Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მელაპარაკე თვალებით

07 ნოემბერი 2016

უხერხულობას გრძნობ, დუმილი თუ გახანგრძლივდება? თითქოს შენ გევალება გამხიარულება. ნუ დარდობ. ვინ იცის, ყველა თავის ფიქრშია გართული და ფიქრისთვის ძლივს მონახა დრო. შენც ჩაიძირე ფიქრში. თუ ვინმეს ნამდვილად მოეწყინება, თვითონ ალაპარაკდება.

ბევრ ადამიანს ზედმეტი შფოთვა აქვს, ვინმემ მის კამპანიაში ყოფნა მოსაწყენად არ ჩათვალოს, ვაითუ ასე ურთიერთობები დაკარგოს…

თუ შფოთვამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ადამიანი ფიზიკურადაც  ცუდად გრძნობს თავს. ხალხმრავლობაში შესაძლოა თავბრუსხვევა ან გულისრევის შეგრძნება გაუჩნდეს, მუცელიც კი აუბუყბუყდეს.

სხეულს ყოველთვის კარგად უნდა ვუსმინოთ, ის გვეუბნება - შენ ახლა ბრაზობ, ჯერ შენს თავზე, შემდეგ სხვებზე. ხომ ხედავ, უკვე ისე გაბრაზდი, გული გერევა. იყავი მშვიდად. აღიქვი, რა არის ნამდვილად სასურველი.

ბევრ ადამიანს თავისი გაუბედაობა, ეფექტური თვითპრეზენტაციის უნარის არქონა ნაკლად მიაჩნია და საკუთარი თავის რწმენას უკარგავს. ნაკლი ხომ ისაა, რასაც ნაკლს შევარქმევთ. არადა, საკითხავია, ნაკლოვანი ვართ თუ დაჯილდოებული.

ყველა მოცემულობა მთელის სხვადასხვა რაკურსია. მთავარია, ჩვენი წილი მოცემულობა გარდავქმნათ ნების-მიერ მოცემულობად.  

სანამ სხვისი შეიარაღებისკენ გაგვექცევა თვალი, სჯობს ჩვენივე იარაღის გამოყენება ვისწავლოთ.

პირველ რიგში, გავიაზროთ, რომ ნაკლიც ღირსებაა და ღირსებაც ერთგვარი ნაკლი.

თუ შენი ნაკლი სიტყვაძუნწობაა, ღირსებაა, ყბედი რომ არ ხარ. თუ შენი ნაკლი მიმტევებელი და რბილი ხასიათია, ღირსებაა, გამმეტებელი და სასტიკი რომ არ ხარ. თუ შენი ნაკლი სიმორცხვეა, ღირსებაა, რომ თავხედი არ ხარ.

თუ შენი ღირსება პრინციპულობაა, ნაკლია, რომ ხანდახან შეუვალი ხარ. თუ შენი ღირსება გამბედაობაა, ნაკლია, რომ სიფრთხილე გაკლია. თუ შენი ღირსება ხათრიანობაა, ნაკლია, რომ უარის თქმა გიჭირს.

ნებისმიერ შემთხვევაში, შენ საკმარისი ხარ, რომ უყვარდე.

ყოველი “ნაკლი”, რომელიც “ღირსებაა”, სხვადასხვა სიტუაციაში ფუნქციურად სულ სხვადასხვაგვარად მუშაობს. როგორც ხელი, რომლითაც საჭიროების მიხედვით მოფერებაც შეგვიძლია და სილის გაწვნაც. როგორც სიტყვა, რომელსაც სხვადასხვა დროს შეუძლია მკვლელიც იყოს და განმკურნებელიც.

ადამიანების უმეტესობას ეჩვენება, რომ მხიარულების შემქმნელი, აქტიური, ექსტრავერტი ადამიანი უფრო მომხიბლავია, ვიდრე თვითონ. ეჩვენება, რომ ასეთმა ვარსკვლავმა მთელი ყურადღება წაიღო და ყველა სხვა თავისი სიკაშკაშის ჩრდილში დატოვა. არადა, “კაშკაშას” ისეთივე შანსი აქვს, ვერაფერი შეიძინოს გარემოში, მისკენ მინათებული პროჟექტორის შუქის იქით, ჩაბნელებულ დარბაზში გამორჩეს ყველაფერი საინტერესო, როგორც ჩრდილიდან მაყურებელს, თუ ის მხოლოდ სხვის “კაშკაშა შუქზე” კონცენტრირდება.

