Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წითელი არმია ინდოეთისკენ მიემართება

28 ოქტომბერი 2016

ნაწყვეტი გრძელი ნოველიდან «ჩუჟოი»

პერმანენტული რევოლუციის იდეა ნიშნავდა მზის სისტემის შეუჩერებელ კოლონიზაციას, “რეალობის” ეფექტების და ქარხნების განადგურებას და ამის გაგრძელებას რეალობის ყველა თაიმლაინზე. ამიტომ ლევ დავიდოვიჩმა იცოდა, რომ ერთ-ერთი პირველი, რაც მას უნდა ექნა წითელი მარსის კოლონიზაციამდე - ინდოეთის დაპყრობაა.

შესვენების დრო არაა, ჩრდილოეთის ციალის შემდეგ არმია ინდოეთისკენ მიემგზავრება. წითელი არმიის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები დამტვერილი შინელის ტანსაცმლით ვაგონის ფანჯრებიდან უსასრულო სტეპებს გაჰყურებენ და მეტადონის ინექციებს იკეთებენ, რომ წინა ღამის კოშმარებმა არ დააფრთხოს მათი ძილი, ანგელოზები იწმენდენ ფრთებს და მაზატაპეკის სალათებს ჭამენ უხვად. მე ბედნიერი ბავშვობის იმპლანტებს ვირჭობ კუნთებში. ამ იმპლანტებს იმ ბავშვების ტვინებისგან აკეთებენ, ვინც ადრე მოკვდა და ერთადერთი რაც მათ ახსოვთ - ბედნიერი ფსიქოდელური ბავშვობაა, დედის ზრუნვა, სამყაროს სიახლის შეგრძნება. მე ეს მამშვიდებს.

ორთქლმავალი ირწევა და ცადამყვანა ნელ-ნელა იწყებს ზემოქმედებას, მეომრების გონება თითქოს იბინდება, რეალობის ეფექტი ნულზე დადის და უცნაური ხილვები ყურებიდან გარეთ გამოდის, როგორც ორთქლი ჩაიდნიდან. წითელი არმია ინდოეთისკენ მიემართება და  ყოველი კილომეტრის შემდეგ ლანდშაფტის ცვლილებასთან ერთად - ისინი თავიანთ ხილვებში ინდოეთის უძველეს ღვთაებებს აწყდებიან. ისინი პირველად ხედავენ ამ უდიდეს, საშიშ არსებებს, რომლებსაც მოაქვთ შიშის და ცნობისმოყვარეობის უცნაური ნაზავი. იარაღები ლღვება მათ ხელებში და უცნაურ ფორმებს იღებს. უკანა ვაგონებში ქვეითი ჯარისკაცები ცადამყვანებს ჭამენ და სამაგონს აყოლებენ. სასადილოს ვაგონიდან გემრიელი საკვების სუნი გამოდის და სტეპებში იფრქვევა და უერთდება ქვეყნის მიუსაფარ, დენთის სუნით გაჟღენთილ ქარებს. ალბათ ასეთი არომატი აქვს რევოლუციას.

კოპირაიტერების ვაგონში დაკუჭული გაზეთები სავსეა ავღანური მოსაწევითა და ოპიუმით, კედელზე ჩარჩოში ჩასმული gif ფაილებია ომების საუკეთესო მომენტებით, მელნისა და ახალი ქაღალდის სუნი შერწყმულია საბეჭდი მანქანის განუწყვეტელ კაკუნთან. ეს კაკუნი რითმია, რომლითაც იქმნება ნიუსების მუსიკა. ნიუსები შემდეგ საფოსტო მტრედებითა თუ დრონებით  ქვეყნის ოთხივე მხარეს იგზავნება, რათა ყველამ იცოდეს - რევოლუცია არ დამთავრებულა. ამბობენ პატარა ქალაქებში, მოსახლეობა გროვდება ხოლმე ცენტრში და არჩეული ტენორი ხმამაღლა კითხულობს ჩვენ მიერ დაწერილ ქრონიკებსა და სლოგანებს და გლეხების ცარიელი გული ივსება იმედებით.

ლევ დავიდოვიჩი თავის კაიუტაში მახორკაში გაზავებულ პლანს აბოლებს და კაიუტის ფანჯრიდან მოსაწყენ ტრამალებს ადევნებს თვალს, მალე ამ ტრამალებს ბირთვული ზამთრის ფერფლნარევი თოვლი დაფარავს და რადიაცია წარმოშობს ახალ, არნახულ მონსტრებს, სოფლის გაზეთებში, ყვითელ პრესაში რომ ჰყვებიან ხოლმე. მის მაგიდაზე “ტიბეტური მკვდრების წიგნი”, სამი ოსკარის ქანდაკება, ანგელოზების სკალპები და ევრაზიის ინტერაქტიული რუკაა გადაშლილი - აქედან ლევ დავიდოვიჩს შეუძლია მისი ჯარების განლაგება აკონტროლოს. მაგრამ ამ წამს ის საერთოდ არ აქცევს ყურადღებას საკუთარ მაგიდას, მას ხელში თავისი პატარა დღიური უჭირავს და მცირე შენიშვნებს იწერს ბუხარინთან საუბრის პაუზებს შორის.

