Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დარჩენილთა სასჯელი და გამქრალთა ამაო რისხვა

14 ნოემბერი 2016

14 ოქტომბერია დღე დარჩენილთა დასჯისა და გამქრალთა მოხსენიებისა. უფრო სწორად, დარჩენილთათვის „დანაშაულის“ შეხსენების დღე, მწარე სიმართლის პირში მიხლისა; უტყვი პროტესტის, უხმო ამბოხის. დარჩენილთა სამყარო სავსეა უპასუხო კითხვებით, სევდით, თვითგვემით, თვითაღკვეთით, აუხსნელი, მისტიკური მოვლენებით, პირველყოფილ სიველურესთან ზიარებული ძაღლებით, ულმობლად რომ ხოცავენ. ადამიანმა დაიმორჩილა ბუნების უძლეველი ძალა და სტიქიებიც კი მოთოკა, მაგრამ გზააბნეული ირმები დარბიან ამ ცივილიზებულ, მოთვინიერებულ-დაურვებულ, უსახური შენობებით გადავსებულ, ბეტონისა და აგურის ტყვეობაში სულდალეულ სამყაროში, რომელსაც, ერთი შეხედვით, აღარ შერჩენია იდუმალებისა და მისტიციზმის ნატამალი. მთავარი გმირის, კევინის, სახლშიც შეიჭრნენ ცხოველები და ყველაფერი დალეწეს. ზოგისთვის, დარჩენილთა სამკვიდრო გაჟღენთილია სასოწარკვეთით, ზოგისთვის - შვებანარევი სიხარულით; ზოგმა მძიმე ტვირთი მოიშორა, ზოგი მჩაგვრელისა და ტირანისაგან გათავისუფლდა; ზოგი თავსაც კი ვერ უტყდება, რომ უსაზღვროდ ბედნიერია. ბევრი დარჩენილი ხვდება ყოველივეს, მაგრამ დუმს ჯიუტად; კერპად; დუმს და დადუმებულთა ურიცხვ ამალას უერთდება; დუმილის აღთქმას დებს; უტყვად ეგებება ენაჭარტალა დარჩენილთა შეცბუნებულ, ზიზღნარევ მზერას. დუმს, რადგან იცის - ხმა რომ ამოიღოს და სიმართლე გათქვას, ხეზე მიაბამენ და უმოწყალოდ ჩაქოლავენ, ისე, როგორც ერთი მდუმარე ჩაქოლეს.

დამნაშავე დარჩენილებმა იციან, რომ მათ სურდათ გამქრალთა გაქრობა, გაუჩინარება, გადაკარგვა, სხვა სამყაროში გარდასვლა, შთანთქმა, წარხოცვა... უცნობია, რატომ ნატრობდა ყველა დარჩენილი მოყვასად შერაცხულის თავიდან მოშორებას, თუმცა ის კი ცხადზე უცხადესია, რომ მაყურებლისათვის კარგად ნაცნობ სამ ქალს მთელი გულით უნდოდა ოჯახის მარწუხებისაგან თავის დახსნა: ლორი გარვის, ნორა დიორსტსა და იმ უცნობ ქალს, პირველი ეპიზოდის პირველივე წუთებში რომ გავიცანით. უსახელო ქალს აბეზარი ბავშვის გაქრობა ეწადა, ლორის - ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილის, ნორას კი - მთელი ოჯახის, ანუ ქმრისა და ორი მცირეწლოვანი შვილის. ინატრეს და აუხდათ კიდეც. ყოველივე ეს იცის ზემოხსენებულმა უსახელო ქალმა, სამრეცხაოდან ცალი ხელით რომ გამოიყვანა ეტლში გაკოჭილი, აჩხავლებულ-აკივლებული ბავშვი (მეორე ხელით ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას ემუდარებოდა, ხუთ საათზე მოვალ, აუცილებლად ჩამწერეთო). თან საყვედურებით ავსებდა შვილს - ახალგაზრდა რომ ვიყავი, შენ არ მყავდი; ბედნიერი, სისხლსავსე ცხოვრება მქონდა, ახლა კი სამრეცხაოში დავრბივარ და ერთ აპარატში ვაგდებ ფულს, რათა მეორე აპარატში ჩასაგდები ბარათი მივიღოო. ქალი აშკარად უბედური და უკმაყოფილოა თავისი აწმყოთი. მომავალშიც არაფერი ესახება საიმედო და დიდად საშური. ამას მიხვდა და მაშინვე გათავისუფლდა - შვილი გაქრა. აი, ასე, უბრალოდ გაუჩინარდა; მიწყდა მისი გამაყრუებელი ტირილი და გაუთავებელი ღნავილი.

