Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზედაპირი: - “პირქუში” ექოების სანაცვლოდ კოსმოსის გამჭოლი “ჟრიამულ/კისკისი”

24 ოქტომბერი 2016

(ზურაბ რთველიშვილის ახალი ტექსტი წავიკითხე - “ქვემოდან ზემოთ /პოეტური კინოსცენარი/”, რომელიც აშკარა და სასიხარულო მაგალითია, რომ ქართულ ლიტერატურულ შემოქმედებაში ტრადიციული სააზროვნო საგნის დესტაბილიზაცია იჩენს თავს და ამ საგნის მიღმიერ სივრცისკენ ლტოლვის პრეცენდენტები გვაქვს. ჩემი ეს ტექსტი, იმ სამომავლო შთაგონების სილუეტია, რომელმაც უკვე შემოაბიჯა და გულს უჩქარებს მომავლისკენ მაყურებელს). 

კურუქშეტრას ველზე ბრძოლის დაწყების წინ კრიშნა (უზენაესი ღმერთი) სამყაროს ძირეულ კონცეფციას უმჟღავნებს ღრმად შეცბუნებულ უფლისწულ არჯუნას, რომელმაც მოწინააღმდეგე მხედრიონების რიგებში ერთმანეთის სისხლის დასაღვრელად მზადმყოფი და მტრად ქცეული ძმები, მამები და შვილები შენიშნა. 

“არ შედრკე, იბრძოლე”, - შეაგონებს კრიშნა არჯუნას, “რახან, არავინ კვდება - სული სხეულებს ტანსაცმელივით იცვლის; თავად სპექტაკლი კი ჩემი დადგმულია”. 

ეს მარტივი, მაგრამ ადამიანისთვის მოუხელთებელი ჭეშმარიტების გაელვება, მოკვდავის მიერ გააზრება/გათავისების შემთხვევაში ცნობიერების კარდინალურ ტრანსფორმაციას იწვევს: სამყაროს ჩრდილოვანი მხარე უქმდება, ყველა ღრმული, ორმო, ნაპრალი, ხევი, უფსკრული (ადამიანების ცნობიერების მიერ ისტორიის მსვლელობაში გათხრილ/გაფორმებული) ამოვსებულ, ზედაპირთან გასწორებულ და უშუალოდ ცის ქვეშ მოქცეულ კეთილსინდისიერად გადახსნილ ზედაპირად იქცევა. ანუ ზედაპირ/გადახსნილობად, ზედაპირ/სილაღე-სიცუღლუტედ გარდაიქმნება - სადაც დრო აუქმებს ჩვენს ისტორიულ პირქუშ ჩაშტერებას საგანსა და მოვლენაში, ანუ მთლიანისგან  მოწყვეტილ კონკრეტულობაში; აუქმებს მათ კვლევას, ანგარიშს, მათ ჩვენს ზომა-წონაზე მოჭიმვა დამონებას. ცნობიერების ამ ახალ განზომილებაში მთავრდება სამყაროში საგან/მოვლენათა გავლით სიღრმეების ჭვრეტის ვნება/მაზოხიზმი და სიღრმით ხიბლის ვნება/ნარციზმი და სწორედ ამიტომ ასეთ მეტამორფოზაში ხორციელდება ის, რასაც მაცხოვარი ასე ახასიათებს: სასუფეველი ეკუთვნის ბავშვებს. 

უგრძესი დრო გავიდა და ადამიანის უსასრულო ფსიქიური ძალები წაიღო ამ მოკლე შეგონებამდე ჩვენ მიერ ცნობიერ/გამართულად მისვლამ. უამრავი ბილიკის გაკვალვა მოუწია ადამიანის ცნობიერებას ისტორიული და ფსიქოლოგიური სიღრმეების ჭუჭყიან (ინსტიქტით და ეგოთი სავსე) აბსურდულ ბუჩქნარ-ბარდში (მოსაზღვრული ტერიტორიის მქონე ეპისტემები, რომლებიც ჭეშმარიტებად მოიაზრებოდა) - სანამ უღრანი ტყე არ გაილია (თავისი ჩაკეტილი თვითფასეული ფორმებით, კალეიდოსკოპურ/ორნამენტული სილუეტ/ჩრდილთა დიქტატურით) და მოკვდავმა, თამაშების უწყვეტი ნაკადებისთვის განკუთვნილ მზით მოლივლივე/კაშკაშა ზედაპირების ტერიტორიას როგორც იქნა შეავლო თვალი. ანუ ცნებებმოშლილ სივრცეს, სადაც უკლებლივ ყველა აღმნიშვნელის გენეოლოგიური დინამიკა ერთ, ყოვლის მატარებელ აღმნიშვნელში იკრიბება: “მევარს” ყველგან, ყველაფერში და ყოველთვის. ეს ყოვლის დამტევი აღმნიშვნელი, ნიშნებისა და სიმბოლოების მაგივრად საკუთარ თავს ენერგეტიკულ ინტენსივობებში, აღქმით ველებში და ძალოვან ვექტორებში აღიქვამს. ეს აღნიშნული სიაშკარავენი კი უსასრულო, და არაგანმეორებადი თამაშების განსხეულების შესაძლებლობებია.