ერთმა ბიჭმა მითხრა, ალბათ მე რომ გოგო მომწონს, მას იმიტომ არ მოვწონვარ, რომ მორიდებული ვარ, მკაფიოდ არ ვიკვეთებიო. სხვა ბიჭმაც მითხრა. გოგოებმაც.

სიმორცხვე, რომლის დაძლევაც ხშირად გადაულახავ სირთულედ ესახება ბევრს, მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს დამაბრკოლებელი, თუკი არ დავიწყებთ ამ თვისების, როგორც ღირსების შეთავაზებას მათთვის, ვისი ყურადღებაც ნამდვილად გვჭირდება.

იმისათვის, რომ გვამჩნევდნენ, საერთოდ არ არის აუცილებელი სცენაზე დგომა. სრულიად უსიტყვოდ, ბევრად უფრო ფოკუსირებულად, ვიდრე ამას ყველას წინაშე შარმიანი საუბრით შეძლებდი, შეგიძლია მიმართო შენი სიჩუმის ენერგია მისკენ, ვინც მთავარია.

ვიღაც ცეკვავს, ვიღაც ხმაურობს, ვიღაც სცენაზე დგას, ვიღაც ხმამაღლა ლაპარაკობს და თვალის ცეცებით დარბის რიგებს შორის, იმედით, რომ  მზერას მიიპყრობს…

შენ არ ცეკვავ, არ ხმაურობ, არ მღერი, არ გადი-გამოდიხარ მკვეთრი ნაბიჯით და დამუხტული სხეულით. შენ უყურებ ერთს. შენი მზერის მაგია მისამდე აღწევს და ის, შენი არჩეული ერთი, თანდათან ეთიშება ხმაურს. თანდათან შორიდან მოესმის ხმები. წვეულება უცხო სამყაროს კარნავალივით სადღაც, ცნობიერების პერიფერიულ აღქმაში ინაცვლებს, გამოეყოფა, შორდება, მონაწილე აღარ არის. ის ერთი ახლა მხოლოდ შენს სიჩუმეს უსმენს.

ენერგიის მფანტველები ხშირად ცარიელ დარბაზში მართავენ სპექტაკლს, როგორც ბავშვები სარკის წინ - “მე ასრულებს მესთვის”.

ბრიტანელი მომღერალი, რობი უილიამსი, ინტერვიუში პანიკურ შეტევას აღწერს, მომეჩვენა, დარბაზი ურჩხულად გადაიქცა და დამედევნა, ჩემი გადაყლაპვა უნდოდა, შევტრიალდი და სცენიდან გავიქეციო.

ჰო, ასეც ხდება, როცა სიჩუმე აგრესიულია, შენ კი გასაცემი აღარაფერი გაქვს. შენი ენერგია ლუკმად არ ეყოფა ასობით ადამიანს, ვერ დანაყრდებიან და მთელი მათი იმედგაცრუება ყინულის მთასავით დაიძვრება შენკენ. არ იქნება ტაში და შენ სიჩუმეში იგრძნობ, რომ ის ხარ, რაზეც ეჭვობდი - არავინ.

ყოველი ხმაური ბოლოს დუმილად იქცევა. დასაწყისი და დასასრული სიჩუმეა. ამიტომ არის ის უფრო მძლავრი.

ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი როლის შემსრულებელს აქვს განცდა, რომ ის სინამდვილეში არარაობაა. ზოგი ხმაურით ირწმუნებს თავს არსებობაში, ზოგი დუმილით ცდილობს გადარჩენას. მთავარი გამბედაობის შეძენაა, ერთმა ხმაური უნდა გაბედოს, მეორემ სიჩუმის ამეტყველება შეძლოს.