ეს იცის ლორი გარვიმაც, რომელიც 14 ოქტომბერს ეახლა გინეკოლოგს და ცრემლმორეული თვალები მიაპყრო ეკრანს: გარკვევით მოჩანდა მის საშვილოსნოში მოფუთფუთე არსება. იმიტომ ტირის, რომ არ უნდა კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა. მისი ქალიშვილი მეტად ჭირვეულია, აგრესიული, ანჩხლი, ასოციალური, თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი, საშინლად ფლეგმატური და გამაღიზიანებლად გულგრილი. ვაჟიშვილი კი სახლიდან წავიდა და სადღაც გადაიხვეწა. ეს ბავშვი კიდევ უფრო დაამძიმებდა მის ოჯახურ უღელს. ეს გააცნობიერა და აუხდა კიდეც სურვილი - მუცელშივე გაუქრა ჩანასახი. შეწყდა ეკრანზე გამოსახული მისი შვილის ფუთფუთი და სიცარიელემ დაისადგურა.

ეს იცის ნორამაც, გაუჩინარების სამი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე რომ ცრუობს და თავშეყრილ ხალხს უმტკიცებს - ზღვის ნაპირას ვიყავით იმ ავბედით 14 ოქტომბერს. მე და ჩემი ქმარი ვუცქერდით, როგორ აგებდნენ ჩვენი შვილები ქვიშის ციხე-კოშკებსო. თურმე, რა ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ, ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზ დღესო. რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ საცნაურ გახდა - ნორამ იმისთვის შეთხზა ეს ლამაზი ზღაპარი, რათა ყველას შებრალებოდა, ტანჯული დედისა და ცოლის მანტიაში გამოხვეულიყო და უცხო თვალთაგან დაეფარა სიმართლე. არა, ნორა არ ყოფილა პლაჟზე 14 ოქტომბერს. არც ბედნიერებითა და განცხრომით არ ტკბებოდა საყვარელ ქმარ-შვილთან ერთად. მეტიც: სულაც არ „ესაყვარლებოდა“ თანამეცხედრე და ორი უღელი. დიახ, უღელი. სინამდვილეში, შინ იყო, ბავშვების გამაყრუებელი ჭყივილის „აკომპანიმენტით“ (,,გვშიაააა! გვშიააა!“), ათქვეფილ კვერცხში ავლებდა პურის დიდრონ ნაჭრებს, გავეშებით ყრიდა ზეთიან ტაფაზე და თან, გაჩენის დღეს წყევლიდა (ქმარ-შვილსაც). ელოდა, რომ სადაც იყო, სამსახურიდან დაურეკავდნენ და მნიშვნელოვან ამბავს აცნობებდნენ. აი, გაისმა ნანატრი წკრიალიც. გახარებულმა ნორამ მიატოვა გავარვარებული ტაფა და შურდულივით გაექანა მობილურისაკენ. მისმა შვილმა იყოჩაღა-ხილის წვენი გადაავლო აპარატს. გაცეცხლებულმა და გაასპიტებულმა ქალმა დასაჯა ბავშვი და კივილით გავარდა ნიჟარისაკენ (გალუმპული ტელეფონის გასამშრალებლად). სახეაჭარხლებული რომ აკეთებდა ამ საქმეს, საუკუნო წყევლა-კრულვას უთვლიდა ოჯახის გამომგონს. ამ ზარს ხომ უნდა დაემსხვრია მისი მონობის ბორკილი და ეხსნა მოსაწყენი ყოველდღიურობის მორევისაგან? შვილის სიტლანქემ და მოუქნელობამ კი ცივი წყალი გადაასხა მის იმედებს. ნორა მორჩა ტელეფონის გამშრალებას, პირი იბრუნა მაგიდისაკენ და... მისი ქმარ-შვილი აღარსად იყო. დარჩა მხოლოდ წაქცეული ჭიქა და მაგიდიდან იატაკზე გადმოღვრილი ხილის წვენი. წვეთები გულისგამაწვრილებელი სიზანტით ეცემოდა იატაკს. ნორამ აისრულა გულის წადილი - მოიპოვა თავისუფლება. ახლა აღარავინ დააძალებს სამზარეულოში ციბრუტივით ტრიალსა და ყიყლიყოების შეწვას.

