინტერესებული მოქალაქეები? ამის გარდა, ადამიანების დაყოფა “ჰუმანიტარებად” და “ტექნიკოსებად” ძველი არააქტუალური მითია, ჩვენ მოგვწონს პოლიმათი - “რენესანსის ადამიანის” იდეა. როგორც რობერტ ჰაინლაინი ამბობდა: “A human being should be able to change a diaper, plan an invasion, butcher a hog, conn a ship, design a building, write a sonnet, balance accounts, build a wall, set a bone, comfort the dying, take orders, give orders, cooperate, act alone, solve equations, analyze a new problem, pitch manure, program a computer, cook a tasty meal, fight efficiently, die gallantly. Specialization is for insects.”

დაინტერესებული ადამიანები გაივლიან კურსებს, მოუსმენენ საინტერესო მეცნიერებს და არტისტებს, ისწავლიან... მაგალითად: ტაი ჩის და პროგრამირების საწყისებს, პირატული რადიოს გამართვას, თავდაცვის ტექნიკებს, მიიღებენ სერტიფიკატს, დამეგობრდებიან სხვა საინტერესო ადამიანებთან. დიზაინერებს საშუალება ექნებათ, გააკეთონ ჩვენი მომავალი კოსმონავტებისთვის ახალი კოსტიუმები და ლოგოები. რატომაც არა? ყოველ შემთხვევაში, ასეთი ტიპის აქცია, როგორც მინიმუმ, უნდა გადაიქცეს მიმთითებლად, მოთხოვნად და მანიფესტად, რომ ჩვენ მზად ვართ, ჩვენ გვინდა თანამშრომლობა მსოფლიოს ნებისმიერ ადამიანთან პლანეტის ზურგზე და ჩვენ გვინდა ჩვენი პირადი გამოცდილებების გაზიარება ნებართვების გარეშე, ჩვენი პირატული სატელიტები და კოსმოდრომები - სავსე ხალისით, ცეკვებით და კვლევებით და ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი: მალე და აქ.

სალამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^