Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეტაფიზიკური წვეთი

22 ოქტომბერი 2016

რონ როზენბაუმი ჩამოთვლის „კოსმოსის სამ უმნიშვნელოვანეს

ამოუხსნელ საიდუმლოს“, რომელთაგან პირველია სიყვარული;

მეორეა პრობლემა, თუ რატომ არსებობს რამე, და არა არარა;

ხოლო მესამეა ცნობიერების საიდუმლო.*

                                                                                                                        ეპიგრაფის მაგივრად

ყველაფერი, რასაც სამყაროში ვხვდებით შემთხვევითია. შემთხვევითობითაა აღბეჭდილი ყოველი საგანი, პროცესი და მოვლენა. შემთხვევითობითაა სავსე ჩვენი ცხოვრება და თვითონ ყოველი ჩვენგანი უამრავი შემთხვევითობის შედეგად არსებობს. სრულიად შემთხვევითი ჩანს ფიზიკური სამყაროს მუდმივი სიდიდეები, რომელთა სულ მცირე ცვლილება გამოიწვევდა ისეთ სამყაროს, რომელშიც არ წარმოიქმნებოდა ვარსკვლავები, არ შეიქმნებოდა სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობები და, ესე იგი, არც ჩვენ ვიქნებოდით ამქვეყნად. ამრიგად, თავად ეს ქვეყანა, მთელი ეს რთული სამყარო შემთხვევითია და შეიძლება არც არსებულიყო. ამასთანავე, რაც უფრო რთულია რამე, მით უფრო მცირეა მისი არსებობის ალბათობა.

ეს ყველაფერი ყალიბდება პრობლემად, კითხვად: რატომ არსებობს რაღაც და არა არარა? ასე პირდაპირ ეს კითხვა ლაიბნიცის მიერაა დასმული. თუმცა სამყაროს არსებობის საკითხი, ანუ კითხვა იმის თაობაზე თუ რატომ არსებობს არსებული სამყარო, როგორც ჩანს, ყოველთვის აფორიაქებდა ფილოსოფოსებსა და თეოლოგებს. მათ რიგს ფიზიკოსებიც უერთდებიან. ცხადია, პასუხად ღმერთის მოშველიება მხოლოდ იმას დააკმაყოფილებს, ვინც არსებითად კითხვისთვის თავის არიდებას ცდილობს, რადგან აუხსნელს ტოვებს უკვე ღმერთის არსებობას. ერთი ასახსნელის მეორე ასახსნელით ჩანაცვლება კი მხოლოდ იმის გონებას დაანაყრებს, ვისაც ბრმად სწამს. ახლა თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყველანაირი რწმენა საბოლოოდ და არსებითად ცრურწმენაა და ბრმა, სამყაროს არსებობის ახსნა სადმე სხვაგან უნდა ვეძებოთ, რელიგიისგან მოშორებით, მეცნიერებასა და ათეისტურ ფილოსოფიას შორის.

ამ ყველაფერზე თავის წიგნში „რატომ არსებობს სამყარო?“ ჯიმ ჰოლტი წერს დაწვრილებით და თანაც კარგად, რაც თავისთავად იშვიათი შეხამებაა.* თუმცა იგი, ვფიქრობ, მართალია, ყოველმხრივ ცდილობს, განიხილოს სამყაროს არსებობის პრობლემა, მაინც არ ითვალისწინებს მისი გადაჭრის ერთ შესაძლებლობას, რომელზეც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ვწერდი ჩემს დღემდე გამოუცემელ წიგნში, და რომელსაც მოგვიანებით ორიოდე ესეც დავუთმე ამ ბლოგზე.

ორი რამ განსხვავდება ერთმანეთისგან უდიდესი და უკიდურესი განსხვავებით: ყოფიერება და არარა, არსებობა და არარსებობა. მაგრამ თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ თვითონ ეს უკიდურესი განსხვავება ვერ იქნება, არ შეიძლება, იყოს სრულყოფილი და აბსოლუტური, რადგან თუნდაც უსასრულოდ განსხვავებულები ერთამანეთს მაინც აუცილებლად დაემსგავსებიან სწორედ იმით, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ეს „უკანასკნელი“ მსგავსება, ნათელია, რომ გადაულახავია, წარუშლელია, რადგან განსხვავებიდანაა აღმოცენებული, მისითაა განპირობებულიც და რამდენადმე განსაზღვრულიც. ამრიგად, რაც არ უნდა დავაშოროთ ერთმანეთს არარა და ყოფიერება, მათ მაინც დარჩებათ რაღაც საერთო, რაღაც მსგავსი.