სწორედ ამ სამი ქალის ამბავი აღმოჩნდა ის გასაღები, რომლის წყალობითაც გავაღე ამ მისტიკური სამყაროს კარი და ფარდა ავხადე გაუჩინარების საიდუმლოს: სამივე მათგანისათვის მარტოოდენ დიდი სატანჯველი იყო ოჯახური ცხოვრება. სამივეს მობეზრებოდა გაცვეთილი ყოველდღიურობა, დაუსრულებელი საშინაო საქმეები. მეტისმეტად მწარე აღმოჩნდა იმის გაცნობიერება, რომ სწორედ ამიტომ გაქრნენ მათი ოჯახის წევრები, ანუ ისინი, ვინც უპირობოდ უნდა ჰყვარებოდათ (საზოგადოებრივი აზრის, დაუწერელი მორალური კანონებისა და რელიგიური მოძღვრების თანახმად). მონანიეთა სასჯელიც მკაცრი გამოდგა: თვითგვემასა და თვითაღკვეთას მიეცნენ ნორაც და ლორიც. ეს უკანასკნელი სექტას შეუერთდა და საუკუნო მდუმარების აღთქმა დადო. ნორა ხშირად ისჯის თავს - ჯავშანჟილეტს იცვამს, რევოლვერს აძლევს დაქირავებულ მეძავს და სთხოვს, ესროლოს. რამდენიმე წუთით ითიშება. რატომ? იქნებ, სურს, წამიერი ტკივილით გამოისყიდოს „შეცოდება“, ანუ ყველასათვის გასაკიცხი და დასაძრახი წადილი? იქნებ, იმიტომ სჩადის ამას, რომ უნდა, ცოტა ხნით მაინც მოსწყდეს გარესამყაროს, გაითიშოს და აღარ იფიქროს, რომ მისი ეს იდუმალი სურვილი (საზოგადოებრივი ნორმების თანახმად) სრულიად შეუფერებელი და უკადრისი იყო ქალისთვის? ამ მოვლენამ, რომელიც საყოველთაო უბედურებად შერაცხა ხალხმა, შვება მოუტანა ბევრს, რადგან ისე მოიშორეს თავიდან საძულველი ადამიანები, მათი დახოცვა არ დასჭირვებიათ. ეს იყო იდეალური მკვლელობა გვამისა და სისხლისღვრის გარეშე. ჭეშმარიტად მედეასეული მკვლელობა მკვლელობის გარეშე. მედეას გზა განვლო ამ სამმა ქალმა. მედეას მსგავსად, არ დაიტოვეს უკან დასახევი გზა. ყოველივე უარყვეს ერთი ხელის მოსმით.

