Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორპალატიანი პარლამენტის პერსპექტივა საქართველოში

12 ნოემბერი 2016

მეცხრე მოწვევის პარლამენტი, დიდი ალბათობით, მასშტაბურ კონსტიტუციურ ცვლილებებს შეეჭიდება. ფაქტია, რომ საქართველოს კონსტიტუცია საჭიროებს ცვლილებებს. ფაქტია ისიც, რომ არსებულ კონსტიტუციურ უმრავლესობას, რისკებთან ერთად, დადებითი მხარეები აქვს. განსხვავებით მერვე მოწვევის პარლამენტისაგან, რომელიც ასევე ხედავდა კონსტიტუციური ცვლილებების საჭიროებას, ახალ პარლამენტს აქვს ასეთის განხორციელების რეალური შანსი.  

მოქმედი კონსტიტუცია მრავალი ცვლილების გამო დღეს სამწუხაროდ „დეფორმირებულია“. სწორედ ამის გათვალისწინებით მას ძალიან ფრთხილი მოპყრობა, კარგად გააზრებული  და დაფიქრებული გადასინჯვა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასდროს მივიღებთ იმ ფუნქციების მატარებელ დოკუმენტს, რომელსაც ქვეყნის უზენაესი კანონი, კონსტიტუცია, ჰქვია. 

უკვე გააქტიურდა საუბრები ორპალატიანი პარლამენტის შემოღებასთან დაკავშირებით. საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა ქართული სახელმწიფოებრიობა მზად ორპალატიანი (ბიკამერალური) პარლამენტის ამოქმედებისათვის, კომპლექსურია და სისტემური კვლევის საგანი უნდა იყოს. ამ ფორმატში მხოლოდ ძირითად საკითხების მიმოხილვაა შესაძლებელი.  

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი პერსპექტიულად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ბიკამერალურ  მოდელს გვთავაზობს. კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი; რესპუბლიკის საბჭო (მოაზრებულია ქვედა პალატად) შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან, ხოლო სენატი (ზედა პალატა)  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან კომპლექტდება. 

უპირველესად გასათვალისწინებელია, რომ კონსტიტუცია ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებას ორ პირობას  უკავშირებს: პირველი _ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნას და მეორე _ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირებას. ეს უკანასკნელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა) უკვე განხორციელდა. ხოლო პირველი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნა“,  დიდი ალბათობით,  ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენას უნდა ნიშნავდეს. კონსტიტუციის ტექსტში მკაფიოდაა ასახული ის ძირითადი გამოწვევა, რაც საქართველოში კონსტიტუციის მიღებისას არსებობდა, და დღევანდელ რეალობაში კიდევ უფრო გამძაფრებულია.  არსებულმა კონფლიქტებმა და დაპირისპირებამ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის რღვევამდე მიიყვანა. შეუძლებელია ეს მოცემულობა არ ასახულიყო საქარველოს ძირითად კანონში.  მაშინ, კანონმდებლის გათვლა „შესაბამისი პირობების“ დადგომის შესახებ ეფუძნებოდა ფედერალური ან რეგიონალური მოწყობის პერსპექტივას. ამიტომაც უკავშირდება  ზედა, წარმომადგენლობითი პალატის შექმნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 
მსოფლიოში პარლამენტის მოწყობის ბიკამერალური სისტემა უმეტესწილად დამახასიათებელია სახელმწიფოს ფედერალურ მოწყობისათვის (თუმცა მას ზოგჯერ უნიტარულ სახელმწიფოებშიც ვხვდებით).  საქართველოშიც ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედება,  სწორედ სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციისა და სენატში ტერიტორიული წარმომადგენლობის საკითხებთანაა დაკავშირებული.  შესაბამისად, თუკი ზედა პალატაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი მთელი მოსახლეობის სრული წარმომადგენლობა (ტერიტორიული ნიშნით), ბიკამერალიზმის იდეა აზრს კარგავს.  ამ თვალსაზრისით, დღევანდელი მოცემულობით ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებაზე საუბარი ნაადრევია. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ბიკამერალიზმი სახელმწიფოში არამხოლოდ ტერიტორიული მოწყობის ამსახველია, არამედ იგი სხვა ფუნქციების მატარებელიცაა. მთლიანობაში კი საქართველოში პარლამენტის ორპალატიანი სისტემის არსებობას შემდეგი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.  დადებითად შეიძლება შეფასდეს ის, რომ ორპალატიან საპარლამენტო სისტემაში: 

