Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოთახები

24 ოქტომბერი 2016

წელიწადები ყოველთვის ჰგავდა კორპუსებს. ამ წელს ხრუშოვკაში ცხოვრობ, შემდეგ წელს ბარგდები და საახალწლო ფეიერვერკების ფონად, გვერდზე მდგარი პირქუში 16 სართულიანისკენ მიდიხარ ახალი ბუგატით ან ძველი ურმით. ურემი ჭრიალებს. მეზობლები მთლად კარგები არ არიან და ლიფტიც ხშირად იჭედება, მაგრამ არის რამდენიმე საინტერესო მომენტი, მაგალითად რუსი ბებო გვერდით ბინაში: ყველა მისი ნაცნობი ან გარდაიცვალა, ან სადღაც ძალიან შორს, სახალინის თუ ვლადივოსტოკის ცივ კორპუსებში გადასახლდა, ჩრდილოეთის ნათებასთან ახლოს რომ ყოფილიყვნენ. და როცა ახალი წელი დგება ისინი არყებით ითბობენ გულებს. ბებო გაწვდის გაყვითლებულ ქაღალდის ნაგლეჯს და გთხოვს ზედ დაწერილ ნომერზე დარეკო და იკითხო ვინმე „ნაძია“. შენც რეკავ, მაგრამ ყურმილს არავინ იღებს. იქნებ კაბელები დააზიანა სიცივემ. ან ნომერია არასწორი. მაგრამ სადღაც ხომ გადის ეს ზარი?  მერე მთელი წელი სასტუმროში ატარებ, ვარსკვლავებს მნიშვნელობა არ აქვს, არც რუმ სერვისს - გავლით ხარ ამ წელიწადში.

მაგრამ თუ წლები კორპუსებს ჰგავს, თვეები ოთახებია. აი დგახარ ოქტომბერში და იატაკი ყვითელი ფოთლებითაა მოფენილი. ყვავები და ბეღურები იკეთებენ ბუდეებს ჭერზე. მისაღებ ოთახში ისეთი ნისლია, რომ სტუმრებს სახეებით ვერ ცნობ, მხოლოდ სხეულის ტემპერატურით.

ჰორიზონტის შპალერი მზის მაზერბორდი: ივნისი მზით და მკვდრებით არის სავსე. ჯერ კიდევ ლიფტში, ნახვრეტებიდან ზღვის ტალღები შემოდის. გსიამოვნებს. აქ შეგიძლია ფეხშიშველმა იარო გაშლილ მინდორზე, სადაც გარდაცვლილი მეგობრების ჰოლოგრამებს ესაუბრები, სანამ მზე ჩავა. მერე გამოსახულება ამ მზეებს მიჰყვება. და ღამით გრილა და მთელი სხეული ითხოვს, რომ შეგიყვარდეს.

აგვისტო ის ოთახია, როცა პირველად შეგიყვარდა და გეგონა სულ ასე იქნებოდა. ამ ოთახში შემოსულს არ იცი, რა გიხარია და დადიხარ, სოკოებს ჭამ ტყეში, ეძებ ჩრდილებს, მზეს რომ დაემალო, უყურებ მეტეორების წვიმას ცის პროექტორზე. მაგრამ გახსოვს: ტყვიის სუნი, უცხო სახლის სუნი, ციცინათელები.

იანვრის კარებთან ნახმარი ნემსები, ათასგვარი საძილე საშუალებები და ჩინური ლაბორატორიების ფხვნილებია მიმოყრილი და უკვე იცი - ამ თვეს ძილში გაატარებ. ტელევიზორი შიშინებს, ონკანი გაფუჭებულია, კედლებზე სპრეით წერია ყველას სახელები, ვინც აქ იყო. ხშირად ამ ოთახში წინა იანვარს დარჩენილი მეგობრებიც გხვდებიან, არსად წასულან აქ ეძინათ და გელოდებოდნენ. ბიჩოკები, ნეონი, დასკოჩილი ფანჯარა, მოსაწყენი სექსი. იქნებ წელს დაალაგო ეს ოთახი.

და სადღაც მანამდე, რომელიღაც ოთახში, ზიხარ მწვანე მაგიდასთან, სამზარეულოში. ჩაი, ლიმონი და წარმოიდგენ: თეთრი, იმდენად თეთრი თოვლი, რომ ფრინველები კარგავენ ორიენტაციას და ეტაკებიან ერთმანეთს ამხელა ცაში. და იქ, სადღაც, თოვლში არის თბილი სახლი. და იმ სახლში ვიღაც, ვისაც არ იცნობ, მაგრამ გენატრება.

და ჩართული ტელევიზორი შენთვის გაუგებარი სიახლეებით. და ხელოვნური ყვავილები მაგიდაზე.

და მერე, მოდის დეკემბერი. შენი საყვარელი ოთახი. იმიტომ რომ იცი, ოთახის ბოლოში გალაქტიკური ფეიერვერკები გელოდება. ენდორფინები, ჩახუტება. ამ ოთახში ოდესღაც დაიბადე. ამ ოთახში ბედნიერი მოკვდებოდი. პრეზიდენტის წინასაახალწლო მილოცვა, დიმეთლტრიპტამინი, ინტერპლანეტარული ინტერნეტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^