ვინც იცის ეს საიდუმლო, დუმს. მათ ,,თეთრების სექტას“ უწოდებენ, ,,დამნაშავე დარჩენილთ“. გამუდმებით ეწევიან სიგარეტს, ხმას არ იღებენ და თუკი რაღაცის თქმა მოუნდებათ ერთმანეთისთვის, საგანგებოდ გამოყოფილ ფურცლებზე წერენ ფიქრებს. მათ იციან, რომ გმირები არც გამქრალი ადამიანები არ არიან და არც დარჩენილი. ორივე მხარეს ბობოქრობს სიძულვილი, მაგრამ არავინ აღიარებს. არცერთი არაა უცოდველი და უხინჯო. ტყუილად უწოდეს იმ ცერემონიას „გმირთა დღე“. გამქრალთაგან ვიღაც შვილს სცემდა, ვიღაც - ცოლს, ვიღაც - დას. პირველ ეპიზოდში, სამრეცხაოდან გამოსული ქალის შვილთან ერთად გაუჩინარდა ერთი ბავშვის მამა: ცარიელი ურიკა ეხეთქება მანქანას და ბავშვი განწირული ყვირის: „სადა ხარ, მამა?!“ ურიკა დაგორდა, რადგან გაქრა ის კაცი, ვინც მიაგორებდა. დარჩენილებმა დაკარგეს მხოლოდ ოჯახის წევრები. პარადოქსულია, მაგრამ ქრისტიანული მოძღვრების საპირისპიროდ, სწორედ მოყვასი სძულდათ ყველაზე მეტად დარჩენილებსაც და გამქრალებსაც. გააჩნია, ვისი სიძულვილი და ზიზღი (ან უბრალოდ, „ვერსიყვარული“) უფრო ძლიერია; ვისმა სიძულვილმაც გადაწონა, მიაღწია კიდეც საწადელს - გააქრო მოყვასად წოდებული.

„თეთრების“ სექტამ იცის - ეს ცერემონია სიყალბეა; ყალბია ქალაქის მერის მაღალფარდოვანი ლაყბობაც, გულისამაჩუყებელი სიტყვებიც, ხელისუფლების წარმომადგენელთა სევდიანი ხმაც, დარჩენილთა საჯარო მოთქმა-გოდებაც, ცრემლებიც... სიყალბის მწვერვალია ამ დღისათვის მიძღვნილი ქანდაკება, რომლის დედაშვილური სიყვარულის სიმბოლოდ წარმოჩენაც სურთ. ერთობ ყალბი მოჩანს ეს სკულპტურა იმ ქალის ფონზე, შვილების გაქრობა რომ უნდოდა. თეთრების სექტა ამ „დანაშაულს“ ახსენებს მათ. ახსენებს ამ იდუმალ, გაუმხელელ სურვილს. ისინი აკვირდებიან დარჩენილთ. გულდასმით სწავლობენ მათ ფსიქოტიპებს. ნევროზისა და ფსიქოზის ამ გაუვალ ლაბირინთში მოქცეულნი, ხვდებიან, რომ დარჩენილთა მისწრაფებები და ვნებები პირველყოფილი სიუხეშითა და სიველურით იჩენს თავს. მათი ქცევის მიღმა იმალება მთავარი კვანძი, რომლის წყალობითაც ისინი ამოხსნიან და შეიცნობენ ამ საიდუმლოს. რეალობის მამხილებელთა მისია აკისრიათ თეთრ სამოსში გამოწყობილთ. მათ დარჩენილთა სახლებში შეიტანეს გამქრალთა ცვილის ფიგურები. ნორას სამზარეულოს მაგიდასთან წამოუსკუპეს ქმრისა და შვილების თოჯინები; მოხუც ცოლ-ქმარს - დაუნის სინდრომით შეპყრობილი მათი შვილისა. დარჩენილებმა გააცნობიერეს ეს და განრისხდნენ; სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან სექტას; უმოწყალოდ სცემეს მათი წევრები; დაარბიეს და გადაწვეს მათი საცხოვრებელი; სისხლის ზღვა დადგა ქუჩებში. მთავარი გმირი, კევინ გარვი, ეკითხება ერთ-ერთ სექტანტს, მეგს (ლივ ტაილერი ასრულებს მის როლს): „რატომ ჩაიდინეთ ეს? რა მოხდა?!“ მეგი იღებს კალამს და ფლომასტერით წერს: „ჩვენ მათ შევახსენეთ“... და რატომ ინატრეს მათი გაქრობა? ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ბრწყინვალე წარმომადგენელს, ჟან-პოლ სარტრს რომ დავესესხოთ, ჯოჯოხეთი - ეს ხომ სხვაა?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^