- თუ ევერეტის ინტერპრეტაცია სწორია - ესე იგი, არსებობს ჩვენი სამყაროს უამრავი ვერსია, სადაც მოვლენები სულ სხვანაირად ვითარდება, მაგრამ ყველაში... ყველა მათგანში ეს რევოლუცია ერთდროულად ხდება,  გესმის ბუხრიკ?

ყაყაჩოების წვენით გაბრუებული ბუხარინი საწოლს არის მიყუდებული და თავს აქნევს, ოღონდ ისე, რო ვერ დაადგენ, ეს თავის ქნევა თანხმობას ნიშნავს თუ მატარებლის რითმს აყოლილ რევოლუციონერს ისე ძლიერად აკიმარებს, რომ თავს ებრძვის, რომ არ ჩავარდეს სიზმრების ტბაში, სადაც გარესამყაროს ხმები დაგუბებულ ექოდ ისმის, ზუსტად ისე, როგორც ის ესმით მკვდრებს - არასაკმარისად ღრმად ამოთხრილ საფლავებში.

ლევ დავიდოვიჩმა დიდი ნაპასი ამოარტყა და ცხენის ფორმის ბოლი გამოუშვა, ცხენმა ირბინა, ირბინა და ბუხარინის ცხვირს დაეტაკა.

- აი, მაგალითად, აგდებ კამათელს ხო? სანამ კამათელი რამე ციფრზე დაჯდება სამყარო იმდენ ვერსიად იყოფა რამდენი მხარეც აქვს კამათელს, ერთ ვერსიაში 6-იანი ჯდება, მეორეში 5, მესამეში 4 და ა.შ.  ეხლა ამ წამს მილიონ სამყაროში მილიონი წითელი არმია მიექანება მილიონი ინდოეთისკენ... - თქვა ხმამაღლა ლევ დავიდოვიჩმა ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა, რა თქვა - “მილიონი ბუხარინი კი უტიფრად აკიმარებს” -- გაიფიქრა გულში და სათვალის ოპტიკა სკეპტიკურ რეჟიმზე გადართო.

ლევ დავიდოვიჩი წამით გაჩუმდა, ბუხარინს მთელი ძალისხმევა დაჭირდა, რომ თვალები გაეხილა, ალბათ ყველა სამყაროში ბუხარინს მართლა ზუსტად ესე აკიმარებდა, რასაც ვერ ვიტყვით ლევ დავიდოვიჩზე. რომ არა ის, რეივი საერთოდ არ იარსებებდა. ჭეშმარიტი რევოლუციონერი სულ ხოდზე უნდა იყოს.

- ეგ ნიშნავს, რომ თუ აქ წავაგებთ... სადღაც მაინც არსებობს სამყაროს ის ვერსია, სადაც რევოლუციამ გაიმარჯვა, არა? ლევ დავიდოვიჩ?

- კი, სადღაც აუცილებლად არის სამყარო სადაც რევოლუცია გაიმარჯვებს, იმედი ვიქონიოთ რომ ეს ჩვენი სამყაროა - თქვა ლევმა და თვალები დახუჭა.

მას ჯერ კიდევ აწუხებდა გუშინდელი შეტაკების დროს მიღებული გადაწყვეტილება: უნდა გამოეყენებინა თუ არა ბირთვული იარაღი? ეხლა ხომ ნახევარ პლანეტას რადიაციული კოშმარი დაფარავს, რევოლუციის მტრებს - მუტანტები დაემატებიან, ეს კი ნიშნავს ახალ ხარჯებს, მოსახლეობის უკმაყოფილებას, თვითონ დედა პლანეტის უკმაყოფილებას, გასახსნელი იქნება ახალი ფრონტი - რადიაციის ნარჩენების გასანადგურებლად... მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა? როგორ უნდა მოერიო მომავლის სპეცსამსახურებს, რომლებიც შენზე უკეთესი ტექნიკითა და მეომრებით არიან აღჭურვილები და არაფრით მოგცემენ უფლებას, რეალობა გააუქმო? არა, ალბათ სწორი საქციელი იყო, რევოლუცია მსხვერპლს ითხოვს - იმშვიდებს თავს რევოლუციონერი - ნეტავ რას იტყოდა ამაზე პავლიკა? - ფიქრობს ის და ნელ-ნელა თვითონაც იწყებს კიმარს. დამწვარი მკვდრების ფერფლით შეღებილი ცისფერი შივა და ბარდოს მრისხანე ღმერთები ცეკვავდნენ საშინელი ღიმილით ლევის დახუჭული თვალების ეკრანზე და ის ვერ ხვდებოდა - ეს მისასალმებელი ცეკვაა თუ ომის გამოცხადების.

„ნუ შეგეშინდება ქუხილის, რომელიც ისმის ამ მოცეკვავე ბრბოსგან, მოულოდნელი საშიში ხმების, რომლებიც გეუბნებიან: „მოკალი!” მათი სიმართლე და შენი სიმართლე - ერთია. შეუერთდი მათ, გახდი ერთ-ერთი მათგანი, იცეკვე მათთან ერთად” - ყვიროდა ფრაზა ტიბეტური მკვდრების წიგნიდან, ცდილობდა ამოეღწია ფურცლებიდან, მოსაწევის ბოლივით მიახლოებოდა ვაგონში მჯდომთა ტვინებს, მაგრამ სტრიქონის ამ  ყვირილს ორთქლმავალი მარხავდა თავის გრუხუნში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^