ასეც შეიძლება ითქვას, რომ განსხვავების სიდიდე, ოდენობა გარკვეულად ზემოქმედებს მის გვერდით გადარჩენილი მსგავსების არამარტო რაოდენობაზე, არამედ ხარისხზეც. რაც უფრო დიდია განსხვავებულებს შორის განსხვავება, მით უფრო დაწურული, მით უფრო უკეთ „გამოხდილი“ იქნება მათი ერთმანეთთან მსგავსება. შესაბამისად, რადგან არაფერია უფრო განსხვავებული, ვიდრე არარა და ყოფიერება, ისინი ერთმანეთს ჰგვანან ყველაზე მეტად დაწმენდილი მსგავსებით. აშკარაა, რომ სწორედ მსგავსების ეს გამჭვირვალე წვეთი ერთმანეთისგან განუყრელს ხდის არარასა და ყოფიერებას. რაც იმას ნიშნავს, რომ არარა, გარკვეული აზრით, ვერ უარჰყოფს, ვერ შეაკავებს ყოფიერებას, არამედ აუცილებლად „წარმოშობს“ მას ამა თუ იმ სამყაროს სახით. შეიძლება ასეც ითქვას, რომ სამყაროს მისჯილი აქვს არსებობა, რომელსაც თავს ვერაფრით აარიდებს, თურმე არარაშიც კი ვეღარ დაემალება, რადგან სწორედ იქაა მისი პირველი სათავე.

ამ თვალსაზრისით, არსებულის წარმოშობა გარდაუვალი აუცილებლობაა და არა მეტ-ნაკლებად დიდი ალბათობის შედეგი. ისიც ცხადია, რომ ეს აუცილებლობა თანაც საპირისპირო მიმართულებით დააკავშირებს ერთმანეთთან ყოფიერებას და არარას. რაც იმას მოასწავებს, რომ ყოველ არსებულს „ადრე თუ გვიან“ ბოლო უნდა მოეღოს, ის უნდა გაქარწყლდეს და არარსებული გახდეს. ყოფიერება ხომ, როგორც ვნახეთ, ვერასოდეს მოსწყდება არარას ერთხელ და საბოლოოდ, ვერასოდეს იქნება მისგან სრულებით განსხვავებული. მსგავსების მეტაფიზიკური წვეთი (კინაღამ წამომცდა ცრემლი-მეთქი) დაუშრობელია. ასე რომ, ყოფიერებაც გარდაუვალია და არარაც, ერთიც აუცილებელია და მეორეც. სხვა ყველაფერი კი მართლაც რომ შედარებით შემთხვევითი შეიძლება იყოს - ფიზიკის ფუნდამენტური პრინციპებიც, კანონებიც და კონსტანტებიც. ცოტა სხვა აზრით, მაგრამ შემთხვევითი ვართ მეც და შენც, მკითხველო, აუცილებლად შემთხვევითი.

მაგრამ ტექსტის სცენაზე ჩვენი გამოჩენა უნებურად და ნაადრევად გაგვახსენებს ეპიგრაფში დასახელებულ მესამე პრობლემას. ცნობიერებაზე მოგახსენებ. თანამედროვე პანფსიქიზმის აპოლოგეტები სერიოზულად მსჯელობენ იმის თაობაზე, რომ ცნობიერება ფიზიკური სამყაროს უკვე საძირკველში არსებობს ელემენტარული სახით. ჩემი აზრით ეს კვაზირელიგიური მოსაზრებაა, რომელიც ცნობიერების საიდუმლოს ამოხსნას იმით ცდილობს, რომ მას მთელ ფიზიკურ სამყაროს უნაწილებს მასისა და ენერგიის მსგავსად. მათი აზრით ცნობიერების ნამცეცები რაღაცნაირად თითქოს გროვდება ადამიანის ტვინში და მასში სათანადოდ დაჯგუფების შედეგად ადამიანის ცნობიერებად გვევლინება.