დღეს სწორედ ამ აღწერილი გადალახვის სიტუაციაში იმყოფება კაცობრიობის ცნობიერების ავანგარდი.  “განსწავლულობის” უფსკრულებიდან ამოცოცებული, “სიბრძნე” - ორმოს ხავსიან წუმპე-ჭუჭყ ჩამოწმენდილი (განმეორებითად მოხმარებული ცნებები და სტრუქტურები იგულისხმება) დგას ასე მომავლის ჩვენი ცნობიერება შიშველ/გაოგნებული. გაფაციცებით შესცქერის ამ ნანატრი ადგილის პირველ რეალურ ათინათს, რადგან ჯერ კიდევ ეშინია ახლადმოვლენილ გადანათებულ სივრცეში შეაბიჯოს ფეხი და ამ სივრცის შლეგ/გადარეულ, უსასრულოდ განშლად  თამაშებში (ფლუქტუაციებში) ჩაიკარგოს თავი.

მაგრამ ვიღაც უკვე დანამდვილებით კისკის/რაკრაკებს და სიცილად იღვრება ადამიანის შიგნით, ლამობს და მოელის სულის ბრიალს და აღმოცენებას იქ, სადაც მანამდე, მედიდური ლოგოსი ქედმაღლური სიჩუმის უძრავი მზერით აჰიპნოზებდა მკვლევარ/მაძიებელს. უფსკრულების კედლებზე ზარის ყოველ მიხეთქება/ბგერისცემის გაჟღერებულ ექოს, ლოგოსი უზენაეს ღირებულებად ნათლავდა, მისდამი თაყვანისცემას ითხოვდა და მას ავტორიტარულ შარავანდედში ახვევდა.

უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია თანამედროვე შემოქმედ-მოაზროვნეები ამ ღრმულ/ორმოების და უფსკრულ/ნაპრალების ამოვსებაზე მუშაობენ - რომ დაამუნჯონ ექოები. ანუ გაცალონ წყლისგან ჭიქა (წაართვან ცნობიერებას ენა და შინაარსი) ან გადაავსონ (დაათრონ აღმნიშვნელები), რომ ჩვენი, ადამიანური ცნობიერება, ჭიქის სივრცე/მოცულობით შემოხაზულობაში წყლის მაგვარად არ დაკავდეს და აბსურდის წვდომაზე მოჭიმული ჩვენი ნება, სიცარიელის გულგადავსების უნარით დათვრეს და გაჯერდეს.                             

აქ მომაქვს ლაკანის არაჩვეულებრივი ტირადა - მისი ცნობილი "Lacan TV"-ის ლექციების სერიიდან, სადაც იგი მოგვივით და დროის მიღმიერი წინასწარმეტყველივით საუბრობს(!) - თეატრალურ/პათეტიკური ჟესტიკულაციებით და უსასრულოდ გრძელი მდუმარება/პაუზებით (რამაც ბევრი მისი მოტრფიალეც კი გააღიზიანა! ).  

ლაკანი:

"სევდის პოლუსის საპირისპირო მხარეს იმყოფება "მხიარული ცოდნა", რომელიც სიკეთეს წარმოადგენს. სიკეთე არავის ცოდვების შენდობას არ ჰპირდება – როგორც ვიცით, ცოდვა თავდაპირველია.  სიკეთე, რომელსაც მე "მხიარულ ცოდნას" ვუწოდებ, სწორედ ამის მადასტურებელია. ის ცხადად ააშკარავებს, რომ არ ესწრაფვის აზრში და არსში ჩაღრმავებას და ჩაწვდომას, არამედ პირიქით, ლამობს გასხლტეს და რაც შეიძლება ახლოს მიუახლოვდეს ზედაპირს, მაგრამ არამც და არამც არ აეწებოს მას და სწორედ ამიტომ მისი გაშიფვრისგან სიამოვნების განცდა მიიღოს. ამ ყველაფრიდან კი შეიძლება დავასკვნათ: "მხიარული ცოდნისათვის", აზრი და არსი სწორედ ცოდვაში საბოლოოდ ფეხის ჩადგმაა.  

