Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოვალური ნოემბერი

11 ნოემბერი 2016

ის ადგილი, რომელსაც სოფელს ვეძახი და ბავშვობის ბევრი მოგონება მაკავშირებს, სამეგრელოშია, ხობში. სახლის უკანა ღია აივანი (ვერანდა ვერაა და მოკალი თუ გინდა) მდინარე ხობის წყალს გაჰყურებს. ბავშვობაში ვერც სამეგრელოს ნესტს ვგრძნობდი, არც კოღოები მაწუხებდნენ და ამ მდინარის მეორე ნაპირი დაულაშქრავ მწვერვალად მიმაჩნდა. დალაშქვრა რთული არ აღმოჩნდა, მაგრამ მაგაზე მერე...

მდინარე დღის კარგ დაგვირგვინებად ითვლებოდა. არ მიყვარდა ზაფხულის წვიმა ხობში, რადგან მდინარეს ამღვრევდა და რამდენიმე დღე მისი დაწმენდის მოლოდინში ვიყავი. ზუსტად ასე ველოდები როდის დაიწმინდება სოციალური ქსელი ქართველი  #ტრამპმადიდებლებისა და #ტრამპმოძულეების  გამოსვლებისგან.   

 რატომ? აი, აქ ისეთი პასუხი მოუხდებოდა - ავსტრალიასავით განცალკევებით მდგომი კაი ტიპი რომ იმოძღვრება დილით, ნაკლოვანებებზე რომ მიგითითებს, გამოსწორების გზებს რომ გისახავს და ბოლოს ასე რომ ამთავრებს - "ერო" ...

მოკლედ, ლოდინით დაღლილს დასათვლელად ერთი დღე დამრჩა. ზუსტად 1 დღეში ისევ შევიგრძნობ მომენტს, როცა მოედანზე 1 საათით ადრე მისვლა დიდ სიამოვნებას განიჭებს, ხმის ჩახლეჩამდე ღრიალით ხდები მოლის ნაწილი, წამიერი სუნთქვის შეკავებით  ელოდები მომაკვდინებელ ბოჭვას... ზუსტად ერთი დღე დარჩა მომენტამდე, როდესაც გაქვს შანსი დატკბე შენი ქვეყნის ნაკრების თამაშით...

ტკბობაც არი და ტკბობაც - შანსი მაქვს უისტორიულეს თამაშს დავესწრო, აი ისეთს, რომ დავბერდები და შვილიშვილი (იმედია მორაგბე) მეგობრებს რომ ეტყვის, "ბაბუაჩემია ამ თამაშზე ნამყოფი დაჟე ბილეთებიც შენახული აქვსო". ყველაზე ახლოს ვართ ათეულთან, თუმცა სიახლოვე საკმარისი არაა. "ალუბლის ფოთლებიც" არ იკრიფება უეკლოდ.  იაპონელების წინააღმდეგ ეს ჩვენი მეხუთე შეხვედრაა - შარშან დავამარცხეთ, წინა სამი მატჩი კი დავთმეთ. ჩვენი მოწინააღმდეგე მსოფლიო რეიტინგში მეთორმეტეზეა, ჩვენ - მეთერთმეტეზე და... ეს ისე მშრალი სტატისტიკა...

იმედია, ამინდიც მშრალი იქნება; იმედია, ჰიმნის დროს იოგებდაჭიმულ გვერდით მდგომს გაკვირვებული სახით და "რა გაღრიალებს ძმაო" გამოხედვით არ მივაშტერდებით; იმედია, მოწინააღმდეგის ჰიმნს მშვიდად მოვისმენთ; იმედია, ჩვენს ჰიმნს მშვიდად არ მოვისმენთ...

მოკლედ დიდი დღეა ხვალ...  აი ისეთი, დღეა, მთელი ღამე რომ ვერ მოისვენებ და მილიონჯერ დაგესიზმრება შეხვედრის პატარა მონაკვეთები, დილით დრო რომ უსასრულოდ გაიწელება, და ის 80 წუთი წამში რომ გაფრინდება... აი ასეთი დღეა ხვალ და ზუსტად ვიცი, როგორც ყოველთვის, ჩვენი მორაგბეები მოედანზე გამოვლენ და თავის მაქსიმუმს დადებენ; დადებენ ქვეყნისთვის, ქომაგებისთვის... ჩვენთვის დადებენ...

ოვალური ზეიმია ხვალ, "მეგობრული ბურთის" ზეიმი. ეს ის ზეიმია, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^