•    უზრუნველყოფილია ტერიტორიული წარმომადგენლობა, რაც ხელს უწყობს რეგიონალიზმისა და ფედერაციულობის პრინციპის რეალიზებას;
•    საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელებისას რეალიზდება შეკავება-გაწონასწორება შიდაინსტიტუციური პრინციპი, რაც თავის მხრივ ამცირებს ნაჩქარევი/დაუბალანსებელი გადაწყვეტილებების მიღებას და ზრდის საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხს;

•    უზრუნველყოფილია პოლიტიკური ძალების ერთგვარი როტაცია პარლამენტში, რაც (როგორც წესი) პალატების უფლებამოსილებათა განსხვავებული ვადებით არჩევის წესში გამოიხატება.  

ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების უარყოფითი მხარეები კი საქართველოს რეალობაში შემდეგნაირად უნდა შეფასდეს: 

•    ბიკამერალიზმის ამოქმედების ყველაზე დიდ პრობლემად საქართველოში, სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის პრობლების გადაუჭრელობა და შესაბამისად სენატში ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლობის ვერარჩევა  რჩება;
•    უარყოფითი მხარედ უნდა ჩაითვალოს მისი ხარჯიანობა. რაც იმაში გამოიხატება, რომ  ორივე პალატას ცალ ცალკე ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსი, და საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა ესაჭიროება. ეს კი საკმაოდ დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული;
•    გარდა ამისა ორპალატიანი პარლამენტის სისუსტედ უნდა ჩაითვალოს საკანონმდებლო პროცესის მოუქნელობა. თუკი ადგილი ექნება პარლამენტის პალატებს შორის აზრთა სხვადასხვაობას, საკანონმდებლო პროცესი შეფერხდება. ეს კი   საკანონმდებლო სფეროშო არასტაბილურ ვითარებას შექმნის;
•    ბუნებრივია, რომ არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესს უწყობს ხელს. წინასაარჩევნო კომპანია კი საგანგებო მდგომარეობაში აყენებს   ხელისუფლებას, საზოგადოებას და მასმედიას. შესაბამისად, საქართველო, რომელიც განსაკუთრებით პოლარიზებულ ამომრჩეველთა სპექტრით გამოირჩევა, პერმანენტული არჩევნების პირობებში მუდმივად წინასაარჩევნო რეჟიმში იქნება, რაც სწაფ განვითარებას შეუშლის ხელს.

მოცემულმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოში ბიკამერალიზმის ძირითად გამოწვევად სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის პრობლების გადაუჭრელობა რჩება.  ბიკამერალურ საპარლამენტო მოდელზე გადასვლა, (როგორც ამას ზოგიერთი იურისტი ამტკიცებს), სამწუხაროდ ვერ მოაგვარებს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. ცალსახაა ის გარემოება, რომ საქართველოს ოკუპაცია დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ რეალობასთან და სხვადასხვა საგარეო ფაქტორებთან. ამიტომ თუ დღეის მდგომარეობით გეოპოლიტიკურ ვექტორზე საიმედო ცვლილებები არ ფიქსირდება, წინმსწრებად ორპალატიან სისტემაზე გადასვლა აზრს არის მოკლებულია. უფრო მეტიც, მისი დღეს ამოქმედება  მიზანშეუწონელია, რადგან იგი სწორედ ხელსაყრელ მომენტში უნდა გამოვიყენოთ. ზედა, წარმომადგენლობითი პალატის ამოქმედება მოგვიანებით, საჭირო მომენტის დადგომისას, პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესში, ხელისუფლების შეთავაზებას უნდა წარმოადგენდეს. 

ანა ფირცხალაშვილი
სამართლის დოქტორი, 
პროფესორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^