და სად არის ყველაფერ ამაში ის, რასაც ბედნიერება ჰქვია? ყველგან! სუბიექტი ბედნიერია. მეტიც - სწორედ ეს არის ადამიანის რეალური შინაარსი, რახან მას არავისი არაფერი არ მართებს, მხოლოდ დროის, ანუ სხვანაირად რომ გამოვთქვათ - ბედნიერების და ფორტუნის. ეს დრო კი იმის ხელშემწყობია, რაც ადამიანს უფრთხილდება, ანუ რომ მან საკუთარი თავი კვლავაც და კვლავაც გაიმეოროს".  

ამ ტექსტში ბევრია ნიცშესგან, მაგრამ აქ ეს გადაძახილი სრულიად სხვანაირად იშიფრება… - შინაარს გამაუქმებლად, ან სულაც შინაარს გამოცლილად. თითქოს ის, რაც ნიცშემ გარისკა და ჩაისუნთქა - ახლა ლაკანმა ამოისუნთქა და ფილტვების ტერიტორია თავისუფალი დატოვა, რაღაც  ზეპოზიტიური სხივების შესაღწევად. 

ამ ფრაგმენტში, ჰაიდეგერისეული მოგვი-წინასწარმეტყველის ტონიც იცნობა, რომელმაც, ლაკანის გარდა, ბევრი მოაზროვნე – ადორნო, ბენიამინი, სარტრი, დერიდა… "მოწამლა”/მოხიბლა. აქ ასეთი ტონი ცნებების ახლებურად დატვირთვის ხარჯზეა გამართლებული. 

ზოგადად კი ეს პწკარები, მხიარულების, ზედაპირის ბრიალა სიკეთე/სიქველის თვალის მომჭრელი ათინათების მატარებელი წმინდა პოსტ-მოდერნისტული ტექსტია. 

პოსტმოდერნისტულია იმ სივრცის სამომავლო სილუეტების მოძიება/წარმოსახვით, რომელშიც ჩვენ ფსიქიური ნახტომით გვიწევს შეღწევა! ისე, რომ ამ ტექსტში მონიშვნა უკეთდება იმ ტერიტორიას, სადაც აღარ არსებობს და მთავრდება ცნებებში ჩვენი საკუთარი “სიღრმის მოძიება” და ასევე ზოგადად “დრამატულის” კონსტრუირება/ძიება და… რაც მთავარია(!)  - ჩვენი ადამიანური წარმოდგენებით ცნებების კვლავ და კვლავ ამოვსება. 

აქ შემოტანილი და არტიკულირებულია დენადი, ლივლივა ზედაპირის მაყურებელ/დამკვირვებლის თვალი - უსასრულო მეტამორფოზების ერთღირებულებრივი ათინათების თამაშით გადაშლილ-გააშკარავებულში. იქ, სადაცჩემი არსისაკუთარ თავს სცნობს ტრილიონობით და კვადრილიონობით სხივოსან ანარეკლში; სცნობს საკუთარი თავის უსასრულო იგივეობას და განმეორებადობას ამ ანარეკლთა რიცომულ გადაღვრა/ფლუქტუაციებში

აი ასეთ - განცალკევებულ და დაქსაქსულ ჭებს და ღრმულებს გამოთავისუფლებულ სივრცეს გვთავაზობს უახლესი დროება/ცნობიერება ლაკანის ამ ტექსტით. ამ “უცნობი” სილაღის სხვა, სკაუტ/პიონერებიც (პოსტმოდერნის მოაზროვნეები) ასევე გვასწავლიან “არშერწყმული ერთიანის” ცეკვა/ექსსტატიკაში განზავება/დგომას და გაძლებას. გაძლებას, რახან საწყის ეტაპზე ეს “უცხო” ცნობიერება ადამიანისთვის მხოლოდ საშინელების (horror) განცდაა - რადგან “უცხო” ნიშნავს - ისტორიის, კულტურის, ენის,  და კუნძულად არსებობის ძონძების დავიწყებას და სრულიად და უმოწყალოდ გამოთავისუფლებულ გულთან შეზრდილი გონის ხედვას, სმენას და განცდას. როგორც ლაკანმა გვამცნო: დრო ჩვენი მცველია - რადგან არავისი არაფერი გვმართებს, ფორტუნას და რბოლის ბედნიერებას ვეკუთვნით მხოლოდ - როგორც ზეციური მამის ნამდვილი შვილები ვმრავლდებით და ვმეორდებით დროის ყველა მონაკვეთში საშინელი სისწრაფით და უსასრულოდ!

“ზედაპირშენარჩუნებული ერთიანობის” ახალ ფილოსოფიას დასავლეთში ადამიანები ნელა, მტკივნეულად, მაგრამ დღითიდღე მეტად და მეტად მიაკუთვნებენ თავს; ყოველდღიურ ქმედებებში, ყოველდღიურ საქმიანობებში, ურთიერთობებში - საზოგადოებრივ თუ ინტიმურში… უძნელეს გარდაქმნას დაედო საფუძველი სამყაროში - კაცობრიობის ისტორიაში ნამდვილად ყველაზე დიდს და მნიშვნელოვანს! ზედაპირზე მოლივლივე “არშერწყმული ერთიანობის” იდეამ ფესვი გაიდგა და არაცნობიერად, მაგრამ მართალი და კეთილშობილი მეომრებივით დასავლელები მის, მომავალში განთავსებულ ლანდს უერთგულესად ემსახურებიან. ამ საქმის უსერიოზულესი გარანტი კი, მათივე დასავლური მიღწევაა - ტექნოლოგიები. 