ბავშვობაში სკოლის ზეიმზე ვერ გამოვდიოდი. მშობლებით სავსე დარბაზს რომ ვხედავდი, ტირილს ვიწყებდი.

ტირილს გადავეჩვიე. მაგრამ ახლაც, დიდი აუდიტორიის წინაშე, ჩემი თავის ნახევარს ვკარგავ.

განსაკუთრებული კონფლიქტი მიკროფონთან მაქვს. შუაზე მყოფს. ჩემი ხმა ზედმეტად ხმამაღლა, არაბუნებრივად ჩამესმის და ხელს მიშლის ჩემივე აზრის, ფიქრების წაკითხვაში. ეს ქალი ვინ არის? ეჭვიც მიჩნდება, ხომ ნამდვილად “სახლში” ვარ? ლამის არის ლოყაზე ვიჩქმიტო. გამალებული ვიწყებ საკუთარ სხეულზე ხელებით სირბილს, ხან თმას ვეხები, ხანაც ტანსაცმელს.

როგორ ჩაიარა ლექციამო, რომ მეკითხებიან - აბა რა ვიცი? წარმოდგენა არ მაქვს. იქ კი ვიყავი, მაგრამ არ მეცალა და კარგად არ მესმოდა, რას ლაპარაკობდა ის ქალი, რომელსაც „მე“ ჰქვია, იმიტომ რომ ქალი, რომელიც ლაპარაკობდა, მე ვიყავი და ის ქალიც, რომელიც უსმენდა, მე ვიყავი. ერთად ძნელია გაართვა თავი ორ რამეს.

შენი სიჩუმე იარაღია, უმძლავრესი იარაღი. შენ წინაშე მდგარ, შენი აზრით, ლაღ ადამიანს, მთელი თავისი არტისტიზმით სასაცილო ამბავს რომ ჰყვება, შეგიძლია ერთი ღიმილით ნიშანი მისცე და მეტი ენერგია მიიღო მისგან, მეტი სიცილით და მხიარულებით დაიჯილდოვო თავი. ან შეგიძლია თვალებში მოწყენილობაჩამდგარი მზერით მიანიშნო და არტისტი დაასრულებს წარმოდგენას.

მთავარია გაიაზრო, რომ წარმოდგენის მომწყობი „შენ“, პირადად შენ გყავს გამობმული უხილავ ძაფზე და ის მხოლოდ შენით ხორციელდება. მხოლოდ შენ წყვეტ, იქნები მადლიერი მისი ენერგიის გამოყენების შემდეგ, თუ უკმაყოფილო იტყვი - დრო დამაკარგვინა.

შენი სიჩუმით შეგიძლია იყო მნიშვნელოვანი, თუკი შენი სიჩუმე იქნება არა საკუთარ თავში განმარტოება, არამედ, ცოცხალი სიჩუმე.

ნადავლი დიდია. დღის ბოლოს სხვისი ნაჩუქარი ენერგიით სავსე  ფერად სიზმრებს ნახავ, განსხვავებით გახარჯული აქტორისგან, რომლის ტვინის უჯრედებიც აღგზნებული და გამოფიტულია და აღიქვამს მხოლოდ ორ ბედნიერებას - საღამო შედგა, საღამო დასრულდა.

ტოლსტოის რომანში, “ომი და მშვიდობა” ნატაშა როსტოვა მარტო რჩება ანატოლი კურაგინთან. კურაგინი დუმს და თვალები უცინის, მას ოდნავ უხერხულობასაც არ უქმნის, არ აწუხებს  სიჩუმე. ნატაშა როსტოვა კალაპოტიდან ამოაგდო კურაგინის  ცელქმა დუმილმა.

მეტყველი სიჩუმე კომუნიკაციის ისეთივე მნიშვნელოვანი გამომსახველობითი ფორმაა, როგორც სხვისი საინტერესო ხმაური.  

ნუ იტყვი, რომ მორცხვი ხარ და არაფერი გამოგდის, მოდი, ასე ვთქვათ, შენ გაქვს უნარი დუმდე.

სწორედ ამიტომ, საუბარი შენ უნდა დაიწყო.  თვალებით.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^