მსგავსი შეხედულება ახლანდელ ფილოსოფიასა და ნეიროლოგიაშიც კი საკმაოდ გავრცელებულია. ფიზიკურ სამყაროს ადამიანებისგან მრავალი ცილისწამება აუტანია, ამასაც გაუძლებს. სამყაროს უდავოდ მოეთხოვება მხოლოდ ის, რომ მასში რთული და გამძლე ბიოლოგიური მოლეკულების წარმოშობა და, საბოლოოდ, ცოცხალი ორგანიზმების განვითარება იყოს შესაძლებელი. სხვა დანარჩენს ბიოლოგიური ევოლუცია გააკეთებს, თუ, რა თქმა უნდა, საკმარისი დრო მიეცემა. სწორედ ევოლუციაშია საძიებელი ცნობიერების, ნებისმიერი ცნობიერების, საიდუმლოს ამოხსნა. ცნობიერების სადმე სხვაგან დევნა იგივეა, ჩიტის დასაჭერად მის ჩრდილს დაუგო მახე. ისეც ხდება, რომ ცნობიერებას არარასთან აკავშირებს ფილოსოფოსი. ამის თაობაზეც წაიკითხავ ჯიმ ჰოლტის წიგნში. მე კი მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ჯერ ცოცხალ, შემდეგ კი ალბათ ხელოვნურ, სხეულში ცნობიერების ოდესმე მაინც აღმოცენების შესაძლებლობა, ვიმეორებ, შესაძლებლობა, შეიძლება მართლაც უკავშირდებოდეს რაღაც უფრო პირველადს, რაღაც უფრო ძველს, ვიდრე თავად სამყაროა. მსგავსების იმ მეტაფიზიკურ წვეთზე მოგახსენებ, საიდანაც იწყება ნებისმიერი არსებული სამყაროს არსებობა. სწორედ მასში, „პრეისტორიულ“ და უმცირეს მსგავსებაში უნდა იღებდეს სათავეს არა მარტო არსებული სამყაროს (ან სამყაროების) შინაგანად გამაერთიანებელი რეგულარულობა, რომელსაც, პირველ რიგში, ფიზიკის მეცნიერება შეისწავლის; არამედ იმავე სათავეს უნდა მიეწეროს ცნობიერების შესაძლებლობა, თუ ცნობიერებაში იმას აღმოვაჩენთ, რასაც პირობითად „მსგავსების ხელოვნება“ შეიძლება ვუწოდოთ.

ჩემს წინა ესეებს ვინც იცნობს, ვიმედოვნებ, მისთვის უფრო გასაგები იქნება, რასაც აქ მხოლოდ მოკლედ ვიტყვი: ცნობიერება შეიძლება იყოს სხეულის მიერ სხვისთვის, სახელდობრ, თავად სხეულში წარმოშობილი შინაგანი ჰალუცინაციისთვის, ასე ვთქვათ, ამ „ღრმა ლანდისთვის“ საკუთრივ სხეულში მოგროვილი ინფორმაციის გადარჩევის და გადანაწილების მეთოდი ან საშუალება. უფრო ზუსტად, ამ თვალსაზრისით, ცნობიერება უნდა იყოს თავისებური იარლიყი, მარკერი, რომლითაც ორგანიზმში აღინიშნება ჰალუცინაციური შინაგანი „სხვისთვის“ მისაკუთვნებელი ინფორმაცია. მაგრამ თუ გავიხსენებთ გრეგორი ბეიტსონისეულ განსაზღვრებას, რომლის თანხმად „ინფორმაცია არის განსხვავება, რომელიც ქმნის განსხვავებას“, ნათელი გახდება, რომ ორგანიზმის მიერ „სხვისი“ ინფორმაციის მარკირების პროცესი სწორედ განსხვავებულთა შორის მსგავსების დამყარებას ნიშნავს.

ჯორჯო დე ჩირიკო, სერიიდან "იტალიის მოედნები"

*http://www.slate.com/articles/health_and_science/the_spectator/2012/07/jim_holt_s_why_does_the_world_exist_an_inquiry_into_why_there_is_something_rather_than_nothing_.html

**Jim Holt, Why Does the World Exist?: An Existential Detective Story

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^