ადამიანმა უნდა ამოყვინთოს “საკუთარი” ამოთხრილი ორმოს დამდგარი წყლიდან, მის მიერ საკუთარი ცნობიერების ისტორიის განმავლობაში გათხრილი სიღრმეების მიწისქვეშეთიდან მზით გადაფენილი ჰორიზონტალურობის სიკაშკაშეზე გამოვიდეს, და ესაა დასავლეთის აქტუალური ცნობიერების ფორმის ფუნდამენტური მოძრაობის სრულად განმსაზღვრელი დღევანდელი ხაზი: დანარჩენი (სოციალური/პოლიტიკური, ეკონომიური) რთულად, არასწორხაზოვნად, მაგრამ მომყოლია! 

ეს არის დასავლური პერსპექტივა. აქ, ამ პერსპექტივისკენ მოძრაობაში იკრიბება და მისი ნაწილია ის უცნაური პროცესები, რასაც დასავლეთი ჯიუტად და მტკივნეულად გადის და რაც ქართველებისთვის გამაოგნებელად იყურება და ისმინება. ყველაზე მეტად - გენდერის სტრუქტურის პრინციპული გადალახვა ერთიანი, გენდერმოშლილი არსების გაფორმების სამომავლო პერსპექტივით; კაპიტალისტური წარმოების ნეგატიური მხარეები (რომელებიც ზოგიერთებმა კაპიტალიზმის მთავარ მახასიათებლად წარმოიდგინეს); სამოქალაქო სივრცის მობინადრეთა ნაწილის სამყაროსგან განდგომა/ასკეზის ძალიან თავისებური პრაქტიკები და ა.შ. 

ეს გრანდიოზული გადაქმნა/გადალახვა ხელოვნებაში ჩაისახა, ფილოსოფიაში გაგრძელდა, “მესამე სივრცემ” მას პრაქტიკული ნაბიჯებით სოციუმში შემოაბიჯებინა და ბოლოს უახლესმა მეცნიერებამ საბუთი და სხეული გაუფორმა.

ამ ტექსტში საუბარია არა “პირველწყარომოცემულობის" (სიცოცხლე, რა ფორმითაც ის ჩვენ გვხვდება სამყაროში შემობიჯებისას) კვლევა/ანალიზ/წვდომაზე, არამედ მის საბოლოო პერსპექტივაზე - ანუ მის შემოქმედებით მოხმარებაზე - ზეხარისხობრივი ნება/ვნების თამაშებისთვის. თამაში, არსის და აზრის გარშემო კითხვებს არ აყენებს; იგი ღირებულებებს არ უპირისპირებს ბედისწერას, პირიქით, იგი ბედთან ერთად ცეკვავს სამეჯლისო ცეკვებს და ფეხებს და ხელებს ისეთი ვნება/უაზრობით აპანტურ/აფართხალებს, როგორც ამას მხოლოდ ჩვილის დაუოკებელ ნებას სჩვევია. 

ჩვილის ნების კოსმოსის გამსერი ჟრიამულ/კივილია ის, რასაც "მარადიული დაბრუნების” შემაძრწუნებლობის გაძლება ძალუძს. ამიტომ არის უშიშარი-მოხალისის, ჩვილის ჟრიამულ-ცნობიერება ზეადამიანის ხატიც და სანთელიც...

ისე რომ ადამიანმა - ამ “უკიდეგანო ფსიქო-ფიზიკურმა სტიქიონმა” - თეორიული იდეის მეგზურობით დღეს ისეთი უცნობი მომავლისკენ დაიწყო მოძრაობა, რომელიც არც მას და არც მის წარსულს არანაირად არ ჰგავს - არადა, ამ დროს მისი უშუალო ხვედრი მისია და განხორციელებაა. 

ჩვენ ქართველები - როგორც უშუალო საკაცობრიო ბედის მატარებლები ამ მოძრაობის ნაწილი ვართ - გვინდა ეს თუ არა, ცნობიერად თუ არაცნობიერად. და სწორედ ამიტომ უნდა გვინდოდეს ამ უნივერსალურ/უნიკალურ მოვლენაში ღირსეული როლი და ადგილი მივიჩინოთ - რასაც სამყაროს უზოგადეს/უშორესი პერსპექტივის შეგრძნების ინტუიციას ძალუძს მხოლოდ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^