Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეჩეთი არაღიარებული ისტორიით

18 ოქტომბერი 2016

წლების წინ აღმოვაჩინე, რომ  სამცხე-ჯავახეთში საკმაო რაოდენობით მეჩეთები შემორჩენილა და რომ მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ისინიც თითქოს ისევე გამქრალიყვნენ ჩვენი სივრციდან, როგორც ის რეპრესირებული მესხები, რომლებიც 1944 წელს გადაასახლა სტალინმა. მას შემდეგ, რაც არქიტექტურის კვლევა და ისტორიების მოძიება დავიწყეთ (რაც საკმაოდ რთულია, რადგან მესხთა გადასახლების შემდგომ იქ ქრისტიანი მოსახლეობა ჩასახლდა, რომლებსაც არანაირი ისტორიული და ემოციური კავშირი არ აქვთ მეჩეთებთან), ბევრი პრობლემა გამოჩნდა. ისინი დღესაც ისევე არ აღიქმება საერთო კულტურული სივრცის ნაწილად, როგორც საბჭოთა წარსულში.

მოხე

სამცხე ჯავახეთის სხვა სოფლებისგან განსხვავებით მოხეში მუსლიმები ცხოვრობენ და ისინი სოფლის უმრავლესობას წარმოადგენენ. სოფელ მოხეში 60-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან 40 მუსლიმი, 20 კი ქრისტიანია.

90-იანი წლებიდან მოყოლებული მუსლიმმა თემმა რამდენჯერმე მიმართა სახელმწიფოს, რომ მათთვის მეჩეთის შენობა გადაეცათ, თუმცა უშედეგოდ.  

2014 წელს მუსლიმი თემის მოთხოვნა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც  ადგილობრივი ხელისუფლებამ  დღეს უკვე სადავო შენობაში მუსიკალურ/ქორეოგრაფიული ცენტრის გაკეთება გადაწყვიტა. მუსლიმებმა გააპროტესტეს, ე.წ.  კლუბის რეაბილიტაციის ამბავი. მათ ქორეოგრაფიული ცენტრი კი არა, კუთვნილი სალოცავი სივრცე უნდოდათ. 

შემდეგ მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დადო პირობა, რომ მოაგვარებდა ამ საკითხს.  პირობა მხოლოდ პირობად კი არ დარჩა, უფრო მეტიც, საკითხი კიდევ უფრო დიდ პრობლემად იქცა: საპატრიარქოს პრეტენზია გაუჩნდა მოხის მეჩეთზე. მათი აზრით,  მეჩეთის ადგილას ადრე ეკლესია მდებარეობდა, რაც თავისთავად იმას ნიშნავდა, რომ მეჩეთი მათთვის უნდა გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ  ადგილობრივი ქრისტიანი სასულიერო პირებისთვის მეჩეთის ნაეკლესიარობის ამბავი „ცნობილი“ მას შემდეგ გახდა, რაც მუსლიმებმა მეჩეთისთვის ფუნქციის აღდგენა გადაწყვიტეს.  

  • რა ფაქტებზე დაყრდნობით  აცხადებს საპატრიარქო, რომ იქ მანამდე ეკლესია იყო?

არ არსებობს ამის დამადასტურებელი ისტორიული დოკუმენტი. ამას ისტორიული მეხსიერებაც არ ადასტურებს. მესხთა გადასახლების შემდეგ სოფელში იმერლები და აჭარლები ჩაასახლეს. ამ დროს მეჩეთი უკვე აშენებული იყო, ანუ მათ ვერ ექნებოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო მანამდე.

მოხიდან აზერბაიჯანში გადასახლებული მესხი უხუცესები აცხადებენ, რომ მეჩეთის აშენებამდე იქ არაფერი ყოფილა. ცნობისთვის, მუსლიმი მესხები ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ  შეძლებული ხალხი იყო. მათ არ სჭირდებოდათ ეკლესიის ქვების გამოყენება მეჩეთის ასაშენებლად.

ამასთან, თავისი არქიტექტურით მოხის მეჩეთიც ზუსტად იმეორებს სამცხე-ჯავახეთის სხვა სოფლების მეჩეთების იერსახეს, სადა ექსტერიერითა და ფორმებით, რომელიც ადგილობრივი საერო არქიტექტურის გავლენაზეც მიუთითებს. ის ძალიან ჰგავს წახანს, ქიქინეთსა და ა.შ. 

სოფ. ქიქინეთის მეჩეთი

თუმცა მართლაც არის რამდენიმე სოფელი, სადაც მეჩეთი  ნაეკლესიარზე ან კიდევ მისი ქვებით აშენდა. მაგ: ასეთია სოფელ კლდეს მეჩეთი, სადაც გადმოცემის მიხედვით XI-XII საუკუნის ეკლესია უნდა ყოფილიყო.  90-იან წლებში მეჩეთი ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ისევ აკურთხეს. იქ წირვა-ლოცვაც ტარდებოდა. შემდეგ ახალი ეკლესია ააშენეს და მეჩეთ-ეკლესია კვლავ ბოსლად იქცა. ახლა როგორც უნდათ, ისე იყენებენ  მითივით გავრცელებულ ამბავს, თითქოს ყველა მეჩეთი ნაეკლესიარზე იყოს აშენებული.

რამდენიმე დღის წინ მეჩეთების გადასაღებად ადიგენსა და ახალციხის სოფლებში ვიმყოფებოდით. სოფელ საყუნეთის მცხოვრებმა გვითხრა, რომ წინა კვირაში მეჩეთში მოსალოცად რეპრესირებულ მესხთა შთამომავლები იყვნენ ჩამოსული. საყუნეთელმა ბაბუმ აღნიშნა, რომ ყოველ წელს ელოდება მათ ჩამოსვლას, რომ სიამოვნებს და უხარია სტუმრებთან საუბარი.
 „რა მნიშვნელობა აქვს - მე ღმერთს ვამბობ, ის ალაჰს“, - მეუბნება ჩუმად საყუნეთელი ბაბუ.

კამერებთან მსგავს საუბრებს ერიდებიან. თურმე პრობლემები შექმნიათ საჯაროდ ასეთი განცხადებების გამო. ვეკითხებით - რა პრობლემა იყო და ვისგან? ბრაზობენ და უპასუხოდ გვტოვებენ.

მოხეც ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ სოფლების დამოკიდებულება მეჩეთების მიმართ სრულიად განსხვავებულია. ამ დამოკიდებულებებს, პირველ რიგში, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების, კონფესიების, სასულიერო პირების პოლიტიკა განაპირობებს. 

2014 წელს მუსლიმებზე ხდებოდა ზეწოლა. რამდენჯერმე დაიბარეს მუსლიმები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ უცხადებდნენ, რომ მუსლიმებს არ გადასცემდნენ შენობას. ამ და სხვა ფაქტებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ეს პროცესი მართულია და ამ საკითხით სპეკულაცია ხდება.

სახელმწიფოს უუნარობის გამო ადამიანები, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ, ერთმანეთთან აღარ მეზობლობენ. საკუთარი მეჩეთისთვის „სხვების“ ბრძოლაში ჩაბმული მოხეელი მუსლიმები კი ღია სივრცეში აგრძელებენ ლოცვას.

.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^